შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პოეტის ცოლის ბიბლიოთეკა

ერთი არწივის გამოსახულებიანი ფლუგერი ნამდვილად დაამშვენებდა ჩვენს ეზოს და იმასაც ადვილად შევიტყობდით, პოეტის ცოლისთვის რა მიმართულებისა და სიჩქარის ქროლა უნდა აგვერიდებინა. თავიდან ისე იუკადრისა ნიჩბისის ქარები, ვინანეთ კიდეც მისი მოპატიჟება. მერე აივანზე გაცილებით მყუდრო ადგილი მოვუძებნეთ და რამდენიმე დღეში, მადლობის ნიშნად, კოკორიც გამოიტანა. ერთი პიკანტური ამბავი პირველი ყვავილის გაშლისთანავე გაცხადდა: პოეტის ცოლი ის ვარდი არ არის, გული ერთ დღეში გადაგიშალოს. როდესაც გგონია, რომ ბოლომდე გაიფურჩქნა და მოკლე ნაბიჯებით მისი სურნელოვანი შლეიფის გაზომვის დროც დადგა, რამდენიმე დღეში თავს გამოუცდელ ყმაწვილად გაგრძნობინებს. უეცრად აღმოაჩენ – ბოლომდე გაშლილი რომ გეგონა, თურმე ძველი დარდები ჰქონია გულში ჩახვეული მომცრო ფურცლებად. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ერთ დილას ყვითელი ყვავილის სიღრმიდან ამოწვერილ მტვრიანებს არ დალანდავ, პოეტის ცოლის მშვენიერებას ბოლომდე ვერ შეიგრძნობ. მზისთვის ზურგშექცეულს უკან დახევაც მოგიწევს, რადგან ნელსურნელებით ტკბობისთვის მის არომატულ სარტყელში შენი ყველაზე გრძელი ჩრდილიც კი თავისუფლად ჩაეტევა.

ის დღე იყო და ის დღე, ჩემს სასთუმალთან წიგნების საპატიო ყარაული შეიცვალა. ან რა  გასაკვირია, სწორედ ასე გადასხვაფერებულიყო ცხოვრება იმ ოთახში, რომლის კარზეც კერამიკის ფილას დილის ყვავილის, აბილილის ლათინური სახელი აწერია, ხოლო Wi-Fi-ს ქსელს, რომლის მეშვეობითაც სტატიისთვის ფაქტებს ამოწმებ, Books&Roses ჰქვია. საპატიო ყარაულის შეცვლის ცერემონია მარტივია: არაერთხელ გადაკითხული გამოცემები სასტუმრო ოთახის თაროებზე ინაცვლებენ და მათ ადგილს სხვები იკავებენ, ხანდახან თვეობითაც, რადგან საწოლის თავთან დაბინავებული წიგნები, როგორც წესი, მკითხველის აკვიატებულ ფიქრსა და განწყობას დარაჯობენ.

არა, ლიტერატურული ყვავილები ან თუნდაც ფლორიოგრაფია (ყვავილების სიმბოლური ენა) სხვა ამბავია, დიდი და საინტერესო, რომელზეც ბევრი დაწერილა. ამიტომ მწერლებსა და პოეტებს ამჯერად გვერდს ავუვლით, თვით შექსპირსაც, რომლის მკვლევრებიც სონეტებსა და პიესებში ამობიბინებული მცენარეების დიდ ნუსხას დააფრიალებენ. ჩვენ უფრო ყვავილებით მოჩითულ მდელოებს, ტყეებს, ბაღებს, ბუნებისმეტყველთა მარშრუტებს დავუყვებით და აღმოვაჩენთ, რომ პოეზიის თუ პოეტურობის გარეშე ამ გზებს არავინ შესდგომია.

პირველი წიგნი, რომელიც პოეტის ცოლის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა, ქართველი ბოტანიკოსის, ალექსანდრე მაყაშვილის ილუსტრირებული ლექსიკონია – „ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები“ და „ხეები და ბუჩქები“. მეცნიერი წლების განმავლობაში  ბოტანიკის ინსტიტუტის ცოცხალი კავკასიის ფლორის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და არაერთი სახელმძღვანელოს ავტორია. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში გამოცემული მონოგრაფიები მას მერე აღარ განახლებულა და ამიტომაც ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. ეს ტკბილხმოვანი და სურნელოვანი წიგნი – ღამის იებით, ჭიოტებით, ჩიტიწვივებით, საკენკელებით, კვარკვალიტებით, თიოშებით, წყალიკრეფიებითა და ფანფარებით –წინამორბედ ორ წიგნს აერთიანებს და განსაკუთრებული საჩუქარია არა მხოლოდ ბოტანიკოსებისთვის, არამედ მათთვისაც (ეტიენ პატრუს თქმისა არ იყოს), ვინც ბოტანიკოსი არ არის, მაგრამ ბუნება აინტერესებს.

რაც ყველაზე საინტერესოა, პირვანდელ მონოგრაფიებთან შედარებით ახალ გამოცემას მცენარეთა კუთხური სახელწოდებები აქვს დამატებული. მაგალითად, 158-ე გვერდიდან შეიტყობთ, რომ ბაძგს, წითელნაყოფიან მარადმწვნე ბუჩქს, ქართლში ირმის საკვნეტელა ჰქვია, რაჭასა და იმერეთში – ჭყორი, ფშავ-ხევსურეში – ზამთარ-ზაფხულა, სამეგრელოში – ბარცხელი და ა.შ. ეთნობოტანიკა გასანკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც სიტყვა უყვარს, მისი აღმოჩენა სიხარულს ანიჭებს და ჟღერადობით ტკბობა შეუძლია. მცენარეთა სიცოცხლის შესწავლა პოეტური საქმე რომ არ ყოფილიყო, მაყაშვილის ლექსიკონში ანა კალანდაძის „თვალციმციმებო, თქვენაც სალამი…“ არ მოხვდებოდა. 1956 წელს დაწერილი ლექსი, რომელშიც ათზე მეტი მინდვრის ყვავილია ნახსენები, პირველად სწორედ ორიგინალურ გამოცემაში  გამოქვეყნებულა.

„ზომა ისე შევარჩიეთ, რომ წიგნის ტარება ადვილი იყოს მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბუნებაში მცენარეთა მონახულებით და ამოცნობით,“  – წერს შესავალში მალხაზ მაყაშვილი და მეორე წიგნი, რომელიც პოეტის ცოლის ბიბლიოთეკაში დაბინავდა, სწორედ ასეთ მეცნიერებსა და მოგზაურებზეა.

„ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში“ (მკვლევრები: ანა ჭეიშვილი და ანა მარგველაშვილი) შარშან გამოიცა (ზემოხსენებული ეტიენ პატრუც სწორედ ამ წიგნიდანაა). ექიმი და ბოტანიკოსი ემილ ლევიე თავის განუყრელ მეგობართან, ბოტანიკოსთან და ანთორპოლოგთან, სტეფან სომიესთან ერთად 1890 წელს ლივორნიდან კავკასიაში გემით გამომგზავრებულა. ოთხთვიანი ექსპედიციის მიზანი აჭარაში, სვანეთში, კოდორსა და ჩერქეზეთში ჯერ კიდევ შეუსწავლელი ფლორის აღმოჩენა, ბოტანიკური კოლექციის შეგროვება და ანთროპოლოგიური კვლევა ყოფილა.

ლევიესა და სომიეს თან ხლებიათ ტოსკანელი გლეხი, მეტსახელად გოსტო, რომელიც ექსპედიციაში ყოფნისას, მცენარეების გაშრობასთან ერთად, მონადირის და მზარეულის საქმეს ითავსებდა. „გოსტოს ეჭირა გატენილი თოფი, სტეფანეს ჩემი დიდი რევოლვერი, მე კი მცენარის სათხრელი ბარი. ისე ვიყავით შეიარაღებული, თითქო აჭარის ასაკლებად მივსულიყავით. მე და სტეფანე ისე ვერ შევხედავდით ერთმანეთს, რომ არ გაგვცინებოდა. ფლორენციაში დიდ შთაბეჭდილებას მოვახდენდით, აქ კი, აბა, ვინ შემოგვხედავდა!“ – იხსენებს ლევიე.

წიგნის პირველივე ფოტოზე სამი წვეროსანი მოგზაურია გამოსახული, გოსტო კვლავ  თოფმომარჯვებული ზვერავს გარემოს, მის გვერდით სომიე ჩამომჯდარა და ლევიესკენ მობრუნებულა, რომელსაც შლაპა მოუხდია, ხელში პაწია ყვავილი დაუჭერია და დაკვირვებით შესცქერის. ფოტოს ნახვისთანავე გაჩენილი განცდა, რომ ლევიე პოეტი თუ არა, ლიტერატურის დიდი მოყვარული მაინც უნდა ყოფილიყო, სულ რამდენიმე გვერდის წაკითხვისთანავე გულისთქმას სცდება და უტყუარ ამბად იქცევა. „ჩემში კვლავ ცხოვრობს ჩვენი ერთად გატარებული დღეების მოგონებები. კარგად მახსოვს კავკასიის ტყეებსა თუ ალპურ ველებზე კარავში გატარებული ღამეები, როდესაც სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაძინებამდე, იმისათვის რომ დაგვევიწყებინა ვახშმის უკმარისობა, ის თავისი საყვარელი ჰაინესა და ალფრედ დე მიუსეს იუმორისტულ ლექსებს ციტირებდა, ან როდესაც თავისი ლამაზი ბასით შილერის „ყაჩაღებიდან“ ასრულებდა არიას ან სხვა სიმღერებს – გარემოების შესაბამისად,“ – წერს მეგობრის გარდაცვალებით დამწუხრებული სომიე.

კრებულში თავმოყრილია ჟურნალ „მოამბეში“ 1894 წელს გამოქვეყნებული წერილები, რომლებიც თავდაპირველად შვეიცარულ ლიტერატურულ კრებულში იბეჭდებოდა. ეს ტექსტები იმითაცაა ფასეული, რომ ლევიე არა მხოლოდ ფლორის, არამედ იმ პერიოდის ადამიანების, ქალაქების, სოფლების, მთების და ველების ამბებსაც გვიყვება. მისი თხრობის სტილი იმდენად მიმზიდველი, ხატოვანი და თავშესაქცევია, რომ არ მეგულება მკითხველი, ავტორთან ერთად მე-19 საუკუნის საქართველოში მოგზაურობის სურვილი არ გაუჩნდეს.

მესამე წიგნი ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ბუკინისტური კაფედანაა. ფრედ ფეარბრაზერის „ვარდები“ 1965 წელს არის გამოცემული და მის ფერად, ვინტაჟურ ყდას წითელი ვარდები ამშვენებს. Roses პრაქტიკული წიგნია ვარდების მოყვარულთათვის, სადაც დაწვრილებით არის განხილული ბაღის დაგეგმვის, ნიადაგის განოყიერების, გასხვლის, მკურნალობის, დაკალმების საკითხები. წიგნის ავტორი პროფესიით ქიმიკოსია, რომელიც ვარდების მოშენებით ადრეული ასაკიდან  ყოფილა გატაცებული და წლების განმავლობაში მათთვის ხელსაყრელ ნიადაგს იკვლევდა. ბუნებრივია, ვერც ასეთი წიგნი ასცდა საშესავლო მიმოხილვას, თუ როდის გაჩნდა ვარდის სიმბოლო მხატვრობაში, არქიტექტურასა და პოეზიაში. სანამ ხვიარა, ბუჩქოვანი, ველური და კულტრივირებული ვარდების თავისებურებებს გაგვაცნობს, ავტორი მათდამი ძველი სიყვარულის დასტურად ანაკრეონისა და ჰომეროსის სტრიქონებსაც იმოწმებს. იმავე ქვეთავში ჩნდება ერთი საგულისხმო ილუსტრაციაც –  ვარდი, სახელად ომარ ხაიამი. რახან ფოტო შავთეთრია, მინაწერში მითითებულია, რომ ყვავილი ვარდისფერია და ის ირანში, ომარ ხაიამის საფლავზე ყვავის. მოგვიანებით, ვარდის თესლი ნიშაბურიდან ინგლისში წამოუღიათ და მეცხრამეტე საუკუნის პოეტის, ხაიამის რობაიების პირველი მთარგმნელის, ედუარდ ფიცჯერალდის საფლავზეც უხარებიათ.

წიგნი მებაღის კალენდრით სრულდება, სადაც სეზონური საქმეები თვეების მიხედვით არის გაწერილი. იანვრის ასე იწყება –  „რაც შეიძლება მეტი წაიკითხეთ ვარდებზე“. ეს იმას ნიშნავს, რომ ვარდების მოყვარულებს თებერვლიდან ბუხრის წინ ჩამოსაჯდომად და წიგნების საკითხავად უფრო და უფრო ნაკლები დრო დაგვრჩება. ბაღის სხვა ბინადართა მსგავსად, „პოეტის ცოლსაც“ სჭირდება ხელის შევლება. განსაკუთრებული ზრუნვის გარეშე მისი სელექციონერის, დევიდ ოსტინის ვებგვერდზე ამოკითხულ აღწერილობასთან მიახლოება ნამდვილად გაუჭირდება.

„უხვად ისხამს ყვითელ ყვავილებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება. მათზე დაკვირვება მეტად სასიამოვნოა. გვირგვინის განაპირა რგოლის მწყობრი ფურცლები შიდა, უწესრიგო მწკრივს შემოფარგლავს. აქვს ძლიერი, საოცრად მდიდარი სურნელი, რომელსაც ლიმონის არომატი დაჰკრავს. წლებთან ერთად ყვავილის სუნი კიდევ უფრო მდგრადი და ტკბილი ხდება. ხშირ და ლამაზად მომრგვალებულ ბუჩქს ფოთლეული უბზინავს და ტოტები თაღად ეფარება.“

ვარდის შეფასებისას სწორედ სელექციონერის სიტყვას უნდა ენდოთ, თორემ ამ წერილის პირველი აბზაცი გულის გადასაყვავილებლად უფრო დავწერე.

სხვათა შორის, ოსტინის მრავალრიცხოვან კოლექციაში არსებობს ერთი მცირე ლიტერატურულ დაჯგუფება, სადაც არა მხოლოდ მწერლების, არამედ მათი თხზულებების და ლიტერატურული პერსონაჟების სახელობის ვარდებსაც გადააწყდებით – ემილი ბრონტე, როალდ დალი, დეზდემონა, სილას მარნერი, უჩინარი ჯუდი, წისქვილი ფლოსზე, პილიგრიმი… მართალია, მათ შორის პოეტის ცოლს ვერ აღმოაჩენთ, მაგრამ იცოდეთ, სხვების მსგავსად, ისიც ფურცლით ფასობს და კალმით მრავლდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი