პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მომავლის განათლება: კითხვების დასმა

ბავშვობის ადრეულ ასაკში კონტაქ­ტისა და კომუნიკაციის დამყარების მცდელობები, უმეტესწილად, შეხებით იწყება, რის მეშვეობითაც ბავშვი საკუთარ “მე”-ს გარემოსგან განასხვავებს და, ამავდროულად, კონტაქტს ამყარებს მასთან. როდესაც ბავშვს საშუალებას ვაძლევთ, უსუნოს ყვავილს, შეხედოს ხეს და დააკ­ვირ­დეს მის დეტალებს, ხელი გადაუს­ვას კატას, ჩვენ მას შემოქმედებითობის განვითარებისკენ ვუბიძგებთ. როცა ბავშვს პრობლემებისადმი მგრძნობელობა და ხელოვნები­სად­მი მოქნილი დამოკიდებულება განუ­ვი­თარდება, ის თავდაჯერებულო­ბასაც შეიძენს და მის გამოყენებას, მოგვიანებით, სხვა სფეროებშიც შეძლებს. იყო შემოქმედებითი, ნიშნავს, ნაცნობ გარემოს სხვადას­ხვა კუთხიდან შეხედო, აღმოაჩინო ახალი ურთიერთკავშირები იმ საგნებს შორის, რომლებიც ერთმა­ნეთისგან იზოლირებულია. შემოქ­მედებითობა გარემოს მიმართ გახსნილობას, საკუთარი გრძნო­ბე­ბის გააზრებასა და გამოცდილების თავისთავადობას მოითხოვს.

იმისათვის რომ ნიჭიერი ბავშვების შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარი კიდევ უფრო განვავი­თა­როთ, სავარჯიშოები უნდა შეიცავდეს კითხვების დასმის, შედარებების, პარადოქსებისა და ანალოგიების ელემენტებს.
შეკითხვების როლი განათლებაში
ბევრი მასწავლებლის გამოცდი­ლე­ბა გვაჩვენებს, რომ კითხვების მეშვე­ობით სწავლება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ფაქტებით. ეს მეთოდი ბავშვების ცნობისმოყვა­რეობას ზრდის და, შესაბამისად, მათ შეკითხვების დასმისკენ უბიძგებს. მასწავლებლებს ვურჩევთ, გაკვეთილი შემდეგნაირი შეკითხვე­ბით დაიწყონ: “რა ვიცით ამ თემის შესახებ? რას ფიქრობთ ამ თემაზე?” ასეთი მიდგომა გამოიწვევს მოს­წავ­ლეს, წინარე ცოდნას გაუაქტი­ურებს, ან გააცნობს ახალ იდეებს და წაახალისებს, დასვას შეკითხვები თემის გარშემო. ასეთ მიდგომას თან უნდა ახლდეს სავარჯიშოები და ვიზუალური დამხმარე მასალა, რო­­მელიც, მასწავლებლის აზრით, მაქსიმალურად შესაბამისი იქნება ბავშვების პოტენციალთან და შესაძლებლობებთან. გაკვეთილი არასოდეს არ უნდა დამთავრდეს წერტილით. გაკვეთილის ბოლოს ყოველთვის უნდა დაისვას შემდეგი შეკითხვა: “გინდათ, ეს თემა უკეთ შეისწავლოთ, როცა უნივერსი­ტე­ტის სტუდენტები იქნებით?” როცა ბავშვი უფრო საფუძვლიანი განხილვების საჭიროებას ხედავს, ის საკითხის უფრო რთული, აბსტრაქტული და სიმბოლური ასპექტების გარჩე­ვა­საც შეძლებს. ამავე დროს, სასურველი ინფორმაციის მოპოვებისთვის საჭირო წყაროების შესახებაც დასვამს შეკითხვებს.
შეკითხვების დონეები
შეკითხ­ვე­ბის პირველი დონე აღწერითი კითხვების კატეგორიას უნდა მიეკუთვნებოდეს. ასეთი შეკითხვები შეიძლება იყოს: “ვინ რას აკეთებს, როგორ, როდის და სად”. ისინი უკავშირდება აწმყოს, მიმდი­­ნარე მოვლენებს, გარემოს და, ზოგადად, ფაქტობრივ ცოდნას. ასეთი შეკითხვები ბავშვისგან არსებული სიტუაციის აღწერას მოითხოვს. მათზე პასუხის გაცემი­სას ბავშვი საგნების შემჩნევას და აღწერას სწავლობს, იძენს თავდა­ჯე­რებულობას სიტუაციის ან პრობ­­ლემის აღქმის საკითხში. შეკითხვე­ბის მეორე დონეზე გადასვლა შეგ­­ვიძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვს სიტუაციის ან პრობლემის დეტალურად აღწერის უნარი გამო­­უმუშავდება. მეორე დონის შეკითხ­ვებს თავისუფალი ან “რატომ?” ტიპის შეკითხვები ეწოდება და ის “ვინ? როგორ? სად? როდის?” ტიპის შეკითხვებს სხვა ტიპის ინფორმა­ციასთან აკავშირებს. მეორე დონის შეკითხვების საპასუხოდ, ბავშვმა ინფორმაცია მშობლისგან(ებისგან), მასწავლებლებისგან ან სკოლისგან უნდა მიიღოს. ამ ორი დონის შეკითხვების დასმა აუცილებელია მაშინ, როცა ბავშვს ვასწავლით მოვლენების თუ საგნების ობიექტურად აღქმას, აღწერას და ერთმანეთთან დაკავშირებას.
მხოლოდ ამ ორი ტიპის შეკითხვე­ბის შემდეგ ვსვამთ სუბიექტურ შეკით­ხვებს: “რა ვიცი ამ თემის შესახებ? რას ვგრძნობ? როდის ვნახე ან გამოვცადე რაიმე მსგავსი?” ასეთი შეკითვები, ხშირად, ემოციურ ჩართულობას მოითხოვს, რომლის­თ­ვისაც ბავშვებს წინა ორი დონის “ობიექტურ” შეკითხვებზე მუშაო­ბისას ვამზადებთ. ამ ეტაპზე ბავშვები სხვადასხვა კუთხიდან განიხილავენ პრობლემას, აკეთებენ ასოციაციებს და ეძებენ ანალო­გი­ებს, რაც მათ მოქნილობას და ჩართუ­ლო­ბას ზრდის, რადგან პროცესში საკუთარ ცოდნასა და გრძნობებს დებენ. უცნობი პრობლემა ამ ეტაპ­­ზე ნაცნობი ხდება. შეკითხვების წრე იხსნება და იქმნება “სპირალი”, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ბედავენ ნაცნობი და უსაფრთხო საზღვრების მიღმა გასვლას.
იმ დროისთვის, როცა ბავშვი პრობ­­ლემას საკუთარი ინტელექტითა და ემოციებით აფასებს და, ამასთა­ნა­ვე, სწორ პასუხს “სპირალის” ხვე­­ულში ეძებს, შეგვიძლია გადავი­დეთ წარმოსახვით შეკითხვებზე, როგო­­რიცაა “რა მოხდება, თუ ა-ს და ბ-ს დავაკავშირებთ ერთმანეთთან?” ამ შეკითხვაზე რამდენიმე ალტერნა­ტი­ული პასუხის გაცემამ, შესაძ­ლოა, პრობლემის ამოხსნამდე მიგვიყ­ვა­ნოს _ ეს კი სპირალის კიდევ ერთი საფეხურია. ამ ეტაპზე კიდევ უფრო მეტი სიმამაცეა საჭირო _ წარმო­სახ­ვის გამოყენება.
მსჯელობითი შეკითხვები, როგო­რიცაა: “რა უფრო მნიშვნელო­ვა­ნი­ა? რა სჯობს?” ალტერნატივებიდან გამომდინარეობს და სპირალის კიდევ ერთი საფეხურით მაღალ დონეს წარმოადგენს. მხოლოდ ამ ეტაპის შემდეგ შეიძლება ვუბიძგოთ მოსწავლეებს მსჯელობისაკენ. უფრო ადრეულ ეტაპებზე მსჯელობის პროცესი შეზღუდული იქნება ასოციაციების სუსტი ჯაჭვის გამო. პრობლემის გამომწვევი ცალკეული მიზეზებისა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაკავშირების ახალი მეთოდების ძებნა უკვე აზროვნების პროცესის ახალ დონეს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ეტაპზე პრობლემა უკვე გადაჭრი­ლია, სასურველია, თუ ბავშვს მოვამზადებთ აწმყოსა და მომავ­ლის დაკავშირებისთვის. ამ მიზნით, ბავშვს შემდეგ შეკითხვებს ვუსვამთ: “კიდევ რა გაინტერესებს ამ პრობლემის შესახებ? რა შეგიძლია გააკეთო ამ პრობლემასთან დაკავ­შირებით?” ასეთი შეკითხვები ერთგვარი გამოწვევაა, მის ცნობისმოყვარეობას აღვიძებს და, შესაძლებლობებისა და საზღვრე­ბის დასადგენად, ფანტაზიის უნარს უაქტიურებს. ამგვარი შეკითხვები არსებითად მნიშვნელოვანია, რად­­-გან ბავშვის გულში იმედს ბადებს მის მიღწევებთან და მომავალში საკაცობრიო მნიშვნელობის საკით­­ხებში ჩართულობასთან დაკავ­ში­რებით.
ამ პრინციპების დაცვა ბავშვს, მისი პირადი შესაძლებლობების გამოყე­ნე­ბით, წარმატების მიღწევისკენ უბიძგებს. გარდა ამისა, ბავშვი აც­­ნობიერებს იმ ფაქტს, რომ მას ყველაფერი არ ესმის, თუმცა შე­­უძლია, დასვას შეკითხვები ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც მას აკვირვებს. და ბოლოს, აღნიშნული მიდგომა მომავალზე ფიქრისა და მასზე მსჯელობის საფუძველი ხდება.
შეკითხვები მომავალზე
შეკითხვების მეშვეობით, ბავშვებს მოქმედებისკენ ვუბიძგებთ, ერთი მხრივ, ინტელექტუალურ დონეზე, რაც შემდეგ მოტივაციად იქცევა და, მეორე მხრივ, პრაქტიკულ დონეზე. შეკითხვების დასმა მათ დამატებითი შეკითხვების მოფიქ­რე­ბასა და პრობლემის არსისა და მისი შედეგების უკეთ გაცნობაში ეხმარება. საბოლოო ჯამში, ბავშვე­ბი პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი თავისა და საზოგადო­ების მიმართ.
მომავალიკიდევ რისი გაკეთება შემიძლია?
განსჯარა უფრო მნიშვნელოვანი, უკეთესია?
წარმოსახვარა მოხდება თუ …?
სუბიექტურირას ვგრძნობ მე ………….-თან დაკავშირებით?
თავისუფალირატომ?
აღწერითივინ, რა, სად, როდის, როგორ?
შეკითხვების სპირალური გამოსახულება
დღევანდელ ფაქტებსა და მომავლის გამოწვევებს შორის კავშირების გავლება შემოქმედე­ბი­თი შეკითხვების მეშვეობით შეგვიძლია. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებს ვასწავლოთ, რა იფიქრონ, უმჯო­ბე­სია, მათ ისეთი კითხვების დასმა ვასწავლოთ, რომელიც პასუხების მიღებაში დაეხმარებათ. კითხვების დასმით, ბავშვები ისწავლიან, როგორ დააკმაყოფილონ თავიანთი ცნობისმოყვარეობა, მიუხედავად თითოეული კითხვის თანამდევი უცნობი და მიუღებელი გარემო­ების­გან გამოწვეული შიშისა. განათ­ლების ასეთი ფორმა არა მხოლოდ ინტელექტუალურ შესაძლებლო­ბებს ზრდის, არამედ ბავშვის ემოციურ განვითარებასაც უწყობს ხელს. და ბოლოს, კითხვების დასმა ბავშვებს თავიანთი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების შემოწმებისთვის საჭირო სიმამაცესა და პოტენციურ პრობლემებთან თავის გართმევის ხერხებს შესძენს.
შეკითხვების დასმის წახალისებით, სასიამოვნო სასწავლო პროცესის წარმართვასთან ერთად, ბავშვებში ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის შენარჩუნებას შევძლებთ, გავაღვიძებთ მათი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარს. როცა ბავშვებს სწავლის პროცესი სიამოვნებთ, უფრო აქტიურები არიან და მეტი შეკითხვის დასმასაც ბედავენ. ეს კი, სწავლისა და წარმატებისადმი მუდმივად დადებითი დამოკიდე­ბუ­ლების შენარჩუნებას განაპირო­ბებს. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია, დავეხ­მა­როთ მათ იმ ინტელექტუალური ხერხების შეძენაში, რაც მომავალში გამოადგებათ.
შეკითხვების დასმის სწავლებით, ბავშვებს ცოდნისა და გამოცდი­ლების შეძენის ხერხებს ვასწავლით, რაც შემდეგი უძველესი ჩინური ლეგენდის ანალოგიური მოვლენაა: ერთხელ, მშიერმა მათხოვარმა მეთევზეს თევზი სთხოვა, რათა ძლიერი შიმშილი დაეკმაყოფილე­ბინა. მეთევზემ უარი უთხრა და, სანაცვლოდ, თევზაობის სწავლება შესთავაზა. მეთევზემ განმარტა, რომ ის თუ დღეს მათხოვარს თევზს მისცემდა, ეს უკანასკნელი მეორე დღეს ისევ მშიერი იქნებოდა, ხოლო თუ თევზაობას ასწავლიდა, მათხოვარი მშიერი აღარასოდეს დარჩებოდა.
ინგლისურიდან თარგმნა
თეო ნეფარიძემ
სტატია წიგნიდან შემოქმედებითობა (სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი