ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ფოტოგრაფია ქმნის ისტორიას – ნათელა გრიგალაშვილი

ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge “-ს სტუმარია, ფოტორეპორტიორი ნათელა გრიგალაშვილი.

ნათელა გრიგალაშვილი – ეს სახელი დღევანდელ ფოტო ჟურნალისტიკაში უკვე კარგად არის ცნობილი, თუმცა ეს ის ფოტორეპორტიორია, როლის ფოტოებიც ისტორიას ქმნის და ამიტომ, შესაძლოა, მისმა სახელმა საუკუნეებსაც გაუძლოს

 

– ქალბატონო ნათელა, რას ნიშნავს თქვენთვის წამის შეჩერება, რომელიც ცოტა ხანში ისტორიად იქცევა?

– ჩემი აზრით, ისტორია ყველაზე კარგად ჩანს ფოტოში, ზოგადად, ფოტოგრაფიაში. მართალია, იგივე შეიძლება ითქვას დოკუმენტურ კონოზეც, მაგრამ ფილმი მაინც მნახველის თვალწინ ჩაიქროლებს და თუ შევაჩერეთ კადრს, ისიც კვლავ ფოტოდ იქცევა. შეიძლება მწერალი სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ მე, როგორც ფოტოგრაფი, მჯერა, რომ ისტორია ყველაზე კარგად ფოტოზე რჩება და ფოტოდან ჩანს. ვთქვათ, მინდა გავიგო როგორ ცხოვრობდნენ მეცხრამეტე საუკუნეში, ამას იმ პერიოდის ფოტო უფრო მეტად აღწერს, ვიდრე რომელიმე წერილობითი წყარო. მეც ისტორიას ვქმნი, რომელსაც შემდეგი თაობები ნახავენ და გაიგებენ, როგორ ვცხოვრობდით დღეს. სიტყვა თავისა ამბობს, მაგრამ თვალით ნანახი, მაინც სხვა არის.

– რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ მაინც და მაინც დოკუმენტალისტ ფოტოგრაფიას გაყოლოდით?

– ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ ფოტოგრაფია მესწავლა, რაც ჩემს სოფელში წარმოუდგენელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც მეგობარმა მაჩუქა ფოტოაპარატი. როგორც კი ფოტოაპარატი ავიღე ხელში და პირველი კადრი გადავიღე, იმის შემდეგ აღარაფერი დამიხატავს. აქედან დაიწყო ჩემი ფოტოგრაფიასთან ურთიერთობაც. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი რას ვიღებდი ან რატომ, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ მინდოდა დოკუმენტური ფოტოგრაფი გავმხდარიყავი. შემდეგ მივხვდი იმასაც, რომ მინდოდა გადამეღო ძირითადად სოფელი. ალბათ იმიტომ, რომ სულ მენატრებოდა ჩემი სოფელი, ის გარემო სადაც გავიზარდე და რასაც უკავშირდებოდა ჩემი ბავშვობა – ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები.

 

– ალბათ ასევე ლამაზ მოგონებად დარჩა სკოლა, რომელიც ბავშვობის ნაწილია…

– მე ვცხოვრობდი ხაშურის რაიონ სოფელ თაგვლეთში და დაწყებით კლასებში მყავდა საოცარი მასწავლებელი მარიამ ციცქიშვილი. ჩვენი მასწავლებელი ცხოვრობდა სოფელ ქაშვეთში, რომელიც იყო მეწყერსაშიში ზონა, ამიტომ მთელი სოფელი გაასახლეს ხაშურში, მაგრამ ჩვენი მასწავლებელი ბოლომდე დარჩა სოფელში მარტო. მახსოვს, პირველ კლასში რომ ვიყავი, ორმა ბავშვმა დაიგვიანა. მარიამ ციცქიშვილმა დაგვიანების მიზეზი გამოიკითხა. მოსწავლეებმა უპასუხეს ყვავილებს ვკრეფდითო და ამაზე მასწავლებელი კი არ გაბრაზდა, გაუხარდა და უპასუხათ – გაპატიებთ დაგვიანებას, რადგან სილამაზემ გაგიტაცათ, თანაც მე დღიურს ვწერ და ამ ფაქტს აუცილებლად ჩავწერ ჩემს დღიურშიო. ეს ფაქტი მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. მერე წლები რომ გავიდა, ჩემი შვილი საკმაოდ მოზრდილი იყო და მივედი მარიამ მასწავლებელის სანახავად. ვკითხე, რატომ არ მიდიხართ ამ სოფლიდანმეთქი, მან კი მიპასუხა, შეხედე, როგორ შემიძლია ამ მთების, ამ მინდვრების მიტოვებაო. მაშინ ვთხოვე ეთხოვებინა დღიურები. აღმოჩნდა, რომ 1952 წლიდან წერდა. როცა დავუბრუნე, მითხრა -დაიტოვე, შენზე კარგი ჩემი დღიურებით აღარავინ დაინტერესდებაო. იგი წერდა – ”წავიღე შექსპირი და გავრეკე ღორები”,” მწვანე მინდორში ვჩანდი, როგორც წითელი ყაყაჩო”. მე შემხვდა მასწავლებელი, რომელსაც ჰქონდა სრულიად განსხვავებული სამყარო, იგი იყო ჩემი ნათელი წერტილი. ის, რომ მე ავირჩიე შემოქმედებითი გზა, სწორედ მარიამ მასწავლებელის დამსახურებაა. იყო სხვა მასწავლებელბიც, რომლებმაც კარგი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს იყო ადამიანი, რომელიც აგწევს ზემოთ და მიგახვედრებს, რომ ცხოვრება, მხოლოდ მატერიალური არ არის.

– მოდით, ისევ პირველ ფოტოაპარატს დავუბრუნდეთ

– როდესაც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ფოტოაპარატი ”სმენა”, მაშინ ფოტოგრაფიას არსად ასწავლიდნენ. ამიტომ დავდიოდი და ყველას ვეკითხებოდი თითო სიტყვას რა- რა იყო. ასე ვისწავლე ელემენტარული რაღაცეები. შემდეგ ერთი წელი ვსწავლობდი, როგორც ფოტოატელიის ფოტოგრაფი. შემდეგ მოვხვდი გურამ წიბახაშვილის და იური მეჩითოვის ჯგუფში. ამ პერიოდში უკვე მქონდა ჩემი ტექნიკა, მაგრამ მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მეტყოდა, რამდენად სწორი იყო ჩემი გზა, საითაც მივდიოდი და რასაც ვაკეთებდი. დღემდე უზომოდ კმაყოფილი ვარ გურამ წიბახაშვილის, რადგან ზურგს უკანაც მუდამ მესმოდა მისი კეთილი სიტყვა ჩემს მიმართ, რასაც ჩვენს პროფესიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება გასწავლონ ტექნიკა, სხვა ნიუანსი, მაგრამ ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, მაინც ის, რომ გითხრან, რამდენად სწორ გზაზე დგახარ. გურამს სულ ვეუბნები, ვერ ვიგებ, უფრო კარგი ადამიანი ხარ, თუ უფრო კარგი ფოტოგრაფიმეთქი.

 

ეხლა თქვენ თვითონ კითხულობთ ლექციებს თსუ-ში, რა თვისებაა აუცილებელი მასწავლებლისთვის?

პირველ რიგში უნდა გიხაროდეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდება. შევამჩნიე ჩემს თავს, რომ ლექციის დროს ბოლომდე ვიცლები, რადგან ამ საქმის კეთება მსიამოვნებს ძალიან. მიხარია, როდესაც გამოჩნდება განსაკუთრებული სტუდენტი, რომელსაც ძალიან აინტერესებს ფოტოხელოვნება. მაგრამ თუ არ აინტერესებთ, განვიცდი – შეიძლება ეს არასწორია. სტუდენტი ითხოვს ლექტორისგან, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯოს. შენც გაქვს შიში, რამე ხომ არ დააკელი, ამიტომ სულ ვთხოვ დამისვან კითხვები. თუ გეკითხებიან, ესე იგი აინტერესებთ, თუ პასიურობენ, არ აინტერესებთ და ამას განვიცდი.

 

– სკოლაში ისწავლება ხატვა, თუმცა, ყველა ბავშვს არ შეუძლია ხატვა. დღეს ყველა ბავშვის ოცნებაა ფოტოაპარატი და ფოტოს გადაღება, ხომ არ დადგა დრო, რომ სკოლაში ელემენტარულ დონეზე მაინც ისწავლებოდეს ფოტოგრაფია?

– საბჭოთა დროს არსებობდა ასე გამონათქვამი – თუ გინდა გააღატაკო შენი მეგობარი, უყიდე მას ფოტოაპარატი. ერთი სიტყვით, ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამიტომ მისი სწავლებაც, ჩემი აზრით, ზედმეტ ფუფუნებასთან იქნება დაკავშირებული. დღეს ფოტოგრაფია რომ მოდაშია, ამას აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი აინტერესებთ თუ არა ბავშვებს პროფესიონალურ დონეზე ფოტოგრაფიის სწავლება. ჩემი აზრით, ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ვისაც უნდა ისწავლის, ვისაც არა, რატომ უნდა დააძალონ. ისე, მე მგონი ერთადერთი ჩემი შვილია, ვისაც არ აინტერესებს ფოტოგრაფია.

 

– თქვენი შვილის განათლებაში თუ ერევით?

– ჩემი შვილი უკვე სტუდენტია და საკმაოდ განათლებული და ნიჭიერია. ზოგჯერ, ბევრ რამეში, მე თვითონ ვეკითხები აზრს. ძალიან ბევრს კითხულობს, ხშირად ჭამის დროსაც არ ანებებს წიგნებს თავს და საკუთარი აღმოჩენები აქვს. ცოტა ხნის წინ მითხრა, რევაზ ინანიშვილს კითხვისას ლობიო და მწნილი მოუხდებაო.

– სკოლასთან დაკავშირებული ხართ პროექტითაც

– სოროსის ცენტრალური, ნიუ-იორკის ოფისის პროექტია – დოკუმენტური ფოტოგრაფია, რომლის ფარგლებშიც მაქვს გრანტი ”სოციალური მდგომარეობა ქართულ სოფლებში და ქართული სოფლის სკოლები”. ამ გრანტის ფარგლებში მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი რამდენიმე მაღალმთიანი სოფლის სკოლებში. ამ მოგზაურობამ ჩემი ბავშვობა გამახსენა და ამიტომაც იყო ასე მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მახსოვს დუშეთის რაონის სოფელ არღუნის სკოლა. ამ სკოლის დირექტორი და სამი მასწავლებელი ყოველ სასწავლო დღეს, თოვლში და წვიმაში, დუშეთიდან არღუნამდე ფეხით დადიან. მათ შორის არის 72-73 წლის მასწავლებელი ავთო, რომელმაც ”ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იცის. ეს ასაკიანი კაცი, ისე სწრაფად დადის, რომ მის დაწევას და ფოტოს გადაღებას ძლივს ვახერხებდი. არღუნელი ბავშვები გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სახლში არ მიდიოდნენ, რადგან ეს არის მათთვის ერთადერთი კულტურის ცენტრი. დუშეთის რაიონში კიდევ ერთ სოფელში ვიყავი, სადაც პირიქით, ბავშვები დადიან სხვა სოფლიდან ტყე-ტყე სკოლამდე, თუმცა მათ მასწავლებელი დაყვებათ. მაგრამ მე დამრჩა ძალიან თბილი განცდა. ეს იყო პატარა სოფლების პატარა სკოლები ძალიან დიდი სითბოთი.

 

– არ დაგისვამთ კითხვას, რომელია თქვენი საყვარელი ფოტო, მაგრამ შეგიძლიათ დაასახელოთ ფოტო, რომელმაც წარმატება მოგიტანათ?

– მე არ ვთვლი, რომ წარმატებული ადამიანი ვარ. შესაბამისად ვერც ასეთ ფოტოს დავასახელებ. თუმცა, მაქვს ფოტოები, რომელიც შემიძლია საზოგადოებას ვაჩვენო, გამოფენაზე გავიტანო, მაგრამ არის ფოტოები, რომელიც შემიძლია მარტო მე ვნახო. ნებისმიერი ფოტოს უკან დგას ისტორია, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, ფოტო ღვინოსავითაა, რაც უფრო დიდი დრო გადის, სულ სხვა მნიშვნელობას იღებს და სულ სხვა ფასი ედება. რა თქმა უნდა, არის ფოტოები, რომელიც უფრო მომწონს და მიყვარს, მაგრამ შეიძლება ხვალ აღარ მომეწონოს.

 

ზოგადად ფოტოგრაფია მხოლოდ პროფესიაა თქვენთვის?

ცხოვრებაში რაღაცით უნდა გადარჩე, სიცოცხლე რაღაცით უნდა გააგრძელო. მე ყოველთვის მიჭირდა ცხოვრება, მატერიალურს არ ვგულისხმობ, და ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა, რომ გადავრჩი, რაშიც ფოტოგრაფია ძალიან დამეხმარა.

ესაუბრა თამარ კაციტაძე


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი