ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

არა პურითა ცხოვნდების ლექტორი, არამედ სიტყვითა

 

 პროფესიული ასკეტიკის გაკვეთილები ქართულ უნივერსიტეტებში

 რამდენიმე დღის წინ, ამ საზაფხულო ხელმომჭირნეობის პირობებში, ერთი აუცილებელი ნივთის განვადებით გამოტანის ერთობ რთული გადაწყვეტილება მივიღე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნივთის ფასი სამნიშნა ციფრს არ აღემატებოდა. საბანკო განაცხადის შევსებაში ჩემი დახმარება კი ერთმა იმთავითვე კეთილგანწყობილმა კონსულტანტმა ითავა. მივადექით სამსახურების ჩამონათვალს და ხუთი უნივერსიტეტის დასახელება რომ ჩამოვურაკრაკე, პოზიციად კი – ლექტორიც მივაყოლე ომახიანად, მყისვე შევნიშნე როგორ იქცა კეთილგანწყობა იგი ფრიად მოწიწებულ აღფრთოვანებად.

სანამ რომელიღაც რიგითი კრედიტოფიცრისგან განვადების დამტკიცებაზე პასუხს ველოდით, ბანკის კეთილგანწყობილმა კონსულტანტმა მოკრძალებით მკითხა თუ რას ვასწავლიდი და მეც ოდნავ ჰიბრისშერეული ანტიკური მაღალფარდოვნებით ვამცნე იმ ხუთივე საგნის შესახებ, რასაც ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში ვკითხულობ და ის იყო, მისი მოწიწებული აღფრთოვანება უპირობო თაყვანისცემად უნდა ქცეულიყო, რომ კრედიტოფიცრისგან პასუხი მოვიდა.

„არაო!..“ – რაღაცნაირი გაოგნებული თანაგრძნობით ამოიბუტბუტა კონსულტანტმა და გაოცებულმა გადახედა თავის კოლეგას, რომელმაც დადებითი პასუხი ახარა რომელიღაც სასტუმროს თანამშრომელ მის კლიენტს – რჩეულს რჩეულთა შორის, ვინაიდან ბანკმა მას წამში დაუმტკიცა სესხი იმ თანხაზე, რაზედაც ჩემი სახელფასო-პროფესიული მორალი ოცნების საშუალებასაც კი არ მომცემს მომდევნო 3-4-5 ათწლეულის განმავლობაში.

„არაუშავს, უტელეფონოდაც გავძლებ!“ – დავამშვიდე გულწრფელად აღელვებული კონსულტანტი და წამოვედი სახლში, სადაც ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გამოგზავნილი შუალედური გამოცდის 73 ნაწერი მელოდა სასწრაფოდ გასასწორებლად.

„არაუშავს, მოვასწრებ!“ – ვთქვი და მართლაც მოვასწარი, რის შემდეგაც 73 წერილი გავგზავნე სტუდენტებთან – ნიშნებითა და შეცდომების ახსნა-განმარტებებით.

ამასობაში, დამტვრეულ ტელეფონზე მესიჯიც მივიღე, რომელიც მამცნობდა რომ ქვეყნის პირველ უნივერსიტეტში ანტიკური ლიტერატურის ისტორიის სემინარების ჩატარების სანაცვლოდ სრულიად დამსახურებულად და დაუყვედრებლად დამერიცხა საბანკო ანგარიშზე ყოველთვიური 56 ლარი.

– რა კარგია ცხოვრება, – ვთქვი მე და მესამე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ტესტის მომზადება დავიწყე, რაც ამავე უნივერსიტეტის დეკანატისგან მეილზე მიღებულმა შეტყობინებამ შემაწყვეტინა. დეკანატურ-ადმინისტრაციულ-მენეჯერული ტონით გაჯერებული წერილი სავსე იყო ლექტორების დატუქსვითა და საყვედურით – პანდემიის პირობებში სალექციო-ტექნიკური მოწოდების სიმაღლეზე კი არა, მთლად მწვერვალზე ვერყოფნის გამო.

– რა კარგია ცხოვრება, – გავიმეორე მე და მეოთხე უნივერსიტეტის სტუდენტისგან გამოგზავნილი შეტყობინება გავხსენი. ეს სტუდენტი მთხოვდა, რომ ფინანსურად დავხმარებოდი ჩემს ერთ-ერთ უცხოელ სტუდენტს, რომელსაც დედა და მამა უცებ, ერთდროულად გარდაეცვალა და მცირეწლოვანი და-ძმა დარჩა საპატრონოდ, დავხმარებოდი რამდენითაც შევძლებდი.

და აქ უკვე აღარ გამეცინა. აღარ კი არა ვეღარ.

მომიტევეთ ჩემი ცხოვრების ეს დეტალები ასე მოურიდებლად რომ გამცნეთ, თუმცა ამის მიზანი სხვა არა ყოფილა რა, თუ არა ჩვენება იმ აბსურდისა, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტებში დასაქმებული (ძირითადად, ჰუმანიტარი) ლექტორები ვცხოვრობთ. ეს აბსურდი გულისხმობს: დილიდან საღამომდე ლექციების ტარებას, არაპანდემიურ პირობებში დღის განმავლობაში 2-3 უნივერსიტეტს შორის სირბილს, პანდემიის პირობებში კი კომპიუტერის ეკრანს შენივთებულ შენს არსთან ჭიდილს, შესაბამისად – ყოველდღიურად, ათობით სტუდენტთან კომუნიკაციას, უნივერსიტეტების მიერ მთავარ შესაქმედ დასახულ ტექნიკურ ლაბირინთში ყოველდღიურ ფართხალს (სხვა სიტყვა არ მახსენდება), ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი შენი ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად, ახალი მასალების გაცნობაში გათენებულ უძილო ღამეებს, მერე სტუდენტების ნაწერების სწორებაში გათენებულ სხვა ღამეებს, შენი საყვარელი ტექსტების სათარგმნელად თუ რომელიმე უძილო ღამე გამონახე – ამით მოგვრილ ტკბილ-მწარე სევდასა და მომდევნო დღის ასატან სიმძიმეს და რა თქმა უნდა, გულისხმობს სხვა, შენს პროფესიასთან სრულიად არაფერშუაში სამსახურის საქმეების ისტერიულ კეთებას, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ ფიზიკურად გადარჩე. ამ ყველაფერს კი  ჭეშმარიტად ფილოსოფიურ-ასკეტური ფასი აქვს, ვინაიდან ლექციებზე გაწეული შრომის, მაღალ მატერიებზე საუბრის, სტუდენტებისთვის სწორი ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად – შენი ცხოვრების მათ ცხოვრებაზე მორგების სანაცვლოდ, თვის ბოლოს მოგდის 56 ლარიანი შეტყობინება, რომელიც გამცნობს, რომ დღეს შენ – ამ ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტისა თუ უნივერსიტეტების ლექტორი, ამ ფასად ღირხარ.

ჩემი პროფესიიდან ყველაზე მეტად ბერძნული ენა მიყვარს, ენაც და ლიტერატურაც. ყველაზე დიდი ენთუზიაზმითაც სწორედ ამ საგნებს ვასწავლი.

ბერძნულ ენაში არსებობს ერთი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სიტყვა – ἀσκῶ, რომელიც „წვრთნას“, „ვარჯიშს“ ნიშნავს. აქედან მომდინარეობს „ასკეტი“ – სიტყვა, რომელმაც რელიგიური დატვირთვა მიიღო და ყოველგვარი ამქვეყნიურის უარმყოფელი,  მხოლოდ სულიერ წვრთნაზე მომართული ადამიანის ამსახველად გვევლინება. თუ ამ მოცემულობას გავითვალისწინებთ ლექტორის მთავარი მისიის – საკუთარი და სტუდენტების სულის წვრთნის კონტექტსში, ყველაფერი დალაგდება:

რატომ უნდა იზრუნოს ვინმემ და მით უმეტეს, სახელმწიფომ იმისათვის, რომ სულიერ წვრთნაში დაგვაბრკოლოს ჩვენ – ლექტორები და გაწეული შრომის შესაბამისი  უკადრისი  ფინანსური ანაზღაურებით, ხელი შეგვიშალოს ჩვენი ჭეშმარიტად ანტიკურ-ფილოსოფიური მოწოდების აღსრულებაში? განა ჩვენ თავად ხშირად არ ვიმეორებთ ხოლმე პლატონისაგან, ეპიქტეტესაგან, სენეკასაგან და სხვა დიდ მოაზროვნეთაგან დასწავლილ ფრაზებს – რომ ჭეშმარიტად მდიდარი ის კი არაა, ვინც დიდ ქონებას ფლობს, არამედ ის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია, იმიტომ რომ მთავარი არა სხეული, არამედ სულია, მეგობრებო, სულზე უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ.

და მე, როგორც ერთი რიგითი ლექტორი, რომელიც მხოლოდ სულზე ვზრუნავ და მის გარდა არაფერი სხვა არ მჭირდება, მადლობას ვუხდი იმ უნივერსიტეტებს, რომლებშიც ვმუშაობ, მადლობას ვუხდი სახელმწიფოს, რომლის ბიუჯეტშიც შემაქვს ჩემი მოკრძალებული, მაგრამ ძალზე გულწრფელი წვლილი, მადლობას ვუხდი იმიტომ, რომ ხელს არ მიშლიან, პირიქითაც კი – მთელი არსებით მეხმარებიან, რომ ჭეშმარიტ ასკეტად ვიქცე და სულიერი წვრთნის უმაღლეს საფეხურებს მივაღწიო.

ამის საპირწონედ, სახელმწიფოსგან, რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნით სკოლის მასწავლებლებს, მადლობა ეკუთვნით ექიმებს, მადლობა ეკუთვნით ბანკების, მაღაზიების და სხვა დაწესებულებების თანამშრომლებს იმისათვის, რომ პანდემიისგან – მსოფლიო მასშტაბის ამ აპოკალიპტური გამოცდისგან გამოწვეულ სირთულეებს გაუძლეს და გადარჩნენ! მადლობა ეკუთვნით მათ იმისათვის, რომ სულით არ გატყდნენ, ძლიერები იყვნენ ბოლომდე, უფრო მეტიც – განმტკიცდნენ კიდეც, მადლობა და ფინანსური დამხმარებაც ეკუთვნის ყველას, ყველას, ყველას – გარდა ლექტორებისა, რომელთათვის ეს ყოველივე განა სირთულე, განა რაღაც ატიპიური ვითარება, არა, მხოლოდ პროფესიული ვარჯიში იყო, მხოლოდ წვრთნა იყო, რის გამოც მადლიერნი და სიამით აღსავსენი სულიერი წვრთნის სიმაღლიდან უნდა ხარობდნენ.

ამ წერილში არაფერია პერსონალური, არაფერია პირადი, რადგან ჩემი ამბავი გარდა ლექტორობის ამბისა, მრავალ სხვა წახნაგსაც მოიცავს, რის გამოც ხშირად ვამბობ – რომ გამიმართლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი პროფესიის ხალხს და მათ ცხოვრებასთან ჭიდილს ვუყურებ. ამ წერილში ყველაფერი ზოგადია და ასახავს იმ ვითარებას, რომელსაც ჩვენი საამაყო უნივერსიტეტების საამაყო ლექტორების ყოველდღიურობაცა და მთელი ცხოვრებაც ჰქვია. ეს ყოველდღიურობა აღსავსეა უამრავი სიხარულით. ამ სიხარულის მიზეზი კი თავად მიხვდებით, ვინც არიან. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არჩევანია. არჩევანი საკუთარ თავსა და საკუთარი თავის სხვა ვერსიას შორის, რომლად ყოფნაც ჯერ კიდევ მაშინ არ ისურვე, როცა პრესტიჟულ და ერთობ შემოსავლიან დარგს გთავაზობდნენ პროფესიად. არ ისურვე იმიტომ, რომ იმთავითვე გჯეროდა – რასაც აკეთებ იმას უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე ტელეფონს, რომელიც საბოლოოდ კი იყიდე, მაგრამ მაინც არასოდეს დაგავიწყდება შეხვედრა იმ ახალგაზრდა კონსულტანტთან, რომელიც შეიძლება სტუდენტია ან შესაძლოა, უკვე დაამთავრა უნივერსიტეტი და სწავლის გაგრძელებაზე, აკადემიურ კარიერაზე ოცნებობს კიდეც. არასოდეს დაგავიწყდება შენი ხუთ უნივერსიტეტიან-სამსახურიანი განაცხადის შევსებისას, როგორ ჩადგა მის აღფრთოვანებაჩამქრალ თვალებში უზარმაზარი ურჩხული – შიში. შიში მომავლის მიმართ. ოღონდ ვისია ეს მომავალი მე არ ვიცი – ჩემი თუ მისი.

ამიტომაც ერთი თხოვნით, და რამდენადაც ჩემი პროფესია მაძლევს ამაზე მსჯელობის უფლებას, ერთი ლოგიკური შეთავაზებით მივმართავ ქართულ უნივერსიტეტებს, მთავრობებსა და მხედრობებს: ახალი სემესტრის შესაქმეს რომ შეუდგებით და პირობითად, 56 ლარიან შრომით ხელშეკრულებებს გააფორმებთ თქვენს საამაყო დასაქმებულებთან, არ დაგავიწყდეთ – ლათინური სიტყვა „ლექტორი“ ჩაანაცვლოთ ბერძნული სიტყვით „ასკეტი“, ვინაიდან აგერ უკვე რამდენი ათასწლეულია, უცვლელ კოსმოგონიურ კანონად და პირველსაქმედ გვევლინება ყველაფრისთვის თავისი ზუსტი, ჭეშმარიტი, შეუმცდარი სახელის დარქმევა.

„იქმენინ ასკეტი!“ – გაიმეორეთ, თქვით, ნუ შეგრცხვებათ!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი