პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რატომ უნდა ვისაუბროთ საკუთარ გრძნობებზე

ადამიანებს, რომლებსაც არ უჭირთ საკუთარ გრძნობებზე საუბარი, გაცილებით უადვილდებათ ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა, რადგან მათ არ უწევთ გრძნობების დამალვა და იმის იმედად ყოფნა, რომ გარშემო მყოფები თავად მიუხვდებიან გულისნადებს.

სამწუხაროდ, ადამიანების არცთუ მცირე ნაწილს ეუხერხულება არა მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე საუბარი, არამედ მათი მოსმენაც, ვინც თავის გრძნობებსა და განცდებზე ლაპარაკობს. სწორედ იმიტომ, რომ გრძნობებზე საუბარი აუცილებელია, ბავშვებმა მცირე ასაკიდანვე უნდა ისწავლონ გრძნობებისა და განცდების ვერბალურად გამოხატვა. პატარებს მხარი უნდა დაუჭირონ, უპირველეს ყოვლისა, მშობლებმა, პედაგოგებმა, თანატოლებმა, მეგობრებმა, და-ძმებმა. მხარდამჭერთა წრე საკმაოდ ფართოა და საბოლოოდ ნებისმიერი ბავშვი და მოზარდი შეძლებს იმ ადამიანის პოვნას, რომელიც მოუსმენს მას და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რომ გრძნობები არ შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი, ცუდი ან კარგი. გრძნობები უბრალოდ არსებობს და ჩვენ მათ განვიცდით, ისე, როგორც შეგვიძლია.

ძვირფასო მშობლებო, აღმზრდელებო, მასწავლებლებო, შეგახსენებთ, რომ თქვენ კითხულობთ ნაწყვეტს წიგნიდან: „შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“. მისი ავტორები არიან გერშენ კაუფმანი (ამერიკელი ფსიქოლოგი. განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში. როჩესტერის უნივერსიტეტში მოიპოვა  დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში. პროფესორის რანგში ლექციებს კითხულობდა მიჩიგანის უნივერსიტეტში. მუშაობდა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრში. არის მრავალი წიგნის ავტორი, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია „მორცხვობის ფსიქოლოგია“), ლევ რაფაელი (განათლება მიიღო ნიუ-იორკის ფორდემის უნივერსიტეტში. აქვს მაგისტრის ხარისხი სახვით ხელოვნებასა და სამწერლო ხელოვნებაში. არის ფილოსოფიის დოქტორი) და პამელა ესპელანდი (განათლება მიიღო მინესოტაში, ქალაქ ნორტფილდში, კარლტონ-კოლეჯში. არის 200-ზე მეტი წიგნის რედაქტორი და თანაავტორი. ამჟამად ოჯახითურთ ცხოვრობს მინეაპოლისში).

დათუნას ვერსად უპოვია ზამთრის ხელთათმანები. მას ჰგონია, რომ ხელთათმანები სპორტის გაკვეთილის შემდეგ გასახდელში დარჩა, ამიტომ ეძებს მათ დაკარგული ნივთებისთვის განკუთვნილ ყუთში, რომელიც სკოლის კანცელარიაშია. მართლაც, დათუნა პოულობს თავის ხელთათმანებს. მან ზუსტად იცის, როგორ ნივთებს ეძებს და როგორც კი პოულობს, იღებს მათ. სწორედ ასევე, – განმარტავენ ავტორები, – ბავშვები და უფროსები აცნობიერებენ საკუთარ გრძნობებს, გეგმებსა და მოთხოვნილებებს. ისინი ზედმეტი კითხვების გარეშე იღებენ იმ რეალობას, რომელსაც განიცდიან.

მაინც რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საკუთარი სურვილებისა და გრძნობების გაცნობიერება, მათი მიღება? იმიტომ, რომ თუ სურვილებსა და გრძნობებს მხოლოდ სახელს დავარქმევთ, ამით მათ აპრიორი ვერ გამოვიყენებთ. დათუნას საკუთარი ხელთათმანები დაკარგული ნივთების ყუთში რომ დაეტოვებინა, მათ ვეღარ გამოიყენებდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ყველა გრძნობა, სამომავლო გეგმა და მოთხოვნილება. აქ მხოლოდ მარტივი და უსაფრთხო გრძნობები არ იგულისხმება და არც მხოლოდ ისინი, რომლებიც, სხვების აზრით, შენთვის შესაფერისია.

დარწმუნებულები ვართ, – წერენ ავტორები, – რომ სირცხვილი სწორედ ის გრძნობაა, რომლის განცდაც არავის მოსწონს, ამიტომ ყველა, დიდიც და პატარაც, სიამოვნებით დატოვებდა მას „დაკარგული ნივთების ყუთში“. მაგალითად, ხომ არ იძაბები, როდესაც გეფერებიან, თუნდაც ეს შენი მშობლები იყვნენ? – მიმართავენ ავტორები მოზარდებს, – მოფერება შენთვის კიდევ უფრო უსიამოვნო ხომ არ ხდება, როდესაც დედა შენი მეგობრების თვალწინ აკეთებს ამას? მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პასუხი დადებითი იყოს, გულის სიღრმეში მაინც გიყვარს მშობლის ჩახუტება და ხშირად ძალიანაც გაკლია მათთან ფიზიკური სიახლოვე. კიდევ იარსებებს რაღაც ოცნება, თუნდაც საყვირზე დაკვრა ან უცხო ენის შესწავლა, რომელიც ვერ აიხდინე, რადგან ბევრ დროსა და ძალისხმევას მოითხოვდა. ეს ყველაფერი ძალიან რთულია! შენ შეგიძლია, შენი გრძნობები და მოთხოვნილებები უკანა პლანზე გადასწიო. სამწუხაროდ, მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, მიჩქმალული გრძნობები მოგვიანებით ზედაპირზე ამოსვლას ცდილობენ და შესაძლოა პრობლემაც შექმნან. ექიმებისა და ფსიქოლოგების აზრით, ეს სწორედ იმის ბრალია, რომ თავის დროზე ახლანდელი ზრდასრულებიც ცდილობდნენ გრძნობების, მოთხოვნილებების დავიწყებას ან უარყოფას. როდესაც ადამიანები ასე იქცევიან, მათ ზუსტად აღარ იციან, ვინ არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავს კარგავენ.

გიორგის უთანხმოება აქვს უფროს დასთან. ის ფიქრობს, რომ დედა მხოლოდ სალომეზე ზრუნავს. როდესაც და ტანვარჯიშზე მიდის, გიორგი შინ, პატარა მათესთან რჩება. სალომე სასკოლო სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებს, ამიტომ გიორგი საოჯახო საქმეებში ეხმარება მშობლებს. სალომე მუდამ უმაღლეს ქულას იღებს, გიორგი კი არც ისე კარგი მოსწავლეა. მშობლების მთელი ყურადღება სალომესკენ არის მიმართული. დედა ამჩნევს გიორგის დაძაბულობას და ეკითხება: „რა გემართება ბოლო დროს?“ „მგონია, რომ შენ სალომეს მეტი არავინ გაღელვებს. მშურს მისი“. „შური ძალიან ცუდია, მით უფრო, საკუთარი დის არ უნდა გშურდეს!“ – ამუნათებს დედა გიორგის.

თუ გიორგი დაეთანხმება დედას, ეს ნიშნავს, რომ ის თავს შურიან და ბოღმიან ადამიანად ჩათვლის, რის გამოც, დიდი ალბათობით, მომავალში საკუთარი ემოციების დამალვას ეცდება. სინამდვილეში კი, – დარწმუნებულები არიან ავტორები, – ის, რასაც გიორგი განიცდის, დედის მხრიდან ყურადღების დეფიციტია. კარგი იქნებოდა, დედას გაეცნობიერებინა ეს, მაგრამ ხშირად უფროსებიც ცდებიან სხვისი ემოციების შეფასებისას. გრძნობები არ შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი, ცუდი ან კარგი. გრძნობები ისეთია, როგორიც არის. და თუ ამ ფაქტს გააცნობიერებენ, ბავშვები და მოზარდები (და არამხოლოდ ისინი) მათ ამოცნობასა და აღიარებას ისწავლიან. თუ ბავშვებსა და მოზარდებს ყურადღება აკლიათ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვინმესი შურთ. მაგრამ თუ მაინც შურთ, ესე იგი ეს ასეა და ვერავინ ვერავის აიძულებს, სხვა განცდა გაუჩნდეს, რადგან ადამიანის გრძნობებში მასზე უკეთ ვერავინ გარკვევა.

სალომესთვის ეს ყველაზე უარესი დღე იყო, რადგან საუკეთესო მეგობარი ნინი მთელი დღე ზედაც არ უყურებდა. მასწავლებლები შენიშვნებს აძლევდნენ უყურადღებობისა და გაფანტულობის გამო. ბიჭმა, რომელიც მოსწონდა, გაიგო ეს და მთელ სკოლას მოსდო ახალი ამბავი. ამას ისიც დაემატა, რომ სრულიად გადაავიწყდა იმ საქველმოქმედო კლუბის შეკრებაზე დასწრება, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო. მამამ შეატყო შვილს უგუნებობა და მიზეზი ჰკითხა. „ძალიან, ძალიან მოწყენილი ვარ და ვნერვიულობ“. „უფ, კარგი რა, რა უნდა ჰქონდეს მოსაწყენი და სანერვიულო თორმეტი წლის გოგოს? ალბათ უბრალოდ დაიღალე“. სალომეს შეუძლია, დაეთანხმოს მამას და თავის გრძნობებს არასწორი სახელი დაარქვას. ეს არჩევანი მომავალშიც აისახება მის ცხოვრებაზე, რადგან ყოველ ჯერზე, როცა მოიწყენს და განერვიულდება, გაიფიქრებს: „ეგ არაფერი, უბრალოდ დავიღალე“. შედეგად კი ვერ შეძლებს საკუთარ გრძნობებთან გამკლავებას, მათ მართვას.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ადამიანებმა ყოველთვის ყველაფერი უნდა იცოდნენ სხვის, თუნდაც შვილის გრძნობებისა და განცდების შესახებ, – განმარტავენ ავტორები, – მოზარდსა და ბავშვსაც აქვს უფლება, მოუსმინოს საკუთარ თავს და მიხვდეს, სჭირდება თუ არა დახმარება, უნდა გაუზიაროს თუ არა ინფორმაცია, მაგალითად, ნათესავებს, მეგობრებს ან მასწავლებლებს. მთავარია ახსოვდეს, რომ გრძნობები აუცილებლად ამოთქვას, გაახმოვანოს, თუნდაც პირად დღიურში ჩაიწეროს ყველაფერი, რაც აწუხებს და რისი გაზიარებაც მისთვის მნიშვნელოვანია.

წიგნის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აქ მოყვანილი მაგალითები, რომლებშიც სხვადასხვა გრძნობაზეა საუბარი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამინი ერთსა და იმავეს განიცდის. მშობლებმა უნდა აუხსნან შვილებს ეს ყველაფერი. მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ არავის აქვს უფლება, უნებართვოდ წაართვას მათ გრძნობები. ისევე, როგორც ვერავინ შეაცვლევინებს ადამიანს გრძნობებს უნებართვოდ. მისი გრძნობები მხოლოდ მას ეკუთვნის და ეს ძალიან კარგია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი