ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დისტანციური  სწავლების დადებითი მხარეები და გამოწვევები განათლების დაწყებით საფეხურზე

მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა სკოლა, მასწავლებელი და მოსწავლე ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნული გამოწვევა გარკვეული სიახლე აღმოჩნდა როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის. აღნიშნული ვითარება უკვე დაახლოებით ორი თვეა გრძელდება და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ ხნის განმავლობაში მასწავლებლებმა  თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომა გასწიეს, რომ პატარები სასკოლო განათლებას არ ჩამოცილებოდნენ. ამასთანავე, საჭირო გახდა მიმდინარე პროცესის, გამოვლენილი მიგნებებისა თუ გამოწვევების შესწავლა, სამომავლოდ პროცესის გაუმჯობესებისა თუ პროფესიული პრაქტიკის რეფლექსიის მიზნით.

ამიტომ, მიზნად დავისახეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ონლაინ სწავლების დადებითი მხარეებისა და გამოწვევების შესწავლა. კვლევაში გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიეღოთ განათლების დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა და უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მშობლებს. აგრეთვე, ჩავწერეთ ინტერვიუ რამდენიმე მეორეკლასელ მოსწავლესთან.

კვლევის პირველ ეტაპზე შევიმუშავეთ  თვითადმინისტრირებადი კითხვარები მშობლებისა და მასწავლებლებისთვის და ჩავატარეთ ონლაინ გამოკითხვა.

კვლევაში  მონაწილეობა მიიღო განათლების დაწყებითი საფეხურის 147 – მა მასწავლებელმა და 227 -მა მშობელმა.

დემოგრაფიული მონაცემები

მასწავლებლები. დიაგრამა N1.

როგორც დიაგრამიდან ჩანს, კვლევაში მონაწილე მასწავლებლების ყველაზე დიდი ნაწილი თბილისიდან იყო (70), შემდეგ იმერეთიდან (20), სამეგრელო – ზემო სვანეთიდან და აჭარიდან (12), შიდა ქართლი (8), ქვემო ქართლი, მცხეთა – მთიანეთი -(7), გურია -(6), სამცხე ჯავახეთი -(3), კახეთი – (2).

მშობლები. დიაგრამა 2

დიაგრამა 2.

გამოკითხული მშობლებიდან ყველაზე მეტი იყო აჭარიდან – (90), შემდეგ თბილისიდან (75), შიდა ქართლიდან (28), კახეთი (11), სამცხე-ჯავახეთი (10), იმერეთი (7), ქვემო ქართლი (4), გურია – (2).

გამოკითხული მასწავლებლებიდან 115 მასწავლებელი (78,2%) დასაქმებულია საჯარო სკოლაში, 29 (19,7%) კერძო სკოლაში, ხოლო სამი მასწავლებელი ორივე ტიპის სკოლაში მუშაობს.

გამოკითხული მშობლებიდან 184-ს (81.1%) შვილი დაჰყავს საჯარო სკოლაში, ხოლო 43-ს (18.9%) კერძო სკოლაში.

დისტანციური სწავლების დადებითი მხარეებისა და გამოწვევების შესახებ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს უმეტესად საჯარო სკოლებში  დასაქმებულმა მასწავლებლებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეთა  მშობლებმა.

გამოკითხული  მშობლებიდან 42 (18.5 %) რესპონდენტის   შვილი პირველ კლასში სწავლობს, 68 (30%) რესპონდენტის – II კლასში, III კლასელი შვილი ჰყავს 35 (15.4%) რესპონდენტს,   IV კლასელი – 32 (14.1%-ს), V კლასელი – 53 (23,3%)-ს , VI  კლასელი – 43 (18.9%) რესპონდენტს.

საგნები, რომელშიც ტარდება ონლაინ გაკვეთილები

გამოკითხული მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა საგანში.

დიაგრამა 3.

ონლაინ გაკვეთილების ხანგრძლივობა

ონლაინ გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი რესპონდენტი 43 (29,3%) აღნიშნავს, რომ გაკვეთილი 30 წუთი გრძელდება, გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ დიაგრამაზე 4.

დიაგრამა 4.

 

მართალია, კვლევის ნაკლოვანებად შეგვიძლია, ჩავთვალოთ ის, რომ კვლევაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა რეგიონის, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები, რამაც განსხვავებული შედეგები მოგვცა  გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.  მასწავლებლების და მშობლების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნავს, რომ გაკვეთილები 30 წუთს გრძელდება, რაც მისასალმებელია, მაგრამ როგორც დიაგრამიდან ჩანს, გაკვეთილები 45 წუთსაც გრძელდება. რაც ვფიქრობთ, დაწყებითი კლასების მოსწავლეების შემთხვევაში, სწავლების ფორმატის გათვალისწინებით, შესაძლოა, დამღლელი აღმოჩნდეს.

ონლაინ გაკვეთილებზე  დასწრება

ონლაინ გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების შესახებ  მასწავლებლებისგან მივიღეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

გამოკითხული მასწავლებლებიდან   10 რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მის გაკვეთილებს ყველა მოსწავლე სისტემატურად ესწრება. 54 რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მის გაკვეთილებს სისტემატურად  მოსწავლეთა 99-90 % ესწრება; 46 რესპონდენტი გვაწოდებს ინფორმაციას, რომ გაკვეთილებს მისი მოსწავლეების 89 – 70% ესწრება, 21  რესპონდენტი გვპასუხობს, რომ სისტემატურად ესწრება  69- 50 %, მხოლოდ 10 მასწავლებელი აღნიშნავს, რომ გაკვეთილს სისტემატურად  50% -ზე ნაკლები მოსწავლე ესწრება.

ტექნიკის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების მხრიდან მივიღეთ შემდეგი პასუხები:

221 (97,4%) მშობელი აღნიშნავს, რომ მის შვილს ტექნიკაზე ხელი მიუწვდება, ხოლო 6 მშობელი (2.6%) აღნიშნავს, რომ ბავშვს არ მიუწვდება ხელი ტექნიკაზე.

კითხვაზე, თუ რა საშუალებებით ერთვებიან  ბავშვები ონლაინ გაკვეთილებში, 102 მშობელი (44.9%) აღნიშნავს, რომ ბავშვი  ხან კომპიუტერით და ხან ტელეფონით ერთვება,  45 მშობელი (19.8%) აღნიშნავს, რომ ჩართვა ხდება მხოლოდ მობილური ტელეფონით,  80 მშობელი (35,2%) აღნიშნავს, რომ ბავშვი გაკვეთილში ერთვება კომპიუტერის საშუალებით.

198 მშობელი (87,2%) აღნიშნავს, რომ სახლში ინტერნეტი გამართულად მუშაობს, ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის არსებობაზე  29 მშობელი (12.8%) მიუთითებს.

ონლაინ გაკვეთილებზე არდასწრების მიზეზები

კითხვაზე, თუ რა მიზეზით არ ესწრებიან ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს, მასწავლებლების მხრიდან შემდეგი პასუხები მივიღეთ:

  • ინტერნეტის არქონა – 65 (44,2);
  • დაბალი სიჩქარის ინტერნეტი – 73 რესპონდენტი (49,7%);
  • ტექნიკის არქონა ოჯახში – 37 (25,2%);
  • ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის არქონა 39 (26,2%).

აგრეთვე, 30 პასუხი სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდის მოსწავლეთა  გაკვეთილებზე არდასწრების მიზეზებთან დაკავშირებით. კერძოდ,  მშობელი დაკავებულია და ვერ ახერხებს ბავშვის დახმარებას, ელექტროენერგიის გათიშვა, ბავშვები, მშობლები ვერ ახერხებენ შესაბამისი პროგრამის გადმოწერას, ბავშვის დილით ჩაძინება, გაკვეთილის დროის დავიწყება, დროებით გადასვლა სხვა ნათესავებთან, გაკვეთილის მიმართ ინტერესის არქონა, ბავშვის სიზარმაცე.

ბავშვების მხრიდან ონლაინ გაკვეთილებზე არდასწრებას, მშობლებიც  ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებით ხსნიან. მიღებული პასუხებიდან 39 % სწორედ დაბალი სიხშირის ინტერნეტს, გაუმართავ ტექნიკას ან ზოგჯერ პროგრამულ ხარვეზს ეხება. ამასთანავე, მშობელთა ნაწილი  აღნიშნავს, რომ გაკვეთილზე ბავშვების სიმრავლის გამო, მასწავლებლის კითხვას მოსწავლეები ერთდროულად პასუხობენ, რაც ხმაურს იწვევს, ან მასწავლებელი ვერ ასწრებს ყველას გამოკითხვას, რის გამოც ბავშვებს ეკარგებათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის სურვილი. მშობელთა ნაწილი ხაზს უსვამს, რომ  კომპიუტერთან მუშაობა ღლის ბავშვს, ხშირად ბავშვი თავის ტკივილს უჩივის, აგრეთვე, პატარებს ძალიან უჭირთ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, ვინაიდან კომუნიკაცია პირისპირ არ მიმდინარეობს.  ზოგიერთი რესპონდენტის აზრით, თუ მშობელი მთელი გაკვეთილის განმავლობაში არ უზის ბავშვს გვერდით, მას უფრო იოლად ეფანტება ყურადღება და შეუძლია, ნებისმიერ წუთს წამოდგეს და სიარული დაიწყოს. რამდენიმე მშობელი აღნიშნავს,  რომ ზოგჯერ გაკვეთილი 1 საათიც კი გრძელდება, რაც ბავშვისთვის საკმაოდ დამღლელია. საგაკვეთილო პროცესში ბავშვის არჩართვის მიზეზად ზოგიერთი მშობელი ასახელებს ბავშვის დაბალ კომპეტენციას, რომ დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე არ შეუძლიათ  დავალების ჩამოტვირთვა და შემდეგ გაგზავნა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ მშობლების გარკვეული ნაწილი თავადაც ესწრება ონლაინ გაკვეთილებს და მადლიერებას გამოთქვამენ მასწავლებელთა პროფესიონალიზმის მიმართ.

მშობლებისა და მასწავლებლების გამოკითხვით მოსწავლეთა ონლაინ გაკვეთილებზე არდასწრების მიზეზი ძირითადად ინტერნეტის არქონა/დაბალი სიხშირის ინტერნეტი, ან ტექნიკის არქონა/გაუმართაობაა. თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კლასის მართვისას წარმოშობილ სირთულეებს, კერძოდ, ბავშვების ერთდროულ პასუხს, პირისპირ კომუნიკაციის არქონის გამო წამოჭრილ სირთულეებს ონლაინ გაკვეთილებში არჩართვის მიზეზად მხოლოდ მშობლები განიხილავენ.

 

მოსწავლეთა ჩართულობის შეფასება  ონლაინ გაკვეთილებში

რესპონდენტებს ვთხოვეთ, გაკვეთილებზე მოსწავლეთა ჩართულობა შეეფასებინათ 1-დან 5 ქულიან სკალაზე. სადაც  1 აღნიშნავდა გაკვეთილის პროცესში  ძალიან დაბალ ჩართულობას, ხოლო 5 ძალიან მაღალ ჩართულობას.

44 მასწავლებელი  (29,9%) მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართულობას 5 ქულით აფასებს, 76 მასწავლებელი  (51,7) – 4 ქულით,  25 მასწავლებელი  (17 %) – კი 3 ქულით. 1 და 2 ქულით მოსწავლეთა ჩართულობა თითო- თითო რესპონდენტმა შეაფასა.

რაც შეეხება მშობლებს, ბავშვის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში 5 ქულით აფასებს 142 მშობელი (62.6%), 4 ქულით – 49 (21.6%), 3 ქულით – 30 (13.2%), 2 ქულით – 3  (1,3%) და 1 ქულითაც – 3 მშობელი (1.3 %). იხ. დიაგრამა 5.

დიაგრამა 5.

როგორც ჩანს, პედაგოგებთან შედარებით, მშობლები ბავშვების ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში მეტად დადებითად აფასებენ.

კითხვაზე, თუ რომელი გაკვეთილები მოსწონთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, მშობლების გამოკითხვის შედეგად  შემდეგი სურათი მივიღეთ:

ცხრილი 1.

N საგანი რაოდენობა
1 ქართული ენა და ლიტერატურა 120
2 მათემატიკა 150
3 ბუნებისმეტყველება 85
4 მუსიკა 32
5 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 48
6 მე და საზოგადოება 26
7 ჩვენი საქართველო 29
8 ინგლისური ენა 12
9 გერმანული 2
10 სპორტი 2
11 რუსული 4
12 ყველა 6

 

ონლაინ გაკვეთილებზე გამოყენებული სწავლების მეთოდები

სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ყველაზე ხშირად  რომელ სტრატეგიებს იყენებენ სწავლების პროცესში, მასწავლებლებმა ასე უპასუხეს:

  • ახსნა, პრეზენტაციის დემონსტრირება (132 პასუხი);
  • დავალებების გაზიარება, მათი ანალიზი (118 პასუხი);
  • დისკუსია (101 პასუხი);
  • ფილმების, ანიმაციის დემონსტრირება (79 პასუხი).

აგრეთვე, მასწავლებლები ასახელებდნენ სწავლების იმგვარ აქტივობებს, როგორებიცაა: კომპლექსური დავალებების შეთავაზება, მუსიკის გაზიარება, ონლაინ პროგრამის ,,მოდი დავწეროთ“ გამოყენება, კოლაჟის შექმნა, ტელესკოლის, ბასტი-ბუბუს  ბმულების გაზიარება, სპექტაკლის გათამაშება, საგანმანათლებლო თამაშის ,,ქამაბუკის“ გაზიარება.

მასწავლებლები ახსნას და პრეზენტაციის დემონსტრირებას გაკვეთილზე საშუალოდ 15 წუთს უთმობენ (ყველაზე დიდი დრო – 35 წუთი,  ყველაზე ცოტა – 3 წუთი  სახელდება).

დისკუსიას საშუალოდ 10  წუთი ეთმობა (ყველაზე ცოტა 2 წუთი, ყველაზე ბევრი 25  წუთი). თუმცა, ზოგიერთი მასწავლებელი აღნიშნავს, რომ გაკვეთილის პროცესში ,,დისკუსია ჭირს, ინტერნეტის შეფერხებების გამო ხმა წყვეტილია და რამდენიმეჯერ უწევთ გამეორება, რაც აჭიანურებს დისკუსიის პროცესს“.

 

გაკვეთილების პროცესში მასწავლებლები შემდეგ გამოწვევებს აწყდებიან:

  • მოსწავლეთა გაუმართავი ტექნიკა 116 პასუხი;
  • ოჯახის წევრების მხრიდან ხელის შეშლა – 64 პასუხი;
  • კომუნიკაცია თანაკლასელებთან – 23 პასუხი;
  • ბავშვის მიერ კომპიუტერის გამორთვა – 12 პასუხი.

ამას გარდა,  რესპონდენტებმა დააფიქსირეს შემდეგი პასუხები: მოსწავლეებს ავიწყდებათ მიკროფონის კონტროლი, დაბალი სიჩქარის ინტერნეტის გამო მოსწავლეებს ღალატობთ მოთმინება და ეთიშებიან გაკვეთილს,  ხანდახან მასწავლებელს ექმნება ტექნიკური სახის პრობლემები, ადგილი აქვს ბავშვების მხრიდან დავალების პირობის ვერ გაგებას.

 

რეაგირება გაკვეთილის პროცესში წარმოქმნილ პრობლემაზე

 

გაკვეთილზე წამოჭრილ სირთულეებს მასწავლებლები შემდეგი გზით უმკლავდებიან:

  • მშობელთან დამატებითი კომუნიკაცია – 83 პასუხი;
  • ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა – 62 პასუხი;
  • სწავლების მეთოდის ცვლილება /სხვა მასალის შეთავაზება – 49 პასუხი.

აგრეთვე, მასწავლებლებმა დაასახელეს შემდეგი სტრატეგიები: პაუზის/დუმილის გამოყენება, ბავშვთან დამატებითი კომუნიკაცია, მოსწავლისთვის მიკროფონის გამორთვა,  წესების შეხსენება, იუმორის გამოყენება. ზოგიერთი მასწავლებელი აღნიშნავს, რომ გაკვეთილზე არასოდეს შექმნია პრობლემა.

მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები

მასწავლებლების აზრით მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო შემდეგი ტიპის დავალებებია:

  • მასწავლებლების მიერ საპრეზენტაციო პროგრამაში შესრულებული  დავალებების გაზიარება;
  • ინტერნეტ რესურსების, ანიმაციური ფილმების, ბასტი-ბუბუს ვიდეოს გაზიარება და შემდეგ მათი განხილვა, დისკუსია;
  • მასწავლებლების მიერ Learningapps – ში შექმნილი დავალებების, კროსვორდებისა და სხვადასხვა თამაშების გაზიარება;
  • იმგვარი დავალებების შეთავაზება, რომლებიც მოითხოვს ოჯახის წევრების ჩართულობას;
  • ქვიზების, ტესტების შექმნა;
  • ტელესკოლის გაკვეთილებში წარმოდგენილი დავალების შესრულება;
  • გაკვეთილის პროცესში ერთმანეთისთვის ნაშრომების გაზიარება;
  • შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით მასწავლებლის ჩაწერილი ვიდეოს გაზიარება, რომელსაც მოსწავლეები წინასწარ უყურებენ და შემდეგ გაკვეთილზე არჩევენ, თუ რა იყო მათთვის გაუგებარი;
  • დავალებები, სადაც საჭიროა, მოსწავლეებმა თავად ჩაწერონ ვიდეო – მაგ., შინაურ ცხოველებზე, მოძიებული რეცეპტებით შექმნან კერძები;
  • ცნობილი მხატვრების ნამუშევრების განსახიერება;
  • აქტივობები, რომელიც ბავშვებისგან მოითხოვს კეთებას, ხატვას  და ნაკლებად დავალებები, რომელიც კვლავ კომპიუტერთან მუშაობას საჭიროებს. მასწავლებელი აზუსტებს, რომ ეს ბავშვების ასაკიდან გამომდინარე რთულია.

მოსწავლეთა მშობლები მოსწავლეთათვის საინტერესო დავალებად მიიჩნევენ:

  • მათემატიკური, ლოგიკური ამოცანების ამოხსნას;
  • ყველა ტიპის დავალება საინტერესოა, ბავშვები მათ ხალისით ასრულებენ;
  • სახალისო და ინტერაქტიული დავალებები;
  • რაიმეს დახატვა და შემდეგ დემონსტრირება;
  • თავისუფალი თემების წერა;
  • ექსპერიმენტების ჩატარება.

 

საშინაო დავალებების შესრულება

 

119 მასწავლებელი (81%) – აღნიშნავს, რომ მოსწავლეები სისტემატურად ასრულებენ საშინაო დავალებებს, მხოლოდ 28 მასწავლებელი (19%) ამბობს, რომ მათი მოსწავლეები არ ასრულებენ საშინაო დავალებებს. აგრეთვე, 219 მშობელი (96.5%) აღნიშნავს, რომ ბავშვი სისტემატურად ასრულებს დავალებას, მხოლოდ 8 მშობელი (3.5%) აღნიშნავს, რომ ბავშვი არ ასრულებს საშინაო დავალებებს.

 

როგორც შედეგებიდან ჩანს, მოსწავლეთა უმრავლესობა სისტემატურად ასრულებს საშინაო დავალებებს.

 

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს მოსწავლეების მხრიდან საშინაო დავალებების არშესრულების მიზეზი, მასწავლებლები შემდეგ ინფორმაციას გვაწვდიან:  საშინაო დავალებების შესრულება და გადაგზავნა მშობლების ჩართულობას საჭიროებს, მშობლებს კი არა აქვთ ყოველთვის დრო, ზოგი მასწავლებელი კვლავ  ინტერნეტის დაბალ სიხშირეს ახსენებს და რომ  მოსწავლეების ნაწილს არ აქვს ტექნიკასთან დამოუკიდებელი წვდომის საშუალება ან უნარი. ზოგი მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ბავშვები, უჩვეულო რეალობის გამო, ზოგჯერ დაბნეულები არიან. მიზეზებთან დაკავშირებით მშობელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მისი შვილი  ხალისით და ინტერესით ასრულებს დავალებებს, ნაწილი ეხება ინტერნეტის პრობლემებს, მშობელთა მოუცლელობას – დაეხმაროს ბავშვს დავალებების გადაგზავნაში, მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობის არქონა – რაც ბავშვს უქვეითებს დავალების შესრულების სურვილს.

 

მოსწავლეთა შეფასება

 

მასწავლებლის მიერ  მოსწავლეთა შეფასება ხდება როგორც საშინაო დავალებების საფუძველზე, ისე სინქრონულ რეჟიმში.

 

მოსწავლეთა შესაფასებლად მასწავლებლები იყენებენ როგორც წერილობით, ისე ზეპირ კომენტარს, თუმცა უფრო ხშირად  წერილობითი კომენტარის გამოყენება ხდება.

 

გამოკითხული მშობლების 83.6% (189 მშობელი) აღნიშნავს, რომ მასწავლებელი სისტემატურად უბრუნებს ბავშვს წერილობით უკუკავშირს, 22 მშობელი (9.7%) კი აღნიშნავს, რომ მასწავლებელი არ აძლევს წერილობით უკუკავშირს, ხოლო 15 მშობელი (6.6%) აღნიშნავს, რომ არ არის საქმის კურსში.

 

149 (73%) მშობელი აღნიშნავს,  რომ წერილობითი უკუკავშირი მოიცავს აღწერას, თუ რა იყო კარგად შესრულებული, აღნიშნულია შეცდომა და მითითებულია გამოსწორების გზა. 98 მშობელი (48%) აღნიშნავს, რომ წერილობითი უკუკავშირი მოიცავს მხოლოდ წახალისებას, მაგ. ყოჩაღ! კარგია! და მხოლოდ 14 მშობელი (6,5%) აღნიშნავს, რომ წერილობით კომენტარში მხოლოდ შეცდომაა მითითებული.

 

135 მასწავლებელი (გამოკითხულთა 91,8%) აღნიშნავს, რომ მშობლები ინფორმირებულნი არიან შეფასების კრიტერიუმის შესახებ და მხოლოდ 12 (8,2%) უსვამს ხაზს,  რომ მშობლებმა არ იციან შეფასების კრიტერიუმები.

აგრეთვე, გამოკითხული მშობლებიდან 170 (75%,2) აღნიშნავს, რომ საქმის კურსშია,  თუ რა კრიტერიუმებით ფასდება მისი შვილი. მხოლოდ 56 მშობელი (24.8) არ იცნობს შეფასების კრიტერიუმებს.

 

მოსწავლეთა ცოდნის შეფასება ძირითადად ხდება ზეპირი გამოკითხვით, ამას აღნიშნავს 38 (64,4%) მასწავლებელი, ტესტით – 37 (62.7%), პრეზენტაციით – 30 (50,8%) და მხოლოდ 15 რესპონდენტი (25,4%) აღნიშნავს, რომ  შეფასებისთვის სხვადასხვა მეთოდებს ირჩევს.

 

მაშასადამე,  მასწავლებლები მოსწავლეებს უკუკავშირს უბრუნებენ როგორც წერილობითი, ისე ზეპირი სახით. თუმცა, უფრო ხშირად წერილობით  კომენტარს იყენებენ. კომენტარი მოიცავს ნაშრომის ძლიერი მხარეების აღნიშვნასა და გამოსწორების გზების მითითებას.

მშობლები ძირითადად ინფორმირებულნი არიან შეფასების კრიტერიუმების შესახებ და ამავდროულად, ეცნობიან წერილობით კომენტარებს.

 

რა ტიპის დახმარება/რეკომენდაცია არის საჭირო ონლაინ სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?

 

  • მასწავლებლების მიერ მოწოდებული 95 პასუხი ეხება დისტანციური სწავლების მიმართულებით ტრენინგის/ქოუჩინგის საჭიროებას;
  • 45 პასუხი საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერის კონსულტაციას ეხება;
  • 10 პასუხში აღნიშნულია, რომ მასწავლებლებს არანაირი დახმარება არ სჭირდებათ, დამოუკიდებლად ართმევენ თავს და უკვე ძალიან ბევრი რესურსია შექმნილი ვიდეო ინსტრუქციების სახით, რაც ყველას გაუწევს დახმარებას ონლაინ სწავლების დროს;
  • 4 პასუხი ინტერნეტის გაუმართავ მუშაობას/ტექნიკის პრობლემებს ეხება;
  • 3 პასუხი – სკოლის ადმინისტრაციისთვის, სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების   მენეჯერისა და ქოუჩის მიმართ მადლიერების გამოხატვაა, რომლებიც მხარში უდგანან და ეხმარებიან ტექნიკური თუ შინაარსობრივი საკითხების მოგვარებაში.

 

მასწავლებელთა მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები, რომ სასურველია, არსებობდეს დისტანციურ სწავლებაზე მორგებული მეტი რესურსი, ზოგი მასწავლებლის აზრით, პროცესს გააუმჯობესებს  მშობელთა მხრიდან მეტი ჩართულობა  ან მათი მომზადება  ტექნოლოგიების გამოყენებაში.

 

ონლაინ სწავლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით  მშობლების უმეტესი ნაწილი  ძირითადად, მადლობას უხდის შვილების პედაგოგებს და აღნიშნავს, რომ ,, მასწავლებლები თავდაუზოგავად შრომობენ და ძალიან კარგ გაკვეთილებს ატარებენ“.

 

მშობელთა ნაწილი საორგანიზაციო საკითხებს ეხება და ითხოვს, იმ მოსწავლეებისთვის,  ვინც ვერ ერთვება ონლაინ გაკვეთილებში, სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში მოხდეს გაკვეთილის თემისა და დავალების დროულად განთავსება, რათა მშობელმა ასევე დროულად შეძლოს ბავშვის დახმარება.

 

ზოგიერთი მშობელი მასწავლებლის ბავშვებთან კომუნიკაციის საკითხს ეხება და აღნიშნავს, რომ სასურველია, მასწავლებლები მეტად თბილები იყვნენ ბავშვების მიმართ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და გაკვეთილის მსვლელობისას, მხოლოდ ერთი და იგივე ბავშვი არ გამოკითხონ და აქონ. თუმცა, მშობლები იმასაც  აღნიშნავენ, რომ მათ ესმით,  ეს ყოველივე მასწავლებლის მხრიდან დამატებით შრომას საჭიროებს, თუმცა, ეს მათი შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე მშობელი ხაზს უსვამს  პირველკლასელთა სწავლების სირთულეს, რომ ბავშვებს სურთ ნასწავლი მასალა თუ გამოცდილება მხოლოდ მასწავლებელს გაუზიარონ და სხვა ბავშვების თანდასწრებით ეკარგებათ ონლაინ გაკვეთილში მონაწილეობის სურვილი.

გამოკითხული მშობლების ნაწილი თვლის, რომ კარგი იქნება, პედაგოგებს მეტი ინდივიდუალური კომუნიკაცია ჰქონდეთ მშობლებთან, რათა მეტად იყვნენ  ინფორმირებულნი ბავშვების საჭიროებების შესახებ. ზოგიერთი მშობელი სწავლების პროცესთან დაკავშირებით გვთავაზობს იდეას: კერძოდ, „მისცენ ბავშვებს შესაძლებლობა, რომ თავად შეარჩიონ საყვარელი წიგნი, დახატონ პერსონაჟი და წარუდგინონ ის თანაკლასელებს“.

რჩევებია კლასის მართვასთან დაკავშირებითაც. ძირითადად, მშობლები გამოთქვამენ   კლასის გაყოფის სურვილს მცირე ჯგუფებად და ყოველი გაკვეთილის დაწყების წინ მუშაობის წესებზე შეთანხმებას. აგრეთვე I და II კლასის მოსწავლეებთან ტელეფონით კომუნიკაციას ან რაიმე ინდივიდუალური კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას.

რამდენიმე მშობელი შეეხო ფსიქოლოგის საათის დამატების საჭიროებას, მაგრამ ეს ალბათ, იმ სკოლებს ეხება, რომელთაც შტატში სკოლის ფსიქოლოგი ჰყავთ.

აგრეთვე, აღნიშნულია  ინტერნეტპაკეტის ყიდვის საჭიროება მოსწავლეებისთვის, რომ ყველა ბავშვი თანაბრად იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

 

კვლევის მიმდინარეობისას, ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე მეორეკლასელ მოსწავლეს. 8 წლის ბიჭუნამ აღნიშნა, რომ  მისთვის ონლაინ გაკვეთილებში განსაკუთრებით მოსაწონი არის ის, რომ ამით იგი  დაცულია კორონავირუსისგან. 7  წლის გოგონას  აზრით, გაკვეთილები უფრო ცოტა ხანს გრძელდება, ვიდრე სკოლაში.  8 წლის ბიჭუნა  მასწავლებლის მიცემულ დავალებებს სისტემატურად ასრულებს, მაგრამ დავალებებს მასწავლებელთან მამა აგზავნის. 7 წლის გოგონა ამბობს, რომ ყოველთვის ვერ ასრულებს დავალებებს. 8 წლის ბიჭუნას  თქმით, გაკვეთილზე რთულია, რადგან, როდესაც მასწავლებელი კითხვას სვამს, ყველა ერთად იწყებს პასუხის გაცემას და ეს ძალიან დიდ ხმაურს იწვევს. კითხვაზე,  როგორ შეიძლება, გაკვეთილი მეტად საინტერესო გახდეს, ბიჭუნამ განაცხადა, რომ სასურველი იქნება, საშინაო დავალებად რაიმე ფილმის/მულტფილმის ნახვა შესთავაზონ და შემდეგ გაკვეთილზე ისაუბრონ, თუ რატომ მოეწონათ იგი, ოღონდ ყველამ რიგრიგობით უნდა გამოთქვას აზრი.  7 წლის გოგონამ განაცხადა, რომ სასურველია, მასწავლებელი ხშირად აქებდეს და აღნიშნავდეს, რომ მან დავალება კარგად შეასრულა.

 

 

დასკვნა 

 

  1. მშობლების გარკვეული ნაწილი თავადაც ესწრება ონლაინ გაკვეთილებს და დიდ მადლიერებას გამოთქვამენ მასწავლებელთა პროფესიონალიზმის მიმართ.
  2. მშობელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მისი შვილისთვის ტექნიკა ხელმისაწვდომია, თუმცა გამოკითხულთა (2.6%) -ის თქმით, ბავშვს  არა აქვს ტექნიკაზე წვდომა. აგრეთვე, მშობელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათთან ინტერნეტი გამართულად მუშაობს, ინტერნეტის პრობლემებს გამოკითხული  მშობლების  (12.8%) უსვამს ხაზს. მისასალმებელია, რომ აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინება დროულად მოხდა  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის  ერთობლივი  საგანმანათლებლო პროექტით ,,ტელესკოლა“.
  3. ონლაინ გაკვეთილებზე მოსწავლეების არდასწრების მიზეზებად მასწავლებლები ძირითადად, ინტერნეტის არქონას/დაბალი სიხშირის ინტერნეტს, ტექნიკის არქონას, ბავშვისთვის ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას აღნიშნავენ. მშობლებიც ძირითად მიზეზად ინტერნეტის პრობლემას ასახელებენ, მაგრამ მხოლოდ მშობლები აღნიშნავენ კლასის მართვისას (კერძოდ, ბავშვების ერთდროულ პასუხს კითხვაზე) და  პირისპირ კომუნიკაციის არქონისას წამოჭრილი სირთულეების გამო ბავშვების მხრიდან გაკვეთილში ჩართვის მოტივაციის შესუსტებას.
  4. მასწავლებლები და მშობლები მოსწავლეთა ჩართულობას ონლაინ გაკვეთილებში ძირითადად დადებითად აფასებენ. (5 ქულიან სკალაზე, სადაც 1 ნიშნავდა ძალიან დაბალ ჩართულობას და 5 ძალიან მაღალს) მასწავლებლები მოსწავლეების ჩართულობას ძირითადად 4 ქულით აფასებდნენ, მშობლები კი 5 ქულით.
  5. ონლაინ გაკვეთილებზე მასწავლებლები ყველაზე ხშირად ვერბალურ ახსნას და პრეზენტაციის/თვალსაჩინოებების დემონსტრირებას მიმართავენ, რასაც საშუალოდ 15 წუთს უთმობენ.  შემდეგ დრო  დავალებების ანალიზსა და დისკუსიას ეთმობა, რაზეც საშუალოდ 10 წუთი იხარჯება.
  6. გაკვეთილის პროცესში წამოჭრილი სირთულეების დასაძლევად მასწავლებლები ძირითადად მშობლებთან დამატებით კომუნიკაციას მიმართავენ.
  7. მასწავლებლების თქმით, ბავშვებს ყველაზე მეტად მოსწონთ დავალებების საპრეზენტაციო ფორმატით გაზიარება, სხვადასხვა ინტერნეტ რესურსების (ანიმაციის, ბასტი – ბუბუს ვიდეოს და ა. შ.) გაზიარება და შემდეგ მათი განხილვა, Learningapps – ში შექმნილი დავალებების – კროსვორდებისა და სხვადასხვა თამაშების შესრულება, რომლებიც თავად მასწავლებლების მიერ არის შექმნილი, ან იმგვარი საშინაო დავალებები, რომელიც ოჯახის წევრების ჩართულობას მოითხოვს, მცირე ვიდეოს გადაღება და შემდეგ მისი გაზიარება. მშობლების აზრით, ბავშვებს ყველაზე მეტად მათემატიკური, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, სახალისო და ინტერაქტიული დავალებების შესრულება მოსწონთ. საგულისხმოა ისიც, რომ მშობლები მათემატიკას ბავშვების საყვარელ საგნად მიიჩნევენ. რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს ამ საგანის სწავლებისთვის არსებული მრავალფეროვანი ინტერნეტ რესურსებით.
  8. მშობლებისა და მასწავლებლების თქმით, ბავშვები სისტემატურად ასრულებენ საშინაო დავალებას.
  9. მასწავლებლები მოსწავლეებს უკუკავშირს ზეპირი და წერილობითი ფორმით აწოდებენ. წერილობითი უკუკავშირი უმეტესად მოიცავს ნაშრომის ძლიერი მხარეების აღნიშვნასა და გამოსწორების გზების მითითებას.
  10. მშობლები ძირითადად ინფორმირებულნი არიან შეფასების კრიტერიუმების შესახებ და ამავდროულად, ეცნობიან წერილობით კომენტარებს.
  11. მასწავლებელთა უმრავლესობა დისტანციური სწავლების მიმართულებით ტრენინგის საჭიროებას ხედავს, მასწავლებლების ნაწილი მიმართავს ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერთან კონსულტაციას. მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მათ არანაირი დახმარება არ სჭირდებათ, დამოუკიდებლად ართმევენ თავს ან არსებული ვიდეო გაიდებით ხელმძღვანელობენ.
  12. პროცესის გასაუმჯობესებლად მშობელთა გარკვეული ნაწილი ონლაინ გაკვეთილების დროს კომუნიკაციის საკითხებს ეხება და აღნიშნავს, რომ ბავშვებს მასწავლებლების მხრიდან მეტი ყურადღების გამოვლენა სჭირდებათ, აუცილებელია საგაკვეთილო პროცესში თითოეული მათგანის დადებითი მხარის აღნიშვნა. აგრეთვე, მშობლების თქმით, პირველი და მეორე კლასების მოსწავლეებს ზოგჯერ სატელეფონო, ინდივიდუალური კომუნიკაცია მეტად გაახარებთ.  თუმცა, მშობლები აქვე აღნიშნავენ, რომ ეს მასწავლებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და მათგან დამატებითი დროის ხარჯვას მოითხოვს.
  13. მშობელთა ნაწილი ეხება გაკვეთილის მართვის საკითხებს და აღნიშნავს, რომ ბავშვებს გაკვეთილზე დასწრების სურვილს შესაძლოა ხმაური და პასუხის ერთდროული წამოძახება უმცირებდეთ. ზოგიერთი მშობელი მიზანშეწონილად მიიჩნევს I და II კლასებთან მცირე ჯგუფებად მუშაობას, ყოველი გაკვეთილის დაწყების წინ წესებზე შეთანხმებას.
  14. თავის მხრივ, მასწავლებლები პროცესის გაუმჯობესების გზას მეტად ხედავენ მშობლების მომზადების საჭიროებაში ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, რითაც მეტ დახმარებას აღმოუჩენენ ბავშვებს.

 

რეკომენდაციები

 

  1. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის, მოსწავლეებისთვის მისი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გარდა, განათლების დაწყებით საფეხურზე სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ინდივიდუალური, პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება. რაც შესაძლებელია, განხორციელდეს  გარკვეული სიხშირით, მოსწავლეებთან ინდივიდუალური გასაუბრებით, მათი  დღის გამოცდილების, ემოციების შესახებ საუბარით, აგრეთვე, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით.
  2. საჭიროებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით პირველ და მეორე კლასის მოსწავლეებთან მუშაობისას, დასაფიქრებელია კლასის მცირე ჯგუფებად დაყოფის შესაძლებლობა. ან ყოველი გაკვეთილის დაწყებამდე შეთანხმება ბავშვებთან მუშაობის წესებზე. მაგ., კითხვის დასმის შემდეგ  აღნიშვნა, თუ რომელი მოსწავლის პასუხის მოსმენა სურს მასწავლებელს, ე. წ. ,,გამოსაძახებელი ჩხირების“ ტექნიკის გამოყენება, რაც ვფიქრობთ, შეამცირებს როგორც ხმაურს გაკვეთილზე, ისე შედარებით ,,პასიური“ მოსწავლეების გამოთიშვას გაკვეთილიდან;
  3. მოსწავლეებისთვის საშინაოდ ისეთი დავალებების მიცემა, რომელიც მათგან ოჯახის წევრებთან თანამშრომლობას, გარკვეული პროდუქტის შექმნას მოითხოვს. მაგ, ვიდეოს გადაღებას შინაურ ცხოველზე, მცირე ექსპერიმენტების ჩატარებას, წიგნის წაკითხვას და შთაბეჭდილების დახატვას და შემდეგ ამის გაკვეთილზე გაზიარებას და არა კვლავ კომპიუტერით შესასრულებელი დავალებების შესრულებას. ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში დასაფიქრებელია, თუ რა დროის გატარება უწევთ ბავშვებს ეკრანებთან.
  4. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ  ონლაინ გაკვეთილი ზოგჯერ აღემატება ნახევარ საათს, რის გამოც მომდევნო  გაკვეთილამდე ბავშვებს  დასასვენებლად მცირე დრო რჩებათ, ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება გაკვეთილის დროის კონტროლი.
  5. ვინაიდან, ბავშვებს გარკვეული პერიოდი უწევთ კომპიუტერთან ჯდომა და შესაძლოა სახლში არსებული სკამი და მაგიდა ნაკლებად შეესაბამება ბავშვის ზომებს, გასათვალისწინებელია გაკვეთილის დასასრულს ბავშვებისთვის მუსიკის ფონზე მოძრავი პაუზების შეთავაზება, რაც ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგებისთვისაც.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი