პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნახატი-ასოციაციები

ჯონ სინგერ სარჯენტი (12 იანვარი, 1856 – 14 აპრილი, 1925) თავისი დროის ერთ-ერთი წამყვანი პორტრეტისტი იყო. ამერიკელი კოლონისტების შთამომავალი იტალიაში დაიბადა და 21 წლამდე არ სწვევია ისტორიულ სამშობლოს. გაიარა დიეგო ველასკესის სკოლა, მეგობრობდა იმპრესიონისტებთან, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ნიჭიერ პორტრეტისტად ჩამოყალიბებაში. სიცოცხლის ბოლო წლები ბრიტანეთში გაატარა. 1925 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა ლონდონში გულის შეტევით. მისი ნამუშევრები ამშვენებს მეტროპოლიტენ-მუზეუმს ნიუ-იორკში, ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმს, ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკას, ჰარვარდის ბიბლიოთეკას…
მის ბეატრის ტაუნსენდის პორტრეტზე (1882) მზერის უკვდავების საიდუმლოა:

თუმცა ვნახოთ მეორე ნახატიც, რომელიც ამტკიცებს სარჯენტის ოსტატობას სხვა ჟანრშიც – „ედუარდ დარლი ბოიტის ქალიშვილები“ (1882), რომელიც მან 26 წლისამ, თავისი პოპულარობის გარიჟრაჟზე დახატა. ამერიკელმა მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ჰენრი ჯეიმსმა ამ ტილოს „გასაოცარი“ უწოდა. არის ამ ნახატში ყოფის ფარული მისტიკა, იდუმალება, ადამიანად ყოფნის ჩუმი დღესასწაული და დიდი ფსიქოლოგიური სიღრმე.

მიხაილ ვრუბელი (1856-1910) აღიარებულია არტ-ნუვოს უდიდეს რუს მხატვრად. მისი ორიგინალური მანერის საწყისები გვიანდელი ბიზანტიური და ადრეული რენესანსის მხატვრობაშია საძიებელი. ვრუბელი გამიზნულად განუდგა თავისი დროის მიმდინარეობებს. მისი ნახატები გვატყვევებს ექსცენტრულობითა და ძველისა და ახლის საინტერესო სინთეზით. იგი იყო ტიციან ტაბიძის საყვარელი მხატვარი (,,ისე გხატავდა თამარს ვრუბელი…”).
ამ ნახატს ჰქვია „გოგონა სპარსული ხალიჩის ფონზე“ (1885):

ხოაკინ სოროლია (ესპანელი მხატვარი) – „მოხელთებული წამი“, ბიარიცი, 1906. იქნებ წარსულის ეს გამოძახილი, მაგიურ გაელვებათა მთლიანობაა, რაც აწმყოში ბედნიერების შეგრძნებას გვანიჭებს? ვინ იცის…

სიკეთისკენ სწრაფვა სამოთხისკენ სწრაფვაა. ყოველ ჩვენგანში, თვით ყველაზე დაცემულშიც, დევს ეს. ყველანი ვებღაუჭებით ნათელს ჩვენში, თუნდაც მცირეოდენს. ბნელის ნათლისადმი მორჩილება ხომ, საზოგადოდ, სამყაროს კანონზომიერებაა. ცხოველებთან, ალბათ, ეს ქვეცნობიერის დონეზე წყდება, ადამიანებთან – გააზრებულად. ხშირად მიფიქრია: აბსოლუტური სიკეთე არ იქნება მოსაწყენი და მასში ყოფნა იქნება ისე, როგორც ბავშვობაშია, ყველაფერი რომ გიხარია და გაინტერესებს, დიდი, ცნობისმოყვარე, ოღონდ ძალიან გონიერი თვალებით.
სამოთხეში თუ სევდიანობენ, ნეტა? ვფიქრობ, ეს ღმერთის თვისებაა.
მიხაელ სოვას ამ ნახატზეც სამოთხეა, მგონი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი