პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სიტყვების მუსიკასა და იმაზე, როგორ უნდა მიენდოს მასწავლებელი საკუთარ ინტუიციას

წერილი მისტერ ბრაუნის მაქსიმებზე

არსებობს ერთი ჯადოსნური წიგნი – „საოცრება“. მისი ავტორი რაკელ პალასიოა, კოლუმბიური წარმოშობის ამერიკელი მწერალი, რომელსაც მკითხველი უფრო შემოქმედებითი ფსევდონიმით – არ ჯეი პალასიოდ (R. J. Palacio) იცნობს. წიგნი ერთ ბიჭზეა, სახელად ავგუსტზე. წიგნის ყოველი გვერდი მეგობრობის, ერთგულების, სიკეთის, კეთილშობილების მანიფესტია.

წიგნი ქართულად 2016 წელს გამოიცა. იმ დროს მე არაჩვეულებრივ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) მესამეკლასელებს ვასწავლიდი, რომლებისთვისაც კარგი წიგნი ნამდვილი დღესასწაული იყო. რამდენჯერ გაგვიცდენია ქართული თუ მათემატიკა იმის გამო, რომ წიგნს ვკითხულობდით და ამბავს ვერ მოვწყდით. სხვებს თუ დასვენება იმიტომ უხაროდათ, რომ ერბინათ, ეთამაშათ, ჩემები აიღებდნენ წიგნებს, მოიკალათებდნენ საკლასო ოთახის კუთხეებში, დერეფნის ფანჯრებთან ან ეზოში, ბალახზე, და კითხულობდნენ და კითხულობდნენ. მომხდარა ისეც, რომ კითხვით გატაცებულებს გაკვეთილიც დავიწყებიათ. დავდიოდი და სათითაოდ ვაგროვებდი ხოლმე… ჰოდა, რა თქმა უნდა, „საოცრება“ მაშინვე ვიყიდე და დავიწყეთ კითხვა. ვიცინოდით, ვტიროდით, ვბრაზობდით, გაკვეთილების შემდეგ ვრჩებოდით და ვკითხულობდით.

წიგნში ერთი საინტერესო პერსონაჟია, ავგუსტის მასწავლებელი მისტერ ბრაუნი, რომელიც მოსწავლეებს მაქსიმებს სთავაზობს და ამ მაქსიმებზე ესეებს აწერინებს. საქმე ის არის, რომ თითოეულ მაქსიმას თავისი ისტორია და დანიშნულება აქვს, ისინი ზუსტადაა შერჩეული და ბავშვების ურთიერთობებს, პრობლემებს, შინაგან ფორიაქსა და სიტუაციების ანალიზს ესადაგება.

ჩემი მესამეკლასელები ისე აღაფრთოვანა მასწავლებლის ამ იდეამ და მაქსიმების შინაარსმა, რომ მთხოვეს, ჩვენც დავწეროთო. უარი არ მითქვამს, ამოვწერე ყველა მაქსიმა, ჩავყარე ჩვენს დიდ ხის სკივრში და სათითაოდ ამოვაღებინე. ვისაც რომელი შეხვდა იმაზე დაწერა. ზოგმა – ესე, ზოგმა – მოთხრობა, ზოგმა – ჩანახატი. ილუსტრაციებიც დაურთეს და საბოლოოდ წიგნადაც ავკინძეთ, მოვიწვიეთ მშობლები და ჩვენი ნაშრომი წარვუდგინეთ.

ძველი კომპიუტერის ფაილების დალაგებისას რამდენიმე ნამუშევარს წავაწყდი და მინდა, გაგიზიაროთ, როგორც მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება მივცეთ მოსწავლეს არჩევანი და თავისუფლება და ასეთი შესანიშნავი ამბები მივიღოთ. მათი ავტორები მესამეკლასელები არიან.

 

ნინია:

„რაც ლამაზია, კარგია და ვინც კარგია, მალე გახდება ლამაზი “.

საფო

საფო შეიძლება ავგუსტს (მომავალ ავგუსტს) გულისხმობდა. მეც თითქოს ვეთანხმები, თუმცა ვინც ლამაზია, ხშირად არ არის კარგი. ავგუსტი ამის კარგი მაგალითია. ის უშნო იყო, დეფექტურს ეძახდნენ, მაგრამ ძალიან კეთილი გული ჰქონდა, ხოლო ზოგიერთ ლამაზს და მდიდარს დიდი ვინმე ეგონა თავი და ამით სარგებლობდა. ვინც კარგია, მალე გახდება ლამაზი – ესეც ავგუსტია. ბოდიში, რომ ხშირად ვახსენებ ავგუსტს, მაგრამ სხვა არავინ ვიცი მისნაირი. თან ის, ფაქტიურად, არავის უყვარდა. ნუ, ჯუნისა და ჯეკის გარდა. თუ ადამიანი უშნოა, არ ნიშნავს რომ კეთილი არ არის. ვინც უშნოა, არ ნიშნავს, რომ ცუდია. ისეცაა, რომ ზოგი შეიძლება მთლად კარგი არც აღმოჩნდეს. ახლა თქვენ მეტყვით: ეგეთი არავინ არსებობსო. არა, შეცდით. მალიფისენტი. მას ორი რაღაც აქვს სიკეთის: 1. აურორა შეიწყალა და 2. მისი კარგად ყოფნა სურდა.

ახლა ალბათ მეტყვით, რომ ის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა. უნდა გამოვტყდე, გამომიჭირეთ, ამიტომაც მეორე პუნქტი, მოდით, არ ჩავთვალოთ.

 

ანა:

სიყვარული სხვა რაღა გინდა?

ეს სიტყვები მამამ გარდაცვალების წინ თქვა. ჩვენ ლოურენსების ოჯახი ვართ.

სანამ მამა გარდაიცვლებოდა, სკოლაში ის მატარებდა. ერთხელ კლასშიც შემომყვა და დაინახა, პატარა ბიჭი კუთხეში მოღუშულიყო, სახეზე ფერი არ ედო. აქეთ-იქით იხედებოდა, როგორც ბუზი კრაზანების გარემოცვაში. სანამ გაკვეთილი დაიწყებოდა, მამა მისტერ ტაკუმენთან მივიდა და რაღაცა უთხრა. ეს მაშინ გავიგე, როდესაც გაკვეთილზე ავგუსტთან გადამსვეს. სახეში შეხედვას ვერ ბედავდა. რამდენიმე თვის შემდეგ დავმეგობრდით. კარგი ბიჭი ჩანდა ისეც და სწავლაშიც.

ერთ დღეს ის სკოლაში აღარ დამხვდა. გამიკვირდა. ავგი სკოლას არასდროს აცდენდა. გაკვეთილების მერე მის სახლში მივედი და ავგის დედამ მასთან ოთახში შემიყვანა. ძალიან ცუდად იყო, რომ დამინახა, სახეზე ცოტა ფერი მოუვიდა. ერთი საათი დავრჩი მასთან. ავგი გამოკეთდა, მას ხომ მეგობრის სიყვარული სჭირდებოდა.

როცა სახლისკენ მივდიოდი, მამას ბოლო სიტყვები გამახსენდა: „სიყვარული სხვა რაღა გინდა“.

 

ლიზი:

არ კმარა, მეგობრულად იყო განწყობილი; მეგობარი უნდა იყო.

წარმოიდგინეთ სკოლა, რომელიც ვარდის ფურცლებისგან არის აშენებული, სადაც აფროდიტეს შადრევნები ჩქეფს, მათ გარშემო კი მეგობრობის მარწყვის მათრობელა ტყეა. ამ სკოლაში ერთი განსაკუთრებული გოგო ანანიანია სწავლობდა, მაგრამ ყველა ანანიას ეძახდა. ის სკოლაში ყველაზე უცნაური გოგო იყო, ის ყველასთან მეგობრობდა, დანარჩენები კი მხოლოდ მეგობრულად იყვნენ განწყობილები. ანანიას ბავშვობა იმაზე მეტყველებს, რომ არ კმარა მეგობრულად იყო განწყობილი, მეგობარი უნდა იყო. მაგალითად, მომენტი, როდესაც ანანია ნიანასთან მეგობრობდა (ანანიას მშობლები არ ჰყავს), მისთვის ერთადერთი იყო. სანამ ანანია ნიანას გაიცნობდა, მეგობრულად იყო განწყობილი, მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და ისე მოხდა, რომ მეგობარი დაკარგა. ამის შემდეგ ის ცდილობს, ყველასთან იმეგობროს და ყოველ დილას თავის თავს ეუბნება: არ კმარა მეგობრულად იყო განწყობილი, მეგობარი უნდა იყო, მეგობარი.

 

თეკლა:

ცხოვრებაში ყველას უნდა ერგოს ერთი ოვაცია მაინც!

იყო ერთი ელფი. მას ეოვენი ერქვა. ის ისეთი ელფი იყო, რომ თუ ვინმეს თვალწინ წარუდგებოდა, სახეზე აღტაცება არავის ეხატებოდა. უკვე მის საუკეთესო მეგობარსაც კი ეოვენი უნიჭო ეგონა. ერთ დღეს ეოვენს ღონისძიება ჰქონდა, ყველას ლექსი უნდა დაეწერა. ის მასწავლებელს წინ დაუდგა და ლექსი წაუკითხა. უფრო სწორად, მასწავლებელს ეგონა, რომ ის ლექს წაიკითხავდა, ის კი თავის შესახებ მოჰყვა:

– გამარჯობა, მე ეოვენი ვარ. ჩემს ძმას გომერი ჰქვია. ვიცი, ჩემგან ბევრს არ ელით, მაგრამ ცხოვრებაში ყველას ერთი აღტაცება მაინც უნდა ერგოს. – და აი, ის მოჰყვა ყველაფერს თავის ცხოვრებაზე, ტკივილსა და წყენაზე, იმედგაცრუებაზე და სიხარულზე. როდესაც დაასრულა, მაყურებლები ფეხზე ადგნენ და ტაშის ცემას მოჰყვნენ, რის შემდეგაც ეოვენმა გაიფიქრა:

– ცხოვრებაში ყველას უნდა ერგოს ერთი ოვაცია და ტაშის დაკვრა მაინც!!! ერთხელ მაინც!!!

 

 

ნია:

„ადამიანი კუნძული როდია, ცალკე გარიყული“.

ერთ პატარა ქოხში პატარა გოგონა იავი ცხოვრობდა. ის ძალიან კარგ სკოლაში დადიოდა, მაგრამ არავინ ემეგობრებოდა. რატომ? ეს არავინ იცოდა. მისი კლასელები სულ ერთად თამაშობდნენ, მაგრამ იავის არავინ ათამაშებდა. იავი ძალიან, ძალიან კეთილი იყო. ერთხელ იავიმ დაინახა, რომ მისმა კლასელებმა იჩხუბეს: ერთმა მეორე ძირს დააგდო. იავი მაშინვე მასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა, მაგრამ ამაოდ. წაქცეულმა უთხრა:

– გადი აქედან! მე შენი დახმარება არ მჭირდება!

იავი ნაწყენი წავიდა მერხისკენ.

როდესაც იავი სახლისკენ მიდიოდა, ერთმა გოგომ, სახელად მუკიმ შეამჩნია, რომ იავი მოწყენილი იყო. მუკი მივიდა მასთან და ჰკითხა:

– იავი, რატომ ხარ მოწყენილი?

იავის გაუკვირდა:

– ჩემი სახელი საიდან იცი?

– შენს ჩანთას აწერია…

– მე კლასში არავინ მემეგობრება

– რატომ???

– ეს არავინ იცის.

– იავი, შეიძლება, მე შენი მეგბარი ვიყო?

– მართლა?

– ჰო, მართლა.

იავიმ დაიყვირა:

– ჰოო, მინდა, რა თქმა უნდა მინდა!!!

 

მარიამი:

ჯობს, ზოგიერთი კითხვა იცოდე, ვიდრე ყველა პასუხი.

მე კითხვების დასმა ძალიან მეხმარება. რაში მეხმარება? იმაში, რომ ბევრი რამ გავიგო. აი, მაგალითად, ამ კითხვამ დამაინტერესა: რა საჭიროა სკოლა? ძალიან ბევრი ვიფიქრე და ვკითხე მასწავლებელს. მასწავლებელმა მიპასუხა: რომ ვიყოთ უფრო ჭკვიანები და გონიერები, რომ გვქონდეს ჩვენი საქმე, ჩვენი პროფესია. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი სწავლა მომიწევს იმისთვის, რომ როდესაც გავიზრდები, ჩემი საყვარელი საქმიანობით დავკავდე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს კითხვა უნდა დამესვა და მისი პასუხიც გამეაზრებინა. ერთ ფილმში, სახელად „ანგელოზის სწავლა“, ასეთი რამ ხდება: ერთი ანგელოზი ცხოვრობს საფრანგეთის სასახლეში და ჰყავს მილიონი მოსამსახურე, ლიმუზინები და მოკლედ ძალიან დიდი ქონება აქვს. ერთ მოსამსახურეს დაუსვა იგივე შეკითხვა: რად გვინდა სკოლა? მოსამსახურემ უპასუხა, არ ვიციო. ამ შემთხვევაში ანგელოზს პასუხი ვერ უთხრეს და კითხვაც არასწორ ადამიანს დაუსვა. ისიც უნდა ვიცოდეთ, ვის რა უნდა ვკითხოთ.

 

აქვე მესამეკლასელების რამდენიმე ლიტერატურული შედევრსაც გაგიზიარებთ, რომლებიც საკუთარი სურვილით შექმნეს. რატომ მოუნდათ წერა? შესაძლოა, არც ერთ მეთოდურ მითითებაში ან სწავლების თეორიაში არ ჯდება, მაგრამ ძალიან ხშირად ვკითხულობდით დიდების პოეზიას: გალაკტიონს, ანა კალანდაძეს, ბესიკ ხარანაულს. სიტყვები ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა, მთავარი იყო, ჟღერადობა და მუსიკა აღმოეჩინათ. თუმცა აღმოჩნდა, რომ არც შინაარსი ყოფილა მეორეხარისხოვანი. ისმენდნენ და ღრმად ინახავდნენ, მერე კი, აი, ასეთ რამეებს წერდნენ:

 

თეკლა

უსათაურო

თოვლია – თეთრი და ფუმფულა.

სოფელს გადაეფინა ეს თეთრი უცნობი.

მბზინავი სითბო, სადღაა ნეტავ?

არსად! ის გაქრა და სიცივეა ახლა.

განსაკუთრებით მაშინ როცა

მზე მთებს მიღმა ჩავა.

მუხას სცივა.

და საერთოდ ყველა ხეს სცივა.

ბაბუაწვერას სძინავს.

დედამიწასაც სცივა.

თვალი დაეხუჭა და დაიძინა.

 

თეკლა

ჩემი გაზაფხულის ხასიათი

ჩემში გაზაფხული დგას,

მითხარ, მითხარ, რატომ?

ძალიან კარგად ვარ.

თავს მშვენივრად ვგრძნობ.

სიმშვიდეა ჩემში.

მე ვგრძნობ

მე შინაგანად ვგრძნობ

სიკეთეს, სიყვარულს, სილამაზეს.

სიმშვიდეს ვგრძნობ.

ვგრძნობ, ვგრძნობ.

ყველაფერს ვგრძნობ.

ვგიჟდები მოლივლივე წყალზე,

როგორ მიჰქრის ნაზად ნაზი სიო.

როგორ მიყვარს, როგორ მიყვარს ეს დრო.

მიყვარს ჩემი დრო. მიყვარს მთები დათოვლილი.

გზები.

ღრუბლებით მორთული ცა.

ყვავილებით შეკაზმული ხეები.

არასოდეს დავივიწყებ ამ დროს!

როცა თოვს,

ჩემში დარდი დადის. გული მეჩეხება.

ტირილი მინდება.

მახსენდება ჩემი დარდი და გაუკვალავი ცა!!!

 

სოფიო

ჩემში შემოდგომა დგას

ჩემში შემოდგომა დგას,

ახლა ძალიან მშვიდად ვარ.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს სხეულში ფოთლები იზრდება.

შემოდგომა არც ის არის რაც თქვენს ტვინებს ჰგონიათ.

არც ცუდია, არც კარგია, არც საშუალო ბრძანდება.

ან საშუალო როგორ იყოს? ჩემი ხასიათია…

ახლა კარგად ვბრძანდები, ახლა მშვიდად ვბრძანდები.

ჩემში შემოდგომა დგას.

მაგრამ გარეთ ზამთარი.

წელიწადის დრო ტრიალებს ჩემში, ჩემს სხეულში.

არ წვიმს, არც თოვს, ნაზი სიო უბერავს.

ალბათ უკვე კარგად მიხვდით, შემოდგომა რას ნიშნავს.

 

თეკლა

ჭიას

ჩემო ლამაზო პატარა ჭია,

ვიცი, სხვებისთვის არაფერი ხარ,

მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ხარ.

როგორ მომწონს შენი პატარა სიშავე.

ალბათ, არ მოგწონს, რომ დაგცინიან ჩემი მეგობრები.

მაგრამ ნახავ, ჩემო ჭიავ,

ხვალ ინანებენ,

რაც შენზე თქვეს.

მაგრამ არ გეწყინოს,

ჩემო ჭიავ,

მალე შენ გახდები

ლამაზი პეპელა!

 

ლიზიკო

ციცინათელები

უცებ მთვარე დიდმა, უზარმაზარმა, სქელმა ღრუბელმა დაფარა. მე ჩირაღდანი ჩავაქრე, უფრო სწორად, ქარმა დაუბერა და ჩააქრო. ცაზე კი პატრა მოციმციმე ვარსკვლავები ბრილიანტის ციცინათელებად გადაიქცნენ. შემომეხვივნენ და ერთად დავეშვით სიზმრების მთიდან…
ის-ის იყო, მთიდან ჩამოვედით, რომ უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა. ციცინათელები ნაპრალზე ხიდად გადაიჭიმნენ და ნელ-ნელა ჩაქრნენ. მხოლოდ იქ ანათებდნენ, სადაც მე ვიდექი. როცა გადავედი, ერთი ხის ძირას ჩამოვჯექით. მოგვიანებით ფრენბურთი ვითამაშეთ, შემდეგ ამბებიც მოვყევით. ამასობაში ციცინათელები გაფრინდნენ. ერთიც აღარ ჩანდა. ახლა უკვე სანატრელი იყო ის ღამე, – ვფიქრობდი მე. უცებ ჩემს მხარზე პატარა მძინარე ციცინათელა შევნიშნე. მივხვდი, ეს გამოსამშვიდობებელი საჩუქარი იყო და ციცინათელებს ვეღარასოდეს ვნახავდი. მაგრამ ჩემთვის ეს ღამეც საკმარისი იყო და ყოველთვის მომენატრებოდა ჯადოსნური ღამე და ჩემი ახალი ბრილიანტის მეგობრები.

 

ნიაკო

***

აღარ გაბედოთ, არ მოჭრათ!

ეს საცოდავი ხეები.

იცით რას გრძნობენ სიკვდილის დროს

ეს საცოდავი ხეები?!

ტირიან, სტკივათ ფეხები…

საცოდავები ისინი.

ტყუილად ფიქრობთ,

რომ მკვდრები არიან ხეები.

არა, ცოცხლობენ, ნამდვილად

ცად აზიდული ხეები.

 

ჰოდა, გვერდზე გადადეთ ყველანაირი მეთოდური სახელმძღვანელო, დახუჭეთ თვალები და მიჰყევით სიტყვის მუსიკას. ის აუცილებლად გაპოვნინებთ მოსწავლეების გულებს.

ჩემს მესამეკლასელებს, ახლა უკვე მერვეკლასელებს, ვუგზავნი უზარმაზარ სიყვარულს. მე მუდამ მჯეროდა და მჯერა თქვენი, ჩემო არაჩვეულებრივო ბავშვებო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი