პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

იაპონური განათლების შტრიხები

იაპონელ მოსწავლეებს ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვთ. ისინი საკლასო ოთახშივე მართავენ სამიტებს და კონფერენციებს, გამოცდების პერიოდი კი მათთვის ყველაზე სტრესული ცხოვრებისეული მოვლენაა. ჩვენგან განსხვავებით, ქვეყანაში სასწავლო პროცესის ათვლის წერტილად არა სკოლა, არამედ საბავშვო ბაღი მიიჩნევა. სწორედ იქ ეუფლებიან პირველად მათემატიკას და ორ ანბანს – ჰირაგანასა და კატაკანას. იაპონელი ბავშვები დაწყებით სკოლაში ექვსი-შვიდი წლის ასაკში შეჰყავთ. მათი სასწავლო წელი, ტრადიციულად, აპრილში იწყება – იაპონელებს სწამთ, რომ საკურას ყვავილობისა და ბუნების გამოღვიძების პერიოდი საუკეთესო დროა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად.

იაპონური სკოლა სამსაფეხურიანია: დაწყებითი, საშუალო და უფროსი სკოლისგან შედგება. დაწყებით სკოლაში ბავშვები ექვსი წლის განმავლობაში სწავლობენ, საშუალო და უფროს სკოლებში კი – სამ-სამი წელი. მთლიანობაში, 12 კლასია, მაგრამ აქედან ცხრაა სავალდებულო. მოსწავლეების 94% მშვიდობიანად აღწევს მეათე კლასამდე და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. განსაკუთრებით – თუ გავითვალისწინებთ, რომ, დაწყებითი და საშუალო სკოლებისგან განსხვავებით, უფროს კლასებში განათლება ფასიანია.

დაწყებით სკოლაში გამარტივებული წესები მოქმედებს: ბავშვებს არ აძლევენ საშინაო დავალებებს, არ რთავენ სერიოზულ სამუშაოებში, არ აბარებინებენ გამოცდებს. მათი მთავარი მიზანია ზოგადი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღება, სწავლის უფრო საპასუხისმგებლო ეტაპებისთვის მომზადება. დაწყებით კლასებში ისინი სწავლობენ არითმეტიკას, ბუნებისმეტყველებას, ინგლისურ ენას, შრომის საფუძვლებს, მუსიკას, იღებენ სოციალურ და ჰუმანიტარულ ცოდნას, ვითარდებიან შემოქმედებითად და ფიზიკურად. პირველი კლასიდანვე სავალდებულო საგანია მშობლიური ენა – არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ შუა საუკუნეების და ძველი იაპონურიც. უმკაცრესი მოთხოვნებია ინგლისური ენის მიმართ. საშუალო სკოლაში კი კომპიუტერულ მეცნიერებებს, მსოფლიოსა და იაპონიის ისტორიას და საბუნებისმეტყველო საგნებს ემატება არჩევითი კურსებიც, ასე რომ, მოსწავლეებს შეუძლიათ, მოემზადონ მომავალი სპეციალობისთვის.

სკოლებში ორი ცვლაა – დილისა ან შუადღისა. დაწყებით სკოლაში დღეში ოთხამდე 45-წუთიანი გაკვეთილი ტარდება. საშუალო სკოლაში უკვე ექვსი 50-წუთიანი გაკვეთილია, უფროსი ასაკის მოსწავლეებს კი ხშირად დილის რვიდან საღამოს ექვს საათამდე უწევთ სკოლაში ყოფნა.

შესვენებები ხანმოკლეა – 5-10 წუთიანი, თუმცა არის ერთი დიდი – ერთსაათიანი შესვენებაც, რათა მოსწავლეებმა სადილობა მოასწონ. ჩვეულებრივ, მოსწავლეებს საკვები შინიდან ლანჩბოქსებით მიაქვთ. ზოგჯერ საჭმელს მაღაზიებშიც ყიდულობენ, მაგრამ, საზოგადოდ, იაპონელებს არ უყვართ „გადარბენით“ კვება.

იაპონიაში სკოლის მოსწავლეებს (და სტუდენტებსაც) ყველაზე დატვირთული ადამიანების კატეგორიას მიაკუთვნებენ – საშუალო სკოლაში მათ არნახულად ბევრი საშინაო დავალების შესრულება უწევთ.

იაპონიაში სასწავლო წელი სამ სემესტრად იყოფა: პირველი აპრილიდან ივლისამდე გრძელდება, მეორე – სექტემბრიდან დეკემბრამდე, მესამე – იანვრიდან მარტამდე.

იაპონელები არდადეგების პერიოდშიც არ ისვენებენ – გამოცდებისთვის ემზადებიან და ნაშრომებს წერენ. ისინი უქმეებსაც კი სწავლაში ატარებენ – ასრულებენ დავალებებს. ზოგჯერ შინიდან გასასვლელადაც კი ვერ იცლიან.

გამოცდები მეშვიდე კლასში იწყება და წელიწადში ორ-სამჯერ ტარდება. ეს დრო ყოველი იაპონელის ცხოვრებაში ყველაზე რთული დროა. გარდა ამისა, იაპონიაში არსებობს წინმსწრები შემოწმებები, რომელთა მეშვეობითაც განისაზღვრება, შეძლებს თუ არა მოსწავლე მომდევნო კლასში, სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში გადასვლას.

იაპონიაში შეფასების ორი სისტემაა: ასოებით (A-F) და ქულებით. ეს არის შეფასების 100-ქულიანი სისტემა, სადაც მინიმალური დადებითი ქულა 60-ია, თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში, გარკვეული ლიმიტებიც მოქმედებს.

სკოლებთან ერთად არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებები – juku, ერთგვარი სარეპეტიტორო ოფისები, რომლებიც სხვადასხვა საგნის კურსებს სთავაზობენ მოსწავლეებს.

იაპონური სკოლა არ იძლევა ისეთი სწავლების გარანტიას, რომლის შემდეგაც მოსწავლე აუცილებლად წარმატებით ჩააბარებს მისაღებ გამოცდებს.

რეპეტიტორებთან თითქმის ყველა მოსწავლე დადის. ბავშვები გვიან საღამომდე მეცადინეობენ. 12-18 წლის მოზარდებისთვის ყველაზე აქტუალური საახალწლო საჩუქარი კურსების გავლის კუპონია.

სკოლებს აქვს სპეციალური წრეები, რომლებსაც kai-ის უწოდებენ. გაკვეთილების შემდეგ მოსწავლე აუცილებლად მონაწილეობს რაიმე კოლექტიურ საქმიანობაში – მას შეუძლია აირჩიოს სპორტული, შემოქმედებითი ან სოციალურად სასარგებლო დასვენება.

მოსწავლეები ასევე მართავენ სამიტებს და კონფერენციებს – ასე ემზადებიან ზრდასრულობისთვის.

ასე რომ, იაპონელ ბავშვს თითქმის არ აქვს თავისუფალი დრო: დილით ის სკოლაში მიდის, იქიდან – კაიში, შემდეგ – რეპეტიტორებთან, შინ გვიან საღამოს ბრუნდება და მხოლოდ დავალების შესრულებისა და ძილის დრო რჩება.

იაპონიის სკოლებში არის მუსიკალური კლასები, სადაც ტექნოლოგიის სასწაულებია წარმოდგენილი – ელექტრონული გიტარები და სხვა უახლესი თაობის საკრავები. ზოგიერთ სკოლას ჩამწერი სტუდიაც აქვს, ახალგაზრდები ხშირად აარსებენ როკჯგუფებს. ყველგან არის სპორტული, ბეისბოლისა და საფეხბურთო მოედნები.

საშუალო და უფროს სკოლებში მოსწავლეები ნიშნავენ მორიგეებს, რომლებსაც საკლასო ოთახების დალაგება ევალებათ. თითოეულ კლასს ჰყავს უფროსი მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ყველა ესალმებოდეს მასწავლებელს. როდესაც მასწავლებელი კლასში შედის, უფროსი მოსწავლე დგება და სხვებს სთხოვს, პედაგოგს მიესალმონ. რიტუალის დასრულების შემდეგ ბავშვები სხედებიან და გაკვეთილიც იწყება.

იაპონიის სკოლებში საყოველთაოდ მიღებული სახელმძღვანელოები არ არსებობს: განათლების სამინისტრო იძლევა რეკომენდაციებს, მაგრამ სკოლა თავად წყვეტს, რა მიმართულება აირჩიოს და რომელი სახელმძღვანელოებით ასწავლოს.

სასკოლო ფორმებსაც კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება ამტკიცებს. ჩვეულებრივ, გოგონებს, საშუალო სკოლაშიც კი, მკაცრად ეკრძალებათ თმის გაშლა და დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება, პირსინგი და ტატუ. ხშირად ანიმეებში სკოლის მოსწავლეებს მოკლე კაბებით ვხედავთ. სინამდვილეში იაპონიაში, მოსწავლეებს მუხლს ქვემოთ კაბები აცვიათ.

სკოლები ქალაქებში ისეა აშენებული, რომ სახლიდან 5-10 წუთის სავალზე იყოს. სოფლებში სკოლამდე უფრო დიდი გზაა. იაპონიაშიც არის სასკოლო ავტობუსები, მაგრამ არც ისეთი რეგულარული, როგორიც, ვთქვათ, შეერთებულ შტატებში. თუმცა იაპონიაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად და უპრობლემოდ მოახერხოს საგანმანათლებლო დაწესებულებამდე მისვლა ველოსიპედით ან ფეხით. მაგალითად, ტოკიოში არის წითელი აგურით მოპირკეთებული სპეციალური ბილიკები ნიშნებით „აქ მხოლოდ ბავშვები დადიან“.

იაპონიაში განათლება ძვირი სიამოვნებაა – საუკეთესოდ მიჩნეულია არა საჯარო, არამედ კერძო სკოლები და უნივერსიტეტები, სადაც ყველაზე კვალიფიციურ მასწავლებლებს იწვევენ. სწავლის გადასახადი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ელიტარულია სკოლა და რა ადგილი უკავია საერთო რეიტინგში. იაპონელები დიდ ყურადღებას აქცევენ რეიტინგებს და თავს არ ზოგავენ, რომ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოხვდნენ. პრესტიჟი მათთვის ბევრს ნიშნავს.

იაპონიაში ჯერ კიდევ არსებობს სკოლები, სადაც ბიჭები და გოგოები განათლებას ცალ-ცალკე იღებენ. იქ სპეციალური მკაცრი კანონები მოქმედებს, რომლებსაც მოსწავლეები უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ.

იაპონიაში კოლეჯებიც სკოლებს ჰგავს და იქ მოსწავლეთა საკმაოდ მცირე ნაწილი გადადის. ზოგი მოსწავლე პროფესიულ სასწავლებლებში დადის. იაპონელები მთელი ცხოვრების განმავლობაში ისწრაფვიან ცოდნისკენ. თუმცა, ბევრი გოგონა არ ცდილობს უნივერსიტეტში მოხვედრას. ისინი დიასახლისობას სწავლობენ და ქორწინებისთვის ემზადებიან. იაპონიაში ეს დისკრიმინაციად არ განიხილება.

ქვეყნის მოსახლეობის 45% და ქალაქში მცხოვრებთა 90% უმაღლეს განათლებას იღებს, რაც ღირსეული რიცხვია. ბაკალავრიატს იაპონიაში ოთხი წელი ეთმობა. ამას მოსდევს ორწლიანი ასპირანტურა. უნივერსიტეტში რომ მოხვდეთ, ჯერ წარმატებით უნდა დაასრულოთ სკოლა, მერე კი მისაღები გამოცდები ჩააბაროთ. იაპონიაში არავითარი შეღავათი არ მოქმედებს. სკოლის საუკეთესო ნიშნებით დამთავრებაც კი არ გათავისუფლებთ მისაღები გამოცდებისგან. ზოგიერთ უნივერსიტეტში, მაგალითად, ტოკიოს ან კეიოს უნივერსიტეტებში მოხვედრა მართლაც ურთულესია, ძალიან დიდი მიღწევად მიიჩნევა და მაღალანაზღაურებად სამუშაოს უზრუნველყოფს.

არსებობს გრანტები და სტიპენდია, რომლებიც საგრძნობლად ამსუბუქებს სიტუაციას, მაგრამ იაპონიის უნივერსიტეტებში არ არის საბიუჯეტო ადგილები. ბევრი სტუდენტი ან აკადემიურ შვებულებაში გადის და გამოიმუშავებს საჭირო თანხას, ან სესხს იღებს. ზოგ იაპონელს სკოლაშივე უგროვდება დიდი დავალიანება და ეს ფინანსური ფაქტორი მნიშვნელოვნად ამცირებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, სკოლის კურსდამთავრებულთა 90%-ს მაინც აქვს სწავლის სურვილი.

იაპონიაში ყოველწლიურად არაერთი სუიციდი ხდება იმის გამო, რომ მოსწავლეები გამოცდებს ვერ აბარებენ. ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რომლის წინაშეც წლებია დგას განათლების სამინისტრო და რომელსაც სახელმწიფო ვერ ერევა. თუ ახალგაზრდა სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, მას მიაჩნია, რომ მისი ცხოვრება დამთავრდა – ის ვერ შეძლებს დაიკავოს ღირსეული თანამდებობა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე უამრავი ფული დახარჯა და ვალებიც დააგროვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი