შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ფაზლი, როგორც ბავშვის განვითარების ხელშემწყობი საშუალება

ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ბავშვთან ყოველდღიური შეხება აქვს, კარგად იცნობს პატარების ინტერესებს, მიდრეკილებებს, სურვილებს, დამეთანხმება იმაში, რომ ბავშვების უმრავლესობისთვის ფაზლი განსაკუთრებით საინტერესო და საყვარელ სათამაშოს წარმოადგენს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფაზლი არა მხოლოდ საინტერესო და გასართობი, არამედ ძალიან დიდი სარგებლის მომტანი, განმავითარებელი სათამაშოა. მას უზარმაზარი სიკეთის, სარგებლის მოტანა შეუძლია ბავშვის განვითარების მიმართულებით. ხშირად, როცა მშობელი ბავშვისთვის სათამაშოს ყიდვისას არჩევანს ფაზლზე აკეთებს, იმ იმედით, რომ ის ცოტა ხნით მაინც ერთ ადგილას გააჩერებს პატარას, რომელიც უფროსებისათვის შემაწუხებელი აღარ იქნება, ალბათ ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რა დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ფაზლი მისი შვილის საერთო განვითარებისთვის.

    

როგორ შეიძლება დაეხმაროს ფაზლით თამაში, ფაზლის აწყობა ბავშვის განვითარებას:

 

  • ფაზლი ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, იმ ბავშვებს, რომლებიც საკმაოდ ადრეული ასაკიდან მიჩვეულები არიან ფაზლის აწყობას, ხელის წვრილი მოტორიკა სასკოლო სწავლების დაწყების წინ ბევრად უკეთესად აქვთ განვითარებული, ვიდრე მათ, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება ფაზლთან. ხელის წვრილი მოტორიკის განვითარება მომავალში დაეხმარება ბავშვს, სწრაფად ისწავლოს წერა. ამასთან ერთად, თავიდან ააცილებს მას ხელწერასთან და მეტყველებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან წვრილი მოტორიკა პირდაპირ გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე;
  • ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების პარალელურად, ფაზლის აწყობა მოძრაობების კოორდინაციის, უფრო კონკრეტულად კი თვალისა და ხელის კოორდინირებული მოძრაობის უნარის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. იმისათვის, რომ ფაზლის ცალკეული ნაწილები სწორად განალაგოს, ბავშვი იყენებს ცდისა და შეცდომის მეთოდს. შედეგად მოძრაობები იძენს მეტ სიზუსტეს და კოორდინირებულ ხასიათს;
  • ფაზლის აწყობის დროს ბავშვი იგებს, შეიმეცნებს კავშირს ნაწილსა და მთელს შორის, ეხმარება, განასხვაოს ნაწილი მთელისაგან, უვითარდება ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ფაზლით მუშაობა ამოცანის სხვადასხვა მხრიდან დანახვის, პრობლემის გადაწყვეტის უნარის განვითარების კარგ საშუალებას წარმოადგენს. ფაზლი შედგება ნაწილებისაგან, რომლებიც სწორად უნდა იქნეს მიერთებული ერთმანეთთან სასურველი შედეგის მისაღებად. ეს ბავშვის წინაშე აშკარად აყენებს პრობლემას, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს. ამასთან მან კარგად იცის, რომ სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. ამიტომ ის აგრძელებს მცდელობებს სანამ არ მიაღწევს წარმატებას. ასეთი დაჟინებულობა, თავის მხრივ, ნებელობასაც უვითარებს ბავშვს;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პასუხის დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშე მოძიების უნარის განვითარება ასევე შეიძლება ფაზლის, როგორც განმავითარებელი სათამაშოს გამოყენების მნიშვნელოვან შედეგად მივიჩნიოთ. სრული თავისუფლება ქცევის სტრატეგიის შერჩევისას ფაზლის აწყობის დროს საშუალებას მისცემს ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალების; დარწმუნებულობა საკუთარ თავში იზრდება, ბავშვი ხდება უფრო დამოუკიდებელი მოქმედებაში, რაც შემდგომში დაეხმარება მას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში;
  • ფაზლი ავითარებს ყველა ძირითად ფსიქიკურ ფუნქციას, მაგრამ, პირველ რიგში, ის აღქმის განვითარების ხელშემწყობი ხდება. ფაზლის აწყობის დროს ბავშვს უწევს ფერის, ფორმის აღქმა, ილუსტრაციების მთლიანობაში აღქმა. ამასთან, პატარა სწავლობს ფორმის აღქმას, როგორც ვიზუალურად, ასევე შეხებით;
  • ფაზლის საშუალებით ხდება წარმოსახვის, ფანტაზიის, სივრცითი აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების განვითარება. თუ ბავშვი ცუდად იმახსოვრებს ინფორმაციას, ფაზლს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია – ის შესანიშნავად გაავარჯიშებს ბავშვის მეხსიერებას. ფაზლის აწყობის დროს ბავშვი სწავლობს სურათის დამახსოვრებასა და გამოსახულების მეხსიერებაში მუდმივად შენარჩუნებას. მას უწევს ხატოვნად წარმოიდგინოს ის, რის აწყობასაც აპირებს და შეინარჩუნოს ეს ხატი, გამოსახულება მეხსიერებაში, „შეაბრუნოს“ სურათი გონებაში, გაერკვეს სივრცით მიმართებებში, მოუძებნოს მას შესაფერისი ადგილი, რაც, თავის მხრივ, ფანტაზიასაც ავითარებს. ფანტაზია კი პირდაპირ დაკავშირებულია მეხსიერებასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვებს უყვართ ერთი და იგივე ფაზლის განმეორებით, რამდენჯერმე აწყობა, რაც ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ მეხსიერებას. ისინი ჩერდებიან, ფიქრობენ და იხსენებენ, როგორ უნდა ააწყონ კონკრეტული ფაზლი; სწავლობენ, ყურადღების კონცენტრირება მოახდინონ კონკრეტულ მოქმედებაზე, რაც თავის მხრივ, ყურადღების განვითარების ხელშემწყობიც ხდება;
  • ფაზლი სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებადაც შეიძლება გამოვიყენოთ. თუ პატარა ფაზლს ააწყობს მეგობრებთან, და-ძმებთან ან მშობლებთან ერთად, ეს მას სოციალურ უნარ-ჩვევებს მნიშვნელოვნად განუვითარებს.

 

იმისათვის, რომ ფაზლი ზემოაღნიშნული დადებითი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს, აუცილებელია გარკვეული პირობების დაცვა მისი როგორც შეძენის, ისე გამოყენების დროს:

 

  • ფაზლის შერჩევის დროს, უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. მართალია, ფაზლის შეთავაზება 1,5-2 წლიდან დაწყებული ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის შეგვიძლია, მაგრამ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მარტივი უნდა იყოს ფაზლი, როგორც შინაარსით, ასევე ფორმითაც. დეტალების რაოდენობა 4-ს არ უნდა აჭარბებდეს, დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისგან, რომ ბავშვისთვის ასაღებად და ხელში დასაჭერად მოსახერხებელი იყოს, არ უნდა შედგებოდეს პატარა დეტალებისაგან, რომლებიც შეიძლება ბავშვმა პირში ჩაიდოს და გადაყლაპოს კიდეც. სურათი უნდა იყოს ნათელი, მარტივი. 4 წლამდე ასაკის ბავშვისთვის უკეთესი იქნება ფაზლზე ისეთი სურათის შერჩევა, სადაც მისთვის კარგად ნაცნობი საგანი და პერსონაჟია წარმოდგენილი. თუ პატარას თავიდანვე არ ეცოდინება, როგორ გამოიყურება ესა თუ ის საგანი, საეჭვოა მან შეძლოს იმის გაგება, როგორ ააწყოს სურათი, რომელზეც ის ნაწილებად არის გამოსახული;
  • მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის 4-დეტალიანი ფაზლის აწყობას, შეიძლება მას უფრო რთული ვარიანტებიც შევთავაზოთ. დეტალების რაოდენობის ზრდასთან ერთად შეიძლება თანდათან გავართულოთ ფაზლზე გამოსახული ნახატიც. თუ ძალიან პატარა ბავშვისთვის გამოდგება კარგად ნაცნობი საგნების სურათები, უკვე 3 წლიდან ბავშვებს შეიძლება შევთავაზოთ მარტივი სიუჟეტები, მაგ. ილუსტრაციები ნაცნობი მულტფილმებიდან ან ზღაპრებიდან, ცოტა უფროს ბავშვებს კი – ფაზლი განმავითარებელი შინაარსით, მაგ. ანბანის გამოსახულება, ცხოველების, მცენარეების კლასიფიკაცია და ა.შ.;
  • ფაზლის აწყობის პირველი მცდელობისას დეტალები ბავშვის წინ ისე უნდა განვალაგოთ, როგორც სურათზე იქნება მოცემული, იმისათვის, რომ დეტალების შერჩევის დროს ბავშვს არ დასჭირდეს მათი ტრიალი, შებრუნება-შემობრუნება;
  • ფაზლის შერჩევის დროს გავითვალისწინოთ ბავშვის არა მხოლოდ ასაკი, არამედ მისი ინტერესები და შესაძლებლობებიც;
  • ვიყოთ ფრთხილი ფაზლის სირთულის მიხედვით შერჩევისას. გვახსოვდეს, რომ ზედმეტად მარტივი ფაზლი პატარას სწრაფად მოსწყინდება, ძალიან რთული კი დაუკარგავს ინტერესს;
  • ფაზლი უნდა იყოს ხარისხიანი, დეტალები მჭიდროდ ჯდებოდეს ერთმანეთში და ხელის უბრალო შეხებით არ უნდა იშლებოდეს;
  • ფაზლის აწყობისას, განსაკუთრებით პირველი ფაზლის აწყობისას ბავშვი მარტო არ უნდა დავტოვოთ. ნუ ვიფიქრებთ, რომ პატარა დამოუკიდებლად, ჩვენ გარეშეც კარგად ააწყობს თავის პირველ ფაზლს. ყველა განმავითარებელი მეცადინეობისას უფროსის დასწრება აუცილებელია – სწორედ ახლობელ უფროსებს შეუძლიათ გამოიწვიონ ბავშვში ინტერესი ახალი მეცადინეობებისა და სათამაშოების მიმართ. თუ ჩვენ თავად დავიწყებთ ფაზლის აწყობას, დაკვირვების პროცესში პატარა დაინტერესდება და შეეცდება ჩვენს „დახმარებას“. ამასთან, გავითვალისწინოთ ისიც, რომ უფროსის გვერდით ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მუდმივად დამკვირვებლის როლში ვამყოფოთ და ჩვენ „გავერთოთ“ ფაზლის აწყობით;
  • თუ ბავშვი არ ამჟღავნებს ინტერესს ფაზლის მიმართ, ნუ ვაიძულებთ მას მათი აწყობით დაკავდეს, რადგან დაძალებით შეიძლება საერთოდ გაუქრეს ინტერესი ამ საქმის მიმართ. უკეთესი იქნება, თუ ცოტას მოვითმენთ და გარკვეული დროის შემდეგ შევთავაზებთ პატარას უფრო საინტერესო ფაზლის აწყობას;
  • არ დაგვავიწყდეს შევაქოთ ბავშვი სწორად აწყობილი ფაზლისთვის, ვუთხრათ, როგორი ჭკვიანი, ყოჩაღი და გონიერია. გულწრფელად გავიხაროთ მისი მიღწევებით. ეს ყოველივე მას მიანიჭებს შთაგონებას და თავდაჯერებულობას, რაც მისი შემდგომი წარმატებების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც ბავშვისთვის ფაზლს, როგორც სათამაშოს ვარჩევთ, ჩვენ მას არა მხოლოდ დასვენების დროის საოცრად გატარების შანსს ვაძლევთ, არამედ ხელს ვუწყობთ მასში მთელი რიგი უნარ-ჩვევების განვითარებას, რადგანაც ის იდეალური ინსტრუმენტია ბავშვის განვითარებისთვის. ასე რომ, ფაზლის, როგორც განმავითარებელი სათამაშოს გამოყენება საკმაოდ ადრეული ასაკიდან მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვს სხვადასხვა უნარების განვითარებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი