პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„ასაკისთვის შეუფერებელი“ წიგნები და „აუცილებლად წასაკითხი“ წიგნები

ყოველთვის, როცა საჩუქრად წიგნს ვარჩევ, თავში ერთი აზრი მიტრიალებს – რამდენად სწორად ვარჩევ საკითხავს? შეეფერება თუ არა ეს წიგნი მისი პოტენციური მკითხველის ასაკს და ნამდვილად არის თუ არა ღირებული და მნიშვნელოვანი? მაგრამ წიგნის მაღაზიაში დიდხნიანი ხეტიალის შემდეგ მამშვიდებს ფიქრი, რომ მე სხვა ადამიანისთვის მხოლოდ იმ წიგნის შეთავაზება შემიძლია, რომელიც თავად მომწონს და არ შემიძლია წინასწარ ამოვიცნო, მოეწონება თუ არა მას. და ესეც ერთგვარი აზარტია, მოვახერხებ თუ არა მის გაოცებას ან აღფრთოვანებას!

მახსოვს ჩემი თავი, დაახლოებით თორმეტ-ცამეტი წლის, დედას და მამას ოთახიდან ოთახში დავყვებოდი და გულს ვუწვრილებდი კითხვებით:

– რა წავიკითხო?

– ეს ჩემს ასაკს შეეფერება?

– ეს კარგია? მომეწონება?

– ეს აუცილებელია?

მახსოვს მათი პასუხებიც:

– შეგიძლია, წაიკითხო დიკენსი, ზევით, მეოთხე თაროზეა!

–  მარკ ტვენი ზუსტად შენს ასაკს შეეფერება, ბალზაკი ჯერ ადრეა!

– „მეფე მათიუშ პირველი“ ნამდვილად მოგეწონება!

– ჯეკ ლონდონის მოთხრობები ადამიანს წაკითხული უნდა ჰქონდეს!

ყველა მითითებას ვასრულებდი, ზოგი წიგნი მომწონდა, ზოგიც უფრო ნაკლებად, მაგრამ კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი. თუმცა ნამდვილი თავგადასავალი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ერთ წვიმიან საღამოს (ალბათ, წვიმიან, რადგან ბათუმში ხშირად წვიმს და ალბათ, საღამოს, რადგან წიგნებზე ყველაზე ხშირად საღამოობით ვსაუბრობდით) დედამ წიგნების თაროსთან მიმიყვანა და მითხრა, რომ ამიერიდან ყველაფერი ჩემს განკარგულებაშია, თავისუფალი მკითხველი ვარ და შემიძლია, თავად გადავწყვიტო, რას წავიკითხავ და რას – არა. ვფიქრობ, ყველა მკითხველის ცხოვრებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დროა – დამოუკიდებლად არჩეული წიგნების დრო, რომელთაგან უმრავლესობა ასაკისთვის შეუფერებელია და ძალიან ცოტაა აუცილებლად წასაკითხი. სწორედ ეს პერიოდი, ეს ძიების პროცესი აყალიბებს მკითხველის გემოვნებას და აკითხებს მას ათობით მისთვის უმნიშვნელო წიგნს, ერთისა და მნიშვნელოვანის პოვნის იმედით.

საერთოდ, რას ნიშნავს აუცილებლად წასაკითხი წიგნები? არსებობს კი? ალბათ, მაინც არსებობს, რადგან ზოგიერთი ნაწარმოები წლებმა და საუკუნეებმა გამოსცადეს, ზოგი წიგნი თავად ლიტერატურის გამოცდილებაა და მისი მთავარი პერსონაჟი, ის, რითიც სხვა წიგნები საზრდოობენ და იკვებებიან. ამიტომ მე, მასწავლებელმა, მოსწავლეებთან საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენო „დონ კიხოტი“ თუ „ულისე“, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არაფერი შეედრება აღმოჩენილი წიგნების კითხვის სიხარულს, ისეთ ავტორთან შეხვედრას, რომელიც არავინ გირჩია და თავად მიაგენი.

– თითქოს, მხოლოდ იმისთვის დაიწერა, რომ მე წამეკითხა! თითქოს, მე მელოდა, – მითხრა თოთხმეტი წლის ანამ და თავადაც მომაგონა კარლოს რუის საფონის ცნობილი პერსონაჟი, რომელიც ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს თავისი წიგნი ელოდება.

– გადათარგმნას ვერ დაველოდები, ვერ მოვითმენ, ახლავე უნდა გავაგრძელო, – ეს ცამეტი წლის ქეთოს სიტყვებია, რომელიც ისე აეტანა კითხვის სურვილს, გაკვეთილზე დავალების შესრულებაც ვერ შეძლო. მაშინვე გავიფიქრე, ეს აღტაცება მხოლოდ რიკ რიორდანის წიგნების კი არა, ბერძნული მითოლოგიის დამსახურებაც არის-მეთქი.

– ისეთი უცნაური ავტორია, არც კი ვიცი, მომწონს თუ არა, მაგრამ ვერ ვწყდები, – მარის, თურმე, საწოლზე უწყვია დანიელ პენაკის კამოს შესახებ დაწერილი ყველა წიგნი და ისე კითხულობს, რომ მალე არ დასრულდეს.

– დეტექტივს პირველად ვკითხულობ, – თვალები უბრწყინავდა თორმეტი წლის ელენეს, – რა ბედნიერებაა, რომ დეტექტივი არსებობს, მე კი არ ვიცოდი! – მეც ვნატრობ, შემეძლოს ასეთი გულწრფელი აღფრთოვანება.

გიორგის კი არაფერი უთქვამს, მაგრამ შევამჩნიე, რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში მუხლებზე ედო რეი ბრედბერის „451 ფარენჰეიტით“.

სწორედ ამ კომენტარებისა და შეფასებების გამო, მოსწავლეებს არასოდეს ვეუბნები, რომ რომელიმე წიგნი არ წაიკითხონ, რადგან ეს მათ ასაკს არ შეეფერება. ვუხსნი, რომ არ არსებობს წიგნი, რომელსაც ადრე კითხულობ, მაგრამ არსებობს წიგნები, რომელთაც თუ საჭირო დროზე ადრე წაიკითხავ, ვერასდროს გაიგებ. ახლაც არ ვიცი, რომელი წიგნები დარჩა პირადად ჩემთვის გაუგებარი, რა ვერ ამოვხსენი, რა რატომ არ მომეწონა.

ახლა, როცა ნაკლები დრო მაქვს წიგნების აღმოჩენების, შეცდომების დაშვებისა და გამოსწორებისთვის, როცა მხოლოდ წინასწარი ცოდნითა და მტკიცე გადაწყვეტილებით მივადგები რომელიმე ავტორს, სულ უფრო მეტად ვაფასებ დროს, როცა თამამად ვკითხულობდი ყველა წიგნს, რომლის სათაური, გარეკანი, მწერლის გვარის ჟღერადობა თუ პირველი წინადადება მომეწონებოდა; დროს გაკვეთილებზე, გაკვეთილებს შორის, გაკვეთილების შემდეგ, ჭამისას, ძილის წინ, ღამით თუ ადრე დილით. ყველაზე მოსაფრთხილებელ და საკრალურ დროს ახალბედა მკითხველისთვის, რომელიც ძერწავს მის თვისებებს და ეხმიანება მის სულიერ სამყაროს. ამიტომ, როცა სკოლის ხმაურიან დერეფანში წიგნით მომავალ მოსწავლეს დავინახავ, ვცდილობ, ფრთხილად ავუქციო გვერდი და ხელი არ შევუშალო, რადგან ვიცი, შესაძლოა, მისი ცხოვრების მთავარ წიგნს კითხულობდეს. როგორც ჩვენი ძვირფასი მწერლის ცნობილი პერსონაჟი ამბობს, შემიძლია, მხოლოდ მშურდეს მათი, „მისალოცების“, ვისაც წინ აქვს წიგნის პირველად წაკითხვის ბედნიერება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი