სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

რამდენიმე შენიშვნა ცოდნის გადაცემის პრაქტიკული მნიშვნელობაზე

წლების წინ, როდესაც პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი, ორი სტუდენტისგან მოვისმინე სიტყვები, რომელთაც სერიოზულად დამაფიქრეს. ორივე ნათქვამს ერთი საფუძველი ჰქონდა, თუმცა სტუდენტები სხვადასხვა სპეციალობებზე სწავლობდნენ. ერთ-ერთმა დაახლოებით ასეთი რამ მითხრა: რატომ არის, რომ აქ, თქვენთან ყველაფერი ჰარმონიული, საინტერესო და მშვიდია, ხოლო გარეთ, სადაც თქვენი ლექციის შემდეგ გვიხდება გასვლა, სრულიად საპირისპირო სურათი გვხვდება. აქ სამოთხეა, იქ კი – ჯოჯოხეთი. და, მეორე – თქვენ აქ მაღალ მატერიებზე გველაპარაკებით, მაგრამ, ასე მგონია, არც კი იცით, ჩვენ რა პრობლემები გვაქვს. მეორე კითხვის დამსმელი მატერიალურ მდგომარეობას გულისხმობდა, პირველი, უფრო, – სოციალურს. ის უხერხულობაც მახსოვს, რაც ამ ნათქვამმა გამოიწვია ჩემში. ეს სიტყვები ჩამრჩა და დღემდე მომყვება, როგორც გამოცანები, რომელნიც პასუხებს ითხოვენ.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მე იმ თაობის ადამიანი ვარ, რომლისთვისაც ლიტერატურა, ძირითადად, იდეალების სამშობლო იყო, ტექსტები კი, მცირე გამონაკლისების გარდა, საკრალური და ფაქიზად მოსაპყრობი. თუ ვსწავლობდით, მასწავლებლები გვაქებდნენ, თუ არა – შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და უმალ გვაგრძნობინებდნენ, რომ ტექსტები უფრო აღმატებულნი იყვნენ, ვიდრე ჩვენ, ცოცხალი ადამიანები, აღსაზრდელები. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ტექსტები ბატონობდნენ ჩვენზე და მთელი ჩვენი მიმართება მათთან ერთგვარი კომპლექსების თანხლებით მიმდინარეობდა. უმალ ჩვენ, ბავშვები არ ვვარგოდით, ვიდრე ისინი, ტექსტები, რომელთაც ხშირად მხოლოდ იმის გამო ვერ ვიგებდით, რომ ცუდად გვიხსნიდნენ. ან თავადაც არ ესმოდა მასწავლებელს ამ ტექსტის მთავარი ღირსება და დანიშნულება, ანდა – იმდენად იყო მოწყვეტილი მათი დამოკიდებულება ტექსტსა და მიზნობრივ ჯგუფთან, რომ გვიჭირდა მათი გააზრება და ჯანსაღად აღქმა. ამიტომაც ის, რასაც სწავლებას უწოდებდნენ, ფაქტობრივად, ტრავმების მიყენების საუკეთესო საშუალება იყო და არა – განათლება, რომელიც პრაქტიკაში უნდა გამოგვეყენებინა.

დღემდე გრძელდება ეს დამოკიდებულება, რადგან, როგორც ზემოთ საკუთარ თავზე აღვნიშნე, მასწავლებელთა დიდი უმრავლესობა იმ თაობიდან ვართ, რომელთათვისაც ტექსტი საკრალურია, ბავშვი კი – არა. მხოლოდ ეს რეალობა, ფაქტობრივად, გამრუდებული სარკე, განა არ არის საკმარისი, რომ თანამედროვე ბავშვს ვერ გადავცეთ ლიტერატურა თუ საერთოდ, ნებისმიერი საგანი ისე, რომ მასში ბუნებრივი ინტერესი და სწავლის სურვილი გავაღვიძოთ?!

სურათი, ძირითადად, ასეთია – შედის ლიტერატურის მასწავლებელი კლასში, იწყებს ჩვენი პირველი ტექსტით, რომელიც ჰაგიოგრაფიას ეკუთვნის და ცდილობს, მოსწავლეებში ჩანერგოს განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ქრისტიანობისთვის თავგანწირული ქალის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ჟანრი, რომელსაც ეს ტექსტი ეკუთვნის, ამას გვავალებს – ჩვენს წინაშეა წმინდანი, ხოლო წმინდანები საყოველთაო სიყვარულისა და თაყვანისცემის თუ არა, პატივისცემის ობიექტები არიან. მაგრამ ეს სტერეოტიპია და სულაც არ არის აუცილებელი, 15 საუკუნის შემდეგ მოვლენილ ახალგაზრდას მისგან საუკუნეებით დაშორებული ეპოქის იდეალები ჰქონდეს, მით უფრო, მაშინ, როდესაც სოციალური ურთიერთობის ის სტილი, რაც ტექსტშია მოცემული, სრულიად უცხოა და უცნობი.  ვუხსნით, რომ შუშანიკმა ამ საქციელით ქრისტიანობა დაიცვა, რომ მან თავისი იდეალების დაცვისთვის უარი თქვა ამქვეყნიურ პატივსა და დიდებაზე, უარი თქვა, არა მხოლოდ ქმარზე, არამედ – შვილებზეც კი, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბავშვმა დაგვიჯეროს. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რომ გაიგოს, ძალიან ძნელი და თითქმის აუხსნელი რჩება, როგორ შეიძლება დედამ უარი თქვას შვილებზე, განა ეს ეგოისტური საქციელი არ არის?! განა რა იდეალი უნდა ჰქონდეს ადამიანს ისეთი, ანდა, რატომ უნდა მოითხოვდეს რელიგიური აღმსარებლობა ადამიანისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ბუნებას ეწინააღმდეგება?! ბოლოს და ბოლოს, ქმართან, შესაძლოა, პრინციპული შეუთანხმებლობა აქვს, მაგრამ მცირეწლოვანმა შვილებმა რა დააშავეს? რომ არა სწავლების სტილი – ერთგვარად თავსმოხვეული, მოძალადე, იმპერატიული, ვერცერთი ბავშვი ვერ შეიყვარებს ქრისტიანობისთვის წამებულ ქალს, რომელმაც დედობაზე საკუთარი ნებით თქვა უარი. გამოდის, პირველივე ტექსტის სწავლებისას კონფლიქტი ისახება საგანსა და მოსწავლეს შორის და ამ კონფლიქტს შემჩნევა და გააზრება სჭირდება და არა – ზედაპირული და ხელოვნური აღმოფხვრა. ისიც ცნობილია, რომ ამ ტექსტის მეორე, რადიკალურად საწინააღმდეგო წაკითხვაც არსებობს და მასწავლებელთა ერთი ნაწილი მას იყენებს ინტერპრეტაციისთვის – იქ შუშანიკი სულაც არ არის იდეალური, არც ვარსქენია ცოფი და მგელი, არამედ, ცოლისგან შეურაცხყოფილი კაცია, რომელიც ოჯახის დაცვას და საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს. რომ ვარსქენს უყვარს კიდეც შუშანიკი, მაგრამ თუ უხეშად ექცევა, ესეც შუშანიკის გამომწვევი საქციელის ბრალია და არა – ვარსქენისა. ამ წაკითხვით მეორე უკიდურესობაში ვვარდებით – ერთი მხრივ, აგიოგრაფია გვეუბნება, რომ შუშანიკი ყოველმხრივ შემკული, გაბედული, თავგანწირული ქალია, იდეალისთვის იბრძვის და სიცოცხლეც არ ენანება მისთვის. მას ასეთად აღწერს ტექსტის ავტორი, რომლის მწერლურ ღირსებაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, ჩვენ კი ყირაზე ვაყენებთ ნიჭიერი მწერლის გზავნილს. აშკარად, რაღაც ვერ გამოდის, რაღაც სხვა გზა გვაქვს მოსაძებნი. და სწორედ ეს უნდა იყოს პედაგოგისთვის გზა, რომელიც მოსწავლეს უნდა მოაძებნინოს, ყოველ შემთხვევაში, ამ ძიების გზაზე მაინც შეაყენოს და უბიძგოს, რომ კითხვებზე პასუხები იპოვოს. რასაკვირველია, პარალელურად ვაცნობთ ჟანრის კანონებს, ქრისტიანობისადმი დამოკიდებულებას, ამ ჟანრის მიერ ჩამოყალიბებულ წმინდანის კრიტერიუმებს და ა.შ. ეს უკვე ის გზამკვლევებია, რომელთაც ბავშვი უთუოდ გამოიყენებს პასუხების ძიებისას.

მეორე და, ზოგადად, დიდი ტექსტი „ვეფხისტყაოსანია, რომლის სწავლების გზა სულაც არ არის ია-ვარდით მოფენილი, უფრო, პირიქით. ბავშვს უამრავი დაბრკოლება ხვდება მისი გაგებისას. უპირველესად, რასაკვირველია, ეს არის ენა. რაც უნდა ბევრი ვამტკიცოთ, რომ ჩვენს ენას საუკუნეების მანძილზე არ განუცდია ისეთი რადიკალური ცვლილებები, რომ ძველი ტექსტის გაგება ვერ შეძლოს თანამედროვე ადამიანმა, პრაქტიკა სრულიად სხვას გვეუბნება. ბავშვების უმეტესობა ვერ კითხულობს და, აქედან გამომდინარე, არც უყვარს ტექსტი, რომელშიც უამრავი გაუგებარი სიტყვა, მხატვრული სახე და ზღაპრული ამბებია გადმოცემული.

ჩვენ, მასწავლებლები, როგორც წესი, შევდივართ კარგად გაქვავებული სტერეოტიპით – თქვენს წინაშეა შედევრი, რომლის მსგავსი არათუ ქართულ, არამედ, სხვა ენებზეც არ დაწერილა. ავტორი წერს უმდიდრესი ენით, გადმოგვცემს მაღალი იდეალების ისტორიებს, რომელთაც უნდა მივბაძოთ და მისთანანი. რასაკვირველია, ყოველივე ეს მართალია და ლიტერატურის მცოდნეს თავისი საკუთარი რეცეპტორებით აქვს შემოწმებული ტექსტის ყველა ეს ღირსება, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში – ბავშვს. მას ეს ყველაფერი ჯერ სასწავლი, გასააზრებელი და ასაღიარებელი აქვს.

ამიტომ, სასურველი იქნება, ვიდრე ტექსტთან მივიყვანთ, რამდენიმე შეკითხვა დავუსვათ. 1. როგორ ესმის სიყვარული საპირისპირო სქესისადმი; 2. როგორ ესმის მეგობრობა; 3. როგორ წარმოუდგენია სამშობლოს სიყვარული. სასურველი იქნება, თუ კითხვებზე პასუხებს წერილობით წარმოადგენენ, რადგან მომავალში, როდესაც პოემას ვასწავლით, მან უნდა შეძლოს, თავის მიერ უკვე გაცემულ პასუხებს შეადაროს პოემაში გადმოცემული ამბები, დაფიქრდეს, რამდენად შეესაბამება მისი წარმოდგენები ზემოჩამოთვლილ თემებზე პოემაში გადმოცემულ ამბებს. წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ შორის ბევრი საერთო იქნება, რადგან ვეფხისტყაოსნის ღირსება იმ იდეალების საყოველთაობაში, უნივერსალურობაში გამოიხატება, რაც საფუძვლად უდევს ადამიანის პირად გამოცდილებას. გარდა ამისა, გზადაგზა ვასწავლით, რაოდენ დიდ მნიშვნელობას იძენს ესა თუ ის მოვლენა, როდესაც მას კარგ ფორმას უძებნიან, ეს კი მწერლის ღირსებაა, მისი ინდივიდუალური უნარი და შესაძლებლობა, რომ ის, რაზეც ადამიანური ურთიერთობები დგას, გადმოსცეს ისეთი ენით, ისეთი სიტყვათშეთანხმებით და მხატვრული სახეებით, რომ მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს. პარალელურად ვასწავლით, რას ნიშნავს შუასაუკუნეების სარაინდო რომანი, როგორია მისი სპეციფიკა. ილუსტრაციისთვის მხატვრობას ვიყენებთ, ვაჩვენებთ რენესანსის მხატვრობას, მის იდეალებს. გზადაგზა სირთულეებს წავაწყდებით, მოსწავლეში იბადება კითხვა – ნუთუ დღევანდელობა რამით ჰგავს იმ სამყაროს, რაც პოემაშია აღწერილი? სად არიან ასეთი შეყვარებულები, ასეთი მეგობრები, ბოლოს და ბოლოს, სიყვარული მხოლოდ მათთვის ხომ არ არის მისაწვდომი, ვისზეც ავტორი გველაპარაკება, ანდა, სადღა არიან მეფეები, რაინდები და ა.შ. როგორ გაავლოს ბავშვმა პარალელი, რა სიახლოვე შეიძლება იპოვოს იმ სამყაროსთან, სადაც ადამიანებს შეეძლოთ,  სატრფოს გულის მოსაგებად ცხრა მთა გადაევლოთ, ქაჯებს და გოლიათებს შებრძოლებოდნენ, ანდა, მეგობრის დახმარებისთვის მიეტოვებინათ ყველა და ყველაფერი?! რაში არგია მას, უმაღლესი პოლიტიკური ფენის წარმომადგენელთა ცხოვრება იდეალად დაისახოს?

აქ კი კვლავაც უნდა ვეცადოთ, კითხვაზე პასუხის მოძებნისკენ ვუბიძგოთ, თუნდაც, დეკონსტრუქცია დაგვჭირდეს. მთავარია, ბავშვის აზროვნებას  გასაქანი მივცეთ. ნუ ვეცდებით, ამ ურთულეს კითხვაზე მზა პასუხი მივაწოდოთ, მით უმეტეს, რომ მზა პასუხი არც არსებობს, იგი თითოეულ ადამიანს თავად აქვს საპოვნი.

ვეფხისტყაოსნის სწავლებისას იმ სირთულის რეალობაზე უნდა დავაფიქროთ ბავშვი, რომლის გადალახვა უწევთ პოემის გმირებს, რომ მწყობრად მოთხრობილი ამბავი სულაც არ ნიშნავს თავად ამბის სიმარტივეს. არც უხერხულ კითხვებზე უნდა შევიშმუშნოთ და ტარიელის მიერ ხვარაზმშას ვაჟის მოკვლის თუ ავთანდილის მიერ ჭაშნაგირის მკვლელობის ამბავს გამოვაბათ შეუსაბამო კუდები. ბავშვს უთუოდ გაუჩნდება კითხვა – როგორ უნდა ჩავთვალოთ ეს პერსონაჟები იდეალურ გმირებად, თუკი ისინი უდანაშაულო კაცის კვლას არ ერიდებიან? ვეცადოთ, ამ კითხვებზეც თავად იპოვონ პასუხები, ხოლო შემდეგ მასზე ვიმსჯელოთ და განსხვავებულ აზრებს საშუალება მივცეთ, დისკუსიაში ჩაებნენ. რასაკვირველია, ჩვენ ვუხსნით რაინდული რომანის სპეციფიკას, რომ აქ გმირის მიერ მოწინააღმდეგის მოკვლა ჩვეულებრივი საქციელია, ერთგვარად, მართლდება კიდეც ცნობილი თეზა – მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგრამ რამდენად არის ეს თეზა საყოველთაო ეთიკის ნიმუში და თუ არ არის, რატომ და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულში არაფერია ახალი, მასწავლებელთა ნაწილი ასწავლის კიდეც ასე და შედეგიც აქვს, მაგრამ ერთ მცირე ნიუანსს მივაქციოთ ყურადღება – რამდენად ლიბერალურები ვართ სწავლებისას, რამდენად ვახერხებთ, საკუთარი მოსაზრება თავიდანვე კი არა, მხოლოდ სწავლების ბოლოს გავაცნოთ მოსწავლეებს და არა – მის დასაწყისში. აქ უმნიშვნელოვანესია თანმიმდევრობა და კითხვების მაქსიმალური სიზუსტე, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო დამაბნეველი სწორედ არასწორად და არაზუსტად დასმული კითხვაა. რამდენადაც უფრო გამოკვეთილი და ნათელია კითხვა, იმდენად მეტი შანსი არსებობს კარგი პასუხის მოძებნისა, კარგის, და არა – ზუსტის, რადგან, ლიტერატორებმა ვიცით, რაოდენ სახიფათოა ლიტერატურაში სიზუსტის ძიება. თუ რამ აქცევს ჩვენს დარგს მშვენიერად და საინტერესოდ, სწორედ მისი მრავალგვარობა და “პლასტიკურობაა”. ბავშვებს თავიდანვე ვაჩვევთ, რომ მათემატიკისგან განსხვავებით, აქ ისინი ზუსტ პასუხებს არათუ ვერ იპოვიან, თავადაც მოუწევთ საკუთარი პასუხების გადასინჯვა სიცოცხლის მანძილზე და არ არის გამორიცხული, ხვალ იმ პასუხის დასაცავად მოუწიოთ ბრძოლა, რის წინააღმდეგაც დღეს ხმალამოღებულნი იბრძვიან, რადგან ხელოვნებას, უპირველეს ყოვლისა, რეფლექსიის უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მისი ხიბლიც სწორედ აქ არის, ფიქრისა და აზრის მიმოქცევაში, ახალ-ახალი სიღრმეების დანახვაში, ფასეულობათა სისტემის გადასინჯვის  შესაძლებლობაში. თანამედროვე ახალგაზრდას, რომელიც აჩქარებულ დროში ცხოვრობს და იმაზე გაცილებით მეტი იცის სამყაროს შესახებ, ვიდრე ჩვენ ვიცოდით არათუ მათ ასაკში, არამედ, დღესაც კი, რადგან ჩვენი მენტალობა და ფასეულობათა სისტემა შედარებით მარტივ ეპოქაში ჩამოყალიბდა, შესაძლოა, შეუძლიათ გვასწავლონ იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ – მათ. ნურც ამის თქმა დაგვენანება მათთვის, რადგან წახალისება აღზრდის საუკეთესო მეთოდია და თავისი შედეგები მოაქვს, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი