პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ ვასწავლოთ არაქართულ სექტორზე მოსწავლეებს  ზმნისწინები თამაშით?!

დამეთანხმებით, რომ  გაკვეთილის დაწყებისას, რაც არ უნდა საინტერესოდ გავაცნოთ მოსწავლეებს გაკვეთილის თემა და მიზანი – რესურსი მაინც გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდასა და მოტივაციის გაღვივებაში. მით უმეტეს, თუ ჩვენ მიერ შექმნილი რესურსი ორიგინალური ხასიათისაა, მაგალითად: დიდი მუყაოს ფორმატისგან გამოჭრილი, ადვილად აღქმადი, რომელიც სულ „ბოლო მერხთან“ მჯდომ მოსწავლესაც კი გაუღვივებს ინტერესს და აალაპარაკებს.

მოდით, ერთად გამოვჭრათ მუყაოსგან კიბეები და დავამაგროთ თითო კიბეზე თითო ჯიბე, სადაც მოსწავლე კონკრეტულ ზმნისწინს ჩასვამს.

რესურსი წარმოადგენს, ე.წ. პორტატულ, დასაკეც ბანერს, რომელიც წარმოადგენს ზმნისწინის/ზმნისწინების დამახსოვრებისა და გამოყენების თვალსაჩინოებას.

პორტატული ბანერის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, მათ დაინტერესებას, ვინაიდან თითოეულ მოსწავლეს სურვილი უჩნდება, გამოვიდეს და თავად ჩადოს ცარიელ ჯიბეში ესა თუ ის ზმნისწინი. გაკვეთილი ხდება უფრო ცოცხალი ამ აქტივობის გამოყენების დროს… ბანერი კიბისებურად იშლება, მასზე დატანილი ტექსტი დაწერილია ისეთი ზომის შრიფტით, რომ მოსწავლეები ადვილად დაინახავენ და მიიღებენ მონაწილეობას ზმნისწინის ამოცნობაში.

პორტატული ბანერის გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.

„გამოიცანი ზმნისწინი“ მიმზიდველია მოსწავლეებისათვის, მისი გამოყენების დროს მოსწავლეთა აქტიურობა ხალისითა და ენთუზიაზმით ხდება. მისი ინსტრუქცია ძალიან მარტივია… შესაძლებელია ბანერზე დატანილი წინადადებების ხმამაღლა კითხვაც და გამოტოვებული ზმნისწინების როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობით შევსება. (ბანერი პედაგოგს ეხმარება მოსწავლის დაინტერესებაში, ზმნისწინის, როგორც დამხმარე ენობრივი საშუალების ძირითადი არსის ცხადყოფისთვის, მისი ფუნქციის სწავლებისათვის).

ბანერი მსუბუქია, კიბისებურად იშლება, დატანილია ოცამდე წინადადება, თითოეული ზმნისწინი გამოყენებულია რამდენჯერმე, საინტერესო ფორმულირებით. აქვს საკიდი, ჯიბეები, რაც მთავარია, თითოეულ მოსწავლეს შეუძლია, თავად დაამზადოს მსგავსი სახის რესურსი, რაც უფრო მეტად დაეხმარება მათ სხვადასხვა ენობრივი საშუალების შესწავლასა თუ უკვე შესწავლილის განმტკიცებაში.

რესურსის გამოყენების აღწერა

„გამოიცანი ზმნისწინის“ თითოეულ კიბეზე დატანილია სხვადასხვა ემოციის, შინაარსის მატარებელი წინადადება. თითოეულ წინადადებაში ზმნებს აკლიათ ზმნისწინი. თითოეული კიბის წარმატებით დაძლევაში მოსწავლემ უნდა შეავსოს ჯიბე – ახალი ზმნისწინით.

  • მასწავლებელი დაფასთან თვალსაჩინოდ სპეციალური საკიდით ჩამოკიდებს ბანერს, საუბარს დაიწყებს ზმნისწინზე, გაახსენებს მოსწავლეებს ზმნისწინის რაობას, როგორი ზმნისწინები არსებობს, რაში ეხმარება ზმნას ზმნისწინი, რას აზუსტებს და ა.შ. შემდეგ კითხულობს პირველ კიბეზე დატანილ წინადადებას და ზმნას, რომელსაც აკლია ზმნისწინი… მოსწავლეები უმალ ხვდებიან აღნიშნული რესურსის ინსტრუქციას და მათში უფრო მეტად იღვიძებს ინტერესი, რათა გადავიდნენ მეორე კიბეზე, მეორიდან მესამეზე და ა.შ. ყველა კიბის წარმატებით დაძლევის შემდეგ მოსწავლეები ბანერზე ავსებენ თითოეულ ცარიელ ჯიბეს. (კონვერტში, სადაც სპეციალურად ჩალაგებული 16 ზმნისწინია მი, მო, ა, ჩა, და, შე, გა, გადა, წა, ამო, ჩამო, შემო, გადმო, გამო, წამო, მიმო – ცარიელი იქნება).
  • შესაძლებელია კიბიდან-კიბეზე გადასასვლელად მასწავლებელმა დააწესოს სხვადასხვა ეტაპი… მოსწავლე გადავა შემდეგ წინადადებაზე, თუ მოიფიქრებს სხვა ზმნას იმავე ზმნისწინზე, რომელიც პირველ კიბეზე გამოიყენა.
  • პედაგოგს შეუძლია ამ ზმნისწინების სასუალებით ნაწარმოები ანტონიმებიც შეახსენოს მოსწავლეს, მაგალითად: ავიდა – ჩავიდა, მოვიდა – წავიდა. ეს ყოველივე მოსწავლეებს ენობრივი ლექსიკის გახსენება-დახვეწასა თუ გამდიდრებაში დაეხმარება.
  • ბანერის დამუშავების შემდეგ შესაძლებელია, მოსწავლეებმა თავადაც დაამზადონ მსგავსი ტიპის რესურსები… მოიფიქრონ ახალი წინადადებები და ერთმანეთს გაუზიარონ. (წყვილებში, ჯგუფებში და სხვა).

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი რესურსების გამოყენება სწავლის პროცესს ხდის საინტერესოს, სახალისოს, ინტერაქტიულს, – ეს ყოველივე კი ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და რაც მთავარია, მაღალი აკადემიური შედეგის მიღწევას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი