ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როგორ გავხდეთ ბავშვებისთვის უფრო საინტერესო

პანდემიის ფონზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სკოლა არ არის საზოგადოებისაგან ცალკე მდგომი, დახურული ინსტიტუცია და მასზე გავლენას შიდა ფაქტორებთან ერთად გარე ფაქტორებიც ახდენენ. ამის საუკეთესო და ყველაზე სევდიანი მაგალითი სწორედ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებია.

თითქმის ერთი წელია, სკოლები დახურულია. შესაბამისად, ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეთათვის უფრო და უფრო რთული ხდება კონცენტრირება, აქტიური მონაწილეობა, დავალებების შესრულება, გაკვეთილებზე დასწრება და ა.შ. ამაზე მიუთითებს წინა სემესტრის გამოცდილებაც:

„მოტივაცია ბოლოსკენ ძალიან დაეცა; ივნისისკენ უკვე თითქმის აღარ შემოდიოდნენ ბავშვები“[1];

გარკვეულწილად, იგივე შეიძლება ითქვას მასწავლებლებზეც (ჩემს მაგალითზე, როგორც მინიმუმ).

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, [კიდევ] რა უნდა გააკეთონ სკოლებმა და მასწავლებლებმა რომ სასწავლო გარემო და პროცესი საინტერესო იყოს მოსწავლეთათვის?

ჩემი აზრით, გარდა აქსიომური პასუხებისა, რომ მასწავლებელი კარგად უნდა მოემზადოს გაკვეთილისათვის (რისი დროც ხშირად არ არის ხოლმე), მთავარი რჩევა იქნება ყურადღების გადატანა სოციალიზაციის ასპექტებზე, ურთიერთობების მხარდაჭერაზე, კომუნიკაციაზე.

ერთი შეხედვით, ესეც მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ არც თუ ისე. მე ვფიქრობ, რომ განტვირთვა და არაფორმალური განათლებით სწავლება დღეს საუკეთესო საშუალებაა შედეგების მისაღებად. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ამის საშუალებები მცირეა ან დიდი დრო სჭირდება მასწავლებელს რესურსების შესაქმნელად, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი.

პირველ რიგში, უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია არის მზად, მოხალისეობრივად დაეხმაროს სკოლებს და სთავაზობენ სხვადასხვა აქტივობასა თუ პროგრამას. მაგ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ტრენინგების სერია „ციფრული უსაფრთხოება – ტრენინგებისა სერია სკოლის მოსწავლეებისთვის“ ან ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ მიერ ორგანიზებული ვებინარების სერია „საუბრები ფსიქოლოგიაზე მოზარდებისა და მშობლებისთვის“.

გარდა ამისა, ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ეფექტიანია მოწვეული სტუმრების ჩართვა გაკვეთილებზე. ჩვენს შემთხვევაში, მოსწავლეებმა ჩამოწერეს ის ადამიანები, რომლებთანაც ისურვებდნენ შეხვედრას, ასევე ის პროფესიები, რომლებიც აინტერესებდათ. საბოლოო შეთანხმებით, დავუკავშირდით რამდენიმე მათგანს, რომლებიც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ მონაწილეობაზე. შესაბამისად, რთული ამაში არაფერია, მით უმეტეს, ინტერნეტის ეპოქაში.

კიდევ ერთი რამ, რაც კარგად მუშაობს, ეს არის კინოკლუბი. კინოკლუბის ფარგლებში შესაძლოა შეირჩეს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სია, რომელთა ჩვენებაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება. მაგ. სამშაბათს, 18:00 საათზე. ხოლო, ფილმის დასრულების შემდგომ, გაიმართება დისკუსია. დისკუსიებში შესაძლოა, მოიწვიოთ როგორც გარე სტუმრები, ასევე სკოლის შიდა წარმომადგენლები, რომ დისკუსია უფრო საინტერესო იყოს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია თანამედროვე, მოსწავლეთათვის საინტერესო ფილმების შერჩევა.

კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, თუმცა, ვფიქრობ, იდეა გასაგებია – მეტი ყურადღება სოციალიზაციასა და ურთიერთობებზე.

 

ფსიქოლოგიური თამაში

 

„მოსწავლეები ყველაზე უკეთ აფასებენ ან „მოსწავლეები საუკეთესო შემფასებლები“ არიან, ეს და მსგავსი ფრაზები ყველაზე მეტად მესმოდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ განხორციელების 4 წლის მანძილზე. კონკურსის ერთ-ერთ ეტაპზე შერჩეული მასწავლებლების მოსწავლეებსაც ვხვდებოდით და, ნამდვილად, ისინი ყველაზე უკეთ აფასებდნენ მასწავლებლის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მათთან დისკუსიები ამ კონკურსის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი იყო/არის.

ანალოგიურად, ბავშვები ყველაზე უკეთ გრძნობენ, რისი გაკეთება „მოსულა“ გაკვეთილზე და რისი – არა. შესაბამისად, გარკვეულწილად ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ თამაშს ჰგავს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის, უხილავს მაგრამ, გაწაფული თვალისთვის მაინც ხილულს.

ჩემი მცირე გამოცდილებით, სწორედ ეს არის მთავარი მასწავლებლისათვის – ფსიქოლოგიური მდგრადობა. სწორედ ამ მდგრადობისა და პროფესიის სირთულეებიდან გამომდინარე არის, რომ არაერთ ქვეყანაში მასწავლებლებისათვის სარელაქსაციო ოთახები აქვთ მოწყობილი, ჰყავთ ქოუჩები, ფსიქოლოგები, მხარდამჭერი ჯგუფები და ა.შ. სამწუხაროა, რომ ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ჩვენი კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, ასეთი სერვისებისგან ჩვენ ძალიან შორს ვართ.

თუმცა, ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური მდგრადობა გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან დაპირისპირებაში. არაერთი კვლევის მიხედვით, მასწავლებლების ყველაზე დიდი გადინება სწორედ საქმიანობის დაწყების პირველ წლებში ხდება, რადგან ისინი ვერ უძლებენ იმ წნეხს, რომელიც ამ პროფესიას ახლავს. მეც რამდენჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის, ვაკეთებ კი საკმარისს მოსწავლეებისთვის? როგორ დავაინტერესო ბავშვები? რჩებათ კი რაიმე ცოდნა გაკვეთილების შემდგომ? აქვს კი საერთოდ სწავლებას აზრი? ხომ არ სჯობს, რომ სხვამ ასწავლოს და ა.შ.

ეს ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის დროს, როდესაც მასწავლებლებს მოკლე დროში მოუწიათ დისტანციურ სწავლებაზე გადაწყობა.

„ონლაინდავალებების დაგეგმვას მიჰქონდა ძალიან დიდი დრო. ყოველდღიურად ფიქრი რომ ხვალ რა გააკეთო, რომ ბავშვები დააინტერესო, იყო ყველაზე დამღლელი“[2].

ამ მიმართულებით, არაერთი რეკომენდაცია გაჟღერდა და არსებობს მტკიცებულებები, თუ რა მუშაობს. თუმცა, როდესაც ამ სტატიას ვწერდი, დაემთხვა, რომ იმ მომენტში მეგობარს გაზიარებული ჰქონდა ბრიტანელი მწერლისა და ჟურნალისტის, იოჰან ჰარის ტედის გამოსვლა (Ted Talk), სადაც ის საუბრობდა დეპრესიისა და ღელვის შესახებ. გამოსვლის ზუსტი სახელია „ეს შეიძლება იყოს ის, რატომაც ხარ დეპრესიული ან აღელვებული“ (“This could be why you’re depressed or anxious”). ეს ადამიანი ჩემთვის ცნობილი იყო ტედის სხვა გამოსვლიდან, სადაც ადიქციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემო ფაქტორები პრობლემის მოგვარებაში (სხვათა შორის, ეს პრობლემა ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია და აგრესიული რეკლამებია ზუსტად ის გარემო ფაქტორები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას შეუძლებელს ხდის).

მოკლედ, ამ გამოსვლით დავინტერესდი და დიდი სიამოვნებით ვუყურე ვიდეოს, რომელშიც ეს ადამიანი საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა იგრძნოს თავი რაღაც ჯგუფის ნაწილად და არ ჩათვალოს, რომ ეს მხოლოდ მისი პრობლემა ან მისი სისუსტეა. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნებოდა სკოლებში მასწავლებელთა მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა, საგნობრივი ასოციაციების, პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გააქტიურება ამ მიმართულებით. შეუძლებელია ასეთი გამოწვევების გადაჭრა ინდივიდუალიზებული და ერთჯერადი ტრენინგებით, ეს გაცილებით სისტემური, მდგრადი და საინტერესო პროცესი უნდა იყოს მასწავლებელთათვის, რომლებიც, დროთა განმავლობაში ორგანულად გაგრძელდება და სკოლებისა თუ ზოგადად მასწავლებლის თემის ბუნებრივ ნაწილად იქცევა.

 

[1] რა უნდა გავითვალისწინოთ 2020-2021 აკადემიური წლისათვის. რეკომენდაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. განათლების კოალიცია. 2020.

[2] რა უნდა გავითვალისწინოთ 2020-2021 აკადემიური წლისათვის. რეკომენდაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. განათლების კოალიცია. 2020.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი