შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჩანახატები მასწავლებლის ცხოვრებიდან

რა არის თქვენთვის შთაგონება? რა გავსებთ დადებითი ენერგიით?

უბრალო ამბების მიღმა დამაფიქრებელი სიღრმეების აღმოჩენა შეიძლება. შარშან ზაფხულს, ერთ მზისგან გაჩახჩახებულ დილას  ზღვაში ვცურავდი და წყალქვეშ თევზების ქარავანმა ჩამიქროლა. თვალგახელილი მივაპობდი წყალს და სწორედ ამ დროს შევნიშნე ვერცხლისფერი თევზები. შუადღისას მეგობარმა მიამბო, რომ მასაც შეუნიშნავს ისინი. მე რომ არ მეთქვა თევზების ქარავნის ამბავი, ნეტავ, ჩემი მეგობარი თუ მომიყვებოდა მათ შესახებ?

გადავწყვიტე, გიამბოთ პატარ-პატარა ამბები ჩემი მასწავლებლური ცხოვრებიდან, რომლებიც ჩემთვის ძვირფასი გახდა. ვინ იცის, რომელ მოგონებას გაგიღვიძებთ ან რაზე დაგაფიქრებთ? იქნებ დიდი თუ პატარა ქალაქებისა და სოფლების მასწავლებლებს ვერცხლისფერი თევზების ქარავანივით გვაერთიანებს ამბები, რომლებსაც თუ არ მოვყვებით, დავიწყება ემუქრებათ?

 

მთის ბროლი

სოფელ უწერას თავს დაჰყურებს ბროლის მთა. მოსახლეობას იქიდან ხშირად ჩამოაქვს ბროლის ქვები. ერთ ზაფხულს მიშომ, უწერის სკოლის მოსწავლემ, ხელისგულისოდენა მთის ბროლი მაჩუქა.

მეოთხე კლასის სახელმძღვანელოში ტარიელ ხავთასის მოთხრობა „მოხუცი და ბროლია“ წავიკითხეთ. მოთხრობა მოხუცისა და მაწანწალა ძაღლის დამეგობრების ამბავს აღწერს. ქალაქელი ბავშვებისთვის ქვები უმეტესად ნაცრისფერია. მიშოს ნაჩუქარი მთის ბროლი სკოლაში წავიღე. ფანჯრიდან შემომავალ მზის სხივებს მივუშვირეთ, მზის სხივებმა ქვაში გამოიარა და ყველამ ერთად ვიხილეთ, რას ნიშნავს სიტყვა „გამჭვირვალე“.

რამდენიმე კვირის შემდეგ სახელმძღვანელოს რვეულში ლექსიკურ სავარჯიშოს ვაკვირდებოდით. ბავშვებმა დავალება შინ შეასრულეს და ერთად ვამოწმებდით. ერთ-ერთი სავარჯიშო ქვების ფერს ეხებოდა. ბავშვებმა არ იცოდნენ გიშერი, ძოწი და ზურმუხტი, მაგრამ უმეტესობას ბროლის ფერი ადვილად ამოეცნო. ყველას გაგვახსენდა გაკვეთილი, რომლის ფოტოებიც განსაკუთრებულია ჩვენთვის. ერთ ფოტოზე ასახულია, როგორ ვართ ფანჯარასთან მიხვავებული, ხელში მთის ბროლი მიჭირავს და მასში არეკლილ მზის სხივებს ვუყურებთ, მეორე ფოტო ჩემი გადაღებულია – აღვბეჭდე, როგორ გვიღებს ფოტოებს სკამზე შემხტარი ანასტასია. გაიზრდებიან და  გაეცნობიან მთის ბროლს, როგორც „ვეფხისტყაოსანის“ მეტაფორულ სახეს.

 

სლაიდები ლენინგრადიდან

ბატონი ალექსანდრე ბუკინისტია. ორი წლის წინ მასთან შევიძინე აპარატი, რომლის სახელი დღემდე არ ვიცი. პატარა კოლოფის დირეში ფირფიტა უნდა ჩადოთ, სინათლეს მიუშვიროთ და თქვენ თვალწინ ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები ჩნდება.

ერთ-ერთი გაკვეთილი ფოტოხელოვნებასა და მხატვრობას ეხებოდა. ხელი მოვხვიე უამრავ რესურსს – ჩემი ბავშვობის ფოტოებს, ელენე ახვლედიანის, ვან გოგის, კანდინსკის ალბომებს და დაფასთან გამოვფინე.

მათ შორის იყო ბატონ ალექსანდრესთან ნაყიდი უცნაური აპარატი. გაკვეთილის ბოლოს სათითაოდ მოდიოდნენ და სამი მხატვრის ნახატს ეცნობოდნენ.

მეორე დღეს მეოთხეკლასელმა ნატალიმ სკოლაში მოგვიტანა ნივთები, რომლებიც მისთვის ბებიას გამოუტანებია. წარმოიდგინეთ, ჩემი სიხარული, როდესაც ამ ნივთებს შორის ისეთივე მოწყობილობა დავინახე, ბატონი ალექსანდრესგან ორი წლის წინ რომ შევიძინე.

ემოციებით სავსემ ნატალის ბებოს დავურეკე. მითხრა, რომ წლების წინ ლენინგრადში შეუძენია ნივთი, რომელსაც „სლაიდს“ უწოდებდა. სლაიდები ასახავს ფირფიტებს, რომლებზეც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცნობილი მხატვრების ნახატებია გამოსახული. ერთი სული მქონდა, გამეგო, რომელ მხატვარს გაგვაცნობდა ძაფით თავმოკრულ ცელოფანში დახვავებული სლაიდები. XXI საუკუნის სკოლის ოთახში XVI საუკუნის იტალიიდან ტიციანი გვეხმიანებოდა. მე და ჩემი პატარა მოსწავლეები ცალ თვალს ვჭუტავდით და მეორე, ფართოდ გახელილი თვალით, ჭუჭრუტანაში ვხედავდით მარიამ მაგდალინელს, პერსევსის დედას – არგოსის მეფის ასულ დანაეს, პაპ პავლე III-ს, სალომეას, ვენერას, კარლ V -ს.

ბებიას ნატალისთვის გამოეტანებინა ლენინგრადში ნაყიდი ფიროსმანის ალბომიც, რომელსაც 1965 წელს სათუთად გაკეთებული წარწერა ამშვენებდა. ალბომში ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების ორგანზომილებიანი ფოტოები იყო დატანილი, სამენოვანი (რუსული, ინგლისური, ფრანგული) განმარტებებით. ერთ-ერთი მათგანი, რუსეთ-იაპონიის ომის ამსახველი ნახატი, ჩემთვის უცხო იყო. ორი თვის შემდეგ სიღნაღის მუზეუმს ვესტუმრე. ვიდექი ფიროსმანის მასშტაბური ტილოს წინ და ვფიქრობდი ნატალის ბებოზე, რომელსაც მხოლოდ სატელოფონო საუბრიდან ვიცნობდი. მისი ნათქვამი სიტყვები გულს მინათებდა და ჩემს მასწავლებლურ ცხოვრებას უზარმაზარ აზრს სძენდა.

 

დუქ ვონცექ?

გოგა რვა წლის ბიჭია. შავი, კაკლის მურაბასავით თვალები და უკეთილესი გული აქვს. ერთხელ, ქართულის გაკვეთილის შემდეგ, მოვიდა და მითხრა – იცით, მე სომეხი ვარ, მასწავლებელოო.

რვა წლის ადამიანების ნათქვამი სიტყვები უზარმაზარ და დასაფასებელ გულწრფელობაზე დგას. არ ვიცი, რატომ მოისურვა გოგამ, მაინცდამაინც იმ გაკვეთილის შემდეგ ეთქვა ჩემთვის ვიღაცისთვის უმნიშვნელო, მაგრამ თავისთავად ბევრი რამის მთქმელი ამბავი, თუმცა, სათქმელის მოტივის ამოცნობა არ გამჭირვებია. მან, პატარა სომეხმა ბიჭმა, ქართულ სკოლაში ქართულის გაკვეთილზე იმდენად კარგად იგრძნო თავი, რომ დიდი განდობის მონაწილე გამხადა.

ამ ამბიდან რამდენიმე ხანში დაფაზე ვწერდი სიტყვებს, რომლებშიც ბავშვებს უნდა ამოეცნოთ დაკარგული ასო. გოგამ „ძუ“ ამოიკითხა და მითხრა, რომ სომხურად კვერცხს ნიშნავსო. ვთხოვე, ჩემთვის სომხური ესწავლებინა. ვკითხე, „როგორ ხარ?“ სომხურად როგორ უნდა ვთქვა-მეთქი. გოგა დაიბნა და ვერაფრით გაიხსენა.

იმ დღეს ჩემს ძმისშვილ ლუკას ბოლო ზარი ჰქონდა. მთელი ოჯახი მუხიანში მივდიოდით. სკოლის კართან ჩემი მეუღლე დამხვდა, ჩვენი 2 წლის გოგონაც მოეყვანა. ხელი მოვკიდე ლილეს და მეორეკლასელებთან ავიყვანე. ბავშვები მოგვცვიდნენ, შეშინებულმა ლილემ ხელი მაგრად ჩამკიდა და აჭყვიტინდა. ნუცა მოგვიახლოვდა, არ გინდა, ლილე, შენც გაკვეთილი ჩაგვიტარო, შენი დედიკო იცი რა საინტერესო გაკვეთილებს გვიტარებსო, ეფერებოდა. სწორედ ამ დროს მოგვიახლოვდა გოგა და ამ ხმაურსა და აურზაურში დამძახის „დუქ ვონცექ, მასწავლებელო, დუქ ვონცექ!“,  გავიხსენე, სომხურად როგორ არის „როგორ ხართ“ .

 

ნიკოს დღიურები

ზოგჯერ უსიამოვნო ამბებიც ხდება. ერთხელ მეექვსეკლასელებმა გამაბრაზეს და მოთმინებიდან გამოსულმა საკლასო ოთახი დამშვიდობების გარეშე დავტოვე. რამდენიმე ბავშვი სამწუთიან ესეის წერდა. გაცხარებულმა ნამუშევრებიც არ გამოვართვი. სახლში ქვასავით დამძიმებული გულით მოვედი. დამღლელი დღის შემდეგ ყავა მოვიდუღე და დარღვეულმა ჰარმონიამ ბოლო მომიღო. ღმერთო, როგორ უნდა გავატარო ასეთი მძიმე განწყობით მთელი დღე-მეთქი, გავიფიქრე და ისევ სკოლაში დავბრუნდი. კლასში შესულმა ბავშვებს მოვუბოდიშე – ზუსტად ისე მოვიქეცი, რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხი-მეთქი. ვფიქრობ, რაც არ უნდა გაგვაბრაზონ მოსწავლეებმა, გაკვეთილის ბოლოს აუცილებლად უნდა ვეცადოთ ურთიერთობის მოგვარება, რადგან ჩვენ, მასწავლებლებს, მათზე მეტი მოგვეთხოვება. ჩვენ ვართ მათი როლური მოდელი. ხელოვნების გაკვეთილი სრულდებოდა. ქართულის გაკვეთილზე დაწყებული თავისუფალი ესეის წერას ნიკო კვლავ აგრძელებდა. მობოდიშებისა და ურთიერთშეთანხმების შემდეგ ესეები სახლში გამოვიყოლე.

ნიკოს ნაწერში მთავარი პერსონაჟი ვარ. დაწვრილებით აღწერდა ჩემს განრისხებას, მერე ნაწერში ხელოვნების გაკვეთილი გრძელდებოდა სხვა ამბებითა და სხვა პერსონაჟებით, ბოლოს კი ნიკოც ჩემთან ერთად განიცდიდა კათარზისს და კლასის სახელით მებოდიშებოდა – ოდნავ თამამ და დაუფარავად თავხედურ ტონს მოკრძალებული ტონით ცვლიდა.

 

მთელი კლასის დიორამა

მე და ჩემი მეოთხეკლასელები ორი სემესტრის განმავლობაში არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალს“  ვკითხულობდით. იმდენად საინტერესო გამოცდილება დაგვიგროვდა, ამ ყველაფრის შესახებ ცალკე სტატიაც კი დაიწერება, თუმცა, ახლა გამოძერწილ პერსონაჟებზე უნდა გიამბოთ.

წიგნიდან ამოვწერეთ პერსონაჟები, გავიხსენეთ მათი თვისებები და პლასტილინისგან გამოვძერწეთ, შემდეგ კი პერსონაჟთა გალერეა ფანჯარაზე მივაწებეთ. ფანჯრის მიღმა ნაცრისფერი კორპუსები, ბავშვების მომლოდინე მშობლები და ქარისგან მოშრიალე ხეები ჩანდა.

საღამოს მეოთხეკლასელმა გელამ ჯგუფში ფოტო ატვირთა სახელად – „მთელი კლასის ნამუშევარი“. ერთიანობის განცდა, რომელმაც მიდი მოადეს, ფრინტას, ქონდარინეს, კინა ლოკოს, სალამურას თუ ბაიას გამოძერწვისას ჩვენი გულები გააერთიანა, გელას სტატუსში გახმიანდა.

 

ყვავილის ქოთნები

მეექვსეკლასელებთან რიგით მეორე ლიტერატურული კაფე საკლასო ოთახში გავმართეთ. თითოეულ მოსწავლეს მერხი თავად უნდა გაეფორმებინა. დილას საკლასო ოთახში შესულს გული გამინათდა. ისინი სპორტის გაკვეთილზე იყვნენ. ცარიელ ოთახში ტკბილეულითა და სათამაშოებით მორთული მერხები მათზე ჰყვებოდნენ. რამდენიმე ბიჭის მერხზე ხელოვნური ყვავილების ქოთნები დამხვდა. სკოლის დღეები მსგავსი აღმოჩენების ფეიერვერკია. მთავარია, ვუბიძგოთ და წავახალისოთ. მერე დერეფნებიდან ქოთნის ყვავილები შემოვიტანეთ. წითლად აბრიალებულმა ბალბის ყვავილებმა სხვა ელფერი შესძინეს ჩვენს დღესასწაულს.

 

„მფრინავი არწივი“

ნებისმიერ ნივთს შეძლება ახალი სიცოცხლე შევმატოთ და სასწავლო რესურსად ვაქციოთ. როგორც კი ჩემმა მეუღლემ ლილეს სათამაშო არწივი მოუტანა, მაშინვე ახალი იდეა დამებადა. მერე აიშოლპან ნურგაევა გამახსენდა, არწივების მომთვინიერებელი მონღოლი გოგონა.

დახმარება მეექვსეკლასელებს ვთხოვე, რომლებმაც განსაზღვრულ დროს მესამე სართულის ფანჯრიდან ძაფგამობმული არწივი ჩამოუშვეს. მისი გამოჩენა აიშოლპან ნურგაევას შესახებ საინფორმაციო ტექსტის გაცნობას მოჰყვა. ბავშვებზე არანაკლებ მოულოდნელი და განსაცვიფრებელი აღმოჩნდა ჩემთვის ხმაურიანი და ფრთებმოფრთხიალე არწივის გამოჩენა მეორე კლასის ფანჯრის წინ. არასდროს დამავიწყდება ბავშვების სიხარულისა და გაკვირვების შეძახილები.

 

„გარეული გედები“ და საბა

მეორეკლასელი საბა ხუთშვილიანი ოჯახის უფროსი შვილია. მის დედიკოს არ ვიცნობ. სკოლაში მამა ან ბებია აკითხავს ხოლმე.

ერთხელ ბავშვებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი „გარეული გედები“ წავუკითხე. შემდეგ საყვარელი ეპიზოდის დახატვა ვთხოვე. საბამ თავის ნახატს დააწერა „მე დავხატე, რომ ელიზამ გარეთ გედი დაინახა“. მის მინიმალისტურ ნახატზე შავთმიანი ელიზა ფანჯარასთან ზურგით დგას, ჭრელი გედი კი ცაში მიფრინავს.

გაკვეთილების შემდეგ ცარიელ საკლასო ოთახში განმავითარებელი კომენტარების დასაწერად განვმარტოვდი. უფარდო ფანჯრიდან მდინარე გლდანულას ხეობა და კერძო სახლები მოჩანდა. გარეთ სწორედ იმ დროს გადავიხედე, როცა მამასთან ხელჩაკიდებული საბა სახლის გზას მიუყვებოდა. საბას ნახატი სულ ამ კადრს მახსენებს – როგორ მიდიან სახლისკენ პატარა ბიჭი და მამამისი ერთად.

 

დაჩი – კლასის მზე

მეექსვესკლასელი დაჩი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა. ის ფენილკენტონური დაავადების მქონეა. ამ იშვიათი დაავადების შესახებ სკოლის ფსიქოლოგმა, კლასის დამრიგებელმა და დაჩის ბებიამ მიამბეს.

ისე მოხდა, რომ დაჩი ჩემი გოგონას კლასელი და ჩვენი მეზობელი აღმოჩნდა. ეს მასთან ინდივიდუალურ მუშაობას მიადვილებდა. ხშირად ჩემი გოგონაც ამეცადინებდა წერა-კითხვაში.

დაჩის ჰიპერაქტიურობას მისი ხალასი ბუნება სულ სხვა მიმართულებას აძლევდა. მთელი წლის განმავლობაში ინდივიდუალურ, მის შესაძლებლობებზე მორგებულ ინსტრუქციებს ხალისით ასრულებდა.

ერთ-ერთი შემაჯამებელი სამუშაო – ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია –  ჩრდილების თეატრს დავუკავშირეთ. პრეზენტაცია ოთხი დღე გაიწელა. რამდენიმე კვირაში ლიტერატურული კაფე გავმართეთ. დღის ბოლოს „საშლელების“ ავტორს, თამარ გეგეშიძეს, შევხვდით. ბავშვები სათითაოდ უსვამდნენ შეკითხვებს, ძირითადად, წიგნისა და წერის შესახებ. დაჩის ჯერი რომ დადგა, თამარს ჰკითხა, როგორი კაცი იყო ვაჟა-ფშაველაო. მისმა შეკითხვამ ბევრ რამეზე დამაფიქრა – როგორ ილექება თითოეული გაკვეთილი მოზარდების გონებაში, როგორ ფიქრებს აღძრავს და როგორი ამოუცნობია ბავშვების შესაძლებლობები.

სემესტრის ბოლოს ტორესა მოსის „ორდროშობანას“ მიხედვით პროექტის პრეზენტაცია დავგეგმეთ. კლასი წყვილებად დავყავი. დაჩის მეწყვილე ნიკა იყო. „ძველი ქართული სიტყვები „ორდროშობანაში“ – ასეთი იყო მათი თემის სათაური. მე და ჩემმა გოგონამ ბიჭები რამდენჯერმე ჩვენთან მოვიწვიეთ. ჯერ სიტყვები ამოწერეს, შემდეგ ლექსიკონში განმარტებები მოძებნეს და საინფორმაციო პლაკატზე გადაიტანეს, ბოლოს კი შესანიშნავი პრეზენტაცია გამართეს. დაჩის ყველაზე მეტად მოეწონა სიტყვა „შლეგი“.

დაბადების დღეზე კლასელებმა დაჩის პირადი წერილები მისწერეს. თითოეული თბილ სიტყვებს არ იშურებდა. აღმოჩნდა, რომ დაჩის მხიარულება, უშურველობა, გულღიაობა ყველასთვის შესამჩნევი ყოფილა. ეფერებოდნენ, იხსენებდნენ მისი გაცნობის დღეს, მასთან გატარებულ დროს. ერთმა მისწერა – ჩვენი კლასის მზე ხარო. შეუძლებელია დაჩი გაიცნოთ და თქვენც იგივე არ იფიქროთ.

 

მე აზერბაიჯანელი ვარ

სევგი 10 წლის გოგონაა. მესამე კლასში გავიცანი. წერა-კითხვა უჭირდა, მაგრამ ფუტკარივით შრომობდა და სწორედ ამ გულმოდგინებამ მოსწავლე-მასწავლებელს ორი წლის შემდეგ დიდი სიხარული მოგვანიჭა. მუდმივად ვაქებდი და მადლობას ვუხდიდი, ენას ასეთი ხალისით რომ სწავლობდა. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო სევგისთან მუშაობა, რადგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს, თუმცა, ორი წლის შედეგია ის, რომ სევგი შესანიშნავ წერილებს წერს.

სემესტრის ბოლოს ბავშვებმა სახელმძღვანელოს ავტორს, ნინო გორდელაძეს პირადი წერილები მისწერეს. „გამარჯობა, ნინო მასწავლებელო, მე ვარ სევგი ნუგზარკიზი. მე ვარ აზერბაიჯანელი“ – ასე იწყებს წერილს სევგი.

 

ქონდარი

„სალამურას თავგადასავლის“ პერსონაჟთა სახელები მწერალს მათი თვისებების, ხასიათისა და პროფესიის მიხედვით შეურჩევია. ქონდარეთის, ქონდარინესა თუ ქონდართუხუცესის შთაგონებით ქონდრის ყიდვა გადავწყვიტე. მინდოდა, მისი მკვეთრი სურნელი წიგნისთვის დაეკავშირებინათ. გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, პატარა სასურსათო მაღაზიის კარი რომ შევაღე და ქონდარი მოვიკითხე. სურნელოვანი მცენარე არ ჰქონდათ, მაგრამ გამყიდველმა ქალმა საუბარი გამიბა და გელას ბებიად გამეცნო. გელა ერთ-ერთი იყო იმ ბავშვებიდან, რომელთათვისაც ქონდარს დავეძებდი.

 

კლასის  წიგნი

მასწავლებლისთვის მშობლებთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა. როდესაც მოსწავლესა და მშობელს ერთ მთლიანობად აღიქვამ, ყველაფერი მარტივდება.

რა არის მასწავლებლის ოცნება? ოცნება მომავლის ცნებაა. ოცნებობ იმაზე, რაც არ არის და გინდა, რომ რეალობად იქცეს. ლიზის დედამ, თამარმა, ჩემი ოცნება – რომ შენი შვილის ყველა კლასელი თანაბრად გიყვარდეს და გაინტერესებდეს – სწორედ რომ რეალობად აქცია.

თამარი მანდატურია. კანონის მიხედვით, მანდატურს საკუთარი შვილების სკოლაში მუშაობის უფლება არ აქვს. დატვირთული გრაფიკის გამო თამარს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ორი წლის განმავლობაში აქტიური მიმოწერა გვაქვს სოციალურ ქსელში.

მეორე სემესტრის ბოლოს თამარმა ჯადოსნური ამბები დაატრიალა – სათითაოდ დაუკავშირდა ყველა მშობელს, მოიძია ბავშვების დაბადების თარიღები, ფოტოები, ნამუშევრები და ყველაფერი წიგნად აკინძა. თამარის ქმედებამ იმედით ამავსო – კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმაზე, როგორი უნდა იყოს XXI საუკუნის სკოლა ჩვენთვის – მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის. დიდი სიყვარულით შექმნილი კლასის წიგნის თვალიერებისას მადლიერებით მევსება გული და თამარის ფუსფუსი პირად მაგალითად მექცა. ნამდვილად შესაძლებელია სხვისი შვილებიც ისე გიყვარდეს და გაინტერესებდეს, როგორც შენი. როცა ყოველდღიურობას უსამართლობა ჯანღივით დაეფარება ხოლმე, თამარს ვიხსენებ და იმედით ვივსები.

 

ჩემი მოთხრობილი ამბები კალეიდოსკოპს ჰგავს – ხელის ერთი მოძრაობით ფერებისა და ფორმების ცვლილებისას ახალი სამყარო გეშლება თვალწინ. მჯერა, რომ თითოეულ მასწავლებელს თავისი განსაკუთრებული ამბებით სავსე კალეიდოსკოპი აქვს. მთავარია, გაზიარებისა და მოყოლის სურვილი არ დაგვეკარგოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი