ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი

ინტერაქტიული სამეცნიერო-სადემონსტრაციო ცენტრები გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მრავალ ქვეყანაში შეიქმნა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, ექსპონატებისა და დამთვალიერებელთა რაოდენობით, თუმცა მიზანი საერთო აქვს – ტექნოლოგიური რევოლუციების საუკუნეში მეცნიერების პოპულარიზაცია ახალგაზრდებს შორის.
პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი სულ ახლახან შეიქმნა და უმალვე იქცა ვარშავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად ოჯახითურთ უქმე დღის გასატარებლად და ტურისტების მისაზიდ სანახაობად.
მოკლე ისტორია

სახალისო მეცნიერების იდეით გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არაერთი პოლონელი მკვლევარი იყო გატაცებული. მათ სურდათ, ახალგაზრდა თაობისთვის, განსაკუთრებით კი მოსწავლეებისთვის, თანამედროვე მეცნიერება მიმზიდველი კუთხით წარმოეჩინათ. მართლაც, დღეს მეცნიერების მიღწევებით გაჯერებულია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ენთუზიასტი პოლონელი მეცნიერები აკეთებდნენ ინტერაქტიულ ექსპონატებს, მარტივი ცდების სადემონსტრაციო მოწყობილობებს და შემდეგ ასეთი მობილური გამოფენებით პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში დადიოდნენ. ზოგჯერ ექსპერიმენტულ გამოფენებს უშუალოდ სკოლებშიც მართავდნენ. ერთ სკოლაში გამოფენა სამი დღე გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებმა არაერთი ცდა აჩვენეს ფიზიკაში, ქიმიასა თუ ბიოლოგიაში.
მეცნიერების პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სამეცნიერო ფესტივალმა და სამეცნიერო პიკნიკმაც, რომლებსაც ყოველწლიურად უწევდა ორგანიზებას პოლონეთის რადიო და რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სამეცნიერო დაწესებულებები. პოლონეთის რადიოში არსებობდა სამეცნიერო-პოპულარული გადაცემების განყოფილება, რომლის ხელმძღვანელიც ამჟამად კოპერნიკის ცენტრის დირექტორია.
ფიზიკის პროფესორების ლუკაშ ტურსკისა და მაგდალენა ფიკუსის ძალისხმევით დიდი და მუდმივი ექსპოზიციის მქონე სამეცნიერო ინტერაქტიული ცენტრის დაარსების იდეამ ქალაქ ვარშავის მერიამდე და პოლონეთის განათლების სამინისტრომდე მიაღწია. ვარშავის მაშინდელი მერის ლეხ კაჩინსკის მხარდაჭერით დაიწყო ცენტრის კონცეფციაზე მუშაობა. მსგავსი ცენტრები არსებობდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. მათი გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა კოპერნიკის ცენტრის სტრუქტურაც. გამოიყო 40 ათასი კვ. მ ფართობის ტერიტორია ქალაქის ცენტრში და ბიუჯეტი. მშენებლობა 4 წელიწადი გაგრძელდა.
გამოფენა

ამჟამად კოპერნიკის ცენტრი თანამედროვე არქიტექტურულ სტილში შესრულებული შენობაა მდინარე ვისლის ნაპირას, ვარშავის უნივერსიტეტის ახლოს. ის მოიცავს პლანეტარიუმს, 4850 კვ. მ ძირითად საგამოფენო სივრცეს, ლაბორატორიებს, საკონფერენციო და სატრენინგო დარბაზებს.
დარბაზებში 450 ექსპონატია გამოფენილი. მათი უდიდესი ნაწილი ინტერაქტიულია, ანუ საშუალებას აძლევს მნახველს, თვითონ განახორციელოს ცდა, მოახდინოს დაკვირვება ან გაიაროს ტესტი.
კოპერნიკის ძირითადი პრინციპია, გააღვიძოს ადამიანში აღმომჩენი და სამყაროს მიმართ ცნობისმოყვარეობის გაძლიერების გზით მისი მეცნიერულად შეცნობაწაახალისოს.
ექსპონატების ნაწილი ორიგინალურია. მისი ავტორები ცენტრის თანამშრომლები ან ღია კონკურსში გამარჯვებული მეცნიერები არიან. ამის მაგალითია “სინათლის ზონა”, სადაც სინათლის შესახებ კანონზომიერების, ილუზიებისა და სინათლით ინფორმაციის გადაცემა-მიღების პრინციპების გაცნობაა შესაძლებელი.

ორიგინალურია “რობოტიკის თეატრი”. თეატრის პერსონაჟები რობოტები არიან, რომლებიც სტანისლავ ლემის მოკლე მოთხრობის ადაპტირებულ ვარიანტს გაითამაშებენ.
ზოგიერთი ექსპონატი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, ცეცხლის ტორნადო, მიწისძვრის სიმულატორი, ლაზერის არფა (სურათი), ზაზუნას ბორბალი (სურათი), ასევე – ჩონჩხიანი ველოსიპედი (სურათი), რომლის პედლების ტრიალისას იქვე დამონტაჟებულ ეკრანზე მოჩანს მოძრავი ჩონჩხი შესაბამისი ძვლებითა და მყესებით.

ცენტრის ექსპოზიცია რამდენიმე თემატურ ზონად არის დაყოფილი. მათ შორისაა „სამყარო მოძრაობაში”, „ადამიანი და გარემო”, „სინათლის ზონა”, „ცივილიზაციის ფესვები”, „აღმომჩენთა თეატრი”, „რობოტიკის თეატრი”, ახალგაზრდებზე გათვლილი „რე-გენერაცია” და პატარებისთვის განკუთვნილი „ბზზზ”. აქვეა თანამედროვე სამგანზომილებიანი ჩვენების პროექტორით აღჭურვილი პლანეტარიუმიც.
ცენტრის შესასვლელში სამეცნიერო ხასიათის სათამაშოებისა და სუვენირების მაღაზიაა. აქ დამთვალიერებლებს შეუძლიათ შეიძინონ კონსტრუქტორები, სიმულატორები, მარტივი ცდების ნაკრებები და სხვა სახალისო განმავითარებელი სათამაშოები.

ცენტრს გახსნის დღიდან მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. ზაფხულობით აქ ოთხსაათიანი რიგები დგას, რადგან საგამოფენო სივრცეში ერთდროულად 1200-ზე მეტი ვიზიტორი არ დაიშვება, მსურველი კი გაცილებით მეტია. სამუშაო დღეებში ცენტრში უმთავრესად სკოლების მიერ ორგანიზებული ექსკურსიები იმართება, ხოლო უქმე დღეებში მნახველთა უმრავლესობა ოჯახებითურთ დადის.
ცენტრი რეგულარულად ავრცელებს თავისი მუშაობის შეფასების ანკეტებს. დამთვალიერებელთა 97% კმაყოფილია ცენტრში ვიზიტით, ხოლო 65% აღიარებს, რომ რაღაც ისწავლა.
ანიმატორები

ცენტრის წარმატებით ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს ე.წ. ანიმატორები ასრულებენ. ამ დამხმარე თანამშრომლების ფუნქციაა, ჩართონ ცდებში დამთვალიერებლები, დაეხმარონ მათ ან დააკვალიანონ, ზოგჯერ ახსნან, რა პრინციპით მოქმედებს ესა თუ ის მოწყობილობა, ზედამხედველობა გაუწიონ ექსპონატებს. ანიმატორები კოპერნიკის ცენტრის პერსონალის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. მათი უმრავლესობა სტუდენტია, თუმცა არიან უფროს ასაკის ადამიანებიც, ძირითადად – მეცნიერები, რომლებსაც მეცნიერების პოპულარიზაცია იტაცებთ.
მასწავლებლები

კოპერნიკის ცენტრს მასწავლებლებისთვის სპეციალური პროგრამა აქვს შემუშავებული. პროგრამის ნაწილი ცენტრში კლასის ვიზიტის ორგანიზებას ეხება. მასწავლებელს შეუძლია წინასწარ დაათვალიეროს ექსპონატების აღწერები და გამოიყენოს ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდებული საგანმანათლებლო მარშრუტები (ანუ დათვალიერების გეგმები), რომლებიც სხვადასხვა საგნის შემსწავლელთათვისაა შემუშავებული.
საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს კოპერნიკი ტრენინგპროგრამას სთავაზობს. ტრენინგი მასწავლებელთათვის უფასოა; მთავარია მათი მონდომება, გაეცნონ გაკვეთილებზე ექსპერიმენტების ჩატარებისა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდიკას. ტრენინგები სპეციალურ ლაბორატორიებში ტარდება, რომლებსაც ზოგჯერ შესაბამისი დარგის კომერციული ფირმები უწევენ სპონსორობას (მაგალითად, BASF-ის ლაბორატორია ქიმიაში). ტრენინგებზე ჩაწერა წინასწარ მიმდინარეობს. მათი გავლის შემდეგ მასწავლებლებს ურიგდებათ ხელთარსებული მასალების სპეციალური ნაკრებები, რომელთა გამოყენებაც ამა თუ იმ საგნის სწავლებისას მათ უკვე ისწავლეს.

წელიწადში ტრენინგს საშუალოდ 500 მასწავლებელი გადის.

გარდა ამისა, მასწავლებელთათვის ხუთშაბათობით კოპერნიკის ცენტრის დათვალიერება უფასოდ შეიძლება. ამ დღეს მათთვის ერთსაათიანი ლექცია ტარდება, სადაც მათ აცნობენ კოპერნიკის მისიას და ფილოსოფიას, კერძოდ, მისი ინსპირაციული ფუნქციის შემადგენელ ელემენტებს და გამოკვეთილ ორიენტაციას დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაზე, სწავლა-დაინტერესებით პრინციპს, მოსწავლეში აღმომჩენის სულისკვეთების გაღვივებას და სხვ.

ყოველწლიურად, ზაფხულის მიწურულს, პოლონელი მასწავლებლებისთვის იმართება სამეცნიერო კონფერენცია “აჩვენე – გადაეცი”. კონფერენციაზე იმართება პრეზენტაციები, მასწავლებლებს აცნობენ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, თემატურ ნაკრებებს, ტარდება ცდები და დემონსტრაციები, სემინარები, ინტერაქტიული თამაში ძირითადი ექსპოზიციის გამოყენებით.
საერთაშორისო თანამშრომლობა

კოპერნიკის ცენტრი თანამშრომლობს მსგავსი მისიის სამეცნიერო ცენტრებთან და მონაწილეობს მეცნიერების პოპულარიზაციისთვის გამიზნულ ღონისძიებებში.
ახალი ინიციატივა, რომელსაც ცენტრი აქტიურ მხარდაჭერას უწევს, არის სკოლებში ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბების შექმნა. ასეთი კლუბები პოლონეთის მრავალ სკოლაში შეიქმნა. ამჟამად მიმდინარეობს იდეის პოპულარიზაცია ბელორუსიაში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. პოლონელ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, ჩაერთონ კლუბების საერთაშორისო თანამშრომლობაში, გაუზიარონ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება.
მეცნიერების პოპულარიზაცია

საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციისთვის პოლონური გამოცდილების გათვალისწინებაც სასარგებლო იქნება. სამეცნიერო პიკნიკი უკვე იგეგმება. ასევე,  მუშავდება კოპერნიკის მსგავსი სამეცნიერო ცენტრის შექმნის იდეაც. ცენტრი შესაძლოა მცირეც იყოს (როგორც, მაგალითად, სლოვაკიაში). მნიშვნელოვანია მსოფლიოში არსებული ცენტრების გამოცდილების გაცნობა და საკუთარი ორიგინალური კონცეფციის შემუშავება. პოლონელი კოლეგების აზრით, წარმატებისთვის აუცილებელია, მოიძებნონ აქტიური მეცნიერები, დაინტერესებული ენთუზიასტები, რომლებიც მომავალი ცენტრის მუშაობაში გარკვეული ფერმენტის როლს შეასრულებენ – ასეთი ცენტრები ხომ მუზეუმები არ არის და მეცნიერებასთან ცოცხალ ურთიერთქმედებაზეა გათვლილი. ასეთი ენთუზიასტი მეცნიერები შეასრულებენ უმაღლესი განათლების სისტემისა და საშუალო სკოლის დამაკავშირებელი რგოლის როლსაც, რაც ნორჩი ტალანტების დროული დაკვალიანებისა და, საზოგადოდ, ქვეყანაში მეცნიერების განვითარების წინაპირობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი