პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კომუნისტური აკრძალვიდან “ფარფლების” ლაივამდე

უფროსი თაობა ხშირად ჰყვება, როგორ ჭირდა საბჭოთა კავშირში ხარისხიანი უცხოური მუსიკის მოსმენა. რიგითი მოქალაქე ძნელად თუ იშოვიდა ისეთი ჯგუფების ფირფიტებს, როგორებიც “Pink Floyd”, “Beatles” ან “Scorpions” არიან. ეს იმიტომ, რომ საბჭოეთში როკმუსიკას იდეოლოგიურ მტრად აღიქვამდნენ. მაგალითად 1985 წელს უკრაინის ალკკ-ის – ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის (ЛКСМ – Ленинский коммунистический союз молодёжи) – ერთ-ერთი რეგიონული კომიტეტის მიერ გამოცემული დოკუმენტიც კმარა, რომლის ტექსტი დაახლოებით ასეთია:

“პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

…გიგზავნით სიას, რომელშიც მოყვანილია ის შემსრულებლები და მუსიკალური ჯგუფები, რომელთაც შემოქმედებაში იდეურად მავნე ნაწარმოებები აქვთ.

გაძლევთ რეკომენდაციას, ეს ცნობები გამოიყენოთ დისკოთეკების მუშაობაზე გაძლიერებული კონტროლისთვის.

აუცილებელია, ეს ინფორმაცია გადაეცეს ყველა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლსა და დისკოთეკას”.

სიის ერთ მხარეს ჯგუფებისა და შემსრულებლების სახელები იყო ჩამოწერილი, მეორე მხარეს კი – მათი “ცოდვები”, რასაც კომუნისტები “იდეურ მავნებლობას” უწოდებდნენ. სწორედ ასე დააბრალეს ჯგუფ Scorpions-ს ძალადობა, Pink Floyd-ს – სსრკ-ის საგარეო პოლიტიკის “გარყვნა”, Sex Pistols-ს – პროპაგანდა პანკური სუბკულტურისა, რომელიც, რატომღაც, დანაშაულად ჩათვალეს, AC/DC-ს – ნეოფაშიზმი და ა.შ.

 
აკრძალვების მიუხედავად, მელომანები როგორღაც მაინც ახერხებდნენ უშიშროების სამსახურისგან ფარულად ფირფიტების გადამრავლებას. ასე რომ, ხალხი იცნობდა Black Sabbath-ს, Iron Maiden-ს, Deep Purple-ს…

საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში ყველაფერი შედარებით გამარტივდა. 1990 წელს, როცა, “წითელი მზე ბოლომდე იყო დამწვარი” (ვიქტორ ცოის სიტყვები) და აღარც რკინის ფარდა გახლდათ საკმაოდ მყარი, საქართველოს “Deep Purple”-ის ვოკალისტი, იან გილანი ეწვია. მე სწორედ იმ წელს დავიბადე და ბევრი არაფერი ვიცი მისი კონცერტის შესახებ, მაგრამ გამიგონია, რომ გილანის გამოსვლებს ქართული ხალხური ჰანგები ენაცვლებოდა. როგორც ჩანს, საინტერესო ექსპერიმენტი გამოვიდა. გილანმა “ჩემო კარგო ქვეყანაც” კი შეასრულა ქართველ მომღერლებთან ერთად, დასასრულისკენ მისთვის დამახასიათებელი ვოკალური სიგიჟით .

მას მერე ოცდასამი წელი გავიდა და, როგორც ჩანს, სულ მალე ეს მუსიკოსი საქართველოში დაბრუნდება! “Deep Purple” თბილისში, დინამო არენაზე, ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე დაუკრავს. გილანი, პეისი, მორსი, გლოვერი – სავარაუდოდ, ბენდის ასეთ შემადგენლობას ვიხილავთ 5 ივნისს თბილისში.

სულ რაღაც 30 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა მოვლენების ასეთ განვითარებას. დრონი იცვალნენ, დღეს სსრკ-ის სამართალმემკვიდრე ქვეყნის, რუსეთის, პრეზიდენტიც კი აღიარებს, რომ ახალგაზრდობაში “Deep Purple”-ის დიდი თაყვანისმცემელი იყო. კომუნისტური აკრძალვები უკვე აღარ არის აქტუალური, როკმუსიკა კი – პირიქით.

როკის აქტუალობის მიუხედავად, ამ ჟანრის კონცერტებითა და ფესტივალებით საქართველო განებივრებული არ არის. ალბათ იმიტომ, რომ მოთხოვნა ამ ტიპის მუსიკაზე დიდი არ არის. ის აინტერესებს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლის აზრიც საერთო განწყობაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. პირადად მე როკმუსიკისა და მისი თანამედროვე ტრანსფორმაციების განვითარება საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ამიტომ მიმაჩნია, რომ ფესტივალი “Tbilisi Open Air” ძალიან კარგია არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვისაც. შარშან ფესტივალზე ლეგენდარულმა რუსულმა ჯგუფმა, “DDT”-მ დაუკრა, წელს კი დინამო არენაზე ორგანიზატორები გამორჩეულ საღამოს გვპირდებიან. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ “ფარფლები” ჩამოვლენ, – რა თქმა უნდა, ისინი ფესტივალის მთავარი ჰედლაინერები იქნებიან, მაგრამ არც სხვა ჯგუფები უნდა დავივიწყოთ.

კონცერტს ქართული ბენდი “Kid Jesus” გახსნის, რომელმაც 2012 წელს მოიპოვა ფესტივალში მონაწილეობის უფლება. ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, როდესაც ქართულ ჯგუფს საკუთარი თავის წარმოსაჩენად ასეთი კარგი შანსი ეძლევა. ვფიქრობ, ბიჭები მას გამოიყენებენ და ღირსეულად გამოვლენ ათეულობით ათასი მსმენელის წინაშე.

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს წელს ნამდვილად კარგი დღე ექნებათ, მათთვის Black Strobe, Modeselector და Tricky დაუკრავენ (ეს უკანასკნელი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგან ძალიან კარგი ჯგუფის, “Massive Attack”-ის ყოფილი წევრი გახლავთ). ვფიქრობ, შედარებით განსხვავებული იქნება “Infected Mushrooms”-ის გამოსვლა, – სავარაუდოდ, ის უფრო მძიმე სტილსა და მეტ ფსიქოდელიას შესთავაზებს მსმენელს. “The Subways”-სთან, 2000 წელს დაარსებულ ჯგუფთან, ძალიან თბილი ასოციაციები მაკავშირებს და თითქმის დარწმუნებული ვარ, მათ მიმართ ჩემი დადებითი განწყობა ამ ლაივის შემდეგ ერთიორად გაიზრდება. ინდივიდუალური სტილი, ცოტა პანკი და გრანჟი ამ ჯგუფის სავიზიტო ბარათია.

 
საღამოს ლეგენდარული “ფარფლები” დახურავენ… ათეულობით წელია, ისინი სცენაზე დგანან და აღაფრთოვანებენ მსმენელს. ბევრს მიაჩნია, რომ მობერდნენ, ბევრისთვის ისინი არასდროს დაბერდებიან, მე კი მგონია, რომ შეუძლებელია, ამ ჯგუფის კონცერტი ცუდი გამოვიდეს. მე დიდ შოუს ველოდები, ვნახოთ, რა იქნება.

ჭკუის მასწავლებლად არ გამოვდგები, ვერავის მივუთითებ, აუცილებლად დაესწროს ამა თუ იმ კონცერტს. მით უმეტეს, ხელოვნებაში სიტყვა “უნდას” გამოყენების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არ არსებობს ჯგუფი, რომელსაც “უნდა” უსმინო, კომპოზიცია, რომელიც “უნდა” მოგეწონოს ან კონცერტი, რომელზეც აუცილებლად “უნდა” წახვიდე. 5 ივნისის შესახებ ერთადერთ რამეს ვიტყვი – Tbilisi Open Air-ის წლევანდელი კონცერტი თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით ნამდვილად უპრეცედენტო იქნება დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ამიტომ გირჩევთ: თუ როკი გიყვართ და მიგაჩნიათ, რომ მუსიკას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში, ურიგო არ იქნება, ამ კონცერტის ბილეთები რაც შეიძლება მალე შეიძინოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი