პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ელექტრონული სახელმძღვანელოები

ბილ გეიტსმა, ვინდოუსის შემქმნელმა, არაერთხელ განაცხადა, რომ კომპიუტერული ტექნიკის შესაძლობლობები ბოლმდე არ არის გააზრებული, რომ ადამიანს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე იყენებს. რომ ადამიანი თავისი ბუნებით კონსერვატიულია და ძნელად ეგუება სიახლეებს, რომლებსაც კომპიუტერული ტექნიკა სთავაზობს.
ამგვარ მოსაზრებებს ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ კომპიუტერული ტექნიკა საჭიროზე სწრაფად ვითარდება.
ფაქტია, კომპიუტერული ტექნოლოგიები მართლაც უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს და ეს სახელმძღვანელოებსაც ეხება.
წიგნი თავისი ფორმით, ისეთი, როგორიც ის დღეს არის დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისაგან რასაც ჩვენ დღეს წიგნს ვუწოდებთ. შუმერული წიგნი თიხის ფირფიტაზე იწერებოდა და თანამედროვე ადამიანს აგურს მოაგონებს. ეგვიპტური წიგნები კი პაპირუსის გრაგნილებს წარმოადგენდნენ. მათ საერთოდ არ ჰქონდათ გვერდები. განსაკუთრებით მნიშვნელვანი გრაგნილებისათვის სპეციალურ ყუთებს ამზადებდნენ, რომლებიც ამგვარი წიგნებისთვის ყდის მაგივრობას წევდნენ. დღეს უკვე ელექტრონული წიგნებიც არსებობს, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნია მატერიალური გარსი. ელექტრონული წიგნი ხომ უბრალოდ კომპიუტერული ფაილია, რომლის გახსნა, წაკითხვა კომპიუტერის ან ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობით არის შესაძლებელი.

ლექსიკონები და ენციკლოპედიები

 

რაღაც დროის განმავლობაში ლექსიკონები და ენციკლოპედიები სრულად გადაინაცვლებენ ელექტრონულ ფორმატში. ნაბეჭდ წიგნთან შედარებით, მათი ასეთი ფორმით მოხმარება გაცილებით მოსახერხებელია. ნაბეჭდ წიგნში საჭიროა უამრავი ფურცლის გადაშლა, სანამ სასურველ ინფორმაციას იპოვი. ელექტრონულ წიგნში კი საკმარისია ერთი სიტყვის აკრეფა და ელექტრონული მოწყობილობა თავად გიპოვის რასაც ეძებ.
რამოდენიმე დღის წინ, უძველესი ენციკლოპედიის Britannica -ს წარმომადგენლება განაცხადეს რომ Britannica ბეჭდური სახით აღარ გამოიცემა. რომ ამიერიდან ამ ენციკლოპედიის მოხმარება მხოლოდ ელექტრონული სახით იქნება შესაძლებელი.
საგულისხმოა რომ Britannica-ს 244 წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში ამ ავტორიტეტული გამოცემის 7 მილიონზე მეტი კრებულია გაყიდული.

ხმოვანი წიგნები

 

ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი ტიპის წიგნების, მაგალითად აუდიოწიგნის შექმნა გახადა შესაძლებელი. მსგავსი წიგნები სულ მეტი პოპულარობით სარგებლობენ. მართლაც, ცუდი არ არის, როდესაც რამე საქმის კეთების პარალელურად წიგნის კითხვაც, უფრო სწორედ კი წიგნის მოსმენაც არის შესაძლებელი. ასეთი წიგნი სასწავლო პროცესშიც საკმაოდ გამოსადეგია, როდესაც საქმე, მაგალითად, უცხო ენის შესწავლას ეხება.
თუკი აქამდე აუდიო წიგნიების დასამზადებლად ხმის ჩამწერი სტუდია იყო საჭირო, დღეს უკვე ზოგიერთ ელექტრონული წიგნის წამკითხველ მოწყობილობას სპეციალური პროგრამები მოჰყვება, რომლებიც სურვილის შესაბამისად უკითხავენ წიგნებს  მომხმარებლებს. ადამიანს, იმის ნაცვლად, რომ თავად იკითხოს, შეუძლია ეს საქმე სპეციალურ პროგრამას გადააბაროს, ყურსასმენები მოიმარჯვოს და ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობა თავად წაუკითხავს მას სასურველ წიგნს. ასეთ პროგრამებს Text to Speech, ტექსტის საუბარში გადამყვან პროგრამებს უწოდებენ. მსგავსი ტექსტის წამკითხველი პროგრამები სხვადახვა ენებისთვისაა შექმნილი, ინგლისურენოვანი ვერსიები საკმაოდ მიახლოებულია ადამიანის ხმასთან.

სახელმძღვანელოები

 

ელექტრონული წიგნის სასწავლო პროცესში გამოყენებას უამრავი უპირატესობა აქვს. მაგალითად რომელიმე ბიოლოგიურ პროცესს სახემძღვანელოში შეიძლება მრავალი გვერდი დაეთმოს და ის მაინც ძნელად აღსაქმელი დარჩეს მოსწავლისათვის, მაშინ როდესაც, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადებული ერთი მარტივი ანიმაციისათვის თვალის გადავლება საკმარისი აღმოჩნდეს რთული ბიოლოგიური პროცესის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად. მსგავსი ტიპის სახელმძღვანელოებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
კომპანია APPL-მა კი სპეციალური პროგრამა გამოუშვა რომლის საშიუალებითაც ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაა შესაძლებელი. ამ პროგრამას iBooks Author ჰქვია და მისი შესაძლებლობები შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ: https://www.apple.com/ibooks-author/
რა თქმა უნდა ელექტრონული წიგნების დანერგვა არც ისე ადვილი საქმეა. მაგალითად, ამერიკაში სახელმძღვანელოების ბაზარი 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მას ბოლო დროის კრიზისმაც ვერაფერი დააკლო. ამ ბაზრის დიდი ნაწილი კვლავ ქაღალდზე დაბეჭდილი პროდუქცია შეადგენს.

რა ელის ქართულ ენას

 

როგორც ჩანს, ელექტრონული სახელმძღვანელოების როლი სასწავლო პროცესში გაიზრდება და თუკი არ იარსებებს ქართულენოვანი ელექტრონული სახელმძღვანელოები, შესაბამისად ჩვენს ენაზე ცოდნის მიღება  რთული იქნება. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა და გამოყენების არეალი კიდევ უფრო შემცირდება. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობა ეხლავე დაიწყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი