პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აფექტური ბავშვები

ყველა იმ პრობლემას შორის, რომლებიც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, ვფიქრობ, განსაკუთრებულ ყურადღებას ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები იმსახურებს. ბევრი ადამიანისათვის განურჩევლად ასაკისა ემოციური მდგრადობისა და სტაბილურობის შენარჩუნება სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება. თუმცა, მოზარდებში ის მაინც განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს და ამაში ალბათ არც არაფერია გასაკვირი, რადგან გარემოში მომხდარ ცვლილებებთან ერთად მათ ემოციურ მდგომარეობას ბევრად განსაზღვრავს მათი ასაკობრივი, ინდივიდუალური და ტიპოლოგიური თავისებურებები. ნამდვილად არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ ბავშვთან მიმართებაში ემოციურ სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებს უფროსები ყველაზე ხშირად 3-დან 5 წლამდე და 10-11 წლიდან 15-16 წლამდე ასაკის მოზარდებში ვხვდებით. ეს პერიოდები ხომ ბავშვის განვითარებაში ყველაზე რთულია. ის „კრიტიკული პერიოდის“ სახელით არის ცნობილი. განსაკუთრებით სერიოზულ თავსატეხს უჩენს უფროსებს აფექტური ქცევითი გამოვლინებების მქონე ბავშვებთან ურთიერთობა. ალბათ, ყველას ერთხელ მაინც შეგვხვედრია რაღაცის ან ვიღაცის გამო აღშფოთებული, ატირებული, გაღიზიანებული ბავშვი, რომლის დამშვიდებასა და დაწყნარებას გარშემომყოფებიდან შეიძლება ბევრი ცდილობს, მაგრამ მას არავის მოსმენა არ სურს და არც შეუძლია, რადგან ამ დროს გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს – სამაგიერო გადაუხადოს იმ ადამიანს, ვინც ასე გაანაწყენა. ემოციური აფეთქების ზღვართან მისულ ბავშვს, როგორც წესი, სხეულებრივი გამოვლინებებიც მკვეთრად ეცვლება – გულისცემის, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, მიმიკისა და სხვა სხეულებრივი პროცესების მკვეთრი ცვლილებები მისთვის უჩვეულო ნამდვილად არ იქნება. ასეთ დროს ის კარგავს საკუთარი ქცევის მართვის უნარს და შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც ის სხვა დროს შეგნებულად არასოდეს გააკეთებდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება და როგორ მყისიერადაც ეუფლება ის ბავშვს, შეიძლება ასევე მყისიერად დატოვოს.

ზემოაღწერილ ემოციურ მდგომარეობას აფექტს უწოდებენ. თავისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ის შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს არა მხოლოდ იმისთვის, ვისაც დაეუფლა, არამედ მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც.

რა თავისებურებები გამოარჩევს აფექტს სხვა სახის ემოციური მდგომარეობისგან, რა შეიძლება გახდეს მისი გამომწვევი მიზეზი და როგორ მოვიქცეთ აფექტურ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთან, რომ მას და მის გარშემო მყოფ ადამიანებს თავიდან სერიოზული საფრთხეები ავაცილოთ.

აფექტის დამახასიათებელი ნიშნები:

  • უეცარი და სწრაფი აღმოცენება;
  • დიდი ინტენსივობა და მწვავე ხასიათი;
  • მთლიანად იპყრობს ბავშვის გონებას, ვიწროვდება ცნობიერება და მასში აღარ რჩება ადგილი სხვა განცდებისთვის;
  • აფექტით შეპყრობილ ბავშვს არ ესმის მისკენ მიმართული დამამშვიდებელი სიტყვები და რჩევები. არ შეუძლია ნორმალურად მსჯელობა, გარემო პირობებისა და თავისი ქცევის ობიექტურად შეფასება;
  • აფექტის დროს ბავშვი კარგავს საკუთარი ქცევის მართვისა და შეგნებული რეგულაციის უნარს, ადგილი აქვს მოქმედების დეზორგანიზებას;
  • მცირე ხანიერება და ფეთქებადი ბუნება აფექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს – ის უეცრად იფეთქებს და ასევე უეცრად გაივლის;
  • მკვეთრი ცვლილებები თანმხლებ სხეულებრივ პროცესებსა და გამომხატველობით მოძრაობებში – გულისცემის, სუნთქვის გაძლიერება, ან პირიქით – შენელება და დასუსტება. სისხლის მილების გაფართოება, ან პირიქით – შევიწროება. აზრებისა და წარმოდგენების სწრაფი მიმდინარეობა აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისთვის სასურველი მიმართულებით;
  • აფექტის დროს ირღვევა წონასწორობა გარემოსთან, რის გამოც მოზარდს ხშირად აქვს ქაოსური რეაქცია.

აფექტის გამომწვევი მიზეზები:

  • ბავშვის ნერვულ-ფსიქიკური და ტიპოლოგიური თავისებურებები, ტემპერამენტის ტიპი – მაგ. თუ ფლეგმატიკი ემოციური აფეთქების ზღვარს თითქმის არ უახლოვდება, ქოლერიკი ყოველ წუთს დგას მის ზღვარზე;
  • ოჯახურ აღზრდაში დაშვებული შეცდომები – თუ ბავშვი მიჩვეულია, რომ მისი ნებისმიერი სურვილი ადვილად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე კმაყოფილდება, მისთვის აქამდე უჩვეულო წინააღმდეგობამ მისი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილების გზაზე შეიძლება მრისხანების აფექტი გამოიწვიოს;
  • მშობლების მოჭარბებული გაღიზიანებულობა და აღგზნებულობა – თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები ძალიან ხშირად საკუთარი მშობლების ქცევის კოპირებას ახდენენ, არ უნდა გაგვიკვირდეს, აფექტური მშობლების შვილის აფექტური ქცევებისადმი მიდრეკილება;
  • ბავშვის თვითშეფასების, მისი პრეტენზიების დონის შეუსაბამობა მის რეალურ შესაძლებლობებთან ხშირად არაადეკვატურობის აფექტის აღმოცენების მიზეზი ხდება – ასეთი ბავშვი ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი თვითშეფასება, უარყოს საკუთარი მარცხი. მისი აღმოცენების მიზეზს ის მიაწერს ისეთ ვითარებებს, რომლებიც მასზე არ არის დამოკიდებული, ადანაშაულებს გარშემომყოფებს და უფრო პრეტენზიულიც კი ხდება. ასეთ ბავშვს ხშირად ეჩვენება, რომ მას არ აღიარებენ, სათანადოდ არ აფასებენ, უსამართლოდ ეპყრობიან, ჩაგრავენ. ასეთ დროს მოზარდის მდგომარეობა აფექტური ხდება. ამის საფუძველზე კი ყალიბდება ქცევის უარყოფითი ფორმები. ბავშვი განიცდის, მუდმივად ნაწყენია; ხდება ჯიუტი, უხეში, გაბოროტებული; უარს ამბობს, დაემორჩილოს პედაგოგების მოთხოვნებს, უპირისპირდება თანატოლებს და ხშირად შედის მათთან კონფლიქტში;
  • ემოციური აფეთქებები და აფექტური ქცევები ბავშვებში ყველაზე ხშირად დაკავშირებულია მის გარემოში მომხდარ არსებით ცვლილებებთან; ქცევის ჩვეული სტერეოტიპების სწრაფი, ახალ პირობებთან შესაბამისი გარდაქმნის აუცილებლობასთან (მაგ. საბავშვო ბაღში ან სკოლაში შესვლა, ოჯახში ახალი წევრის შემომატება, სკოლის, პედაგოგების ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როგორც წესი, ბევრი ბავშვისთვის უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს).

რეკომენდაციები – როგორ მოვიქცეთ ბავშვთან, როცა ის აფექტურ მდგომარეობაში იმყოფება:

  • მოვერიდოთ ასეთი ქცევის გამო ბავშვისთვის სულელის, გიჟის იარლიყის მიკერებას და მის არანორმალურად მონათვლას. ასეთ შემთხვევებს არცთუ იშვიათად აქვს ადგილი აფექტურ ბავშვებთან ურთიერთობაში. შესაძლოა უფროსმა თავისი დამოკიდებულებები და შეფასებები სიტყვიერად არ გამოხატოს, მაგრამ შესანიშნავად მოახდინოს ამის დემონსტრირება საკუთარი ქცევით. მაგ. არის შემთხვევები, როდესაც პედაგოგი, იმის შიშით, რომ ბავშვი აფექტურ მდგომარეობაში არ ჩავარდეს, საერთოდ გაურბის მასთან ურთიერთობას; ცდილობს არ შეეხოს მას; არ რთავს მას საგაკვეთილო პროცესში, რის გამოც ასეთი ბავშვი ჯგუფისგან იზოლირებული აღმოჩნდება ხოლმე. თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა კი როგორც მოზარდს, ისე მის გარშემო მყოფ ადამიანებს ბევრად უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს, ვიდრე აფექტური ქცევა. შესაძლოა ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ სხვაგვარი შედეგიც მივიღოთ – თუ ბავშვი გრძნობს, რომ აფექტური ქცევებისადმი მისი მიდრეკილების გამო ყველა გაურბის მასთან ურთიერთობას, შესაძლოა მან დაიწყოს ამ მახასიათებლით მანიპულირება, მისი ბოროტად გამოყენება და განიხილოს ის, როგორც საკუთარი მიზნების სწრაფად მიღწევის საშუალება;
  • მოვერიდოთ აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვისთვის ჭკუის დარიგებასა და რჩევების მიცემას. გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს მას არ შეუძლია ჩვენი საუბრის მოსმენა და მით უმეტეს მისი გაანალიზება. სრულიად საკმარისია ჩვენი მის გვერდით ყოფნა, მის მიმართ თანაგრძნობის, თანაგანცდის გამოხატვა. ჩვენმა ერთმა ფრაზამ – „მე მესმის შენი“ – შეიძლება უფრო სასიკეთოდ იმოქმედოს ბავშვზე, ვიდრე ერთსაათიანმა საუბარმა. გავითვალისწინოთ, რომ აფექტის მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება და შემდეგ შეიძლება გავაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია და ვესაუბროთ ბავშვს იმის შესახებ, რამაც მისი ქცევა გამოიწვია;
  • სრულიად დაუშვებელია აფექტურ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთან ჩხუბი, ყვირილი, მოთხოვნა, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა. მით უმეტეს, მიუღებელია ასეთ დროს ბავშვის ფიზიკურად დასჯა. ამით ჩვენ მხოლოდ მის გაბოროტებასა და მასში აგრესიის დაგროვებას ვუწყობთ ხელს;
  • შევეცადოთ აფექტური ბავშვის თვითშეფასება და პრეტენზიების დონე მის რეალურ შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ეს თავიდან აგვაცილებს ბავშვში არაადეკვატურობის აფექტის აღმოცენებას;
  • ვასწავლოთ ბავშვს ემოციური განცდების უკეთ შეცნობა და რეგულირება, ვასწავლოთ ემოციების გამოხატვა სოციალურად მისაღები ფორმით.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ აფექტი და აფექტური, ემოციურად არასტაბილური ქცევა ბავშვებში წარმოადგენს არა დაავადებას, არამედ განვითარების გართულებულ სახეს. სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, როგორც ბავშვისთვის, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილებას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი