შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვის ავადმყოფობა და გამომწვევი ფსიქოლოგიური მიზეზები

ალბათ, ძნელი იქნება ისეთი ბავშვის მოძებნა, რომელსაც განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ერთხელ მაინც არ უავადმყოფია. პრაქტიკულად, ყველა ბავშვი ავადმყოფობს, მაგრამ ავადმყოფობს თავისებურად – ერთი ხშირად, მეორე იშვიათად, ერთი საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, მეორე – სწრაფად გამოჯანმრთელდება. თუმცა, განურჩევლად იმისა, რამდენად ხშირად ავადმყოფობს და რამდენად დიდხანს გრძელდება ავადმყოფობა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სერიოზული შფოთვის და ნერვიულობის მიზეზი ხდება, როგორც მშობლებისთვის, ასევე ოჯახის სხვა წევრებისთვისაც, განსაკუთრებით, თუ ის მათთვის ერთადერთია და ოჯახში სხვა ბავშვები არ არიან.

ავადმყოფობა სერიოზულ ცვლილებებს იწვევს ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ჯანსაღი ფსიქიკა აქვს მას. ავადმყოფ ბავშვს, როგორც წესი, ეცვლება გუნება-განწყობა, კარგავს სიმშვიდეს, ხდება შფოთიანი, დათრგუნვილი, ადვილად ღიზიანდება. ემოციურ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს ხშირად განაპირობებს ნეგატიური აზრები და ფიქრები დაავადების სიმძიმეზე, განკურნების შეუძლებლობაზე,  დანაშაულის გრძნობა მშობლების წინაშე. ავადმყოფ ბავშვებში ფიქსირდება ქცევითი დარღვევებიც, ისინი წყვეტენ თამაშს, კარგავენ უშუალობას უფროსებთან და თანატოლებთან დამოკიდებულებაში, ვერ იღებენ სიხარულს ერთობლივი თამაშებით და გართობით. ყოველივე აღნიშნულის გამო, ბავშვს უჩნდება თანატოლებისა და უფროსებისგან „გაქცევის“, განმარტოების სურვილი. ისინი შეიძლება ასევე  წუხდნენ იმ შეზღუდვების გამო, რასაც ავადმყოფობის პერიოდში უწესებენ. არცთუ იშვიათად ბავშვები უარს ამბობენ რეჟიმის დაცვაზე, არ ემორჩილებიან უფროსებს, ჯიუტობენ, ჭირვეულობენ. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, თუ ბავშვის სტაციონარში გადაყვანა ხდება საჭირო. პატარას შეიძლება გაუჩნდეს შიში, რომ მშობლებმა ის სამუდამოდ დატოვეს საავადმყოფოში. თავისთავად ცხადია, რომ ემოციურ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა, ბავშვის განცდებმა ავადმყოფობის დროს შეიძლება გააღრმაოს, გააუარესოს მისი მდგომარეობა და ხელი შეუშალოს მკურნალობის და გამოჯანმრთელების პროცესს.

დაავადების მიმდინარეობასა და გამოჯანმრთელების პროცესზე სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს არა მხოლოდ ბავშვის ემოციურ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა, არამედ მშობლებს შორის არსებულმა მდგომარეობამ და დაძაბულმა ვითარებამ ოჯახში. მუდმივი მღელვარება და გაუთავებელი კონფლიქტები ბავშვის თანდასწრებით, შვილის ავადმყოფობის ერთმანეთზე გადაბრალება, ბუნებრივია, მკვეთრად აუარესებს ემოციურ ფონს და მასთან ერთად  ორგანიზმის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავადმყოფობას. სწორედ ამიტომ, სერიოზული მკურნალობის მიუხედავად, ხშირად პატარას მდგომარეობა ოდნავადაც არ უმჯობესდება. თუ მკურნალობა არ იძლევა სასურველ შედეგს, გარკვეულ სიტუაციებში ჩვენ შეიძლება ეჭვი მივიტანოთ დაავადების ფსიქოსომატურ ბუნებაზე. დაავადება ფსიქოსომატურს მიეკუთვნება, თუ ბავშვი „სარგებელს იღებს ავადმყოფობისაგან“:

  • ბევრი მშობელი გამხდარა იმის მოწმე, რომ სკოლაში ან საბავშვო ბაღში წასაყვანად გამზადებული ბავშვი უცებ „ავად ხდება“ – უწევს ტემპერატურა, აქვს თავის, მუცლის ტკივილი, შეიძლება ხველაც, ცემინებაც. ავადმყოფობის ყველა ნიშანი სახეზეა, მაგრამ, როგორც კი დედა სახლში დარჩენის ნებას რთავს, ავადმყოფობის სიმპტომები მომენტალურად ქრება. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ბავშვი სიმულაციას ნამდვილად არ ახდენს, ის მართლაც „ავად არის“  მანამ, სანამ სახლში დარჩენის ნებას დართავენ. საყურადღებოა ის, რომ ეს ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარეობს და ბავშვი აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ავადმყოფობა სახლში დედასთან ერთად ყოფნის კარგი საშუალებაა მისთვის;
  • როცა დედა დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურში გადის, ბავშვს მისი სახლში „დაბრუნება“ მხოლოდ ავადმყოფობის დახმარებით შეუძლია;
  • თუ ოჯახში მეორე ბავშვი ჩნდება, უფროსი, გრძნობს რა თავს მიტოვებულად, შეიძლება „ავად გახდეს“, იმისათვის, რომ დედის ყურადღება მიიპყროს. თუმცა, დედებს უჭირთ იმის დაჯერება, რომ პატარა შეიძლება ავადმყოფობდეს მათი მხრიდან ყურადღებისა და სიყვარულის დეფიციტის გამო;
  • ბავშვის ჯანმრთელობის დასუსტების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მშობლების მხრიდან არასაკმარისი ყურადღება წარმოადგენს. თუ მშობლები მუდმივად დაკავებულები არიან და არა აქვთ ბავშვთან ყოფნის შესაძლებლობა, პატარა იტანჯება მშობლიური სითბოს გარეშე. ასეთ დროს ავადმყოფობა კარგი საშუალებაა დედის ყურადღების მისაპყრობად – „როცა ავადმყოფობ, შენ მეტად უყვარხარ ყველას, ე.ი. უფრო ხშირად უნდა იავადმყოფო“ – ფიქრობს ბავშვი და ის მართლაც ცივდება, სტკივა მუცელი ან თავი. ამასთან, ის არაფერს აკეთებს სპეციალურად და არც ავადმყოფობის სიმულირებას აწყობს. როგორ  წესი, ეს ყველაფერი ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარეობს;
  • მშობლებისთვის ძნელია იმის აღიარება, რომ დამოკიდებულებებმა ოჯახის წევრებს შორის შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის ჯანმრთელობაზე. იმ ოჯახებში, სადაც მშობლები ხშირად კამათობენ, ჩხუბობენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, ბავშვი მუდმივად შფოთავს, ნერვიულობს, გრძნობს რა პასუხისმგებლობას მშობლებს შორის ჩხუბის გამო, ერღვევა ძილი, ფიქსირდება დარღვევები გონებრივ განვითარებაში, თავს იჩენს ემოციური და ქცევითი პრობლემები, დეპრესია, სირთულეები სწავლაში;
  • ბავშვის ემოციური, ქცევითი და სოციალური განვითარება ზარალდება მაშინაც, როცა მშობლები იკეტებიან საკუთარ თავში და არ ავლენენ სულიერ სითბოს ერთმანეთის და ბავშვის მიმართ. ბიჭები და გოგონები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ოჯახურ კონფლიქტებზე – გოგონებში თავს იჩენს ემოციური პრობლემები, ბიჭებში კი – ქცევითი. ბავშვი ბევრი რამისთვის არის მზად მშობლებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. თუ ის აფიქსირებს, რომ მისი ავადმყოფობის შემთხვევაში უფროსები ივიწყებენ წყენას და ერთად იწყებენ ზრუნვას მის გამოჯანმრთელებაზე, მშობლებს შორის ყოველი მორიგი კონფლიქტის შემდეგ, ის შეიძლება „ავად გახდეს“; ამ გზით კი ავადმყოფობა ქრონიკულ სახეს მიიღებს;
  • ბავშვის ჯანმრთელობის დარღვევა, ავადმყოფობა და ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება განვითარდეს ასევე მშობლების დაცილების ფონზე, ერთ-ერთი მშობლის მივლინებაში ყოფნით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ახლობლის გარდაცვალებით და ა.შ.
  • დედისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყველაფერი, რაც ბავშვთან დაკავშირებით ხდება, რაც ბავშვს ემართება, ასახავს მისი მშობლების სულიერ მდგომარეობას და რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტად ახდენს მის ჯანმრთელობაზე გავლენას დედის გუნება-განწყობა და დამოკიდებულებები ოჯახში. სამ წლამდე ბავშვი დარწმუნებულია, რომ სწორედ ის წარმოადგენს სამყაროს ცენტრს და ამიტომ, თუ ოჯახის ცხოვრებაში რაიმე ცუდი ხდება, პატარა თვლის, რომ მიზეზი მასში იმალება და ირთვება თავდაცვის ინსტინქტი არაადეკვატური ქცევის, ფსიქოლოგიური გადახრების, ტრავმების ან დაავადებების სახით. ამასთან, კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ, რომ ასეთ დროს ბავშვი არაფერს იგონებს, არ თამაშობს ავადმყოფის როლს, ის მართლა ავადმყოფობს.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს:     

  • უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა სარგებელს იღებს ბავშვი ავადმყოფობით და შევცვალოთ სიტუაცია ისე, რომ აღარ არსებობდეს ავადმყოფობის აუცილებლობა მიზნის მისაღწევად. დავეხმაროთ ბავშვს მიზნის მიღწევაში არა ავადმყოფობით, არამედ ჯანმრთელობით და კარგად ყოფნით;
  • განვსაზღვროთ, რა გაუცნობიერებელ „სარგებელს“ აძლევს ბავშვის ავადმყოფობა მშობლებს. დამცავი მექანიზმი „სარგებელი ავადმყოფობისაგან“ მუშაობს მანამ, სანამ გაუცნობიერებელია, როგორც კი ბავშვი და მშობლები გაიაზრებენ ავადმყოფობის მიზეზებს, ის სუსტდება ან ქრება საერთოდ. ავადმყოფობის სარგებლის გაცნობიერება აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს იმ პირობით, თუ მოხდება იმის გაცნობიერება, რომ ჯანმრთელობა იძლევა მეტ სარგებელს და ბედნიერებისა და სიხარულის მეტ შესაძლებლობას;
  • პრობლემების აღმოცენების შემთხვევაში აუცილებელია, ბავშვს ყველაფერი ავუხსნათ. მან უნდა იცოდეს, თუ რატომ გავიდა დედა სამსახურში, რომ მას ის ადრინდელზე ნაკლებად არ უყვარს, რომ ისიც მოწყენილია დაცილების გამო და, რომ დედას თავისი პატარა ძალიან უყვარს და განშორების დროს ძალიან ენატრება. მშობლების დაცილების შემთხვევაში პატარამ უნდა იცოდეს, რომ მამა სახლიდან შვილის გამო არ წასულა, რომ მას თავისი შვილები მუდამ ეყვარება. საყურადღებოა, რომ რამდენიმე თვის, ან ერთი წლის ბავშვიც საჭიროებს ახსნას,  რა თქმა უნდა, მისთვის გასაგებ ენაზე. პატარა ყველაფერს გაიგებს, იგრძნობს მხარდაჭერას, სიყვარულს და ოჯახურ პრობლემებს გადაიტანს სტრესისა და ავადმყოფობის გარეშე;
  • ბავშვის ავადმყოფობის დროს მასზე ზრუნვა, მისი სიყვარული, ალერსიანი სიტყვები და მოფერება გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს. პატარამ უნდა იგრძნოს, რომ დედა გვერდითაა, მას ის უყვარს და უნდა, რომ გამოჯანმრთელდეს. სწორედ ეს გრძნობა ეხმარება ბავშვს სწრაფად გაუმკლავდეს ნებისმიერ, ყველაზე მძიმე დაავადებასაც კი. ამასთან, ბავშვი უნდა გრძნობდეს ყურადღებას და სიყვარულს მაშინაც, როცა ის ჯანმრთელადაა.

გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბავშვისთვის აუცილებელია ემოციური კონტაქტი: სიყვარულით სავსე მზერა, ნაზი შეხება, ყურადღება, ემოციური ურთიერთობა. რაც შეიძლება ხშირად გამოვხატოთ სიყვარული ჯანმრთელი ბავშვის მიმართ, რათა მან იგრძნოს, რომ ავადმყოფობის გარეშეც ის ძვირფასი და საყვარელია საკუთარი მშობლებისთვის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი