პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩემი შვილი ინტროვერტია და სხვა

სწავლების, დისტანციური სწავლებისა და ზოგადად ცხოვრების სირთულეები

ჩემი შვილი უკვე ოფიციალურად თინეიჯერია. 13 წლის გახდა და ახლა ფიქრობს, რომ ბევრად უფრო ზრდასრულია, ვიდრე დაბადების დღემდე. მთხოვა, დაბადების დღე ვიწრო, ოჯახურ წრეში გადაგვეხადა და არავინ დაგვეპატიჟებინა, რადგან ასე უფრო მშვიდად და კომფორტულად იგრძნობდა თავს. არ იღელვებდა, არ იზრუნებდა მისთვის უაზრო ათას დეტალზე – როგორიცაა ტანსაცმლისა და ვარცხნილობის შერჩევა, იმაზე, რომ დღესასწაული იდეალური გამოსულიყო (თეკლას პრეფექციონიზმისკენ აქვს მიდრეკილება) და ასე შემდეგ. თან მიზეზის პოვნა ძალიან მარტივია: კორონას მეფობის ხანა დგას. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი ინტროვერტობის კიდევ უფრო გაღრმავება. მგონი თეკლა იყო იმ ადამიანთაგანია, რომელიც პანდემიამ გააბედნიერა – საკუთარ ოთახში მოეწყო, გაკვეთილებს დისტანციურად ესწრებოდა, უარი თქვა კამერის ჩართვაზეც და ბოლოს გაკვეთილებზეც აღარ აქტიურობდა. ჩემს კითხვებსა და პრეტენზიებზე, პასუხი ერთადერთი იყო: ინტროვერტი ვარ. ამ საკითხზე უამრავი რამ წაუკითხავს და ახლა როლიც შესანიშნავად აქვს მორგებული, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ის მართლაც მარტოობისა და სიმშვიდის მოყვარული, არააქტიური თინეიჯერია, თუმცა ამავე დროს ბობოქარი შინაგანი ბუნებით, პროტესტითა და ინდივიდუალური ხედვით.

ჩემი მასწავლებლური თვალით, დისტანციურმა სწავლებამ მასზე უარყოფითად იმოქმედა. გაკვეთილებს საერთოდ მოსწყდა და, შეიძლება ითქვას, ფორმალურად ეჯდა ხოლმე კომპიუტერის ეკრანს. პარალელურად კი საკუთარი საქმით იყო დაკავებული – ხან ხატავდა, ხან თავის კატას, სიმბას ეთამაშებოდა, ხან რომელიღაც საერთაშორისო ფორუმში, როგორიც “Discord”- ია,  პოსტავდა და გაცხარებული განიხილავდა ისეთ თემებს, როგორიცაა, მაგალითად, თინეიჯერული პრობლემები და მათ შორის უმცირესობის საკითხები. ამ პერიოდშივე რატომღაც დაინტერესდა მოზარდების მენტალური პრობლემებით და საოცარი აღმოჩენებიც კი გააკეთა. ინტერნეტში გაიცნო ადამიანები, რომლთათვისაც სიტყვებს გემო და ფორმა აქვთ, მუსიკას ხედავენ და ფერებს უსმენენ. ამ ყველაფერს შემდეგ ჩემთან განიხილავდა. გვქონდა ძალიან, ძალიან საინტერესო საუბრები, აი, ისეთები ამ ასაკის მოსწავლეებთან გემრიელ გაკვეთილს რომ ჩაგატარებინებს. ყველაზე ხშირად იმაზე ვსაუბრობდით, როგორი მიუღებელია რაიმე ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია.

რა თქმა უნდა, მისგან აქტიურობა არ მომითხოვია, მივეცი თავისუფალი არჩევნის საშუალება და შევთანხმდით, რომ შედეგებზეც თავად აიღებდა პასუხისმგებლობას. მე კი ყველანაირად დავეხმარებოდი, თუ რაიმეს ვერ გაიგებდა ან ახსნა დასჭირდებოდა. გამოტყდა, რომ უჭირს მასწავლებლის მოსმენა ეკრანიდან, რომ ასეთ დროს გონება ეფანტება, რომ რცხვენია ხმის ამოღება და არ მოსწონს, როგორ გამოიყურება, ამიტომ არ სურს კამერის ჩართვა.

რადგან ჯერჯერობით ბატონი კორონა არსად არ წაბრძანებულა და არსებობს დისტანციური სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, მასწავლებლებს გთხოვდით, გირჩევდით – მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ ინტროვერტი მოსწავლეების მიმართ, ხშირ შემთხვევაში ასეთი მოსწავლეებს ზარმაცებად და ფუქსავატებად მიიჩნევთ, მათ პასიურობას სიზარმაცეს მიაწერთ, თუმცა ეს მითია. ზარმაცი მოსწავლე არ არსებობს. სიზარმაცეს ყოველთვის აქვს მიზეზი, რომლის გამოც თქვენი მოსწავლე გაკვეთილზე არ აქტიურობს და როგორც იტყვით ხოლმე „სადღაც დაფრინავს“, „გონებაგაფანტულია“, „არაფერი აინტერესებს“ და სხვა მარგალიტები, რომლებითაც უამრავი მოსწავლე შეუმკიათ და ამკობენ. რაც არ უნდა უხეშად ჟღერდეს, ხშირად მოსწავლეები ვერ ინტერესდებიან გაკვეთილით, არ მოსწონთ ახსნის სტილი, როცა ის მონოტონური და ლექციურია; არ ერთვებიან მასში, იმიტომ რომ რცხვენიათ;  არ აქვთ საკუთარი თავის რწმენა; ვერ ინტერესდებიან საგნით, ვერაფერი გაუგეს მას და ახლა მათთვის სულ ერთია და ასე შემდეგ, მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აღარაფერს ვამბობ მენტორულ და გამკიცხავ ტონზე და შეურაცხმყოფელ ეპითეტებზე, მგონია, რომ ეს წარსულში მოვიტოვეთ. უმეტესობამ მაინც.

ჰო,  მშობლებსაც მინდა ერთი მითი დავუმსხვრიო: არა, თქვენს შვილს მკაცრი მასწავლებელი კარგად ვერ ასწავლის, სწავლას სიმკაცრე, გაგიკვირდებათ და საერთოდ არ სჭირდება, სწავლას – სწავლების ცოდნა სჭირდება, სტრატეგიებისა და მეთოდების, ასევე მონდომება და პატივისცემა თქვენი შვილებისა. შესაძლებელია მასწავლებელს ყველა ბავშვი, ყველა მოსწავლე ერთნაირად  არ უყვარდეს, მაგრამ ყველა მოსწავლის პიროვნებას პატივს უნდა სცემდეს ეს უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი რამაა სწავლა-სწავლებაში.

მაშ ასე, თქვენი შვილებისთვის გჭირდებათ მასწავლებელი, რომელიც პატივს სცემს მათ აზრს, ღირებულებებს, გადაწყვეტილებებს, რწმენას, ერკვევა თანამედროვე განათლების სტრატეგიებში, და არა მასწავლებელი, რომლის წარბის აწევაც კი საკმარისია, რომ კლასი „ისუსება“ და საზეპიროდ ფიზიკის უამრავ წესს აძლევს. კიდევ ერთი აღმოჩენა: ფიზიკა წესების დაზეპირებით არ ისწავლება, ფიზიკა პირველ რიგში ექსპერიმენტები და გამოცდილებაა, აღმოჩენებია,  ისევე როგორც მათემატიკა, ბუნება, გეოგრაფია, ქართული და სხვა.

თუ საკუთარ თავს მაინც გამოვუტყდებით, შესაძლოა ჩვენც, მასწავლებლებსაც დაგვიშვია შეცდომები, უშეცდომო რობოტებიც კი არ არიან, ხოლო სწავლება შეცდომების აღიარებისა და ამაზე ფიქრის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება.

რადგან ისეთი პროფესია ავირჩიეთ, რომელიც ჩვენგან ყოველთვის ბეწვის ხიდზე სიარულს მოითხოვს, მაშინ უნდა ვეცადოთ, ეს ხიდი არ ჩაგვიტყდეს და თუ ჩაგვიტყდება, გამრთელება შევძლოთ. სიმკაცრით, შენიშვნებით, ჩხუბით  – ზოგს ჰგონია, რომ მარტივია კლასის მართვა. არადა, ამ დროს სწორედ ის ძაფი წყდება, რომლითაც მოსწავლე მასწავლებელთანაა მიბმული, გინდა ნდობა ვუწოდოთ, გინდა ურთიერთპატივისცემა ან სხვა რაიმე ამოუცნობი. ამ დროს კლასი უმართავი ხდება, „მკაცრ“ მასწავლებელს ნელ-ნელა უწევს ხმის, ტონის აწევა, მისი სიტყვები, მიმართვები უფრო და უფრო ხისტი ხდება, შედეგად კი კლასი ან უმართავია, ან შეშინებული. ვერცერთ შემთხევაში ვერ მიიღწევა მიზანი, სწავლება ამ ფორმატში გამორიცხულია. ეს პროცესი ტანჯვა-წამებაა როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც. საათზე ორივე ერთნაირად იყურება და დრო ორივე მათგანისთვის საშინლად იწელება. რატომ ვიტანჯებით და ვტანჯავთ ბავშვებს, ისევ და ისევ მოძველებული შეხედულების ან მშობლებისგან აკიდებული მოთხოვნების გამო – იყავი მკაცრი, მართე კლასი. ასე გამორიცხულია.

ეს ხიდების ჩატეხვის და მორალურ-ფსიქოლოგიური მტვრევა-ლეწვის ამბები რომ არ გვქონდეს, იქ სადაც, წესით, სრული ჰარმონია უნდა სუფევდეს, გამოსავალი ერთია – ვიყოთ გაწონასწორებული, მშვიდი,  ვიკითხოთ ბევრი სწავლების სტრატეგიებზე და ვეცადოთ პრაქტიკაში გამოყენების; ნუ მოგვერიდება რჩევების მიღება კოლეგებისგან, თუმცა ერთი რამ მაინც აუცილებელია, ამ ყველაფრის განმსაზღვრელია და ჩვენი მასწავლებლებად ყოფნის არსია: საკუთარი თავის რწმენა ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება, თავისუფალი უნდა ვიყოთ ყველანაირი გავლენებისა და დირექტივებისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, თუ ისინი ჩვენს პრინციპებსა და შეხედულებებს ეწინააღმდეგება. უნდა ვენდოთ ჩვენს ინტუიციას, ჯერ ჩვენ შევიყვაროთ საკუთარი თავები და მერე მოსწავლეებზე ვიზრუნოთ. მასწავლებელი, რომელიც ვერ ენდობა თავს, შეშინებულია, არ არის დარწმუნებული საკუთარი მიდგომების სისწორეში, ის მოსწავლეებს ვერ ასწავლის ყველაზე მნიშვნელოვანს – რომ იყვნენ თავისუფალი – განათლება ხომ თავისუფლებაა.

დავუბრუნდეთ ინტროვერტებს, ეს საოცარი და ძალიან საინტერესო არსებები შექებაზე, წახალისებაზე, პირდაპირ რომ ვთქვა, გიჟდებიან. მათი მოტივაცია მაშინვე იზრდება, მზად არიან მწვერვალების დასაპყრობად. სულ რაღაც რამდენიმე სიტყვამ, წახალისებამ, გამხნევებამ შეიძლება თქვენი ინტროვერტი მოსწავლე სულ სხვანაირად წარნოაჩინოს, შესაძლებელია მასში ისეთი რამეები აღმოაჩინოთ, რომ გაოცდეთ. ყოველ შემთხვევაში თეკლა ასეთია – თუ რომელიმე მასწავლებელი თბილად მიმართავს, წაახალისებს, თუ აღნიშნავენ მის ძლიერ მხარეს – მაშინვე გაგიჟებით უყვარდება მასწავლებელიც და საგანიც. ამ ასაკში ხომ მოზარდებს ზღვრის დაცვა ძალიან უჭირთ – ან უყვართ, ან ეზიზღებათ. მათთვის შუალედი არ არსებობს.

დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ინტროვერტი მოსწავლის ნამუშევარზე რამდენიმე სიტყვა თქვათ, ახსენოთ – ამით მას აგრძნობინებთ, რომ გახსოვთ და ზრუნავთ მასზე. ხშირად მიმართეთ სახელით. იფიქროს, რომ გაინტერესებთ და გჭირდებათ მისი ჩართულობა. გაკვეთილის შემდეგ პირადშიც გაესაუბრეთ, მოიკითხეთ, ჰკითხეთ რამე ხომ არ სჭირდება. თეკლას ძალიან გაუხარდებოდა, თუ მასწავლებელი მის საყვარელ კატაზე რაიმეს ეტყვოდა, თუნდაც „რა საყვარელიას“, ან ჰკითხავდა „რა ჯიშია?“  და სხვა. აი, ასეთი მარტივი რამეები აბედნიერებთ ინტროვენტებს. შეიძლება იფიქროთ, რომ ამისთვის დრო არ გრჩებათ, მაგრამ რას იზამთ, საჭიროა. მასწავლებლობა რომ რთულია, ამას ალბათ უკვე მიხვდით.

ყველაზე მთავარი გამომრჩა, არაფრით, არავითარ შემთხვევაში არ აიძულოთ კამერის ჩართვა, ამით მას უზარმაზარ სტრესს მიაყენებთ.

დაბოლოს, რადგან წერილში რამდენიმე მითი დავამსხვირიე, კიდევ ერთ მითს მივამსხვრევ და ბარემ გავასამებ.

ჩვენთან ისეა მიღებული, რომ როგორც კი მოზარდი სკოლას დაამთავრებს, მაშინვე უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტში. წლის დაკარგვა უზარმაზარ ტრაგედიად აღიქმება. ამიტომ მშობლები წელზე ფეხს იდგამენ, იხდიან უზარმაზარ თანხებს რეპეტიტორებთან, აიძულებენ ბავშვებს, ღამეების გათენებას. უმრავლესობა ბავშვებს არც ეკითხება – სად უნდა?, რა უნდა? ოღონდ სადმე მოხვდნენ, აბა წელს ხომ არ დაკარგავენ? ირჩევენ  ოც ერთმანეთისგან აცდენილ სპეციალობას. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც, თუმცა გამონაკლისები. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ამინდს ვერ ქმნიან.

ამ კარანტინის დროს, ერთ-ერთი გულახდილი საუბრისას, თეკლამ გამომიცხადა რომ სკოლის დამთავრებისთანავე არ აპირებს ჩაბარებას, რომ უნდა დაისვენოს, „ცხოვრება ნახოს“, რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაუროს, ცოტა იმუშაოს და იქნებ ფულიც დააგროვოს. ამასობაში კი გადაწყვიტოს, სად უნდა და რა უნდა, თუმცა ოცნებობს „დინსეის“ ან „პიქსარის“ ანიმატორობაზე. მთხოვა, ანიმაციის სკოლებიც დაგვეთვალიერებინა ევროპაში, ამერიკასა და კანადაში. ჩავხედეთ პროგრამებსაც, ოღონდ ეს მერეო, როცა ამოვისუნთქებ და თავისუფლებით დავტკბებიო.

ჰოდა, იქნებ შეგვეწყვიტა ეს თავგადაკლული რბოლა წლის დაკარგვის შიშით, იქნებ ამით მით უფრო ბევრს ვაკარგვინებთ ჩვენს შვილებს, ვიდრე ერთი წელია? იქნებ შევწყვიტოთ შიშებში ცხოვრება და საბჭოთა სტანდარტებით ხედვა. იქნებ მოვუსმინოთ შვილებსაც და ვკითხოთ: რა უნდათ? ეს ამბავი მკაცრი მასწავლებელივითაა, რომ ჰგონიათ, კარგს უკეთებენ, სინამდვილეში კი ძალიან, ძალიან აშავებენ.

მოკლედ წერილი ვრცელი და ცოტა არ იყოს ქაოსური გამოვიდა, ისეთივე, როგორიც ცხოვრებაა, ვეცადე მასში ბოლოდროინდელი ნაფიქრალი გადმომეცა. მადლობა თეკლას, რომ არსებობს და მისი არსებობა რომ ბევრ რამეზე მაფიქრებს. რომ გაიგოს მასზე დავწერე, ძალიან გაბრაზდება და მეტყვის – კაი რაა დეე, არ დამთაგო მაინც.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი