შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სიმშვიდე და თავდაჯერება, რომელიც ისწავლება

„სიმშვიდე და თავდაჯერება მხოლოდ გრძნობები როდია. ეს არის უნარები, რომელთა მართვის სწავლება მშობლებსაც და შვილებსაც შეუძლიათ“, – დარწმუნებულია ენ მარი ალბანო, შფოთვითი აშლილობის სპეციალისტი. მან იცის, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ ბავშვებთან, როგორ დავეხმაროთ და არ გავაუარესოთ მათი მდგომარეობა მოჭარბებული მზრუნველობით. ის თავის გამოცდილებას გვიზიარებს:

 

„ბავშვობაში ბევრი რამის მეშინოდა – ელვის, მწერების, ხმამაღალი ბგერებისა და სხვადასხვა პერსონაჟის კოსტიუმებში ჩაცმული ადამიანების. ასევე, ორი ძლიერი ფობია მქონდა: ექიმებისა და აცრების. პედიატრისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი მცდელობის დროს იმდენად უკონტროლო გავხდი, რომ მან დასამშვიდებლად სილაც კი გამაწნა. 6 წლის ვიყავი – ან ბოლომდე უნდა მებრძოლა, ან რაც შეიძლება შორს გავქცეულიყავი. ნემსის გაკეთებისას, მშობლების ჩათვლით, 3-4 მოზრდილი ადამიანი მაკავებდა.

 

როდესაც სკოლაში წასვლის დრო მოვიდა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ფლორიდაში გადავედით. სამრევლო სკოლაში ახალმისული ვიყავი, არავის ვიცნობდი და ახალი კოლექტივი მაშინებდა. პირველივე დღეს მასწავლებელმა ბავშვები გვარებით ამოიკითხა და მე ნიუ-იორკული აქცენტით ვუპასუხე: „აქ ვარ!“. მან გაიცინა და თქვა: „საყვარელო, აბა, ადექი და დამარცვლით თქვი: „ძაღ-ლი“. ავდექი და იმავე აქცენტით გავიმეორე. კლასში ყველამ, მათ შორის მასწავლებელმაც, გადაიხარხარა. მსგავსი დამამცირებელი სიცილი სხვადასხვა მიზეზით მომავალშიც ბევრჯერ განმეორდა.

 

სახლში აცრემლებული მივედი და მშობლებს ვთხოვე ნიუ-იორკში დავბრუნებულიყავით, ან ბოლოს და ბოლოს, მონასტერში გავემწესებინე. არაფრით მინდოდა სკოლაში წასვლა. მშობლებმა მომისმინეს და მითხრეს, რომ სიტუაციაში უკეთ  გაერკვეოდნენ, ნიუ-იორკში რომ გვეცხოვრა, მაგრამ სწავლა აქ უნდა გამეგრძელებინა. ეს ელექტრონული ფოსტისა და მობილური ტელეფონების არსებობამდე მოხდა. ამიტომ მშობლების მიერ გაგზავნილი წერილები კვირების განმავლობაში მოგზაურობდნენ  მაიამისა და ვატიკანის არქიეპარქიებს შორის. ყველა სასწავლო დღე კი ისევ ჩემი ტირილით სრულდებოდა.

 

დედა ჩემს მხარდაჭერას ცდილობდა და ყოველდღიურად რომელიმე ეპისკოპოსის დანაბარებს გადმომცემდა ხოლმე: „გააგრძელოს სკოლაში სიარული, სანამ ახალ ადგილს მოვუძებნით“. ბოლოს ხალხი დამეხმარა, ახალი მეგობრები გავიჩინე და ნიუ-იორკში დაბრუნება უკვე ჩემი ერთადერთი საშველი აღარ იყო.

 

ბავშვთა შფოთვითი აშლილობის შესწავლისას უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ გავიგე. ახალგაზრდებში ის ბავშვობიდანვე საკმაოდ გავრცელებულია. ეს დაავადება თავს ოთხი წლის ასაკიდან იჩენს და მოზარდობაში ყოველ მეთორმეტეს ხელს უშლის ნორმალურად ცხოვრების გაგრძელებაში: სახლში, სკოლაში, თანატოლებთან.

 

შფოთვის გამო ბავშვები შეშინებულები, შეწუხებულები არიან, ფიზიკურ დისკომფორტს განიცდიან. მათთვის რთულია ყურადღების კონცენტრირება, დასვენება, მხიარულება, მეგობრების გაჩენა და იმის კეთება, რასაც მათი ასაკის ბავშვები აკეთებენ. შფოთვამ შეიძლება ის გააუბედუროს, ამ ამბის ეპიცენტრში მყოფი მშობლები კი მაინც  გვერდიდან მაყურებლად დარჩნენ…

 

ერთხელ ჩემს მშობლებს ვკითხე: „რატომ მაკავებდით? ხომ იცოდით, რომ ნემსის მეშინოდა, მაგრამ მაინც აგრძელებდით ამის კეთებას. რატომ მიყვებოდით ზღაპრებს მაშინ, როცა სკოლა მაშინებდა, იქ ყოველდღე შეურაცხმყოფდნენ“. მათ მიპასუხეს: „გიყურებდით და გული ათას ნაწილად გვეშლებოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო. იძულებული ვიყავით, ის გაგვეკეთებინა, რაც შეგაწუხებდა. ვიმედოვნებდით, რომ ამას შეეგუებოდი. ვაქცინაცია აუცილებელი იყო. სკოლაშიც აუცილებლად უნდა გევლო“.

 

მშობლებმა ბევრი რამ არ იცოდნენ. სინამდვილეში, მათ არა მხოლოდ წითელაზე ამცრეს, არამედ ბევრ სხვა რამეზეც – შფოთვითი აშლილობა კი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გამყვა.

 

ბავშვებში გადაჭარბებული შფოთვა არის სუპერვირუსი, რომელიც გადამდებია და შეიძლება გამრავლდეს. ზოგი ბავშვი ჩემთან რამდენიმე შფოთვითი აშლილობით მოჰყავთ. მათ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე სახის განსაკუთრებული ფობია, განშორების შიში და სოციოფობია ერთად. თუ შფოთვითი აშლილობა დროულად არ განიკურნა, ეს შეიძლება მოზარდობის პერიოდში დეპრესიაში გადაიზარდოს, რაც მათ ნარკოდამოკიდებულებისკენ ან თვითმკვლელობისკენ უბიძგებთ.

 

ჩემი მშობლები თერაპევტები არ ყოფილან. ისინი არცერთ ფსიქოლოგს არ იცნობდნენ. რასაც აცნობიერებდნენ, ის იყო, რომ აცრები და სკოლა შეიძლებოდა ჩემთვის უსიამოვნო რამ ყოფილიყო, მაგრამ არ დამაზარალებდა. გადაჭარბებულ შფოთვას შეეძლო მომავალში უფრო მეტი დარტყმა მიეყენებინა ჩემთვის, მშობლებს რომ პრობლემებისგან გაქცევის შესაძლებლობა მიეცათ. მე ვერ ვისწავლიდი გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან გამკლავებას. ასე რომ, ჩემმა მშობლებმა უბრალოდ გამოიყენეს ექსპოზიციური თერაპიის შინაური ვერსია, რომელიც შფოთვითი აშლილობის დროს კოგნიტურ-ქცევითი მკურნალობის მთავარ კომპონენტად განიხილება.

 

ჩემი და ჩემი კოლეგების კვლევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიან კანონზომიერებაზე მიუთითებს: „კარგი“ მშობლები ხშირად ბავშვთა შფოთვის მიზეზი გამხდარან. ისინი მიდიან დათმობებზე, საშუალებას აძლევენ ბავშვს, თავი დააღწიოს პრობლემებს. მაგრამ მინდა, რომ შემდეგ სიტუაციაზე დაფიქრდეთ: ბავშვი სკოლიდან სახლში აცრემლებული მოდის. ის 5-6 წლისაა. „სკოლაში არავინ მოვწონვარ! ყველა მეუხეშება. ჩემთან თამაში არავის სურს“.

როგორ იგრძნობთ თავს მისი ცრემლების დანახვისას? რას გააკეთებთ? მშობლის ინსტინქტია – ზრუნვა ბავშვის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.

 

დიახ, ნორმალურია მასწავლებელთან ან სხვა მშობლებთან დარეკვა, როდესაც ბავშვი 5 წლისაა, მაგრამ რას იზამთ ხვალ, თუ ის სახლში ისევ აცრემლებული დაბრუნდება?

თქვენ მაინც დაურეკავთ მასწავლებელს, როდესაც ბავშვი 8, 10 ან 14 წლის გახდება? ბავშვებს ყოველთვის ექნებათ სირთულეები: მეგობრებთან გატარებული ღამეების, ზეპირი პრეზენტაციების, სკოლაში რთული ტესტების ჩაბარების, სპორტული გუნდის ან სასკოლო სპექტაკლების, თანატოლებთან კონფლიქტის დროს. ეს ყველაფერი რისკია: რაღაც ვერ გააკეთო იდეალურად, ვერ მიაღწიო შედეგს, დაუშვა შეცდომა და იყო შერცხვენილი.

შფოთვის მქონე ბავშვები არ რისკავენ რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობას. ისინი არ სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ ასეთ შემთხვევებს. უნარ-ჩვევებს კი სხვადასხვა  სიტუაციები ავითარებენ – დამოუკიდებლად დამშვიდებას, პრობლემების გადაჭრასა და კომპრომისების პოვნას, მოთხოვნილებების გაკონტროლებას და არდათმობას, თუ ეს საჭიროა. ეს და მრავალი სხვა უნარი ვითარდება  ბავშვებში, რომლებიც რისკავენ და თვითეფექტურობა იღებს ისეთ ფორმას, რომელიც შემდგომში საკუთარი თავის რწმენად გარდაიქმნება.

ბავშვები შფოთვით თავს არიდებენ პრობლემებს, სხვებს აიძულებენ მათ ნაცვლად გადაწყვიტონ ისინი. დროთა განმავლობაში, უფრო მშფოთვარე და ნაკლებად თვითდაჯერებულნი ხდებიან. განსხვავებით თანატოლებისგან, რომლებიც არ განიცდიან შფოთვით აშლილობას, საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ამ სიტუაციებს ვერ გაუმკლავდებიან. ფიქრობენ, რომ მათ ესაჭიროებათ ვინმე (მშობლების მსგავსი), ვინც  პრობლემას მოუგვარებს.

დიახ, მშობლის ინსტინქტი ბავშვის დამშვიდება და დაცვაა. თუმცა, ჯერ კიდევ 1930 წელს ფსიქიატრი ალფრედ ადლერი აფრთხილებდა მშობლებს, რომ მათ შეუძლიათ უყვარდეთ შვილები ისე, როგორც უნდათ, მაგრამ არ უნდა გახადონ ის ამ სიყვარულზე დამოკიდებული.

მისი რეკომენდაციით, მშობლებმა ბავშვებს ადრეული ასაკიდან უნდა ასწავლონ დამოუკიდებლობა. ფსიქიატრი გვაფრთხილებს: თუ ბავშვებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მშობლები უნდა ემსახურონ, ისინი სიყვარულზე არასწორ წარმოდგენას მიიღებენ.

დღეს მაღალი შფოთვის მქონე ბავშვები ყოველთვის ურეკავენ ან წერენ მშობლებს თავიანთი პრობლემების შესახებ. ისინი ამას აკეთებენ დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. რა მოხდება, თუ შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვები მომავალშიც ასე მოიქცევიან? რა ელით მათ, როდესაც გაიზრდებიან?

მე ვატარებ ჯგუფურ გაკვეთილებს მშობლებისთვის, რომელთა შვილებიც შფოთვითი აშლილობით იტანჯებიან. „ბავშვები“ 18-დან 28 წლამდე არიან.

ხშირ შემთხვევაში ისინი სახლში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობენ. ბევრი მათგანი სკოლასა და კოლეჯში დადიოდა. ზოგმა დაამთავრა კიდეც. თითქმის არცერთი არ მუშაობს. ისინი სხედან სახლში და არაფერს აკეთებენ. მათ არ აქვთ სერიოზული ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. მშობლებზე არიან დამოკიდებული: მშობლებს დაჰყავთ ექიმთან, მშობლები ეპატიჟებიან შვილების მეგობრებს მათთან სტუმრად, ურეცხავენ ტანსაცმელს, უმზადებენ საჭმელს. მეტიც, შვილებთან მათი ურთიერთობა კონფლიქტურია, რადგან შფოთვამ იმატა, მაგრამ თავად ბავშვები ვერ გაიზარდნენ. თავდაპირველად, ეს არის დანაშაულის განცდა, შემდეგ – აღშფოთება, რომელსაც ისევ დანაშაულის განცდა ენაცვლება.

შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ რამე კარგიც?

თუ მშობლები და ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერსონები შეძლებენ, დაეხმარონ მას შიშებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და ასწავლონ პრობლემების მოგვარება, მაშინ ბავშვიც გამოიმუშავებს საკუთარ შინაგან მექანიზმებს შფოთვის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჩვენ ვაფრთხილებთ მშობლებს, იყვნენ ფრთხილად და იფიქრონ იმაზე, როგორი რეაგირება ექნებათ მათ ბავშვის შფოთვაზე. ჩვენ ვეუბნებით მათ: „შეაფასეთ სიტუაცია და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა არის ამ ეტაპზე პრობლემა? რამდენად საშიშია ეს ჩემი ბავშვისთვის? რა უნდა ისწავლოს მან ამის შედეგად?“

გვინდა, რომ მშობლები ძალიან ყურადღებით იყვნენ: რა თქმა უნდა, თუკი ბავშვს მართლაც სასტიკად გაუსწორდებიან და დაემუქრებიან, კონფლიქტში უნდა ჩაერიონ, მაგრამ ყოველდღიური შფოთვის შემთხვევაში, უფრო სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მათი ობიექტური და მზრუნველი საქციელი, ბავშვის გრძნობების მშვიდად მიღება, იმის დაგეგმვაში დახმარება, როგორ უნდა გაუმკლავდეს ის შექმნილ  სიტუაციას. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს პრობლემების გადაჭრა.

მრავალი წლის შემდეგ, ჩემმა მშობლებმა თქვეს, რომ ყველაზე დიდი ტკივილი შვილის ტანჯვაა, მაგრამ მისი გადარჩენაც შესაძლებელია. გადაჭარბებული შფოთვა ხელს გვიშლის რისკების შესაბამისად შეფასებაში. ამასთანავე შეიძლება გამოგვრჩეს, რომ ბავშვს შეუძლია თვითონაც გაუმკლავდეს რაღაცებს. ჩვენ ვიცით – თუ ბევრჯერ გააკეთებ იმას, რისიც გეშინია, შფოთვა თანდათანობით გაქრება, რაც მნიშვნელოვან რესურსებსა და სტაბილურობას დაგვიტოვებს. სიმშვიდე და თავდაჯერება მხოლოდ გრძნობები როდია.  ეს ის უნარებია, რომელთა სწავლება მშობლებსაც შეუძლიათ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი