პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბოდიში – წამალი თუ შხამი?

ცუდი ამბავი მოხდა ამერიკაში. ერთ-ერთი რიგითი შემთხვევისას პოლიციელმა არ შეისმინა დაკავებული ეჭვმიტანილის, ჯორჯ ფლოიდის მუდარა, რომელიც სუნთქვის უკმარისობას ჩიოდა და არ მოაცილა ფეხი მის კისერს, შედეგად კი რამდენიმე წუთში ფლოიდი დაიხრჩო. საქმე ისაა, რომ ჯორჯ ფლოიდი შავკანიანი იყო, პოლიციელი კი თეთრკანიანი, რამაც მისი საქციელის სარჩულის მიმართ სამართლიანი ეჭვები გააჩინა, ბევრმა მიიჩნია, რომ პოლიციელის ქმედება არ იყო აუცილებელი სიფრთხილე, არამედ რასისტული უგულობა თუ დაუდევრობა, ანდა ყველაზე რადიკალურად განწყობილთა აზრით, სულაც დაკავებულის განზრახ წამება. ამ მძიმე ტრაგედიამ რასიზმის წინააღმდეგ ახალი ამბოხების ტალღა გამოიწვია ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღშფოთებული საზოგადოება ქუჩებს მოედო, მათ შორის როგორც შავკანიანები ისე სხვა რასის ხალხებიც.

ეს ვრცელი თემაა, რომელიც სათავეს საუკუნეების სიღრმეში იღებს და მისი კონტექსტის სრულად აღსაქმელად, ისტორიის კარგად ცოდნაც კი არ კმარა, არამედ თანამედროვე კონტექსტების გააზრება, ამერიკული რეალობის დეტალური ცოდნა და იმ ადამიანების ამბების სწორი ანალიზი, ვინც თავს დაჩაგრულად მიიჩნევს. რასიზმი ზღაპარი არაა, ის რეალობაა და როგორც არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, რომ მონობა ამერიკაში ოფიციალურად ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გადავარდა, დანარჩენ მსოფლიოშიც სამარცხვინო საქციელად მიიჩნევა, საუკუნის შემდეგ შავკანიანებმა თანასწორ უფლებებს მიაღწიეს და 21-ე საუკუნეში ქვეყანას შავკანიანი პრეზიდენტიც კი ჰყავდა, მაინც ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ რასიზმი დღესაც არსებობს. არსებობს ყველგან, სადაც განსხვავებული რასები სახლობენ. არსებობს სხვადასხვა პროპაგანდისტული მანქანებითა თუ ყალბი წარმოდგენებით გაღვივებული რასისტული შეხედულებები და შესაბამისად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ პრობლემის მიზეზად კანის ფერს მიიჩნევენ. ჩაგრულთა მხარეს მყოფნი კი არაერთ ისტორიას ჰყვებიან იმ შემთხვევათა შესახებ, როდესაც მათი უფლებები სწორედ კანის ფერის გამო დაირღვა, იქნება ეს არათანაბარი ანაზღაურება მიუხედავად იდენტური კომპეტენციისა, თუ პირდაპირი ბულინგი ჰეგემონური პოზიციების მქონეთა მხრიდან.

და მაინც, ამ წერილში მინდა ყურადღება ერთ კონკრეტულ ქცევაზე გავამახვილო. ესაა თანამედროვე თეთრკანიანთა ბოდიში თანამედროვე შავკანიანთა მიმართ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელები, თუ მათი წინაპრები ჩაგვრას განიცდიან სხვა თეთრკანიანებისა, თუ მათი წინაპრების მხრიდან. აქ რაღაც ისე ვერაა, მეგობრებო. მოდით ცოტა შორიდან დავიწყოთ.

ადამიანებს მუდმივად აქვთ ვნება არ იყვნენ მარტონი და თვითიდენტიფიკაცია მოახდინონ ამა თუ იმ ჯგუფთან. შესაძლოა, ეს ცივილიზაციური ვნებაა, რომელმაც თავის დროზე განაპირობა ინდივიდების ჯგუფებად, კლანებად და თემებად გაერთიანება. შესაძლოა, ამ ყველაფერს მხოლოდ ფიზიკური საჭიროებები (გადარჩენა, კეთილდღეობა) არ ედო მიზეზად, რადგან დღესაც ასეა, ადამიანებს სურთ იყვნენ ამა თუ იმ საზოგადოების ნაწილი. აი ჩვენ სასწორები ვართ. ჩვენ მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრები. ჩვენ წითურები. ჩვენ კაცები. ჩვენ იმერლები. და ა.შ. ბევრი მიზეზის გამოძებნა შეგვიძლია საერთო თვისებების, შეხედულებების თუ გემოვნების შტრიხებისა აღმოსაჩენად, მერე კი ვჯგუფდებით და თითქოს ამით კიდევ უფრო მეტად ვძლიერდებით. ეს თვითიდენტიფიკაცია რიგ შემთხვევებში პრობლემებსაც იწვევს, მაგალითად მაშინ, როცა საქმე რასებთან მიდის. ჩვენ – თეთრები. სინამდვილეში თეთრები არ შეიძლება იყოს ამა თუ იმ ფრონტზე თანამებრძოლობის განმსაზღვრელი საბაბი, არაფერი გვაქვს საერთო ჩვენ – თეთრებს – ისეთი, რის გამოც ადამიანები ერთად დგებიან ხოლმე. არ გვიყვარს ერთი და იგივე რამ, არ გვაწუხებს ერთი და იგივე პრობლემები, არ გვაქვს მსგავსი მსოფლმხედველობა და გემოვნება. კანის ფერი ისეთი საწყისი მოცემულობაა, რომელიც ჩვენ არ შეგვიძენია, არამედ დაბადებიდან დაგვყვა და შესაბამისად ვერაფრით განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას. სწორედ ამიტომ, მე, თეთრკანიანს, არაფერი მაქვს საერთო სხვა თეთრკანიანებთან მხოლოდ ამ ნიშნით. არც შავკანიანებთან და არც სხვებთან. კანის ფერი არაა ნიშანი, რომლის გარშემოც შეიძლება გავერთიანდეთ. სწორედ ესაა ჩემთვის მთავარი ანტირასისტული თეზისი, მთავარი პარადიგმა, რომლის გამოც რასისტები ბრტყელი დედამიწის მომხრეთა თანასწორად მიმაჩნია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელნი, ამ ეტაპზე, კაცობრიობას ვერაფერს უშავებენ. ყოველივე ზემოთ განხილულის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ, “თეთრები”, რომელთაც არ გაგვაჩნია რასისტული შეხედულებები (ასე რომ არ იყოს, არც ბოდიშის მოხდას დავაპირებდით) ვუხდით ბოდიშს “შავებს” იმ თეთრკანიანთა გამო, რომლებმაც წარსულში ან აწმყოში ჩაიდინეს რასისტული დანაშაული მათ მიმართ, ჩვენც გამოვდივართ რასისტული მიდგომებიდან, რადგან თვითიდენტიფიკაციას ვახდენთ სხვა თეთრკანიანებთან, მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მსოფლმხედველობა თუ შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რამდენად სწორია ეს? რამდენად სწორია რასობრივი დაყოფის ხელშეწყობა, განსხვავებული ფერის ადამიანების სხვადასხვა ბანაკებად დაშლა და შემდგომ, ერთი ბანაკის მხრიდან თუნდაც სულგრძელი საქციელი, რაც აღნიშნულ ბოდიშში გამოიხატება? უწამლებს კი ეს ბოდიში რასისტულ მიდგომებსა და განსხვავებულთა ჩაგვრას, თუ პირიქით, შხამად მოგვევლინება და სეგრეგაციას შეუწყობს ხელს, რადგან ბოდიშის შემდეგ, ჩვენ მაინც თეთრებად დავრჩებით და არც ბოდიშის ადრესატების ბანაკის ადგილმდებარეობა შეიცვლება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი