ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

იუმორის დროა

ვიცინი, მაშასადამე ვსწავლობ… ვხუმრობ, მაშასადამე ვასწავლი.

რენე დეკარტეს რა გითხრათ მაგრამ, ეს ორი ფრაზა არანაკლები ჭეშმარიტება მგონია. კორონავირუსით გამოწვეული გაუგებრობის დროს კი ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ამ სტრესის პერიოდში, სულ რადენჯერმე გამეცინა და ერთ-ერთი გამოწვეული იყო ვიდეო-რგოლით, რომელშიც სატელევიზიო გამოკითხვის დროს, გამვლელმა კაცმა იხუმრა, 32 წელია კორონავირუსს ვუძლებო და თავის ცოლზე მიანიშნა. ხოდა, თუ რამე გადაგვარჩენს, ეს იუმორია!

ვფიქრობ, დადგება დრო და მასწავლებლებს ამ კრიტერიუმითაც შეარჩევენ. როგორ? – ეს ცალკე თემაა. ისე კი, საინტერესო იქნება, შესარჩევი კომისია რომ იკითხავს: ჭანტურია, აბა ერთი აგვიხსენით, რას ნიშნავს შრომის უფლებები. იუმორის გამოყენებით, თუ შეიძლება.

ხო, ვერ იქნება კარგი სანახაობა. თუმცა, იქამდე დიდი დროა. ამიტომ, შევეცდები მოკლედ განვმარტო რატომ არის იუმორის ქონა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარი მასწავლებლისათვის:

  • ამცირებს სტრესს და ხელს უწყობს სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნას;
  • ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში;
  • ხელს უწყობს კლასის ერთ გუნდად შეკვრას;
  • ხელს უწყობს მოსწავლე-მასწავლებელს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას და სხვა და სხვა…

ამავდროულად, ისიც უნდა ითქვას, რომ დისტანციური სწავლების მსგავსად, იუმორის არასწორად გამოყენებას ნეგატიური გავლენა აქვს მოსწავლეებსა და სწავლა-სწავლების პროცესზე. ამის მაგალითები მეც მქონია. ასეთი ტიპის იუმორია სარკაზმი, ასაკთან შეუსაბამო, მოძველებული ან არაბუნებრივი ხუმრობები. იმის ყურება, როგორ წვალობს ადამიანი იხუმროს, ნამდვილად არ არის კარგი სანახავი. დარწმუნებული ვარ, ყველა ვყოფილვართ სიტუაციაში, როდესაც უხერხული სიჩუმე დამდგარა მასწავლებლის უხერხული ხუმრობის შემდეგ.

დაბოლოს, იმ პირობებში როდესაც განათლების სფერო ფიქრობს, როგორ გაგრძელდეს სწავლა-სწავლების პროცესი, ვფიქრობ, ეს კომპონენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. უფრო კონკრეტულად, იმისათვის, რომ ბავშვები ჩაერთონ ამ პროცესში და მათთვის ეს სასიამოვნო იყოს, უნდა მივაწოდოთ სახალისო და იუმორისტული მასალები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საუკეთესო დროა ნოდარ დუმბაძის გამოსაყენებლად.

პირველი და უპირველესი – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონია“. ამას საერთოდ არაფერი ჯობს ამ ქვეყანაზე. საოცრად მაგარი მონაკვეთია „N სოფლის საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1940 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი“, „საერთო კრება“, „ლიტერატურული საღამო“ და, ზოგადად, ნებისმიერი დიალოგი ილიკოს, ილარიონსა და ზურიკელას შორის. იუმორთან ერთად ეს წიგნი რომ ცხოვრებას გვასწავლის, ეგრე უნდა…

ძალიან მაგარია მისი იუმორისტული მოთხრობები. მაგალითად, „ბავშვის როლი მშობლების აღზრდის საქმეში“, რომელიც შემდეგნაირად იწყება:

„მშობლების როლი ბავშვების აღზრდის საქმეში განუზომელია, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებიც გარკვეულ როლს ასრულებენ მშობლების აღზრდაში. განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენენ ამ საქმეში 5-6 წლის ბავშვები“.

ისევ დუმბაძეს რომ გავყვეთ, ძალიან მაგარია მოთხრობების ტრილოგია – „საუბრები ღმერთთან“. მაგ. ერთ-ერთი – „მესამე, გაუთვალისწინებელი, მაგრამ გულახდილი საუბარი ღმერთთან“:

შენ თუ კიდევ რამის სათხოვნელად ხარ მოსული, გავგიჟდები! – შემიცხადა ღმერთმა და თვალი ამარიდა.

  • გათავდა ბატონო გიორგი! ამ მწერალთა მეექვსე ყრილობასაც დავესწრები, ვეტყვი ჩემს სათქმელს და მერე თქვენი ვარ – სტენოკარდიის მძაფრი შეტევითა და ნერვიული სისტემის აბსოლუტური მოშლილობით – ვახარე მე
  • შენ სულელი ხომ არ ხარ?! მოურიდებლად მკითხა უფალმა და ელექტროღილაკს თითი დააჭირა.

 

დაბოლოს, ყველაზე ნაკლებად ცნობილი „ზუსტად 8 საათზე“:

„ევროპაში ნამყოფი ჩემი მეგობრები დილით თურქული ყავითა და OC-ის მარკის კონიაკებით საუზმობენ. მე კი ისევ მურაბიანი ჩაითა და ცეკავშირის ყველით ვსაუზმობ… ჩემი ამხანაგები ისეთი ვიწრო შარვლებით დადიან, ორი კაცი ეხმარებათ გაძრობაში. მე კი, ქამარს რომ შევიხსნი, მისით მძვრება. კარგია მერე ეს? რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ იმედი მაქვს ამ მოთხრობის შემდეგ გამოვსწორდები, რადგან ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს გარკვეული აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს თვით ავტორისთვისაც“.

 

ბევრი ვიფიქრე, კიდევ ვინ შეიძლებოდა ამ კატეგორიაში გამეყვანა, მაგრამ, აბა, დუმბაძესთან სხვა რა მოსატანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი