პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სხვა საქართველოს დასანახად

ეს სპექტაკლი იქამდე ვნახე, ვიდრე მთელ დედამიწას ენით უთქმელი განსაცდელი დაატყდებოდა თავს. ფიქრები, რომლებიც მისი ნახვის შემდეგ გამომყვა,  სხვა სიხშირეზე იყო მომართული, სხვა ფერი ჰქონდა და მოთმინებით ვამწიფებდი მათ, რათა ზუსტად გადმომეცა ჩემი შთაბეჭდილება და ის სპექტაკლის სიმართლეს დამთხვეოდა…

მაგრამ ყველაფერი ისე აირია, როგორც ყველაზე აბსურდულ წარმოდგენაში. ჩვენ თვალწინ კი ის სინამდვილე გათამაშდა, რაც აქამდე მხოლოდ მხატვრული ტექსტების ფაბულა გვეგონა, წარმატებით გაყიდული აპოკალიპსური ჟანრის სასცენარო სქემები,  რაც აქამდე მხოლოდ გასართობად, თავშესაქცევ ატრაქციად  მოვუგონეთ ჩვენს პლანეტას – ეს ყოველივე, კიდევ უფრო შემზარავი სიმძაფრით, ახდა და კაცობრიობა კიდევ ერთხელ დატოვა დიდი თავსატეხის წინაშე.

დატოვა საერთოდაც, მგონი თავდაპირველი კითხვის პირისპირ: რას ნიშნავს სიცოცხლე დედამიწაზე და რისთვის ვჭირდებით სამყაროს?

მგონია, რომ ამის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად შეფასდება და აღიქმება. კორონავირუსის ომი  ის წყალგამყოფი აღმოჩნდება, რომლის მეორე, მომავლის ნაპირზე დარჩენილები ყველა ფიქრს და საქციელს ნებით თუ უნებლიეთ, ამ ომის ხსოვნით დავიწყებთ. პანდემია გადაივლის, მაგრამ კაცობრიობის ცნობიერებაში ალბათ დატოვებს სამუდამო ვირუსს, მეხსიერების ბაქტერიას, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო სისტემას სამყაროს ენერგიებთან ახალი სიხშირეებით დააკავშირებს.

ჩემი ფიქრებიც, სპექტაკლის „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ შესახებ ახალი ულტრაბგერიდან იწყება. და, ახლა კიდევ უფრო საინტერესოდ მეჩვენება იგი, სულ უფრო და უფრო საინტერესოდ. რადგან ეს სპექტაკლი ხედვაზეა, ხედვის სინათლეზე, გულის თვალზე, რომელიც მაშინაც კი ახელილია, როცა ყველა ხედი დახშულია სამყაროში.

„ხედი სასტუმრო საქართველოდან“ უცნაური სპექტაკლია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიდგა თბილისში, „აბრეშუმის თეატრში“ და როგორც იტყვიან, მაყურებელთაგან არავინ დატოვა გულგრილი. ეს გახლავთ სპეციფიკური პროექტი, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობდნენ: თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება (პროექტის ხელმძღვანელი – სოფიო სიხარულიძე), ამავე უწყების თანამშრომელ უსინათლო ლაშა ცაიშვილის (იგია პროექტის კონსულტანტიც) შეთავაზებითა და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინკლუზიური პროექტების პროგრამისა და „სილქ ფექთორი სთუდიოს“ მხარდაჭერით. სწორედ ამ კომპანიის კუთვნილ „აბრეშუმის თეატრში“  გაიმართა სპექტაკლის პრემიერები. პროექტის თავისებურებას კი ის განაპირობებს, რომ ორ პროფესიონალ მსახიობთან (ლილი ხურითი და გივიკო ბარათაშვილი) ერთად, სპექტაკლში მოყვარული და თან უსინათლო მსახიობები მონაწილეობენ.

სპექტაკლის რეჟისორი იოანე ხუციშვილია (რეჟისორის ასისტენტი ილია ტატალაშვილი), პიესა საგანგებოდ ამ პროექტისათვის ალექს ჩიღვინაძემ დაწერა. საერთოდ, სპექტაკლის მხატვრულ ხარისხს შემოქმედებითი ჯგუფის ჰარმონიული ტანდემიც განაპირობებს, რომელიც ყველა დეტალში და კომპონენტში იგრძნობა – ტექსტში, რეჟისორულ ხედვაში, სცენოგრაფიაში, სამსახიობო შესრულებაში. სპექტაკლის მთავარი გმირები სასტუმრო საქართველოს ერთი უბადრუკი და ჭერჩამოქცეული ოთახის მკვიდრი და-ძმაა, აფხაზეთიდან დევნილი ლილი და ილია. ილია უსინათლოა, ისევე, როგორც მათი მომავალი სტუმარი, აფხაზი მეზობელი რაული, რომელიც შვილის სამკურნალოდ ჩამოდის თბილისში.

სასტუმროს საქართველო ჰქვია. ეს ოთახიც, სადაც მოქმედება დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ვითარდება, ბევრი რამით ჰგავს საქართველოს. ძვალსა და რბილში გამჭოლი სინაცრისფრე, რომელსაც ბადებს სიღარიბის, უმწეობის, უიმედობის განცდა; წვიმისგან ჩამომპალი ჭერი და იატაკზე ტყვიის სიმძიმით მოწანწკარე წვეთები; გაუხეშებული, ბალახგადავლილი ურთიერთობები, ძუნწად გადმოყრილი სიტყვების გროშები და ხედი – არაფრისკენ, არსაით, მხოლოდ შუქნიშნების ხმოვანი სიგნალებით გამიჯნული მყიფე სივრცე… (სცენოგრაფი თეო კუხიანიძე – მინიმალისტური დეკორაციით, შუქ-ჩრდილებით და ფერის აქცენტებით შექმნილი უზუსტესი გარემო).

ესაა სივრცე, სადაც პეტრე, უსინათლო მუსიკოსი, დროდადრო წელავს აკორდეონს და ეს ხმაც ომის ხსოვნის რეფრენია პიესის ავტორისათვის.

ომის სუნი, ფერი და გემო ყველაფერს მსჭვალავს სპექტაკლში. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის მიხედვით, აფხაზეთის კონფლიქტიდან რამდენიმე წელია გასული, გარემოც და ვითარებაც პოსტტრავმული სინდრომის მატარებელია. დროც გაჩერებულია, დაპაუზებულია ამ ერთგვარად კოშმარულ სამუზეუმო ატმოსფეროში, სადაც ყველაფერი მხოლოდ იმისთვისაა აქცენტირებული, რომ ომი გაახსენოს მის „ექსპონატებსაც“ და დამთვალიერებელსაც. უფრო სწორად, ომის ძალა, მისი ყოვლისმომცველობა. ეს უტრირებული „ზედაპირულობა“, სამუზეუმო განფენილობა თავისთავად დრამატურგისა და რეჟისორის ერთობლივი მხატვრული პოზიციაა, რათა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინონ სათქმელის სიღრმე („სახლს კი არა, ჩვენს რეალობას არა აქვს სიღრმე, წლებია მტვრიან ზედაპირზე დავხოხავთ ყოფილი სასტუმრო „საქართველოს“ შუაზე გადატიხრულ ნომერში“). 

მხატვრული რეალობის სიღრმე კი სწორედ სიტუაციის იმ ერთი შეხედვით გამოუვალობაშია, რომელიც კუს ბაკანივით შეზრდია პერსონაჟთა ცხოვრებას. ამ ჰერმეტულ სივრცეში იხარშება წლებისგან განიავებული ტკივილები, შთაბეჭდილებები, პროტესტი, ხსოვნა… აქ ყველაფერი აკუმულირებულია, ხელშესახებია და ცოცხალი, იქნებ სწორედ ამან დააბრმავა ილიაც და პეტრეც, და იქნებ სწორედ ამ სიბრმავეშია ის სიღრმე, რომლის მიღმაც უკვე სხვა სინათლის წყარო იწყება?!

უსინათლოები არიან ქართველიც და აფხაზიც (ეს უკანასკნელი ომის დროს დაბრმავდა, ნაღმზე აფეთქების შედეგად), მათ ოდესღაც სულ სხვა სივრცე, სხვა ხედი აკავშირებდა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი საერთო წყვდიადმა შეცვალა. რაულს და ლილის ერთმანეთი უყვარდათ. გავიდა წლები და ახლა, სასტუმროს ძველ ნომერში, დევნილობაში მცხოვრები ლილი ცოტა ხნით დაუშვებს, რომ შესაძლოა ისევ გაიხსენოს სიყვარული, გაჰყვეს რაულს აფხაზეთში და ბოლოს და ბოლოს იცხოვროს საყვარელ ადამიანთან. თუმცა, ეს არაა მთავარი არც პერსონაჟებისთვის, არც მთლიანი მხატვრული ტექსტისთვის. მთავარი აქ უკვე დიდი ხანია მოხდა და ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ვიბრირების ტალღებით დღემდე თავის სიხშირეზე ამყოფებს ყველას, ვისაც შეეხო. შესაძლოა ლილი მართლა წავიდეს და მიატოვოს უსინათლო ძმა, შესაძლოა ილიას ცხოვრებაშიც შეიცვალოს რამე, მაგრამ გარსს, რომელშიც ეს გმირები არიან, როგორც დაინფიცირებულ ზონაში მოყოლილი განწირული ადამიანები – არაფერი შეეხება, ეს გარსი მათთვისაა, ომის ხსოვნისთვის და სიმართლისთვისაა. აი, ამისთვისაა, რაზეც პერსონაჟი კუ ლაპარაკობს:

ომში ყველაფერი ერთბაშად ხდება, მერე მზადდება ანგარიშები, ეწყობა ფოტოგამოფენები, შრიალებენ გენერალთა ცოლების საღამოს კაბები, სტატისტიკა განგაშებს… თავს ვაჩვენებთ, რომ ომის დამთავრების შემდეგ, ყველაფერი თავიდან იწყება, იქმნება ოჯახები, იბადებიან ბავშვები, დგამენ გმირების ძეგლებს, ნანგრევებს წმენდნენ, მკვდრებს მარხავენ, პროტეზებს ასალაშინებენ, მედლებს აპრიალებენ… ჩვენთან, აფხაზეთში კი თავიც არ მოგვიჩვენებია. ომი უბრალოდ ყოველდღიურობის საზრუნავის მტვრიან ფარდას ამოეფარა“.

არა თავის მოსაჩვენებლად, არამედ ამ სიცოცხლის სატარებლად – ხანდახან იმხელა ძალაა საჭირო, რომ შენგან რაღაც ეწირება მას. ზოგჯერ ეს რაღაც – თვალისჩინია. უნდა ითქვას, რომ უსინათლო მსახიობების პროფესიონალურმა თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა – რევაზ ტატალაშვილი (ილია), გედევან კევლიშვილი (პეტრე), ალექსანდრე ლაბაძე (ომარი), ზვიად ფხიკლეშვილი (რაული) და ირმა ჩიხლაძე (მზია). თამაშის დახვეწილი, ბუნებრივი და ორგანული ხერხებით, უშუალო და გულწრფელი ინტონაციით, მთელი არსებით გათავისებული ემოციით ისინი ქმნიან ამბავს, რომელიც, ცხოვრების ყველა კანონის დაცვით, შესაძლოა რეალურადაც ხდება პარტერსა და სცენას შორის გავლებული უხილავი საზღვრის მიღმა…

სპექტაკლში გამუდმებით ისმის ერთი სიმღერა – გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ჰიტი და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და სევდიანი „კართან მოდგმა შემოდგომა“ (მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების შესრულებით). შემოდგომა მართლაც ყველაზე სასურველი სტუმარია სპექტაკლის პერსონაჟებისათვის. ის მარადიულობის სიხარულსაც გულისხმობს და წარმავალობის სევდასაც, მას რაღაცნაირი სინათლე აქვს – ღამის აბაჟურივით მკრთალი, მაგრამ აუცილებელი, რათა ადამიანმა თავის თავში ნაწერი სინდისი იკითხოს.

აფხაზეთზე არაერთი პიესა, ფილმი თუ ლიტერატურული ტექსტი შეიქმნა. სარისკო და საპასუხისმგებლო თემაა – ბანალურობისგან, პოპულარული და არაფრისმომცემი მიდგომისგან, სპეკულაციური მეტიჩრობისგან რომ დაიზღვიო თავი. თან, დრო გადის და თემაც, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო მყიფდება, ჩვენს ყოველდღიურობაში კი იმდენი ხმაურიანი, ლოკალურ-გლობალური მოვლენა ხდება, რომ მათი ექოებიც თანდათან ფარავს ამ მწვავე ტკივილს. ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით – ტკივილს, აფხაზეთს.

შემოქმედებითი ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რაც აფხაზეთის თემაზე აქამდე შექმნილა. ეს, უპირველეს ყოვლისა, რეჟისორის უზუსტესი მხატვრული ამოცანისა და დრამატურგის დამსახურებაა. ყოველგვარი პათეტიკისგან თავისუფალი, ძალიან ადამიანური და ნაღდი – რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება შევაფასოთ სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ და დიდი იმედი მაქვს, რომ როცა ეს საყოველთაო განსაცდელი ჩაივლის, სპექტაკლი კვლავ აღდგება და მაყურებელს მისი ხილვა შეეძლება.

პიესას ეპიგრაფად ორი გამოცანა ახლავს. აქედან ერთი აფხაზურია: „თავისუფლად დაბადებული, მზის აღზრდილი, დედის დანახვისას იღუპება“. რას უნდა ნიშნავდეს ეს გულისგამგლეჯად მტკივნეული გამოცანა, რა პასუხი აქვს მას?..

ჩვენ, ბევრ ომგამოვლილებმა, ახლა კიდევ ერთ წყალგამყოფ ომს უნდა გადავაბიჯოთ. ასეთი ნაბიჯებისას ყველაზე მეტად ის შინაგანი სინათლე გვამხნევებს, რომელმაც ყველა ტკივილის სხივი აირეკლა, ყველა ადამიანურ ჯურღმულში გააღწია და რაღაც ცოდნით დაიმუხტა.

ასეთ სინათლეს წინ ახალი ხედი ეშლება. აქედან საქართველო სანახავია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი