პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

უსათაუროდ…

ბავშვობიდან მიყვარს ძველი ჟურნალ-გაზეთების კითხვა. თუ სადმე დაჭმუჭნილ, გაყვითლებულ ფურცელს, თუნდაც ნაგლეჯს წავაწყდი, სიამოვნებით ვათვალიერებ. ვკითხულობ ყველაფერს, განურჩევლად თემისა – პოლიტიკაზეა (თუმცა წინათ მასზე ძალიან ცოტა იწერებოდა, თუ არ ჩავთვლით პარტიის ყრილობათა ანგარიშებს) თუ ეკონომიკაზე, შრომით კოლექტივებსა თუ სპორტზე. კოლექტიურ მიმართვის წერილებსაც კი (ასეთებიც ხდებოდა ადრე) ვეცნობი.

ცოტა ხნის წინ ერთი ასეთი ნახევი – სავარაუდოდ, ჟურნალისა – ჩამივარდა ხელში. სამწუხაროდ, ტექსტისა არც სათაური იყო შემორჩენილი და არც ფინალი…
1. როცა დავიჯერე, რომ თბილ, მყუდრო, მაგრამ ბნელ გარემოში ყოფნას და სისხლში არეული ჟანგბადით სუნთქვას სუფთა ჰაერზე ყოფნა ჯობდა, მთელი შინაგანი ენერგია მოვიკრიბე, ავამუშავე კუნთები და სუფთა ჟანგბადი ღრმად ჩავისუნთქე… მაგრამ სწორედ მაშინ მივაყენე ტკივილი ჩემს დამბადებელს…
2. როცა დავიჯერე, რომ სხვის ხელში ატატებულ სიარულს ან მიწაზე ფორთხვას წელში გამართული ნაბიჯის გადადგმა ჯობდა, ხელახლა მოვიკრიბე ენერგია, დიდი ძალისხმევით ორ ფეხზე დავდექი და ნაბიჯი გადავდგი… მაგრამ სწორედ მაშინ გავიტეხე თავი პირველად და ვიგემე ტკივილი…
3. როცა დავიჯერე, რომ იმ სამყაროს შესაცნობად, რომლის სანახავადაც ამდენი ძალისხმევის გაღება და ტკივილის გადატანა მომიხდა, მარტო თვალებით ცქერა არ იყო საკმარისი, წიგნი ავიღე ხელში… მაგრამ ტკივილის განცდას ვერც აქ გავექეცი – რაც უფრო მეტი ვისწავლე, მით უფრო უსუსურად და უცოდინრად შევიცანი თავი ჩემი…
4. როცა დავიჯერე, რომ უკვე დიდი ვიყავი და დამოუკიდებლად შემეძლო ცხოვრება, მოვწყდი მშობლიურ ოჯახს, სადღაც შორს გადავიკარგე… მაგრამ ამ თავისუფლებას მარტოობის დიდი ტკივილები ახლდა თან…
5. როცა დავიჯერე რომ მარტოობის წამალი სიყვარული იყო, ხარბად დავეწაფე მისი ფიალიდან ტკბილ შარბათს… მაგრამ ფიალა გაბზარული აღმოჩნდა და მალე დაიცალა… საწადელის ვერმიღწევის ტკივილის ჭვალმა ელექტროშოკივით გაიარა ორსავ სხეულში…
6. როცა დავიჯერე, რომ სამყაროსთან კაპიტულაცია არაფრის მომცემი იყო, შემართებით ვეკვეთე საქმეს, მაგრამ მაინც ვერ ავირიდე ტკივილი… და ჩემ გარშემოც არაერთს ვატკინე…
7. და მაშინ დავიჯერე, რომ სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ტანჯვის დიდი მორევია, ხოლო ტკივილი – ის ელექსირი, რომელიც წინ… აღსასრულისაკენ სვლის ძალას გაძლევს…
8. და ახლა მჯერა, რომ… …
სამწუხაროდ, ნაგლეჯზე მეტი ვეღარაფერი ამოვიკითხე.
ალბათ გგონიათ, ეს ცხოვრებაზე გულგატეხილი, ხელჩაქნეული ადამიანის მონოლოგია. თავპირველად მეც ასეთივე შთაბეჭდილება დამრჩა, მაგრამ იქვე ტექსის მეორე ნაგლეჯიც აღმოვაჩინე და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც შევიტყვე, რომ ეს წყალბადის მოლეკულის მონოლოგი იყო.
1. დღეს ჩვენი ატმოსფერო ცოტაოდენ წყალბადსაც შეიცავს. იგი უმთავრესად მეთანის კონვერსიით მიიღება. მეთანი, რომელიც ღრმად არის დედამიწის წიაღში, მკაცრი პირობების შედეგად (წნევა, ტემპერატურა) თუ ფერმენტების ზემოქმედებით იშლება და ამ დროს ნახშირსა და წყალბადს გამოყოფს: CH4à C + 2H2
2. მრავალი რეაქციის შედეგად წყალბადი ატომური სახით გამოიყოფა, მაგრამ სანამ სარეაქციო სისტემას დატოვებდეს, უკავშირდება მეორე ატომს და ორატომიანი ფორმით განაგრძობს სამყაროში ხეტიალს. პირველი რეაქცია, რომელიც წყალბადის ქიმიის შესწავლისას იქნა შემჩნეული, მისი ფეთქებით წვის რეაქცია იყო: 2 H2(გაზი) + O2(გაზი) → 2 H2O(სითხე) + 572 კჯ (286 კჯ/მოლი)
წყალბადი ჰაერთან (ჟანგბადთან) შერევისას იძლევა ე.წ. მგრგვინავ ნარევს, რომელიც სულ მცირე ნაპერწკლის, თუნდაც მზის სხივების ზემოქმედებით ადვილად აალდება.
3. წყალბადის რეაქციის აღმოჩენას მისი ქიმიური თვისებების უფრო ღრმად შესწავლა მოჰყვა. დღეს მას უკვე მრავალი მნიშვნელოვანი პროდუქტის მისაღებად იყენებენ. წყალბადი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმდგენია. მასთან ურთიერთქმედებით ხდება უჯერი ნაერთების გაჯერება. ასეთი რეაქციის მაგალითად გამოდგება თხევადი ცხიმების (ზეთების) გარდაქმნა მყარ ცხიმებად – ე.წ. მარგარინიზაცია. მაგრამ დღეისთვის მეტად საინტერესოა უჯერ ბმაზე წყალბადის არა „უბრალო”, არამედ სტერეოსელექციური მიერთება. მარგარინს ბუნებრივ ცხიმებთან (ქონებთან) შედარებით სწორედ ეს ნაკლი აქვს, ამიტომ არაერთი მეცნიერი დღეს სწორედ რეაქციის ისეთი პირობების შესამუშავებლად იტეხს თავს (კატალიზატორების მიგნების ჩათვლით), წყალბადის მიერთების რეაქციას უფრო კონტროლირებადს (მათ შორის – სტერეოსელექციური თვალსაზრისითაც) რომ გახდის.
4. წყალბადის მოლეკულა ყველაზე პატარა და მსუბუქი მოლუკულაა. იგი იოლად „იპარება” სარეაქციო სისტემებიდან თუ სხვა რეზერვუარებიდან. უზარმაზარი ძალისხმევა და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა უწევთ ქიმიკოსებს მისი უსაფრთხოდ შენახვისა და გამოყენებისთვის. მაგრამ სად მიდის „გაპარული” წყალბადი? იგი ძალიან მსუბუქია, ამიტომ ატმოსფეროს ზედა იარუსებში იდებს სავანეს სხვა ინერტულ აირებთან ერთად. ატმოსფეროში ამ სიმაღლეზე უმთავრესად სწორედ ინერტული გაზებია, წყალბადი მათთან რეაქციაში ვერ შედის, ამიტომ „მარტოობისთვის” არის განწირული.
5. ატმოსფეროში „გაპარული” წყალბადი დედამიწისა და მის ბინადართათვის სამუდამოდ არ იკარგება. თუ მას სადმე ჟანგბადის მოლეკულა გადაეყარა და მათ გულებს მზემაც სტყორცნა სხივი, უმალ გარდაიქმნებიან ერთიან სხეულად, რომელსაც სახელად წყალი ჰქვია. წყალბადი ჟანგბადთთან დაწყილებული უბრუნდება დედამიწას და მრავალ სულიერ არსებას წყურვილის მოკვლის საშუალებას აძლევს.
მაგრამ წყლის ყველა მოლეკულას როდი უღიმის ბედი; ზოგიერთ მათგანს მავანნი ელექტროლიზერში ათავსებენ და ელექტროლიზის რეაქციის შედეგად (დენის გატარებით) ხელახლა წყალბადად და ჟანგბადად შლიან.
6. ელექტროლიზით მიღებულ წყალბადს ხშირად წყალბადის ძრავებისთვის იყენებენ. წყალბადსა და ჟანგბადს ძრავის ცილიდრში აფრქვევენ და ნაპერწკალს აძლევენ. ისინი ფეთქებით იწვიან, უხვად გამოყოფილი ენერგია კი მთელი ძალით ეხეთქება მოძრავ მექანიზმებს, რომლებიც მოძრაობაში მოდის და მთელ აგრეგატს ძრავს
.
7. ყოველივე ახლის დაბადება (არამარტო ნივთიერებისა) დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დაბადებისას ყოველი მოლეკულა იცვლის სახეს. ამ პროცესს ქიმიაში ქიმიური რეაქცია ეწოდება. იგი ყოველთვის აქტივაციის ბარიერის გადალახვით მიმდინარეობს, რომლის გადასალახად მოლეკულებს მთელი თავიანთი შინაგანი ენერგიის დაძაბვა და „ჭირთა თმენა” უწევთ.
სამწუხაროდ, ტექსტი სრულად არც ამ გვერდზე იყო შემორჩენილი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი