პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მშობელი საკლასო ოთახში

ძვირფასო მშობელო, ძალიან მომეწონა შენი თხზულება ,,ჩემი დედულეთი“. როგორ მივხვდი, ვინ არის მისი ნამდვილი ავტორი?!  ვფიქრობ, შენს პატარას  ჯერ გალაკტიონის სახელიც კი არ სმენია და ვერც ცვრიანი ბალახის სიყვარულის ძალას იგრძნობდა ამ ასაკში… თან, მასწავლებლის გარდა, მეც შენისთანა მშობელი ვარ – ორმაგად გამოცდილი მკითხველი. მე მესმის შენი, მეტიც, მეც დამიწერია დავალებები საკუთარი შვილისთვის, არაერთხელ გამომიყენებია ეს უმოკლესი ბილიკი საწოლამდე დროულად მისაღწევად. ამიტომ, გთხოვ,  ეს პატარა წერილი საყვედურად არ ჩამითვალო.

ყველა მშობელი ოდესღაც თავად იყო მოსწავლე და როცა სკოლას ახსენებენ, თვალწინ უცოცხლდება რამდენიმე ათეული წლის წინანდელი რუხი კედლები, მძიმე მერხები, მჭექარე ზარის ხმა, სახაზავმოღერებული მასწავლებლები, წითელი კალმები, პირველი იმედგაცრუება, წარუმატებლობის შიში… ამიტომ არ მიკვირს, წლების შემდეგ შვილების სკოლაში დაბრუნებული მშობლები რატომ ცდილობენ საკლასო ოთახებში ასე მონდომებით შემოხედვას. მათ ეშინიათ საკუთარი გამოცდილების გამო. ჰგონიათ, რომ მათი შვილებიც საყვედურს მიიღებენ შეცდომების საზღაურად და ურჩევნიათ, რომ თავიანთი გამოცდილება შვილებს რჩევების სახით კი არ გაუზიარონ, ხელმეორედ გაიარონ სკოლის გზა და თავიანთი პირმშო გადამეტებულად ხარისხიანი დავალებებით აღჭურვონ.

არავინ კამათობს იმაზე, რომ თანამშრომლობითი ჯაჭვი „მოსწავლე-მშობელი-მასწავლებელი“ სასწავლო პროცესების მართვის მექანიზმის უმნიშვნელოვანესი დეტალია. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ შუა რგოლთან თანამშრომლობას გარკვეული სირთულეები ახლავს თან.

პანდემიის გამო, საკლასო ოთახმა მოსწავლეთა სახლებში გადაინაცვლა და მშობელი სასწავლო პროცესის აქტიურ მონაწილედ აქცია. ინტერესის სფეროდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი ძველი ეჭვების დამადასტურებელი „ფაქტების“ შეგროვებას შეეცადა, ზოგი კი პასიური მსმენელის როლს საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისა და ახალი აღმოჩენების გაკეთების მიზნით ირგებდა. თუმცა აზრადაც არ მოსვლიათ, რომ დისტანციურად სწავლის მოდელი განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებისგან. აქედან გამომდინარე, აქტიური მშობლების უმეტესობას არ აკმაყოფილებდა არც გაკვეთილების სიხშირე და არც დავალებების ფორმატი თუ რაოდენობა. თუმცა შვილის შესაძლებლობების შელამაზების ან, უბრალოდ, დახმარების მიზნით ზედმიწევნით დარედაქტირებული დავალებების რიცხვმა ძალიან მოიმატა.

ახლა განვიხილოთ მეორე უკიდურესობა, ანუ ინერტული მშობელი: თუ ბავშვი ონლაინ საკლასო ოთახში იშვიათად შემოდის, შეიძლება მშობელს შვილის საქმიანობის ორგანიზება უჭირდეს ან ვერ იაზრებდეს საშინაო სკოლის საჭიროებას. ამას გარდა, სასწავლო პროცესში ჩართვა მოითხოვს დღის განრიგის სწორად ორგანიზებას, რაც საკმაოდ რთულია, თუ სახლში ერთზე მეტი მოსწავლე გყავს ან თავადაც ონლაინ მუშაობ. ასეთ სტრესულ გარემოში ვერავის დაავალდებულებ, მუდმივად დაესწროს ონლაინ შეხვედრებს და დავალებებიც დროულად შეასრულოს. ამას გარდა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ოჯახის მხარდაჭერა დროის სწორად განაწილების თვალსაზრისით, რადგან, მოგეხსენებათ, სახლში ყველაზე კარგად არაფრის კეთება გამოსდის ადამიანს.

რადგან საკლასო ოთახში მშობლის შემოყვანა ,,დაგვჭირდა“, სასურველია, დისტანციური ან საარდადეგებო დავალებების ნაწილი ისეთი აქტივობით იყოს დატვირთული, სადაც აქტიურ მშობელს თავისი განსაზღვრული როლი ექნება შესასრულებელი. სასწავლო პროცესში ნაკლებად ჩართულ ადამიანებს კი შვილის სასკოლო ცხოვრებით დააინტერესებს.

ამას წინათ საინტერესო აქტივობებს წავაწყდი „კარგი სკოლის“ საიტზე მშობელთა ჩართულობის მიმართულებით.  ჩემი აზრით, თავისუფლად შეიძლება ამ აქტივობების სასწავლო დისციპლინებზე მორგება და საინტერესო დისტანციურ დავალებებად ქცევა. რამდენიმე მათგანი ჩემს საგანს მოვარგე და თქვენც გაგიზიარებთ:

„იმერული ესკიზები, ანუ საოჯახო წარმოდგენა“

დღემდე ღიმილით ვიხსენებ უბნის საზაფხულო სპექტაკლებს, რომლის აქტიური მონაწილეც გახლდით. მახსოვს, ამბებს თავად ვიგონებდით და რომელიმე ,,მსახიობის“ ეზოში  სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე ვაცოცხლებდით. მშობლები შეიძლება დაეხმარონ ბავშვებს ,,პიესის“ წერის დროს ან საყვარელი ზღაპრების/მოთხრობების დიალოგებად ქცევის პროცესში. თუ ოჯახში ბევრი ნათესავია ან ახლომახლო ბევრი ბავშვი ცხოვრობს, ეს აქტივობა ბავშვების ერთ-ერთ საყვარელ საზაფხულო საქმიანობად იქცევა. მათ უფროსების დახმარება ასევე დასჭირდებათ ფუნქციების განაწილების, რეკვიზიტებისა და კოსტიუმების შერჩევისას. თეატრალური სამზადისის დასრულების შემდეგ, ,,დარბაზის“ მოწყობა, ხელნაწერი მოსაწვევების დამზადება და წარმოდგენაზე მეზობლების დაპატიჟებაც არ დაგავიწყდეთ!

,,ჟურნალის კითხვის საათი“

გამოყავით კვირაში თუნდაც 1 საათი ჟურნალის ან გაზეთის (სტატია, საინფორმაციო ტექსტი) კითხვისთვის. შეარჩიეთ შვილის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი გამოცემა. დაეხმარეთ მათ საკითხავი მასალის შერჩევაში. კითხვის დასრულების შემდეგ მოაწყვეთ ერთგვარი ვიქტორინა ,,იცოდით, რომ…“. თუ აღნიშნულ აქტივობაში რამდენიმე ბავშვს ჩართავთ, შეიძლება თამაშს შეჯიბრის სახეც მისცეთ და წინასწარ შეთანხმებული ფორმით წაახალისოთ მკითხველი, რომელიც ყველაზე მეტ ფაქტს გაიხსენებს-დაასახელებს წაკითხული სტატიიდან, თუმცა არც სხვა მკითხველების ჩართულობა დატოვოთ დადებითი შეფასების გარეშე.

,,მომაშველე ინსტრუქცია“

სასწავლო პროცესში ბავშვებს გამუდმებით უწევთ დავალებების ინსტრუქციების წაკითხვა, გაგება და შესრულება. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისთვის რთულია ინსტრუქციის სიღრმისეულად გააზრება, რაც შესრულებული დავალების ხარისხზე უარყოფითად აისახება. მშობელს ამ შემთხვევაშიც შეუძლია დახმარება.

ხშირად სთხოვეთ შვილებს, გასწავლონ რამე, მაგალითად, ბურთის კარში დარტყმა. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა გასწავლონ წერილობითი ინსტრუქციით. თუ მოქმედებათა ჯაჭვს არათანმიმდევრულად ააწყობენ ან რომელიმე რგოლს დააკლებენ, იმიტაციური თამაშის გზით აჩვენეთ, რომ მათი ინსტრუქცია არასრულფასოვანია და კორექტირება სჭირდება. გამოსცადეთ ინსტრუქციის ჩასწორებული ვარიანტები იქამდე, სანამ სრულ ვერსიას არ მოგაწვდიან. ყოველ ჯერზე თქვენ უკეთესად ჩამოყალიბებულ მითითებებს მიიღებთ. ამას გარდა, ბავშვებიც მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან წერილობით ინსტრუქციებს და მათი დავალებების ხარისხიც გაუმჯობესდება.

,,სიტყვის ყულაბა“

თუ თქვენი შვილების ლექსიკური მარაგის გამდიდრება გსურთ, მაშინ ,,სიტყვის ყულაბას“ გირჩევთ.  ,,ყულაბის“ შექმნას მუყაოს ყუთისგან ბავშვებიც შეძლებენ. ყოველ ჯერზე აირჩიეთ ახალი ,,სიტყვის მორიგე“, რომელიც მოიფიქრებს, ლექსიკონში მოიძიებს ან ახლახანს წაკითხული წიგნიდან შეარჩევს საინტერესო სიტყვას (ეს სიტყვა არ უნდა იყოს ისეთი ლექსიკური ერთეული, რომელსაც ხშირად იყენებენ მეტყველებაში), რამდენიმე ეგზემპლარად დაწერს ბარათებზე და ოჯახის წევრებს დაურიგებს. „სიტყვის მაძიებლებმა“ კი უნდა მიუსადაგონ მსგავსი და საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვები, დაწერონ თავიანთ ბარათებზე და ,,სიტყვის მორიგეს“ ჩააბარონ. ის გაეცნობა მონაწილეების ნამუშევრებს, გადაამოწმებს მისადაგებული სიტყვების შესაბამისობას და სწორი ვერსიის ერთ ეგზემპლარს სიტყვის ყულაბაში ჩააგდებს.

პერიოდულად მოაწყვეთ ყულაბის საზეიმო გახსნა და შეამოწმეთ, რამდენად კარგად გახსოვთ მასში მოთავსებული სიტყვები; შეგიძლიათ ლექსიკური ერთეულები თამაშების დახმარებით გააცოცხლოთ, მაგალითად: თუ ერთი შვილი სიტყვას წაიკითხავს, მამა და დედა დაასახელებენ სინონიმ-ანტონიმებს, და-ძმა კი წინადადებებს მოიფიქრებს ამ სიტყვის გამოყენებით. თითოეული ბარათის გათამაშების შემდეგ როლები შეცვალეთ და გააგრძელეთ თამაში ყულაბის დაცარიელებამდე.

სასურველია, თუ ამ თამაშს ხშირად გაიმეორებთ. გირჩევთ, ყულაბა ხშირად გახსნათ და თამაშის დროს სიტყვების რაოდენობა ათს არ აღემატებოდეს, რათა აქტივობა მომაბეზრებელი არ გახდეს და ბავშვებს მოძიებული სიტყვები არ დაავიწყდეთ.

,,პირადი ჩანაწერები“

გაქვთ სახლში ძველი მეგობრობის დღიური ან ბავშვობის ჩანაწერები? აჩვენეთ ან მოუყევით თქვენს შვილებს, რატომ მოგწონდათ დღიურის წარმოება, რას უზიარებდით მას, იმსჯელეთ, რატომ, რა მიზნით შეიძლება წერდნენ ადამიანები დღიურებს?! გააცანით მსოფლიოში ცნობილი დღიურები, რომლებიც დღეს ლიტერატურულ შედევრებადაა მიჩნეული (მაგალითად, ანა ფრანკის დღიური). თუ სახლში შემოგრჩათ ბავშვობისდროინდელი დღიური, შვილებსაც შეავსებინეთ.

ზოგიერთი ბავშვი თავად იგონებს ანბანს და საკუთარი დამწერლობის ლაბირინთში კეტავს ბავშვურ სადარდებელს, თუ ოცნებებს. დღიურის იდეას მას ნამდვილად მოაწონებთ. უფროსკლასელებს შეგიძლიათ ასომთავრული ან ნუსხური დამწერლობის მიმართ ინტერესი „საიდუმლო დღიურის“ დახმარებით გაუღვივოთ. წარმოიდგინეთ, გაქვთ საიდუმლო, რომლის გამხელაც არავისთვის გინდათ, ან უბრალოდ გრძნობებისგან დაცლა გსურთ, ფურცელი ამის საუკეთესო საშუალებაა, ძველქართული ან გამოგონილი, საკუთარი ანბანი კი – საიდუმლოს დამალვის საუკეთესო ხერხი.

,,მოგზაურის დღიური“ 

სასკოლო არდადეგების პერიოდში ბევრი ოჯახი მოგზაურობს. ეს სასიამოვნო პროცესი სასარგებლოც რომ გავხადოთ, შეგვიძლია შვილებს რეპორტიორის როლის მორგება შევთავაზოთ. ახალბედა ჟურნალისტებმა უნდა აწარმოონ ,,მოგზაურის დღიური“. ურჩიეთ, თავიანთ ბლოკნოტებში ჩაიწერონ, რამ დააინტერესათ ყველაზე მეტად მოგზაურობის პერიოდში ან რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყვეს ახალი ადგილისა და იქაური მაცხოვრებლების შესახებ… თუ დღიურის ჩანაწერებს თქვენს შთაბეჭდილებებსაც შემატებთ, ბავშვებს მოტივაცია უფრო აუმაღლდებათ.

მსგავსი რეპორტაჟებისთვის მასალის მოძიება სხვა გზითაც შეიძლება. მაგალითად, რომელიმე მოგზაურ ახლობელთან ხართ სტუმრად. თქვენს შვილებს შეუძლიათ მასპინძელს ინტერვიუ ჩამოართვან – ჰკითხონ, სად უმოგზაურია, რომელი ადგილი იყო მისთვის საინტერესო, რომელი შენობები, ხედები ან კერძები მოეწონა ყველაზე მეტად, დაათვალიერონ მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა… პასუხების ,,შენახვა“ ხმის ჩამწერი პროგრამის დახმარებით შეიძლება, მოგვიანებით კი მათი დღიური კიდევ ერთი საინტერესო რეპორტაჟით შეივსება.

,,დააძველე ან განაახლე ისტორია“

აქ ბებია-ბაბუების ჩართულობა დაგვჭირდება. მოაყოლეთ შვილიშვილებს ახალი ისტორიები სკოლაზე, მეგობრებთან ერთად გართობაზე, მშობლებთან ერთად სეირნობაზე, მარტო თამაშის სახეობებზე. შემდეგ დააძველეთ მათი ისტორია – ანუ მოყევით, თქვენ რომ ასეთივე ამბები გადაგხდომოდათ თავს, რა შეიცვლებოდა მათ ისტორიაში, რა მოხდებოდა განსხვავებულად ან ვერ მოხდებოდა საერთოდ. იგივე თამაში შეგიძლიათ გაიმეოროთ შებრუნებულად, ანუ ბებია-ბაბუების დროინდელი გართობის ხერხები თანამედროვე ეპოქაში გადმოიტანოთ. დარწმუნებული ვარ, თქვენც ძალიან იხალისებთ და ბავშვებიც.

,,რას გვეუბნება რეკლამა“

აირჩიეთ ერთ-ერთი ნაცნობი რეკლამა და შვილებთან ერთად იმსჯელეთ, თუ რა მიზანი აქვს მას – რაიმე უნდა გვაყიდინონ? სადმე წასვლა მოგვანდომონ?.. შემდეგ ნიმუშად მიაწოდეთ რომელიმე ტურისტული კომპანიის სარეკლამო ბუკლეტი და შესთავაზეთ მსგავსი ,,პროდუქტის“ შექმნა, რომლის დახმარებითაც რომელიმე ადგილის/ღირსშესანიშნაობის (ქვეყნის შიგნით) ნახვას მოგანდომებენ. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის ფორმატი. ბავშვებს ალბათ თქვენი დახმარებაც დასჭირდებათ ინფორმაციის მოძიება-დამუშავების, ფოტომასალის შერჩევის, სარეკლამო ტექსტის შედგენის დროს.

ბუკლეტის დასრულების შემდეგ მოაწყვეთ მისი პრეზენტაცია. სარეკლამო ბუკლეტის შემქმნელებმა უნდა სცადონ და დაგარწმუნონ, რომ იყიდოთ მათი საექსკურსიო პაკეტი. თუ რეკლამა დამაჯერებელი გამოვა, ჯილდოს სახით, შეგიძლიათ პრეზენტატორებს ნამდვილი ექსკურსიაც დააგეგმინოთ და გიდის როლის მორგების შესაძლებლობაც მისცეთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი