პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, ანუ სასიკვდილო ჩვენ ვართ მხოლოდ

მეგობარი მყავს ერთი, უნივერსიტეტის, მასწავლებელი თუ ვარ დღეს, მისი დამსახურებაა. კაი ხნის ამბავს ვყვები, იმდენი ხნისას, ჩემმა დირექტორმა გაიცინა ერთი კვირის უკან, მე და შენ მგონი შევაბერდით ერთმანეთსო.

გამექცა სიტყვა. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ჩემი ძმაკაცის დამსახურებაა-მეთქი ჩემი მასწავლებლობა, „თხამ შეჭამა ვენახს” ჰგავს ეგ ამბავი. ჩემი ძმაკაცის ნაცნობს თავისმა ნაცნობმა ჰკითხა, ვინმე ახალგაზრდა ხო არ იცი, სკოლაში რომ გამოდგებოდეს, ისეთიო, ჩემი ძმაკაცის ნაცნობმა ჩემს ძმაკაცს ჰკითხა, –  სტუდენტები ვიყავით მაშინ ჯერ კიდევ, – შენიანს მუშაობა ხო არ უნდა ვინმესო, ამ ჩემმა ძმაკაცმა – ჩვენს საერთო ძმაკაცს, რას იტყვიო, იმან – მე არა, მაგრამ ეგ იზამსო, ჩემზე, მერე ჩემმა ძმაკაცმა მითხრა მე, მე ვუთხარი „კი” ჩემს ძმაკაცს, იმან – თავის ნაცნობს, იმ ნაცნობმა – თავისას და ის ნაცნობის ნაცნობი აგერ ამდენი წელია ჩემი დირექტორია, მოკლედ, უკუღმა დატრიალდა ეს კარუსელი. 

ამ ოდესღაც მომხდარს იმიტომ არ ვყვები ახლა, რომ სენტიმენტები შემომაწვა და მაისის ხვატში იანვრის გაყინული დილით ჩატარებული პირველი გაკვეთილი გამახსენდა, რომლის, ვაღიარებ და, ნახევარი რაა, მეოთხედიც არ ჩამრჩენია გონებაში, ნერვიულობისგან. არა სულ სხვა ისტორია მინდა გიამბოთ, სიტყვა გამექცა ისევ.

ჩვენ შორის მუშაობა ყველაზე ადრე იმ ჩემმა ძმაკაცმა დაიწყო. ჩვენ სკოლაში წასვლა არ გვიფიქრია თავიდან, გოგოების არ ვიცი და ფილოლოგი ბიჭები ცოტა სხვას ფიქრობდნენ ხოლმე გუნებაში, როცა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პირველ სექტემბერს 103-ე აუდიტორაში მოხვედრაზე ოცნებობდნენ. ჰოდა, ჩვენც მივედ-მოვედებოდით ათას საქმეს, მასწავლებლობას შორს ვიჭერდით, სკოლაში მაინც, – უიღბლოთა საქმედ ჩანდა 19 წლის პოეტებისა და მთარგმნელებისთვის ორმოცწუთიანი ლაყაფი, „წესიერად მოიქეცი, გაკვეთილი რატომ არ იცი” მონოლოგები, ჟურნალის წარმოება და წლის ბოლოს გამოყვანილი ნიშნები. ახალი გამოქცეულები ვიყავით ბავშვობიდან და არავითარი სურვილი უკან დაბრუნების არ გვქონდა. 

ამ ჩემმა ძმაკაცმა კიდე დაადო თავი და პირველმა დაიწყო მუშაობა, შეჰყვა და შეჰყვა, ახლა ვიცი, როგორც არი, მაშინ გვეუცხოებოდა; ჩვენ რომ მომავლის გეგმებზე დავიწყებდით ხოლმე ლაპარაკს, ის თავის ბავშვებზე გვიყვებოდა – როგორ გაჰყავდა თითისტოლა პირველკლასელები ტუალეტში მოსაფსმელად და როგორ წითლდებოდა თვითონ ყურებამდე.

ჰოდა, იმან თქვა ერთხელ, უკეთესი სამსახური შემომთავაზეს და არ ვიცი, რა ვქნაო, მეთქი, როგორ რა უნდა ქნა, დათანხმდი. მოვიდა ერთ კვირაში, უარი ვთქვიო. დავცინეთ, მახსოვს, მარტო მაშინ კი არა, მთელი სტუდენტობა ვეშაყირებოდით, ის კიდე ჩვენთან ერთად იცინოდა და თავის მართლებასავით გაიძახოდა, რა ვქნა, არი რაღაცაო, ვერ დავტოვებო. იმის მერე წლები გავიდა, უკვე ვიცი, რო მართალი იყო ის ჩემი ძმაკაცი, მართლა არი ის რაღაც და ბავშვმა ერთხელ თუ გკითხა, „მომავალ წელსაც ხო თქვენ გვასწავლით, მასწავლებელოო”, მერე მოკვდები და მთლად ოქროს საბადო თუ არ შემოგაძლიეს, იმ ბავშვს იმედს ვერ გაუცრუებ. არადა მაინც დიდივით ეტყვი, რომ არ იცი, სასექტემბროდ რა და როგორ იქნება.

ერთი კვირის უკან ძალიან გაიქაჩნენ ჩემი მეათეები. ბოროტებით არ მოსდიოდათ – რასაც ისმენდნენ და უყურებდნენ, იმას იმეორებდნენ, მე კიდე ტვინში სისხლი ჩამექცა კინაღამ, მეთქი, „ვეფხისტყაოსანი”, მეთქი, შუშანიკი, მეთქი, ხანძთელი, მეთქი, „აბოს” პირველი თავი, მეთქი, გეი ვარ და თუ ვინმე გინდათ შეიძულოთ, პირველ რიგში ჩემი შეძულება მოგიწევთ. დაიზაფრნენ, დაიზაფრნენ უბედურად. თან ახლა „,დავითიანის” პირველ ნაწილს გადიან, აი, იმას, „ისწავლე სწავლის მძებნელომდე” როა, რომელიღაც ჭკუის კოლოფმა სკოლის პროგრამიდან რომ ამოიღო, ჰოდა, მაგრად უჭირთ ეს გურამიშვილისეული სახარება და ქრისტიანობა. 

პარასკევს არ ვიცი რომელიმემ მიბედა თუ არა იმ მუშტის ტრიალში, აღარც მიკითხავს მერე, იმედი კი მაქვს, რომ უმრავლესობა შინ დარჩებოდა. არადა რამდენი სკოლისჩანთაგადაკიდებული დაგლიჯინობდა აქეთ-იქით ჩვიდმეტში, იგინებოდა და უხაროდა ბრბოს ნაწილობა. იმის ილუზია არა მაქ, მე დამიჯერეს და იმიტომ დაეტივნენ-მეთქი სახლში – პირიქით, დარწმუნებულიც ვარ, რაღაც სულ ერთი გრამი არ ეყოთ ველურობისა, თორე წამსვლელები იყვნენ. თავის მოტყუება იქნება სხვანაირად ფიქრი, თავის მოტყუება კიდე რა საკადრისია.

რატო მოვყევი ამ ყველაფერს და ჩემს ეზოში ჩემს თაობაში სამი კაცის გარდა ყველა ან ყოფილი ნარკომანია, ან მოქმედი. ჩემი კლასელებიდან ერთი ჩხუბში დაჭრეს და სისხლი მოეწამლა, ერთი კაიფში ჩარჩა და, რაც თავი მახსოვს, სულ მკურნალობდნენ, ზოგი დაიჭირეს, გოგოები დათხოვდნენ, ბიჭები კიდე სულ თითზე ჩამოსათვლელები ვართ გადარჩენილები. ჩემი დის კლასიდანაც ეგრეა. ერთი თვის უკან ჟვანიას მოედანზე თოთხმეტიოდე წლის ბიჭი ჩემ წინ აჭერდა ხელს შუქნიშნის ღილაკს და იგინებოდა, კარი რატო არ იღებაო. პარასკევს კიდე ზღვა ხალხი დარბოდა ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე, დაგხოცავთო, ყვიროდნენ.

თევზი თავიდან ყროლდებაო, ნათქვამია. რამდენი თაობა უნდა დავკარგოთ ჩვენ, ქართულმა სკოლამ, ქართველმა მასწავლებლებმა, რომ მივხვდეთ – ეტყობა, რაღაცას ისე ვერ ვასწავლით, როგორც საჭიროა. იმ ხუთმა, ათმა თუ თხუთმეტმა ათასმა კაცმა ხო არაფერი არ იცოდა თავისი ქვეყნის, სამშობლო რა არი, არ იცოდა, ,,ვეფხისტყაოსანი” არ იცოდა, ვაჟა არ იცოდა და გურამიშვილი. სულ იმას ვფიქრობ, ეტყობა, ვერ ვასწავლით კარგად. არადა წლებია, მამაცურად ვდუმვართ, ოო, რა მამაცები ვართ თვალის მოხუჭვაში, ხმის ჩაკმენდაში. თქვენი არ ვიცი და მეხუთე დღეა, ეგ დუმილი კივილად რეკავს ჩემს გულგვამში, კივილად რეკავს, ხმაჩახლეჩილი.

ეგრე მგონია, ჩვენ, მასწავლებლებს, ყველას, ქართული სახელმწიფოს წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი, პატიება უნდა ვთხოვოთ არა მხოლოდ იმათ, ავტობუსებში მსხდომებს, დაზარელებულებს, ვითომ ბარიკადს იქით გადადენილებს, არამედ პირველ რიგში იმ ბიჭების, იმ გოგოების მშობლებს, შეშლილი სახეებით რომ დარბოდნენ რუსთაველის გამზირზე. პატიება უნდა ვთხოვოთ – ვერ გაგვიზრდია, წაგვიხდენია მშობლებისგან გულმხურვალედ მობარებული შთამომავლობა. თორმეტი წელი გვიწვალია და დაგვიმახინჯებია, ნაიარევებით აგვივსია ოდესღაც ტუალეტში მოსაფსმელად გაყვანილი თითისტოლები. არ იფიქროთ, ექვსი წლისანი, როცა პირველად დასხდნენ მერხებთან, ამგვარები იყვნენო; არა, არა და არა – ჩვენ ვაქციეთ ისინი ასეთებად, პოტენციურ კაცის მკვლელებად. ჩვენ ვერ ვასწავლეთ სიყვარული მათ, ვერც ადამიანის, ვერც სამშობლოსი, ვერც ზნეობის და კარგი კაცობის. 
ჩვენ, ქართველმა მასწავლებლებმა, 17 მაისს კიდევ ერთხელ გავუცრუეთ იმედი საქართველოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი