პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვების დაწერილი ამბები ხელოვნებაზე

ხელოვნების დისტანციურ გაკვეთილებზე მოსწავლეებთან ერთად მუზეუმების და გალერეების ვირტუალური დათვალიერება, შთაბეჭდილებების ერთად მოგროვება, ცოცხალი და ამაღელვებელი პროცესია. ონლაინ რეჟიმში სწავლების გარკვეულ ემოციურ და ტექნიკურ სირთულეებს, თავისებური ხიბლიც ახლავს. როგორც ბავშვები მეუბნებიან, ეკრანზე გაზიარებულ ნახატებსაც თითქოს სხვა თვალით უყურებენ, ვიდრე წიგნში მოცემულ რეპროდუქციებს. დეტალებსაც უკეთ კითხულობენ. მეცადინეობისას რამდენჯერ გვქონდა შემთხვევა, როცა ხელოვნების ნიმუშებში მათ ისეთი რამ შუმჩნევიათ, რაც ადრე გამორჩათ, ან კარგად არ დაამახსოვრდათ. ჰოკუსაის „დიდი ტალღა“ ბევრს ეცნო, ფუძის მთის და კანაგავას ვეებერთელა ტალღის ინტერპრეტაციებიც დაუხატავთ, მაგრამ ახლა შეამჩნიეს, რომ გაშმაგებულ ტალღებში მხატვარს თურმე ნავები და ადამიანებიც გამოუსახავს.

ვინ არის ვასიკო?

მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვირტუალური გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია, ძვ.წ. VIII ათასწ. ახ.წ. IV საუკუნემდე“ დავათვალიერეთ.¹  ბავშვებს ვთხოვე, ექსპოზიციაზე ელინისტური ხანის ქანდაკება ამოეცნოთ. ჩვენი გაკვეთლის თემა სწორედ ამ ძეგლს ეხებოდა.

ჭაბუკის ტორსი მოსწავლეებმა მეორე ვირტუალურ დარბაზში შესვლისთანავე შეამჩნიეს, ქანდაკებას ყველა მხრიდან შემოუარეს, თქვეს, რომ ბრინჯაოშია ჩამოსხმული და როგორც უმეტეს, მათთვის ცნობილ ძველ ბერძნულ ქანდაკებას, მასაც აკლია თავი და კიდურების ნაწილები. გაკვეთილზე ჭაბუკის ტორსის დამუშავების ტექნიკასა და მის მხატვრულ ღირებულებაზე ვისაუბრეთ. ეს ელინისტური ქანდაკება, სავარაუდოდ, ვანშია დამზადებული, რადგან მასთან ერთად ბრინჯაოს სხვა ნატეხებიც არის აღმოჩენილი, რომლებიც ამგვარი ქანდაკებების შესაქმნელად გამოიყენებოდა. საინტერესოა ბრინჯაოს ჩამოსხმის ტექნიკა – თიხის ყალიბს ცვილით ფარავდნენ, შემდეგ კი,  როცა ბრინჯაოს ასხამდნენ, ცვილი დნებოდა. ამ მეთოდს „დაკარგული ცვილის მეთოდი” ეწოდება. ჭაბუკის ქანდაკების ბრინჯაოს კედლის სისქე თხელია, რაც დამზადების მაღალ ხარისხზე მეტყველებს.²

(სურ. 1)

ამ ბრინჯაოს ჭაბუკს რომ „ვასიკო“ ჰქვია, ბავშვებმა გაკვეთილზე გაიგეს. მაგრამ საიდან დაერქვა ეს სახელი, ან სად იპოვეს, ქართული კულტურისთვის რა მნიშვნელობის მატარებელია, ეს უკვე თავად უნდა გამოეკვლიათ და დაეწერათ. მაინტერესებდა, მათი აზრიც, რას იზამდნენ, თავად რომ მსგავსი ძეგლი ეპოვათ, როგორ მოიქცეოდნენ, რას დაარქმევდნენ? ვიფიქრე, ეს ბოლო პუნქტი გაახალისებდათ. საორიენტაციოდ იუთუბის ბმული, „ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია – ელინისტური შედევრები კოლხეთში“ ³ მივუთითე.

„ვასიკოს“ შესახებ ბავშვებმა ასეთი მასალები შეაგროვეს:

„ანტიკურ ხანაში ვანი ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელმაც ძვ.წ. III-I სს-ში აყვავებას მიაღწია. გათხრების შედეგად აქ ჭაბუკის ტორსი აღმოაჩინეს, რომელსაც მოფერებით „ვასიკო“ შეარქვეს. ქანდაკება ბრინჯაოსია, სიმაღლე 105 სმ. თარიღდება ძვ. წ. II-I სს. ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო. ამ ტორსის ზუსტი წარმომავლობის დადგენა ძნელია, რადგან მას არ აქვს თავი, თუმცა მისი ათლეტური სხეული გვაფიქრებინებს, რომ ის შეიძლება იყოს აპოლონი. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი აღმოჩენა იყო. მე თუ ასეთივე რაღაცას აღმოვაჩენდი, გაოცებული ვიქნებოდი და შემდეგ მუზეუმს ჩავაბარებდი. ძეგლს კი ალბათ ჩემს სახელს დავარქმევდი“.

„მე რომ უძველესი ქანდაკება ან თუნდაც სამკაული მეპოვნა, რას ვიზამდი? ალბათ, არ მეცოდინებოდა, სიხარულისგან სად წავსულიყავი. ემოციებისგან რომ დავწყნარდებოდი, შემდეგ ჩემი აღმოჩენის შესახებ მუზეუმს ვაცნობებდი. შენს ეზოში ხელოვნების უძველეს ნიმუშს ყოველდღე ხომ არ პოულობ?! ბრინჯაოს ტორსი ახვლედიანების გორაზე – ვასილ ახვლედიანის ყოფილ კარ-მიდამოში იპოვეს და ვანის ექსპედიციის წევრებმაც მოფერებით „ვასიკო“ შეარქვეს. ქანდაკება ადგილობრივადაა ჩამოსხმული. სავარაუდოდ, ტორსი ელინისტური პერიოდის ნამუშევარია, რომელიც კლასიკური პერიოდის ბერძნულ ქანდაკებას ბაძავს. ეს ძეგლი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ქანდაკების ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს“.

„2015 წელს „ვასიკომ“ ფლორენციაში იმოგზაურა, როცა მონაწილეობა მიიღო დიდ არქეოლოგიურ გამოფენაში „ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები”. 2016 წელს კი ამავე გამოფენამ ვაშინგტონის ეროვნულ გალერეასა და ჟან პოლ გეტის მუზეუმში გადაინაცვლა. ბრინჯაოს ტორსმა მსოფლიო შემოიარა და ისევ დაუბრუნდა ეროვნულ მუზეუმს“.

უფიცის მონახულება

მოსწავლეებმა ერთ-ერთი ვირტუალური ტური უფიცის გალერეაში მოაწყვეს. ვთხოვე, დათვალიერების შემდეგ რამდენიმე ნახატი, რაც მოეწონებოდათ,  შეერჩიათ და საკუთარი შთაბეჭდილებები დაეწერათ.

(სურ. 2)

ავთო, 13 წლის: „პირველივე დანახვაზე კარავაჯოს „მედუზა“ მომეწონა. ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ რომ დავინახე, დავფიქრდი, რატომ მეცნობოდა. მერე გამახსენდა, რომ ამ ნახატის რეპროდუქცია სახლში გვაქვს. პიერო დე ლა ფრანჩესკას „ურბინოს ჰერცოგის და მისი ცოლის პორტრეტები“ რომ ვნახე, ჩვენი გაკვეთილი გამახსენდა, რადგან ეს ნახატი ადრე ხელოვნებაზე დავხატე.“

(სურ. 3)

ელენე, 13 წლის: „როსო ფიორენტინოს „ანგელოზი, რომელიც ბარბითზე უკრავს“ ძალიან მომეწონა. ამ პატარა ანგელოზს სევდიანი მზერა აქვს. მეორე ნახატია – ბრონზინოს “ტოლედოელი ელეანორას პორტრეტი შვილთან ერთად“. აქ დედა-შვილის ჩაცმულობამ, განსაკუთრებით ქალის კაბის ორნამენტმა და სახეების გამომეტყველებამ მიმიზიდა. ტანსაცმლის მიხედვით, ალბათ, სამეფო ან არისტოკრატული ოჯახიდან არიან.“

დასავლეთ სექტორი

ხელოვნების ნაწარმოებზე დაკვირვებისას, ბავშვებს ხშირად ვთხოვ, იფიქრონ, რა ემოციებს იწვევს მათში, რა აზრები, ასოციაციები უჩნდებათ ან რა შეიძლება წარმოიდგინონ. მერე, როცა ამ ჩანიშნულ აზრებს გაკვეთილზე კითხულობენ, ერთმანეთთსაც ახლებურად აღმოაჩენენ. ზოგი პერსონალურ, ზოგი კი გამოგონილ ამბებზე წერს.

მერვე-მეცხრეკლასელებს განსაკუთრებით თანამედროვე არტისტები აინტერესებთ. რამდენიმე დღის წინ ვირტუალურად მურთაზ შველიძის გამოფენები „თვალთვალი“ და „დასავლეთ სექტორი“ ერთად ვნახეთ. საშინაო დავალებად კი მათ მიერ არჩეული ერთი ნახატის მიხედვით საკუთარი ამბის დაწერა დავავალე.

 (სურ. 4)

 

ამბავი 1 : „მე მურთაზ შველიძის ნახატი მომეწონა, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, მაგრამ სტადიონის სკამებია. ალბათ ამ ნახატმა ჩემზე ასე იმიტომ იმოქმედა, რომ ფეხბურთის ფანი ვარ. ეს ცარიელი ფერადი სკამები პირველ, მეორე, მესამე კლასს მახსენებს, როდესაც ბავშვები სკოლაში სტადიონზე ჩავდიოდით და ფეხბურთს ვთამაშობდით. დღეს იქ სტადიონი აღარ არის, კორპუსი ააშენეს. რომ იცოდეთ, ლიონელ მესი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია.“

(სურ. 5)

ამბავი 2: „მე ამ ნახატმა ფერებით მომხიბლა. თან რაღაც კინო კადრს ჰგავს, მანქანის დეტალებიც ძალიან კარგად დაუხატავს მხატვარს. ასე მგონია, რომ ამ გოგოს ქეთა ჰქვია. ის ფეხბურთის თამაშზე ტაქსით მივიდა თავისი შეყვარებულის საგულშემატკივროდ და როგორც ყოველთვის, ტაქსის მძღოლი სიგარეტს ეწეოდა.“

(სურ. 6)          

ამბავი 3:  „ეს ნახატი რეალობასთანაა დაკავშირებული და ამიტომ მომეწონა. აქ ჩანს, რომ ეს ქალი საჭესთან გარეგნობაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე გზაზე. ჩემი აზრით, ბევრს აქვს ეს პრობლემა. ზოგი საჭესთან ტელეფონშიც იყურება და ეს არ არის უსაფრთხო. თან როგორი წვიმიანი ღამეა. მეორე ქალი კი ცდილობს საჭე დაიჭიროს და გადარჩნენ. ალბათ, აქ ამბავი გადარჩენაზეცაა და სასოწარკვეთაზეც.“

კაკო

მეექვსეკლასელებს თანამედროვე ქართველი ხელოვანის, კაკო თოფურიას ნახატების, ქანდაკებების, გობელენების დათვალიერება და შთაბეჭდილებების დაწერა ვთხოვე. საკუთარი ნამუშევრებისადმი სკეპტიკურად განწყობილი პატარა მხატვრები კაკოს ნახატებს რომ ნახავდნენ, ვიცოდი, მის ხელოვნებასთან საიხლოვეს იგრძნობდნენ. მინდოდა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმაზე, რომ სწორედ მათი თვალით დანახული სამყაროა საინტერესო თანამედროვე ხელოვნებისთვის. მოიხიბლნენ კაკოს ჩიტებით, ლურჯი კატით, უჩვეულო ფორმის ძაღლით, რომელიც ნიანგს უფრო მიამსგავსეს. განსაკუთრებით პორტრეტები მოეწონათ, დიდი სახეები, თავისუფალი კონტურები. კაკოს წითელი ჩიტი მარიამის შთაგონებაც გახდა. ფიქრობს, რომ ძალიან საყვარელია და როცა თავად პატარა იყო, თურმე სულ ცხოველებს ხატავდა.

(სურ. 7)

წერილს 10 წლის გურამის კომენტარით დავასრულებ: „მე მომეწონა კაკო თოფურიას ნახატები, ძალიან სახალისო და თავისუფალია. მგონია, რომ როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებსაც მოსწონთ. შეიძლება ბევრმა ადამიანმა თქვას, რომ მისი ნახატები არარეალისტურია, მაგრამ მე ვფიქრობ, სულაც არაა აუცილებელი მაინცდამაინც რეალისტური იყოს. ხელოვანი თავისუფალია და შეუძლია თავისი გემოვნების მიხედვით ხატოს.“

გამოყენებული რესურსები:

¹ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვირტუალური გამოფენა „საქართველოს არქეოლოგია, ძვ.წ. VIII ათასწ. ახ.წ. IV საუკუნემდე“

https://my.matterport.com/show/?m=LkghfXPy3mo&fbclid=IwAR0sLApvjcymN95gUZBKSyhNCT65eEfM-yoCQ9R3gyS5isJaKxRWp-UsJVY

² არქეოლოგია, დამხმარე მასალა პედაგოგებისთვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

https://museum.ge/files/publications/damxmare%20masala%20pedagogebistvis/arqeologia.pdf

³ ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია – ელინისტური შედევრები კოლხეთში“ https://youtu.be/yv60QIpdjN0

უფიცის გალერეა

https://artsandculture.google.com/partner/uffizi-gallery

მურთაზ შველიძე, „დასავლეთ სექტორი“

https://youtu.be/QjMx_Vbt_GA

კაკო თოფურია

https://www.facebook.com/KAKO-47487123971/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი