სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

გრძელი, ნათელი დღეები

გადატანილ ტკივილს ადვილად ვივიწყებთ. თითქოს არც მომხდარიყოს, ისე ვშლით მეხსიერებიდან ბავშვობაში, ახალგაზრდობაში, ზრდასრულ ასაკში გადახდენილ უსიამოვნო ამბებს. მხოლოდ ტკბილ მოგონებებს თუ მივუბრუნდებით. არადა, ძნელი წარმოსადგენია, წარსულის გააზრების გარეშე გადალახო ცხოვრების ერთი ეტაპი და დაიწყო მეორე.

ოც წელიწადზე მეტი წელი გავიდა ბნელი 90-იანებიდან და არც ერთი ამბავი, რომელიც კი იმ წლების შესახებ მომისმენია, არასოდეს გასცილებია სიგუას ნამცხვარს, მეცხრე ბლოკს, უშუქობას, მიტინგებს, პურის რიგებს… მე იმ წლებიდან მხოლოდ „ქინდერის” სათამაშოები, „ზუპის” წვენები, საღეჭი რეზინი „Love” თუ მახსოვს. 90-იანების დასაწყისში დაბადებულს, მიჭირს გავუგო დაკარგულ თაობებს, მათ, ვისაც ჩემზე ნაკლებად გაუღიმა ბედმა… არ ვიცი, რა სტკიოდათ, რისთვის იბრძოდნენ, რას ითხოვდნენ გაუთავებელი აქციებით, სამოქალაქო ომებით, აგორებული ნაციონალიზმის ტალღით, რა „რომანტიკა” ახლდა მხედრიონის წევრობას… ისინი ამაზე არასოდეს ჰყვებიან. არც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და არც, მით უფრო, კინოში არასოდეს ასახულა 90-იანები გასაგები ენით. ვერელ და ვაკელ ნარკომანებზე ბევრი დაწერილა და ფილმებიც საკმაო რაოდენობით გადაუღიათ, მაგრამ მეეჭვება, იმ წლების მთავარი პრობლემა ნარკომანია ყოფილიყოს.
„ეს ფილმი ჩვენს თაობაზეა, შენ მას ვერ გაიგებ”, – დაახლოებით ასეთი რამ მომწერეს „გრძელი ნათელი დღეების” საპრემიერო ჩვენებაზე მიმავალს სოციალურ ქსელში ჩემზე უფროსებმა. ბევრი რამ მართლაც უცხო აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ ამ ერთი ფილმის მეშვეობით ჩემი მშობლების თაობის შესახებ იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამეგონა მათგან. ფილმმა 90-იანი წლების თბილისში მამოგზაურა და ბევრ კითხვაზე გამცა პასუხი, თუმცა ბევრი ახალი კითხვაც გამიჩინა.

რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი თინეიჯერებზეა, ორ მეგობარ გოგონაზე, რომლებიც ძალადობით დამუხტულ გარემოში ცხოვრობენ, სადაც შეყვარებული პუფის დათუნიას ნაცვლად იარაღს გჩუქნის – ასე უფრო დაცულად იგრძნობ თავს; სადაც, მგონი, გიყვარს და მხოლოდ იმიტომ, რომ პურის რიგიდან მოგიტაცეს, „მოსახდენი მოხდა” და გალოთებული მამის ატანას მეუღლის წინდებისა და მაისურების რეცხვა გირჩევნია; სადაც 14 წლისა ვეღარც მუსიკაზე ივლი (მეუღლეს პიანისტი ცოლი არ სურს) და ვეღარც სკოლაში… ამ ფილმში ომი, პოლიტიკა მხოლოდ ფონია – უბრალო ადამიანების ამბით რეჟისორები შესანიშნავად ახერხებენ, გადმოსცენ 90-იანი წლების სურათი და გააცოცხლონ მაყურებლის მეხსიერებაში მივიწყებული ისტორიები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „გრძელი ნათელი დღეები” უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში გადაღებული ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ტიპის ქართული ფილმია სწორად შერჩეული თემით, სიუჟეტითა და მსახიობებით.

ფილმში მთავარ როლებს ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია ასრულებენ. „გრძელ ნათელ დღეებში” პროფესიონალ მსახიობებს უმთავრესად მეორეხარისხოვანი როლები არგუნეს. ალბათ ამითაც აიხსნება, რომ ფილმი საოცრად ბუნებრივია, თამაშის თეატრალიზებული მანერით არ გაღიზიანებს. პირადად მე მხოლოდ ოპერატორის შედარებით სუსტმა ნამუშევარმა დამწყვიტა გული.

„გრძელ ნათელ დღეებს” უკვე რამდენიმე ევროპული, ამერიკული თუ აზიური კინოფესტივალის ჯილდო ერგო წილად. წელს საქართველოდან „ოსკარზეც” სწორედ ეს ფილმია წარდგენილი. რამდენიმე ქვეყანაში უკვე კინოგაქირავებაშიც გამოვიდა. „გრძელი ნათელი დღეების” ქართული პრემიერა 27 სექტემბრს გაიმართა. მაყურებელს ერთი თვის განმავლობაში ექნება კინოთეატრებში მისი ნახვის საშუალება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი