შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გაკვეთილი როგორც თავგადასავალი, ანუ ერთი კომპლექსური დავალება

ბავშვობის დროინდელ საყვარელ გასართობებს ვიხსენებდი. უეცრად, თითქოს, ნათურა აინთო და თავში ათასი იდეა დატრიალდა. იდეები კი, რა თქმა უნდა, მოსწავლეებს უკავშირდებოდა. საერთოდ, ბოლო დროს ხშირად შემიმჩნევია საკუთარი თავისთვის, რომ ყოველდღიური, ჩვეულებრივი ან არაჩვეულებრივი მომენტებისგან გონებაში საინტერესო აქტივობებს „ვძერწავ“. მერე კი ერთი სული მაქვს, გაკვეთილზე შევიდე და ბავშვებს დავალების პირობა ავუხსნა. ინსტრუქციის გაცემით გამოწვეული აღფრთოვანება ყოველთვის საუკეთესო შედეგებით სრულდება.

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვიჯექი, ვფიქრობდი და ვიხსენებდი, როგორ გვიყვარდა მე და ჩემს დას ოთახების მოწყობა. მაშინ არ ვიცოდით, რომ ამ საქმიანობას ინტერიერის დიზაინი ერქვა და საერთოდაც, პროფესიაც კი არსებობდა ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი. ნამდვილი ოთახის ჩვენი გემოვნებით მოწყობა ცოტა არ იყოს დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თანაც, შეზღუდული რესურსების გამოყენებას გულისხმობდა. ამიტომაც ჩვენს უშრეტ ფანტაზიას ნახატებად ვაქცევდით და ფურცლებზე საოცნებო ოთახებს ვქმნიდით. დარწმუნებული ვარ, ახლა ამას კითხულობთ და ბევრ თქვენგანს გეღიმებათ, გახსენდებათ თქვენი ოცნების სახლები, ფურცლებზე რომ ხატავდით და მერე მთელი სიცხადით წარმოიდგენდით იქ ცხოვრებას.

ჰოდა, სწორედ აი ამ მომენტში აინთო იდეების ნათურა და თავში ერთმა აზრმა გამიელვა: კომპლექსური დავალება ხომ არ შემექმნა, რომელიც ჩემს მოსწავლეებს დაეხმარებოდა, გაეაზრებინათ, რომ ხელოვნება სამყაროში ყველგან არის. ინტერიერის დიზაინით ყველა დაინტერესდებოდა. თუმცა, რატომ მხოლოდ ინტერიერის დიზაინით? ერთ დროს არქიტექტორობაზეც ხომ ვოცნებობდი? თან, საკმაოდ დიდხანს. ჰოდა, რატომაც არა? სადაც ინტერიერის დიზაინს შექმნიან ჩემი მოსწავლეები, იქნებ, ექსტერიერითაც დაინტერესებულიყვნენ? და საერთოდ, იქნებ, მთელი შენობა დაეპროექტებინათ? და მერე ეზო? – ლამაზი, მყუდრო, კომფორტული. ლანდშაფტის დიზაინიც ხომ საინტერესო და ძალიან აქტუალური თუ პოპულარული პროფესიაა, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს.

ორი დღის წინ ახალ მატრიცაზე დავიწყე  მუშაობა, „ხელოვნება ჩემ გარშემო“ ჰქვია. ისედაც ვაპირებ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროფესიებზე ვესაუბრო. ერთ გაკვეთილს არქიტექტორის, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინერების პროფესიების გაცნობას დავუთმობ. ამ პროფესიებთან დაკავშირებით მოსწავლეებს პრეზენტაციებსა და მოკლე კლიპებს ვაჩვენებ. მოსწავლეები ახალ ინფორმაციას გაეცნობიან, როგორც სახვითი ხელოვნების დარგებზე, ასევე მათთვის შესაბამის მასალასა და ტექნიკაზე. ახლა გამახსენდა, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლებიდან ერთი – ლანდშაფტის დიზაინერია, მეორე – არქიტექტორი. იქნებ, ვიდეოების ჩაწერა მეთხოვა, სადაც თავიანთ პროფესიებზე ისაუბრებენ? რა საინტერესო იქნება მშობელთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. ინტერიერის დიზაინერიც მოიძებნება სადმე. მოსწავლეების აზრსაც მოვისმენ ამ სფეროების შესახებ და საერთოდაც, იქნებ, რომელიმემ მომავალი პროფესიაც იპოვოს.

პირველი გაკვეთილი ზუსტად გეგმის მიხედვით წარიმართა. მშობლებმა სიამოვნებით ჩაწერეს მოკლე ვიდეოკლიპები თავიანთი პროფესიების შესახებ. ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ახალი მასალით, განსაკუთრებით კი, ჩემ მიერ მიცემული მინიშნებით, რომ შემდეგ გაკვეთილზე თავად მოუწევდათ ამ პროფესიების მორგება.

და აი, დადგა ეს დღეც. მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ გაკვეთილის დაწყებას. წინასწარ შეთანხმებული ყველა რესურსი უკვე გაემზადებინათ. პირველ რიგში, წინა გაკვეთილზე მიღებული ინფორმაცია მიმოვიხილეთ, მნიშვნელოვანი დეტალები გავიხსენეთ, შევაჯამეთ. შემდეგ კომპლექსური დავალების პირობის ახსნა დავიწყე.

მოსწავლეები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით სამ ჯგუფში გავანაწილე და ვთხოვე, თითოეული ჯგუფის წევრებს თავად გადაენაწილებინათ არქიტექტორის, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინერების პროფესიები. ამის შემდეგ, გავაცანი დავალების პირობა. მათ უნდა წარმოედგინათ, რომ მე ვიყავი დამკვეთი და მსურდა, ამეშენებინა საცხოვრებელი სახლი ლამაზი და მყუდრო ეზოთი. მოსწავლეებს აპლიკაციის ტექნიკის გამოყენებით, დიდ ფორმატებზე უნდა დაეპროექტებინათ სახლი, შემდეგ კი მოეწყოთ ინტერიერი და ეზო. პირველ რიგში, არქიტექტორებს უნდა დაეწყოთ მუშაობა, მათ სახლის დახატვა ევალებოდათ. ამის შემდეგ, ინტერიერის დიზაინერები ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილ ავეჯს შესაბამის ოთახებში განათავსებდნენ (დააწებებდნენ). ლანდშაფტის დიზაინერებს კი პლასტელინისგან ბაღის მოსაწყობად საჭირო ფიგურების რელიეფური გამოსახულებები უნდა გამოეძერწათ და ეზოსთვის განსაზღვრულ ადგილებში უნდა დაეკრათ.

მოსწავლეებმა ინტერესით აიტაცეს იდეა და სწრაფადვე შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები. გამომდინარე იქიდან, რომ აქტივობა საკმაოდ შრომატევადი იყო, ორი გაკვეთილის დათმობა მოგვიხდა. საბოლოოდ კი, მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი ნამუშევრები შექმნეს. განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი თავად სამუშაო პროცესი იყო, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს გუნდურად მუშაობის, სხვისი აზრის პატივისცემისა და საკუთარი მოსაზრების რეალიზებისათვის საჭირო უნარების წარმოჩენა. ასევე, გაიაზრეს, რომ ჩვენ გარშემო ყველგან შეიძლება ხელოვნების აღმოჩენა. გაეცნენ არქიტექტურის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგისთვის გამოყენებულ მრავალფეროვან მასალებს და აპლიკაციის ტექნიკით, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით თავად შექმნეს ნამუშევრები.

აქტივობის ბოლოს მოვაწყვეთ პრეზენტაცია, რომელზეც თითოეული ჯგუფის წევრებმა თავიანთი ნამუშევარი წარადგინეს.

უკვე დღის ბოლოა. ვზივარ თითქმის ცარიელ ოთახში. ეს-ესაა თვითრეფლექსია დავასრულე და შესრულებული დავალებების საქაღალდეში გადავიტანე კომპლექსური დავალების ბარათი, რომელსაც აქვე, დანართის სახით ჩავსვამ. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი კედლებზე გამოფენილ ნამუშევრებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს გაეაზრებინათ, რომ ხელოვნება სამყაროში ყველგან არის. შემდეგ კი მრავალფეროვანი მასალის გამოყენებით, აპლიკაციის ტექნიკით შექმნეს ხელოვნების ერთ-ერთი დარგის არქიტექტურის ნიმუში.

საბოლოოდ ჩვენი სამუშაო შევაჯამე, კმაყოფილმა დავტოვე საკლასო ოთახი და გონებაში ჩემი მოსწავლეებისთვის ახალი თავგადასავლების დაგეგმვა დავიწყე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი