ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

„სხვახალხი მოვიდა, სრულიად სხვახალხი“…

იანვრის არდადეგები რომ სრულდებოდა, ბუნებრივად დავიწყე ფიქრი ლიტერატურის სასკოლო პროგრამაზე, ტექსტებზე, რომელთა სწავლებაც მომიწევდა ჩემს კლასებში და როცა თემატურ-კალენდარულმა გეგმამ შემახსენა, რომ მეცხრე კლასში გალაკტიონის „მამულით“ გვიწევდა ახალი სემესტრის დაწყება, საგონებელში ჩავვარდი… მართალია, „მამული“ პატრიოტული ლირიკით მდიდარ ქართულ პოეზიაში ას წელზე მეტია ისმის (ლექსი 1915 წელს დაიწერა) როგორც პოეტის ახლებური ხედვა და სამშობლოს სიყვარულის ორიგინალური გამოხატვა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ არც ისე ადვილია 21-ე საუკუნის მეგაპოლისში მცხოვრებ მოზარდს განაცდევინო ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა გავლისას აღძრული მამულის სიყვარულის ჟრჟოლა…

18 იანვარს, შაბათს, როცა ვისვენებდი და ორშაბათის გაკვეთილების გეგმებზე ვფიქრობდი, ფეისბუქზე სიურპრიზად დამხვდა ბათუ დანელიას ახალი ლექსი „სხვახალხი“… ლიტერატურის მოყვარულები კარგად იცნობენ ბათუ დანელიას როგორც გამორჩეული ხელწერისა და დახვეწილი პოეტური გემოვნების შემოქმედს. ის, საბედნიეროდ, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ფეისბუქზე ხშირად აქვეყნებს თავის ახალ-ახალ ქმნილებებს. მისი პოეზიის მოყვარულებს კარგად ეცნობათ ლირიკული ციკლი „ARTეკლები“, რომელში შესული ლექსებიც თანამედროვეობისთვის აქტუალურ უამრავ თემაზე პოეტის გამოხმაურებაა და მკითხველის დიდ ინტერესს იწვევს.

როცა მე გალაკტიონის ლექსის ახსნაზე ვფიქრობდი, ეს ლექსი „დაბარებულივით“ დამხვდა წინ და უაღრესად საინტერესო მასალად იქცა ჩემთვისაც და ჩემი მოსწავლეებისთვისაც, აღგვიძრა უამრავი საფიქრალი, გაგვიჩინა საუკუნით დაშორებული პოეტური ქმნილებების სინთეზირების, საქვეყნო თუ საზოგადოებრივ პრობლემებზე ცხარე დისკუსიის, მსჯელობისა და ანალიზის სურვილი. მოდერნისტული (სიმბოლისტური) და პოსტმოდერნისტული პოეზიის ნიმუშების თავისებურებებში წვდომის შესაძლებლობაც მოგვცა ამ ლექსებმა. ერთმანეთს შევადარეთ პატრიოტული მოტივების გამოხატვა აკაკის „განთიადში“, გალაკტიონის „მამულსა“ და ბათუ დანელიას ხსენებულ ლექსში. ამან მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეაზრებინა, რომ რეალისტი აკაკისთვის სამშობლო ერთი მთლიანობაა, რომელსაც ლირიკული გმირი ეტრფის, გალაკტიონთან მამულის ხატი სიმბოლისტური მხატვრული სახეებითაა დანაწევრებული, ხოლო ბათუ დანელიას პოსტმოდერნისტულ ნაწარმოებში სამშობლოს სიყვარულის აღქმა დაკავშირებულია ახალებური გემოვნების, ნოვატორული გაგების აქტორთა, „სხვახალხის“, ქმედებებთან.

გალაკტიონის „მამულის“ უკვდავი ფრაზა „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“ ბათუ დანელიას თავისი ლექსის ეპიგრაფად გამოუტანია. ესეც რომ არ ყოფილიყო, სინტაგმა „სხვა ხალხი“ ამიერიდან მუდამ იქნება გალაკტიონის ერთგვარი პოეტური „ნოუ ჰაუ“. ეს შესიტყვება იქცა მთელ კონცეპტად, რომელიც ყოველთვის არის განსჯის, მსჯელობის ობიექტი. ბათუ დანელიას ეს სინტაგმა ერთ სიტყვად უქცევია, რაც სწორედ მისი პოსტმოდერნისტული ორიგინალური ხელწერის გამოხატულებაა. პოეტმა იმდენად მთლიან ცნებად გაიაზრა ეს სინტაქსური წყვილი, რომ Litentia Poetica გამოიყენა და მისი ახლებური დაწერილობა შემოგვთავაზა.

გალაკტიონის „მამული“ თუ სევდიანი ლირიკული განწყობის, რაღაცის დაკარგვის, გაუცხოების, სულიერი ტკივილის გამომხატველი ტექსტია, ბათუ დანელიას ლექსში იმედიანი და ამაღლებული განწყობა იგრძნობა. პოსტმოდერნის ესთეტიკის უმთავრესი მახასიათებელი ხომ სწორედ ეს არის, რომ წარსულში გაცოცხლებული იდეა, სახე-ხატი, ფრაზა ან ნებისმიერი კონცეპტი ახლებური რაკურსით გააცოცხლოს!

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისის ლირიკული გმირის მელანქოლიური განწყობა ეპოქალური მღელვარებების გამოძახილია და ისმის წუხილი იმის გამო, რომ „წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“, რომ ლირიკულ გმირს სევდიანად აგონდება მოხუცი მამა, რომელიც „სასხლავით ხელში დადის ვენახში“, რომ მისი სული სავსეა მშობლიურ გარემოზე ოცნებით, მონატრებით და ბოლოს ეს მძაფრი განცდები ათქმევინებს: „დავდივარ, ვწუხვარ და მენანება“… ყოველივე ამის საპირისპიროდ, ბათუ დანელიას ლექსში „სხვახალხი“ გაცოცხლებულია სიახლის, პროგრესის, საღი აზროვნების, ევროპული მენტალობის გამომხატველ სახე-სიმბოლოდ. პოეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს სხვა ხალხი, ანუ ახალი თაობა რადიკალურად განსხვავდება მისი თაობისგან, საბჭოთა ეპოქის ადამიანის (ე.წ. ჰომოსოვიეტიკუსის) ფსიქოტიპისგან. განსხვავდება გაგებით, მეტყველებით, თვითგამოხატვით, მოსმენით, წუხილითა თუ სიხარულით, მსოფლხედვით, სიარულისა და ჩაცმის მანერით თუნდაც, ყოფიერების შემეცნებით… უბრალოდ მამების თაობას ეჩვენება, რომ, მათგან განსხვავებით, ისინი „პირუკუ შვრებიან ყველაფერს“, ხოლო მათი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მათთვის უცხოა რევანში და ნეპოტიზმი, რომ „მათ ვნებებს ეკოც და კეპოტიც ვერ აცხრობს“, რომ ისინი ქარხნით და დეპოთი კი არ იამაყებენ, არამედ „გამჯდარი ექნებათ ძვალ-რბილში სიმართლის ლაშქარი, ნათელი გონებაც და დიდი შეგნებაც, მადლიც და გაძლებაც უზღვავი ექნებათ“. ისინი მამების თაობას, რომელთაც პოეტი უნაყოფოებს უწოდებს, უსათუოდ ეტყვიან: „ამაოდ ჰყვავითო“…

ყველაზე იმედიანი მაინც ის სიტყვებია, სადაც პოეტი მიიჩნევს, რომ „სხვა ხალხის“ უმთავრესი ღირებულება სამშობლოს ერთგულება, უანგარობა და მრუდე საზომების უარყოფა იქნება:

„მშობლიურ მიწა-წყალს ერთ ბეწოს, ერთციდას

არავის მისცემენ მილიონ ვერცხლისდა

მილიონ ოქროსთვის და არსად, არასდროს

მრუდედ არ გაზომავს ამათი თარაზო“…

 

ბათუ დანელიას ლექსის აქცენტები და იდეური ორიენტირები სრულიად აცდენილია გალაკტიონის „მამულის“ მთავარ სათქმელს და პოეტმაც მთავარი ინტრიგა სწორედ ამაში ჩადო, რომ განვლილმა ერთმა საუკუნემ ჩვენს სამშობლოს თავისუფლებისთვის დაუცხრომელი ბრძოლის, სისხლის, ღირებულებათა გადაფასების, მენტალური რევოლუციების, სუვერენიტეტის მოპოვების შემდეგ მისცა გზა, ხსნა, დასაყრდენი თაობები, რათა მომავლის ქართველებს საკუთარ მამულში გაუცხოების მელანქოლია არ აწამებდეთ, როგორც გალაკტიონის ლირიკულ გმირს.

ლექსის პათოსი ზეაწეული ტონალობისა, ოპტიმისტური და შესაძლოა ცოტათი პათეტიკურიც იყოს, მაგრამ ეს იმგვარი შეფასებები და დიდი საზოგადოებრივი ძვრებია, რომლებიც ყოველი საღად მოაზროვნე ქართველისთვის სასურველი და საოცნებოა. ამიტომ მკითხველის დაკვეთაც ესაა – პოეტის ურყევი იმედის გაზიარება მასაც სურს, თუმცა ამგვარ განწყობას მნიშვნელოვნად კრიტიკული პოზიციებით შეხვდნენ ჩემი მოსწავლეები. როცა ამ ორი ლექსის სათქმელის გარშემო საკლასო დისკუსია გავმართეთ, ბავშვებმა იქაც გამოხატეს და შემდეგ არგუმენტირებულ ესეშიც იმსჯელეს იმაზე, რომ ისინი ახალი თაობის ღირებულებათა ამგვარ რომანტიზებას არ ეთანხმებიან. ზოგმა გაიზიარა ბათუ დანელიას რეფლექსიები და სიამაყით დაადასტურა, რომ დიახ, მათი თაობა, 21-ე საუკუნის „სხვახალხი“, გაცილებით პროგრესულია, ვიდრე წინა თაობები, მაგრამ უმრავლესობის პოზიცია ასეთი იყო, რომ პოეტი ნაივურად უყურებს „სხვახალხის“ მსოფლმხედველობას, რომ თაობათა შორის ყოველთვის არის ამგვარი ანტაგონიზმი და ეს ბუნებრივი პროცესია, რომ ამით ახალი არაფერი თქმულა, რომ ეს შეფასებები გადაჭარბებულია და რეალობას აცდენილიც კი, რომ ახალ თაობაში იმდენი ნეგატივი და ღირებულებათა ისეთი აღრევა, მეტიც, სრული დევალვაციაა… მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ აზრზე შევჯერდით, რომ ლექსი პოეტის გულწრფელი ემოციებისა და განცდების გამოხატულებაა და ის თუნდაც სინამდვილეს აცდენილ, არარეალისტურ სურათს ხატავდეს, თუ ავტორი მისთვის სასურველ მიკროკოსმოსს ქმნის, ეს სწორედაც რომ მისაღები, გასაგები და დამაჯერებელია მკითხველისთვის.

გალაკტიონის პოეტური ოსტატობა ნამდვილად არ არის უცხო და გაუგებარი ჩვენი მოზარდებისთვის, ხოლო ბათუ დანელიას პოეტურმა ენამ და სტილურმა თავისებურებებმა საოცრად მოხიბლა მისგან „სხვახალხად“ წოდებული ახალი თაობა. რეპერების ესთეტიკის მოყვარულმა მეცხრეკლასელებმა განსაკუთრებული აღტაცებით მიიღეს ლექსის რიტმიკა, ოსტატური რითმები და ავტორის ორიგინალური ხელწერის გამომხატველი პოეტური მიგნებები. სახალისო იყო ვირტუოზული რითმების ძიება ლექსში, აი, ისინიც: „სხვახალხი – მაღალხმით“, „ვშვრებოდით – ნეპოტიზმს – კეპოტიც – დეპოთი“, „გამჯდარი – ლაშქარი“, „შეგნებაც – ექნებათ“, „არასდროს – თარაზო“… ასევე ლექსის განსაკუთრებულ ღირსებად გამოკვეთეს ბავშვებმა ე.წ. პოეტური გადატანის ხერხი, რომელიც ემოციას ამძაფრებს ლირიკულ ტექსტებში. პოეტური გადატანის მასტერკლასია, მაგალითად ეს სტრიქონები:

„და ჩვენთვის რაც ნიშნავს რევანშს და ნეპოტიზმს,

მათ ღიმს გვრის. მათ ვნებებს ეკოც და კეპოტიც

ვერ აცხრობს. ისინი ქარხნით და დეპოთი

არ იამაყებენ, მაგრამ მათ გამჯდარი

ექნებათ ძვალ-რბილში სიმართლის ლაშქარი“…

ბავშვებისთვის ყოველთვის საინტერესოა წარსულის ლიტერატურული მოვლენების მიმდინარე სალიტერატურო პროცესებთან დაკავშირება. არ დაუმალავთ ასევე, რომ ბათუ დანელიასთან შეხვედრა მათთვის სასურველი იქნებოდა…

წერილის დასასრულს ისღა დამრჩენია, ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეების სახელით უღრმესი მადლიერება გამოვხატო ბათუ დანელიას მიმართ იმისთვის, რომ ის ასე აქტიურად ეხმიანება ყოველ საზოგადოებრივ მოვლენას, რომ თავისი ცხელ-ცხელი პოეტური მარგალიტებით ტკბობის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პოსტმოდერნის მწერლობის შედევრებს ქმნის, რომ ამ პრაგმატულ საუკუნეშიც არ დაუბლაგვდა რითმა და რომ წესიერების, სიკეთის, იმედის, დაულეველი სიყვარულის სალაროა თავისი ცხოვრებითაც და შემოქმედებითაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი