ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ვაჟა და გლობალიზაცია

თანამედროვე ლიტერატურულ-ფილოსოფიური აზროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აფასებს კლასიკური მწერლობა თავისუფლების, პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის ცნებებს.

სხვადასხვა სააზროვნო სივრცის, სხვადასხვა მსოფლმხედველობის შემოქმედები საკუთარ სულიერ ძალას, გულის ნაწილს დებენ ამ პროცესის შესწავლისას და ეს არ არის პათეტიკა, რადგან ნამდვილი მეცნიერება ყოველთვის შინაგან განცდებს, ინტუიციას ეყრდნობა.

ვაჟასეული „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ გამორჩეულად საგულისხმოა, როდესაც ემიგრანტებზე, მათ მიერ შექმნილ ლიტერატურაზე ან სააზროვნო სტრუქტურებზე ვსაუბრობთ, რადგან ის, რასაც დღეს გლობალიზაციას ვუწოდებთ, წინათ კი კოსმოპოლიტიზმი ერქვა და, რა დასამალია, საკმაოდ ავიწროებდა პატრიოტიზმს, დღეს სხვა სახით გვევლინება და ეს ყველაზე უკეთესად ემიგრანტებმა იციან. ყოველი ერის ღირსებაა თვითმყოფადობა, რაც მსოფლიო კულტურის მრავალფეროვნების საწინდარია. „ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს, თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელ კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელი ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრეთვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა“ („კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“). ყველა გენიოსი ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენდა, მაგრამ თითოეული მათგანი კაცობრიობის საკუთრებაცაა. ასე რომ, სწორედ გენიოსები გვიხსნიან გზას გლობალიზაციისკენ. ამის დასტურია ის, რომ ვერცერთი თარგმანი ვერ შეედრება ლიტერატურული შედევრების ორიგინალში გაცნობას. ჩვენი როგორც პატარა ერის ტრაგედიაც ის არის, რომ რაც უნდა ბრწყინვალე იყოს თარგმანი, „ვეფხისტყაოსნის“ და ვაჟა-ფშაველას სრულყოფილად გაგებას ქართული ენის ცოდნა უნდა მაინც.

„პატრიოტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც, მაგ., არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდან, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე – საზრდოდ, ნანა – მოსასვენებლად“ („კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“). აქედან გამომდინარე, რაოდენ მძიმე და არაბუნებრივი მდგომარეობაა ნებისმიერი  ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ქართველისთვის, რომელიც სამშობლოზე უფრო მეტად მიჯაჭვული მგონია როგორც ფსიქოტიპი, სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მეტიც – იძულებითი ემიგრანტობა. ამ დროს იგი ინარჩუნებს თავის გენეტიკურ მეხსიერებაში არსებულ, წარუშლელ ეროვნულ თვისებებს, მაგრამ უამრავი პრობლემის წინაშე დგება. ავიღოთ თუნდაც საკმაოდ მტკივნეული ფიზიკური სიშორე სამშობლოსგან, შინაგანად დამანგრეველი ნოსტალგია, ორენოვნების დიდი სირთულე. ყოველივე ზემოთქმული ხომ ჩვენი დღევანდელობის თანამდევი და მახასიათებელია. თუმცა ხშირად მოძალებულ სასოწარკვეთილებას ცვლის იმედი, რომ „დრონი მეფობენ“ და ეს იარაც მოშუშდება.

კოსმოპოლიტიზმის არაჯანსაღი გაგებაა, როცა ჰგონიათ, რომ ყველა ერი ერთნაირად უნდა გიყვარდეს. ეს არასწორი განსჯაა. გლობალიზაციისა თუ კოსმოპოლიტიზმის საუკეთესო გაგება, ვაჟას აზრით, რომელიც დღესაც თანამედროვეა, ასეთია: „ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომდა კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს, ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თვითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელი კაცობრიობის განვითარებისა“.

ასე რომ, ეროვნულობა, რომელიც დღეს მავანთა მიერ ზოგჯერ პროვანციალიზმად აღიქმება, ვაჟასთან, როგორც ქართველ მწერალთა უმრავლესობასთან, ტკივილიანი სიმძაფრით წარმოჩენილი თემაა.

ზნეობრივი სიმტკიცე, გულგაუტეხელობა, ამტანობა, ვაჟკაცური სული – სწორედ ეს თვისებებია საყრდენი მწერლის ღრმა ეროვნულობისა („ქვეყნის ჭირ-ვარამს ვატარებ, ვერავინ შამედრებითა“). ვაჟა-ფშაველა არა მარტო მოუწოდებდა, არამედ თვითონაც, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი, თავისი გმირების მსგავსად, არასდროს ყოფილა მონა ყოფიერებისა, ყოველთვის მაღლდებოდა მასზე და დიდი შემოქმედისთვის დამახასიათებელი შორსმჭვრეტელობით გვიამბობდა მომავალზე. იგი თავისი წინააღმდეგობათა გადამლახავი სულით იყო მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი გმირობის მაგალითი და ღირსეული მემკვიდრე ილიასა და აკაკის მამულიშვილური ტრადიციებისა. ოცდაორი წლის ვაჟამ უკვე იცოდა, რომ სამშობლო „ქვეყნიერი ღმერთია“.

პატრიოტული და სოციალური ყოვლისმომცველი, ფართო შინაარსის მქონე ცნებებია ვაჟასთვის, რომლებიც მრავალ მოტივს და საკითხს აერთიანებს მის ნაწარმოებებში. ეს ორი მთავარი განწყობილება ცალ-ცალკე არ მოიაზრება მწერლის შემოქმედებაში. ისინი ერწყმის და აღრმავებს ერთმანეთს და თანაბარი ძალით მჟღავნდება ვაჟას ლირიკაში, ეპოსსა და პროზაში.

ვაჟა-ფშაველას პოემების შინაარსი სოციალურია. პატრიოტული საკითხების გვერდით მწერალი გვიჩვენებს ადამიანთა ურთიერთობას საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებში. მისი ინტერესები ამ მხრივ საოცრად ფართოა, ღრმა და მოიცავს ყველა დროისთვის აქტიურ პრობლემას პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობისა.

სოციალური მოტივებიც ისევე მნიშვნელოვანია ვაჟასთან, როგორც მისი „რა არის თავისუფლება“. იგი ხსნის ამ ურთულეს პროცესებს, ოღონდ შიგნიდან და არა როგორც ემიგრანტი. თუ გრაფიკულად წარმოვიდგენთ, დავინახავთ განივ ჭრილს, რომელიც თანადამსწრის უტყუარი და უწრფელესი განცდით წარმოადგენს ისეთ თემებს, რომლებიც ზოგჯერ იჩქმალებოდა და ხანდახან, სამწუხაროდ, მათ ახლაც არიდებენ თავს.

„თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმადყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი“ („რა არის თავისუფლება?“). რა თანამედროვეა განცდები, რომლებიც ვაჟას აქვს იმ სოციუმისადმი, რომელშიც ცხოვრება უწევდა და რომელიც განაპირობებდა ადამიანის თავისუფლების ხარისხს მაშინ და ახლაც ასეა. „არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდესმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით: „სიკვდილი ან სიცოცხლე (ე. ი. თავისუფლება?!)“. თავისუფალი, ვაჟას აზრით, მხოლოდ მაშინ ხარ, როცა არ ემონები მძიმე რეალობას და, მიუხედავად ყველაფრისა, იბრძვი ბედნიერების მოსაპოვებლად. „რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი?“

თავისუფლება არ ნიშნავს აკრძალვების, ზნეობრივი ცენზურის მოსპობას, რომ რაც გინდა, ის აკეთო, ილაპარაკო, წერო. ყოველ სიტყვას საერთო, საზოგადოებრივი ბედნიერება უნდა ჰქონდეს მიზნად.

ყოველთვის არის ხოლმე პრობლემა სოციალური კეთილდღეობისა, რომელიც, გარკვეულწილად, არის განმაპირობებელი საზოგადოების, ერის ბედნიერებისა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ იყოს მისწრაფება სულიერი განახლებისა და სრულყოფისაკენ. „მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა“ („რა არის თავისუფლება?“).

ეს უნდა იყოს მიზანი ერისა თუ ბერისა ჩვენი, ცოტა არ იყოს, გროტესკული კომიკურობითა თუ უიმედო ტრაგიზმით დამძიმებული დღევანდელობისთვისაც. ეს არის იარაღიც წინააღმდეგ მტრისა, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც ისეთივე რეალურია, როგორიც იყო საუკუნეების განმავლობაში.

„ბრჭყალით ვუპყრივარ სევდასა, როგორაც არწივს გნოლია“, – წერს ვაჟა, მაგრამ ეს სევდა ცხოვრების წვრილმანებით არ ყოფილა გამოწვეული. თვით სამყაროს ამოცნობის სურვილია ამის მიზეზი. ვაჟამ იცის, რომ სამყარო დიადია, მაგრამ ეს სიდიადე არ არის მხოლოდ ჩარჩო ადამიანის სახის წარმოსადგენად. მის გმირებს სხვა ღირსებებიც აქვთ, გარდა იმისა, რომ ისინი ბუნების ნაწილს შეადგენენ. ისინი ადამიანები არიან და, ამდენად, გამართლებულია მათი მისწრაფება, იყვნენ თავისთავადნი, თავისუფალნი. ისინი მთელი არსებით უარყოფენ ბრმა მორჩილებას, გულწრფელად და ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე მიილტვიან თავიანთი „მეობის“ შენარჩუნებისკენ. ვაჟას პერსონაჟების ეს თვისება არის საზომი მათი ღირსებისა. ეს დიდბუნებოვანი ადამიანები სასტიკად ისჯებიან და ჩვენ თანავუგრძნობთ, პატივისცემით ვიმსჭვალებით მათ მიმართ. მართალია, ვაჟას გმირებს კიცხავენ, სჯიან, თემიდანაც კი აძევებენ, მაგრამ მათი ინტერესები არ კვდება. ვაჟა-ფშაველას მიერ გმირისადმი მინიჭებული საკუთარ თავად დარჩენის უფლება, უფლის მიერ ადამიანისთვის ბოძებული ყველაზე დიდი საჩუქარი, თავისუფალი ნება, არჩევანი, მწერლის შემოქმედებაში შერწყმულია საზოგადო კეთილდღეობისთვის ზრუნვის მოვალეობასთან. ეს განხორციელებულია მინდიას, ჯოყოლას, აღაზასა და ალუდას სახეებში. სწორედ ეს ანიჭებს მათ პიროვნებას დიდ სოციალურ ღირებულებას.

მაგრამ უმთავრესი ის არის, რომ როცა ვაჟა-ფშაველა აფასებს მოვლენებს, ის არის „ბალახი და არა ცელი“. მანკიერის გადმოცემისას ცდილობს, არ მოკვეთოს ძირში ყველაზე მნიშვნელოვანი. ის ეძებს გამოსავალს, თავისუფლებას, ზნეობას, კაიყმობას, იმ ჰარმონიას, რომელიც პირიმზესა და ზვავს ერთად ათავსებს ამ სამყაროში, რომლის არსიც ტრაგიკულია.

სადაც არ უნდა იყვნენ, ქართველ მწერლებს აწვალებთ ფიქრი: რა არის წმინდა ესთეტიკა, მსოფლიოს მთლიანი აღქმა, სამშობლო, სიყვარული, ნამდვილი თავისუფლება, – და მათი დამოკიდებულებაც ამ მარადიული კატეგორიებისადმი, უფრო თანხვედრილია, ვიდრე აცდენილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი