ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„გაბედე და დახატე”- ტელესკოლის ხატვის მასწავლებელი ანი გოგორიშვილი

ტელესკოლის ხატვის მასწავლებელი ანი გოგორიშვილი იქრობს, რომ ყველა ბავშვს აქვს ხატვის ნიჭი და მთავარი ის პროცესია, რომელშიც ბავშვია ჩართული.

 

რა არის მთავარი ხატვის პროცესში?

 

ჩემთვის მთავარია, ყველა ბავშვი ხატავდეს და თავიდანვე არ დავიწყოთ იმაზე ლაპარაკი, აქვს თუ არა ბავშვს ნიჭი. ყველა ბავშვს აქვს ნიჭი, მთავარია, გაბედოს, ფანქარი აიღოს და ხატვა დაიწყოს. ბავშვმა ხატვის პროცესი უნდა შეიყვაროს, ისიამოვნოს ამ პროცესით და არ იფიქროს „რა გამომივა”. მე სულ ვეუბნები ჩემს პატარა მოსწავლეებს: ხატვის დროს არ არსებობს – „არ შეიძლება”, „ნახატი გამიფუჭდა”. დახატე ყველაფერი, რასაც ხედავ და ვერ ხედავ, ოცნებობ ფიქრებში თუ ფანტაზიორობ, სულერთია, დახატე ყველაფერი!”.

 

რა ამბებს ყვებიან პატარები თავიანთი ნახატებით?

 

როდესაც ისინი მუშაობენ, ზოგჯერ მე ვთავაზობ რაიმე გამოსავალს. ვთავაზობ და არ მივუთითებ იმპერატიულად: „ეს ასე გააკეთე”. ერთხელ ჩემმა პატარა მოსწავლემ დიდ ფურცელზე დახატა ქალაქი და უკვე დამთავრებული ჰქონდა, რომ ვხედავ სხვადასხვა საღებავებში ჩაჰყო თითები და ნახატისაკენ წავიდა. მთელ ნახატს ფერადი კოპლები დაადო. მერე ვკითხე, რა გააკეთე-მეთქი: გავანათეო. მართლა ანათებდა ის ნახატი.

 

სკოლის წლებს როგორ გაიხსენებდით, როგორი იყო თქვენი დროის სკოლა?

 

გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ სკოლა საშინლად არ მიყვარდა. მე ვსწავლობდი 60-იან წლებში და სკოლა ჩემთვის გაიგივებული იყო ციხესთან. სკოლაში ქართული, გეოგრაფია და ხატვა მიყვარდა. მაღალ კლასებში საერთოდ არ მინდოდა სკოლა. ერთხელ ჩემმა კლასელმა გაკვეთილზე თქვა – კოკა-კოლა გავსინჯეო და ამისთვის დაიბარეს მისი მშობლები და ბავშვი კინაღამ სკოლიდან გააგდეს. დღეს სხვანაირი მიდგომაა, მასწავლებლების გარდა, აღზრდაში ჩართული არიან ფსიქოლოგები და ცდილობენ, დაეხმარონ ბავშვს. მე ოჯახში მქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა, სრული თავისუფლება და არანაირი აკრძალვა. ამიტომ, მეცხრე კლასის შემდეგ ნიკოლაძის სასწავლებელში ჩავაბარე, სადაც მასწავლიდნენ – დათიკო ურუშაძე, ქრისტინე შერმადინი, ცისია ელისაშვილი და სხვები. დათიკო ურუშაძე ლექციის დროს გალაქტიონის ლექსებს გვიკითხავდა, დღემდე გონებაში მაქვს ჩარჩენილი ცისია ელისაშვილის ლექციები. დირექტორიც არაჩვეულებრივი გვყავდა: ჟანი მეძმარიაშვილი. ნიკოლაძის სასწავლებელი იყო ის ადგილი, რომელმაც მე სწავლის სურვილი დამიბრუნა. ჩვენ იქ სკოლის საგნებსაც გავდიოდით და წარმოიდგინეთ, ფიზიკაც კი ვისწავლე…

 

მოგვიყევით სტუდენტობის წლებზე და მაშინდელ სამხატვრო აკადემიაზე. როგორი იყო ეს წლები, როგორ გახსენდებათ ახლა?

 

მე 80-იან წლებში ვსწავლობდი აკადემიაში და გვყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები. ყველა ის მხატვარი, რომელიც დღეს ძალიან ცნობილია, 80-იანი წლების სტუდენტები არიან. აკადემია იყო ჩვენი სახლი. მე მასწავლიდა ვალენტინ შერპილოვი, ხიტა ქუთათელაძე, თენგიზ ცხონდია და გურამ ნავროზაშვილი. ამ მასწავლებლებს შეეძლოთ სტუდენტისთვის ბოდიში მოეხადათ…

 

რა არის მთავარი მასწავლებლის პროფესიაში?

 

ეს არის ინდივიდუალიზმის დანახვა. მასწავლებელმა უნდა შეძლოს ინდივიდუალურად მიუდგეს ყველა ბავშვს, რადგან მან არ იცის, რატომ იქცევა ბავშვი ცუდად და რა მიზეზი აქვს მას ამისთვის. მასწავლებელმა არ უნდა დაჰყოს ბავშვები კარგ და ცუდ მოსწავლეებად, მან უნდა გაიგოს მათი მოტივაცია, რატომ არ უნდა ბავშვს სწავლა. ბავშვის ყველა გამოვლინება, მისი ხასიათის სიღრმეებიდან მოდის. როცა გაკვეთილზე შევდივარ, სულ ვფიქრობ, როგორ ხასიათზე არიან ბავშვები, რა უნდათ ახლა, რას ელოდებიან ჩემგან. ასეთ შეკითხვებს ვუსვამ თავს. განსაკუთრებით, პატარებს არაფერი გამორჩებათ, ისინი თითქოს რენტგენში გატარებენ და პირდაპირ გეუბნებიან: „დღეს ცუდ ხასიათზე ხართ“, „დღეს კარგ ხასიათზე ხართ”. პატარები ძალიან დაკვირვებულები არიან და ჩვენც ასევე უნდა დავაკვირდეთ მათი ხასიათის ყველა უჩვეულო ცვლილებას.

 

 

 

 ფოტო : 1TV.GE

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი