შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

წესრიგი და ბავშვის ასაკი

ძვირფასო მშობლებო, აღმზრდელებო, მკითხველებო, თქვენ უკვე გაეცანით რამდენიმე სტატიას ნაგისა ტაცუმის წიგნიდან: „დალაგების მაგია ბავშვებისთვის, ანუ როგორ ეხმარება ბავშვის განვითარებას წესრიგის დამყარების ხელოვნება“. ამჯერად, გაგაცნობთ ავტორის მოსაზრებებს წესრიგის დამყარების შესახებ ბავშვების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის ცნობილია, რომ სამი წლის პატარა საკმაოდ განსხვავდება თუნდაც რვა წლის ბავშვისგან, ამიტომ აუცილებელია, მშობლებს დავეხმაროთ, რათა მათ სწორედ განსაზღვრონ, რა ასაკიდან უნდა დაავალონ ბავშვს წესრიგის დამყარება დამოუკიდებლად და რა ასაკიდან უნდა შეწყვიტონ ამ პროცესში ჩარევა. ნაგისა ტაცუმი – ბესტსელერის იაპონელი ავტორი, მწერალი და ჟურნალისტი წერს: „დალაგებაზე ფიქრისას მივხვდი, რომ მასში გაცილებით დიდი შინაარსი დევს, ვიდრე მხოლოდ სახლის სისუფთავე და წესრიგი. დალაგებისა და წესრიგის დამყარებისას ადამიანი სწავლობს ნივთებთან სწორად მოქცევას; წესრიგისა და სისუფთავისათვის თვალ-ყურის დევნების დადებითი მომენტი ჩემთვის ის არის, რომ ის გვეხმარება სხვა ადამიანებთან ჰარმონიულად ვიცხოვროთ; და კიდევ ერთი მთავარი გარემოება: დასუფთავება ისეთი აქტივობაა, რომელიც ჩვენ გვეხმარება, ჩვენს გარშემო დავინახოთ სიახლეები. მინდა, ბავშვებმა პროცესის მიყოლა, მისით ტკბობა ისწავლონ, რათა ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის ეყოთ ძალისხმევა, კეთილსინდისიერად მოეკიდონ ნებისმიერ საქმიანობას. წესრიგის დამყარება – ასეთი უმნიშვნელო წვრილმანი და თან ისეთი უსერიოზულესი რამ არის, რომ მისი სწავლება თქვენს პატარას დაეხმარება, ჰქონდეს არა მხოლოდ დალაგებული და მოწესრიგებული ოთახი, არამედ ცხოვრების გზაზე თამამად და ხალისიანად იაროს“.

ნაგისა ტაცუმის მიაჩნია, რომ სავარაუდო ასაკობრივი ორიენტაცია არის 3, 6 და 10 წლის ასაკი. ამ ასაკობრივ პერიოდზე აქცენტი საკუთარ ბავშვობაზე, შვილებსა და სხვა გარშემომყოფ ბავშვებზე დაკვირვების შედეგია.

სამი წლის ბავშვი, სავარაუდოდ, უკვე საბავშვო ბაღში დადის, ექვსი წლისა სკოლაში იწყებს სიარულს, ათი წელი კი უკვე შეიძლება მისი პიროვნული „მე“-ს ჩამოყალიბების პერიოდად ჩაითვალოს. სამ წლამდე ასაკის პატარის მშობლები თავად წყვეტენ – რა, სად და როგორ დაალაგონ. ბავშვი მხოლოდ გარკვეულ მონაწილეობას იღებს ამ პროცესში. აქ მთავარია, უფროსებმა არ განუსაზღვრონ პატარას მხოლოდ დამკვირვებლის როლი. უთხარით ბავშვს: „მოდი ერთად მივალაგოთ“. და მართლაც დაიწყეთ ოთახის მოწესრიგება მასთან ერთად. ამ პროცესში საქმის ოთხმოცდაათ პროცენტს უფროსი ასრულებს, მაგრამ დარჩენილი ათი პროცენტი მაინც დაუტოვეთ პატარას. ყოველთვის მოიძებნება რაიმე მსუბუქი საქმიანობა, აი მაგალითად: წიგნის დადება კონკრეტულ ადგილას; სათამაშოს ყუთში ჩადება; ფეხსაცმლის კარადაში შენახვა. თანდათანობით ბავშვი ხვდება, რომ არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებიც თანამიმდევრულად უნდა შესრულდეს წესრიგის დამყარებისას. საქმის დასრულების შემდეგ ბავშვი ისმენს მშობლის აღფრთოვანებულ რეპლიკებს: „რა სისუფთავეა! რა კარგად გამოგვივიდა ყველაფერი!“. პატარა ხვდება, რომ დალაგებულ ოთახში გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე არეულ-დარეულ ოთახში და კიდევ იმას, რომ წესრიგს ყველასთვის სიხარული მოაქვს.

სამიდან ექვს წლამდე პერიოდში მშობლები ასწავლიან შვილებს გადაწყვეტილების მიღებას. დაახლოებით სამი წლიდან ბავშვები იწყებენ საუბარს, რომ თავად შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება. შეკითხვა „რატომ?“ – პატარების უსაყვარლესი შეკითხვა ხდება, სიჯიუტესთან და დაუმორჩილებლობასთან ერთად. სწორედ ამიტომ აუცილებელია, პატარებს ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, თავად მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები. იაპონელი ავტორი დარწმუნებულია, რომ მცირე ასაკის ბავშვებსაც კი შეუძლიათ ფიქრი და საკუთარი მოსაზრებების ვერბალურად გადმოცემა. კარგი იქნება, ბავშვს მშობლებმა დაუსვან შეკითხვები: „როგორ ფიქრობ, სად შეიძლება ამ წიგნების დადება?“, „აი ამ ტანსაცმელს შენ კიდევ ჩაიცვამ?“, „მე ვფიქრობ, შენ გაიზარდე და ეს შარვალი აღარ გეტევა, ამიტომ იქნებ ვინმეს ვაჩუქოთ?“. შეკითხვების რაგვარობა, რა თქმა უნდა, სიტუაციის მიხედვით იცვლება. თავდაპირველად პატარა გიპასუხებთ, რომ მან არ იცის, როგორ მოიქცეს. ამ დროს უფროსების პოზიცია უნდა იყოს ფრთხილი, მან უნდა მიანიშნოს პატარას: „იქნებ ასე მოვიქცეთ?“; „იქნებ ასე სჯობდეს?“. თანდათანობით ბავშვი ხვდება, რომ არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად მართებული პასუხები და რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი გადაწყვეტილებები. მშობლებმა ნელ-ნელა, თანამიმდევრულად უნდა მიაჩვიოს პატარა დალაგებას, რადგან ბავშვს, როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვით, წესრიგის დამყარება სულაც არ ეხალისება. მშობლის მითითების შემდეგ ის დაიწყებს სათამაშოების ყუთში ჩაყრას, მაგრამ სულ მცირე ხანში სხვა რამეზე გადაერთვება, თამაშს დაიწყებს. დედიკოს და მამიკოს ამ დროს მოთმინება მართებს, მათ კვლავ დალაგებისკენ უნდა მიმართონ პატარას ყურადღება და თან თავადაც დაეხმარონ მას. არც საქებარი სიტყვები უნდა დაიშურონ მშობლებმა, რადგან პატარას ძალიან გაუხარდება, რომ მან საქმე ბოლომდე მიიყვანა და შექებაც დაიმსახურა.

ექვსიდან ათ წლამდე ასაკი არის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების პერიოდი. ამ ასაკში ბავშვი სწავლობს წესების მიხედვით ქცევას, სხვა ადამიანებზე ფიქრს, მათი სურვილების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებას. ნაგისა ტაცუმის მიაჩნია, რომ ზუსტად ამ პერიოდში ბავშვი იწყებს საკუთარი თავის აღქმას, როგორც პიროვნება და ცდილობს, საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით იცხოვროს, მაგრამ სხვა ადამიანების მოსაზრებებიც არ უგულვებელჰყოს. ექვსიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვი, ასე ვთქვათ, ცდილობს, იმოქმედოს დამოუკიდებლად, იმ ცოდნის გამოყენებით, რომლებიც მათ მშობლებმა ასწავლეს.

თუ ბავშვის ოთახში აუტანელი უწესრიგობაა, ამ შემთხვევაში მშობლები იძულებული ხდებიან, მოიფიქრონ, სად შეინახონ საჭირო ნივთები ან რამდენი ნივთი დატოვონ და რამდენით შეამცირონ მათი რაოდენობა. უფროსებმა შვილებს ისე სასხვათაშორისოდ, მსუბუქად უნდა მიუთითონ, რომ დროა, წესრიგი დაამყარონ და თან რამდენიმე რჩევა მისცენ პატარებს. ეს სრულებით საკმარისია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილები თავად ითხოვენ დახმარებას. ბევრი მშობელი, რომელსაც სახლის სივრცე საშუალებას აძლევს, შვილს საკუთარ ოთახს მიუჩენს, რადგან პირადი სივრცე ბავშვებისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. თუ ცალკე ოთახი ოჯახისათვის მიუღწეველი ამოცანაა, მაშინ ბავშვს მცირე კუთხე მაინც უნდა ჰქონდეს გამოყოფილი, საკუთარი მაგიდით, თაროებით, რომელსაც მხოლოდ ის განაგებს და თავად არის პასუხისმგებელი იმ სივრცის მოწესრიგებაზე.

როდესაც მე დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი – უზიარებს საკუთარ მოგონებებს ქალბატონი მკითხველებს – მახსოვს ძალიან მიყვარდა დედაჩემის საკერავი მანქანის ქვეშ შეძრომა და გამოგონილ რეალობაში ჩაძირვა. კიდევ ძალიან მიყვარდა დერეფანში მდგარ კარადაში შეკუჭვა და იქ ნახევრადჩაბნელებულ გარემოში თოჯინებით თამაში. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, როგორი უსიამოვნო განცდა მიპყრობდა, როდესაც უცაბედად დედის ხმა გაისმოდა, რომელიც მოულოდნელად რეალობაში მაბრუნებდა.

საკუთარი „მე“-ს თანდათანობითი შემეცნება, გაცნობიერება ადამიანებს გვეხმარება – დამოუკიდებელ, განცალკევებულ პიროვნებებად ჩამოვყალიბდეთ. ამიტომ, მოდით, მივიღოთ ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი პირადი სივრცის განკარგვა თავისივე ნება-სურვილის მიხედვით. აუცილებელია, უფროსებმა დაიმახსოვრონ და ბავშვსაც აუხსნან, რომ სახლი საერთო ტერიტორიაა, ისევე როგორც კარადები, მაგიდის ქვეშ არსებული სივრცეები და სხვა მსგავსი ადგილები, რის გამოც მათი სამალავებად ან სხვა რამისთვის არადანიშნულებისამებრ ხშირი გამოყენება არ არის სასურველი, რადგან ოჯახის წევრებს შესაძლოა ამის გამო დისკომფორტი შეექმნათ. სანამ ბავშვი ჯერ ათი წლისაც არ არის, უმჯობესია მის პირად სივრცეში შესვლა მშობლებისთვის შედარებით მარტივი იყოს, რათა მათ შეძლონ, თვალი შეავლონ ხოლმე მის სივრცეს, ოღონდ ისე, რომ უხეშად არ ჩაერიონ შვილის ცხოვრებაში. უფროსებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ, რომ ბავშვის მიერ პირადი სივრცის საკუთარი შეხედულების მიხედვით განკარგვის თავისუფლებას მეორე მხარეც აქვს და ეს არის პასუხისმგებლობა, თავად აკონტროლოს იქ წესრიგი და სისუფთავე.

ათი წლიდან ბავშვი ხდება დამოუკიდებელი – მიაჩნია წიგნის ავტორს – ამ დროს ბავშვი თანდათანობით უახლოვდება, ე.წ., გარდატეხის ასაკს და დამოუკიდებლობას იძენს. ოჯახში უკვე გარკვეული წესებია შემუშავებული და დამკვიდრებული, ბავშვმა კარგად აითვისა წესრიგის დამყარების უნარ-ჩვევები და მშობლების დაუხმარებლადაც ახერხებს საკუთარი სივრცის მოწესრიგებას. ამ ასაკისთვის მშობლის დახმარება ბავშვის ოთახისა და მისი პირადი ნივთების მილაგებაში პრაქტიკულად საერთოდ უნდა გამოირიცხოს. ერთადერთი, რაც მშობლებს შეუძლიათ, გააკეთონ, მათ უნდა განაგრძონ ბავშვისთვის დამოუკიდებლობის სულ უფრო მეტი დოზით მინიჭება წესრიგის დამყარების საკითხებში. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბავშვი მაინც ბავშვად რჩება და ის კვლავ უფროსებზეა დამოკიდებული როგორც მორალურად, ასევე მატერიალურადაც. ზოგჯერ საჭირო ხდება მისთვის ამის შეხსენება. თუნდაც მაშინ, როდესაც ის შეეცდება ოჯახში ახალი წესების შემოტანას. ამ დროს დედამ და მამამ საკუთარი პოზიცია უნდა დაიცვან. ასევე, მტკიცედ უნდა აუხსნან შვილს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათთან შეთანხმების გარეშე არ მიიღება, მაშინაც კი, როდესაც არჩევანი ბავშვის გასაკეთებელია.

მაშ ასე, წესრიგის დასამყარებლად აუცილებელია ხუთი ძირითადი პრინციპის დაცვა:

  1. ნივთებისათვის მოსახერხებელი ადგილის გამონახვა;
  2. ნივთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა;
  3. ხშირი შეხსენებები, რომ ნივთის გამოყენების შემდეგ აუცილებელია მისი კუთვნილ ადგილას შენახვა;
  4. ნივთების ისეთ ადგილას შენახვა, რომ მათი გამოყენება და შემდეგ კვლავ უკან დაბრუნება მოსახერხებელი და ადვილი იყოს;
  5. მშობლებს შეუძლიათ საკუთარი სახლისთვის ინდივიდუალური წესების შემუშავება, რომელთა დაცვა ოჯახის ყველა წევრისთვის სავალდებულოა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი