პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მორცხვი ბავშვების მინდორი

რამდენიმე წელია ვასწავლი და ყველა კლასში ერთმანეთის მსგავსი მდგომარეობა მხვდება – ცოცხალი, ინტერესიანი და მორცხვი ბავშვები ერთად სხედან და ეს უკანასკნელები ხმის ამოღებას ვერაფრით ბედავენ.

 

თითქოს სიმორცხვე ხასიათის ნაწილია, მაგრამ ხშირად მიფიქრია, რომ ხასიათსაც ხომ მხოლოდ ჩვენი ფსიქოტიპები არ ქმნიან. ის, რომ ვიღაც ქოლერიკია და სხვა კი მელანქოლიკი, არ შეიძლება აპრიორი განსაზღვრავდეს იმას, როგორი ვიქნებით საზოგადოების წიაღში.

ამაზე ფიქრმა ჩემი ძვირფასი მოსწავლეების შინაგანი სამყაროს იმ ნაწილის ზევით ამოწევისკენ მიბიძგა, რომელიც მგონია, რომ ხასიათის კი არა, გარემოებების ბრალია.

თუ სწავლება მხოლოდ ცოდნისა და ინფორმაციის მიცემაა, მე ასეთ მასწავლებლად დარჩენა არ გამიხარდებოდა. თუ ბავშვის აღზრდაში ოჯახთან ერთად მეც არ ჩავერთე, რაში მჭირდება ცოდნის მიცემა, რომელიც, ჩვენი ტექნოლოგიური საუკუნის წყალობით, ისედაც ხელმისაწვდომია?

განათლების პროცესი ხომ შედეგიდან არასოდეს გამომდინარეობს. ის ჩვენი არსებობის ნაწილია. განა ვინმე იტყვის „გავნათლდი“ და მორჩა ამბავიც და ინტერესიცო? თუ იტყვის, ხომ შემცდარია და თუ დაიჯერებს – სულელიც?

ერთი დიდი სიამოვნებაა ხოლმე მოსწავლეში ადამიანის დანახვა, მისი საინტერესო, შინაარსიანი ბუნების ჭვრეტა, მასთან და მისნაირად ფიქრის მცდელობა, სიტუაციასთან თანაზიარობა და იმ სიმძიმის ცენტრის პოვნა და ხელის ჩაჭიდება, ყველაფერს რომ აგაწევინებს.

მინდა ერთ ჩემეულ გამოცდილებაზე მოგიყვეთ, რომელიც ზოგიერთ პედაგოგს იქნებ რამეში გამოადგეს კიდეც, რჩევა მომცეს, თავისი დაუმატოს და მთელი ეს ერთობლივი კერძი მასწავლებლებმა კლასში შევიტანოთ.

ბევრი შეამჩნევდა, რომ კლასის რომელიმე წევრის ჩაკეტილობა, სიმორცხვე, მორიდებულობა და სხვების წინაშე ხმის ამოღების შიში მთელ ჯგუფზე აისახება. ამიტომაც, როდესაც ახალ ჯგუფთან ვიწყებ მუშაობას, სწორედ ასეთი ბავშვების შინაგანი შებოჭილობისგან გათავისუფლება მიმაჩნია ხოლმე უპირველეს მიზნად.

რაკი ჩემი საქმე მწერლობასთან ერთად კინოცაა, კლასში იმ გამოცდილ მეთოდს ვიყენებ ხოლმე, მსახიობებთან ურთიერთობისას ჯერ კიდევ სტანისლავსკიმ რომ დაუტოვა კაცობრიობამ.

ადამიანს საკუთარი სხეულის, გონებისა და ემოციების გამოხატვის სირცხვილი უნდა დაავიწყო.

მე ასე ვაკეთებ: როდესაც ჯგუფის ყველა წევრს დავალებას გამოვკითხავ ხოლმე და მორიდებული მოსწავლეები ალმურმოკიდებულები და შეშფოთებულები უყურებენ დანარჩენებს, ვხვდები რამხელა სტრესის გადალახვა უწევთ ამ დროს და ჩემი თავი მახსენდება უზარმაზარ საკონფერენციო დარბაზში, სადაც ნაცნობ, დაღეჭილ თემაზე მიკროფონით უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა.

ვიღაცისთვის ეს მდგომარეობა სრულიად ბუნებრივია. თავს ისე გრძნობს, როგორც ღამურა გამოქვაბულში, მაგრამ სხვა იძაბება, ოფლი მოსდის, სუნთქვა უხშირდება და თავბრუსხვევა ეწყება. ასე ემართებათ ადამიანებს კამერის წინაც, რასაც ერთადერთი რამ – შეჩვევა შველის.

მორცხვი მოსწავლეების მდგომარეობის დასაძლევად მარტივი და, ჩემი აზრით, ეფექტიანი საშუალება მოვიფიქრე: ძალიან მარტივ და იოლ შეკითხვებს სწორედ მათ დავუსვამ ხოლმე, რადგან კუთხეში მიმწყვდევა აღარ უწევთ და ადვილად „აღწევენ“ ხოლმე თავს „მძიმე ვითარებას“.

საჯაროდ ხმის ამოღებაში ვარჯიში, ბავშვებში თავდაჯერებას, საკუთარი ძალების რწმენას, „ბარიერის გადალახვით მიღებული სიამოვნების კვლავგანცდისკენ ლტოლვას“ და სულ მცირე გაუბრალოების შეგრძნებას იწვევს.

წვეთ-წვეთობით, დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე და ხან წლიდან-წლამდეც კი ვაკვირდები ხოლმე როგორი თავდაჯერებული და აქტიური ხდება მოსწავლე, რომელიც პირველ შეხვედრაზე სკამზე მოწურული იფშვნეტდა თითებს. ახლა ისინი არ აცლიან ხოლმე ახალმოსულ მორცხვ ბავშვს აზრის გამოთქმას, იწევენ ხელს, იწიწკნიან ყელს მუდარით – „მას, მას, მე ვიტყვი რა!“, აქვთ საკუთარი აზრის დაუზარელად გამოხატვის მუდმივი სურვილი და შინაგან სილაღეს იქნებ მხოლოდ კლასში (რადგან არ ვიცით სკოლიდან რა გარემოში ბრუნდებიან) ავლენენ ხოლმე.

ასეთი ბავშვები სკოლაზე შეყვარებულები ხდებიან. არასოდეს ეზარებათ გაკვეთილზე მოსვლა, რადგან ვის, თუ არა მათ, უძღები შვილივით კარგად ახსოვთ, რომ არსებობდა დრო, როდესაც ყველაფერი გაცილებით რთულად იყო.

როდესაც მორცხვ ბავშვს ხმის ამოღების რცხვენია, სულ მახსენდება ვინსტონ ჩერჩილი, ისტორიის გამორჩეული ორატორი, ვისაც მეტყველების პრობლემა ჰქონდა და სკოლაში სირცხვილით ხმას ვერ იღებდა; ან მერლინ მონრო, დაწყებით კლასებში ენის ბორძიკის გამო ტირილს რომ იწყებდა; მოსეც – ცნობილი ენაბლუ ღმერთმა რჩეულ ხალხთან სალაპარაკოდ რომ გამოირჩია.

რა ბედნიერებაა, როცა არსებობს მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და რამდენჯერ მეტი სიხარულია ისეთი პედაგოგის არსებობა, რომელიც შეიძლება გახდეს კიბე, რომლითაც ბავშვი ზეცისკენ მიმავალ გზას დაადგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი