პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გახედე, კახეთი და ადამიანი-ქალაქი

თელავში ვარ.

 

რა მენდომება? რაც ჩემი ხელობაა, ეგ – სკოლებში წიგნები ჩავიტანე.

 

მერე ცოტა დრო მეყო ფიქრისთვის და ფიქრმა წერა დამაძალა. თელავზე. კახეთზე.

ვიცი, შემოდგომისას აქ სხვა თვე შეეცდება ჩემს გადარწმუნებას და ალბათ მოახერხებს კიდეც, მაგრამ ამწამს, აივანზე, აყვავებულ ცაცხვის გვერდით ვდგავარ, სხვაგვარად არ ძალმიძს და ასე უნდა ვთქვა – მთავარი კახური თვე ივნისია. ბევრი რამ არის ამ ფიქრის მიზეზი:

 

პაპიროსიანი კაცები, მუქ და რაღაცნაირად თანაბარ პიჯაკებში, გრძელ სკამზე რომ სხედან, მზეს უყურებენ, ოდნავ მოჭუტული თვალებით და მზეც თითქოს ბაძვით ასე უყურებს – ეგ.

 

კიდევ ის, რომ ახალწვიმაგადაღებულზე, ცისკიდეს გახედავ და მთები ისე ფრთხილად დგანან, იფიქრებ – ერთი მკაცრი გახედვა აქედან და მიწიდან ფეხაკრებით გაიპარებიან.

წყვილი რომ მიდის და ხვდები, ამ სიარულს ეს გამაოგნებელი სუნი ცაცხვის ყვავილის, ფილმის მუსიკასავით უხდება – ეგეც.

 

უცნაური თვეა აქაური ივნისი – თითქოს იოლი, მჩატე და ამავდროულად უფსკრულივით ღრმა. ისევე, როგორც ყველაფერი კახური. თუნდაც საფერავი, ხაშლამა და ოროველა. ანაც ურმული. მოგატყუებს და გათქმევინებს – ამას მეც ვიმღერებ, მეც დავწურავ, მეც მოვხარშავ. ვერაფერსაც ვერ იზამ. ეგ რომ ქნა, კახელი უნდა იყო და ასეთი ათასობით ივნისი უნდა გქონდეს ჩასუნთქული.

***

არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქებს უდრიან. ადამიანებს, შენობებს, ცხოველებს, მცენარეებს, შესახვევებს, ამ შესახვევებში შეხვეულ ჩურჩულებს, ცრემლებს, სიცილებს. რეზო გაბრიაძე უდრის ქუთაისს. ქუთაისი კიდევ ძალიან დიდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი უდრიდეს, მაგრამ რეზომ შეძლო და დაეტოლა. ეს დატოლება სიტყვაში მის გადათარგმნას გულისხმობს, გადათარგმნას და ასე განსაჯეთ, გაბევრებასაც კი.

შევხვდი რამდენჯერმე. სულ ბოლოს თვითონ მიმიხმო, თეატრში. ლაპარაკობდა ფრაგმენტულად, ფიქრნარევი შეყოვნებით და ზუსტად. ეს სიზუსტე იყო მისი მთავარი იარაღი. ამ სიზუსტით დაგვიმიზნა ასობით ფრაზა. სიტყვის ასეთი ,,მსროლელი” ცოტაა. აქ კი არა, მსოფლიოშია ცოტა. მერე, ორიოდ თვის წინ, დაბადების დღეზე, საკუთარი წიგნი გამომიგზავნა – შემაშინებლად საოცარი ყურადღების ნიშნად.

 

ცათმფრენზე ზის ახლა რეზო, ზის ღიმილით და უვალოდ. მიფრინავს და გვიღიმის აქეთ გადაუხდელ ვალში მყოფებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი