პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD – Attention Deficit Hyperactivity Disorder) სასკოლო ასაკის ბავშვთა 3-9%-ს უვლინდება, თუმცა ეს მხოლოდ მიახლოებითი მაჩვენებელია _ ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მშობელთა და მასწავლებელთა უმეტესობა არ იცნობს ამ სინდრომის მახასიათებელ ნიშნებსა და სიმპტომებს, ამიტომ როდესაც მასწავლებლები მოუსვენარ, უყურადღებო და პრობლემურ მოსწავლეებზე საუბრობენ, შესაძლოა, სწორედ ამ სინდრომთან გვქონდეს საქმე.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ქრონიკული დარღვევაა, რომელიც ხშირად ჩვილ ასაკშივე იჩენს თავს. სინდრომის ნიშნები განსაკუთრებით შესამჩნევი სწავლის პირველ წლებში ხდება, თუმცა უტყუარი დიაგნოზის დასასმელად მრავალმხრივი დაკვირვებაა საჭირო. აკვირდებიან ბავშვის ქცევას გაკვეთილზე, სკოლის ეზოსა და სახლში. საბოლოო დასკვნა მულტიდისციპლინურ გუნდს გამოაქვს. თერაპიასაც ეს გუნდი არჩევს. ხშირად ამ კუთხით ერთობლივად მუშაობენ ფსიქოლოგები, ნევროპათოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები, მშობლები და მასწავლებლები.
სინდრომი სამი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს: უყურადღებობით, ჰიპერაქტივობა-იმპულსურობით და მათი ერთობლიობით. სასურველია, ყველა მასწავლებელს ჰქონდეს ინფორმაცია ამ დარღვევის ძირითადი ნიშნების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს დიაგნოზის დროულად დასმას.
თუ მოსწავლე ექვსი თვის განმავლობაში ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ექვს ან მეტ ნიშანს ამჟღავნებს, სასურველია, სპეციალისტების ჩარევა მოვითხოვოთ.
უყურადღებობა
. უჭირს წვრილმანების შემჩნევა; საკლასო საქმიანობისას დაუდევრობის გამო შეცდომებს უშვებს.
. უჭირს კონცენტრირება მეცადინეობისას ან თამაშისას.
. არ გისმენთ მაშინაც კი, როცა პირადად მას ესაუბრებით.
. არ ასრულებს თქვენს ინსტრუქციებს, არ ამთავრებს დავალებებს.
. უჭირს დავალების ჩანიშვნა და ორგანიზება.
. თავს არიდებს ან არ მოსწონს დავალებები, რომლთა შესრულებაც გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს.
. ხშირად კარგავს ნივთებს.
. ადვილად ეფანტება ყურადღება.
. გულმავიწყია.
ჰიპერაქტივობა-იმპულსურობა
. მოუსვენრად ამოძრავებს ხელ-ფეხს ან გამუდმებით ცქმუტავს სკამზე.
. უმიზეზოდ ტოვებს მერხს.
. მეტისმეტად ხშირად დარბის.
. უჭირს ჩუმად თამაში.
. მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობს.
. დასრულებამდე პასუხობს კითხვას.
. უჭირს რიგში დგომა ან თავისი ჯერის დალოდება.
. სხვებს საუბარში ეჩრება და ხშირად აწყვეტინებს.
ყურადღების დეფიციტისა და ჰირაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვს საკლასო გარემო და დისციპლინა უფრო მეტად ურთულებს სწავლის პროცესს. როდესაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის ინფორმირებულობა და მართებული მიდგომა. გთავაზობთ სტრატეგიებსა და რჩევებს, რომლებიც ასეთ დროს უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა:
სწავლისთვის სასურველი გარემოს შექმნა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის
. დასვით ბავშვი მასწავლებლის მაგიდასთან ახლოს მდგარ მერხთან.
. სასურველია, დანარჩენი ბავშვები უმეტესად მის ზურგს უკან ისხდნენ.
. შეეცადეთ, არ დასვათ ისეთ ადგილას, სადაც ყურადღების გაფანტვის მეტი საფუძველია: ფანჯარასთან, კართან, გამათბობელთან, კონდიციონერთან.
. ხელი შეუწყვეთ დავალების წყვილში შესრულებას, თანკლასელის დახმარებით მეცადინეობას.
. ასეთ ბავშვებს უჭირთ ცვლილებებთან შეგუება, ასე რომ, ხშირად ნუ შეუცვლით ადგილს, განსაკუთებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვს გასვლითი აქტივობის დროს, ცხრილის ცვლილებისას.
ინსტრუქციის მიცემა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის
. შეინარჩუნეთ მხედველობითი კონტაქტი ვერბალური ინსტრუქციის მიცემის დროს.
. გამოთქვით მითითება მკაფიოდ და მოკლედ.
. გაამარტივეთ რთული მითითებები, ერიდეთ ერთდროულად რამდენიმე მითითების მიცემას.
. გადაამოწმეთ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა თქვენ მიერ მიცემული დავალება.
. ეცადეთ, აგრძნობინოთ ბავშვს, რომ დახმარების თხოვნა ყოველთვის შეუძლია (ყურადღების დაფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები, როგორც წესი, არ ითხოვენ დახმარებას). დახმარება თანდათანობით გააიშვიათეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ასეთ ბავშვს ყოველთვის საშუალოზე მეტი ყურადღება სჭირდება.
. მოითხოვეთ დავალებების ჩასანიშნი რვეული და ყოველდღიურად გადაამოწმეთ, სწორად არის თუ არა ჩანიშნული დავალებები; გამოიყენეთ რვეული მშობლებთან კავშირისთვის.
დავალების მიცემა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის
. ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი დავალება მიეცით.
. დავალების შესრულების პროცესში თვალყური ადევნეთ, საჭიროების შემთხვევაში მიეხმარეთ.
. ეცადეთ, საჭიროებისამებრ ცვალოთ დავალება, გაითვალისწინოთ მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები.
. იმუშავეთ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაზე.
. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ცოდნას ამოწმებთ და არა ყურადღების ხანგრძლივობას.
. საჭიროების შემთხვევაში მიეცით მეტი დრო დავალების დასასრულებლად.
. გახსოვდეთ, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები ადვილად იცრუებენ გულს. სტრესმა, ზეწოლამ და გადაღლილობამ შესაძლოა თვითკონტროლის დაკარგვა გამოიწვიოს, რაც, თავისთავად, ცუდი ყოფაქცევით გამოიხატება.
ქცევის შეცვლა და თვითშეფასების ამაღლება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის
. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აღნიშნეთ, რომ მოსწავლემ წესი დაარღვია, მაგრამ ერიდეთ მასთან კამათს.
. წინასწარ დათქვით, რა მოჰყვება ცუდ ყოფაქცევას.
. ცუდი ყოფაქცევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეასრულეთ პირობა.
. გამუდმებით შეახსენეთ მოსწავლეებს კლასის წესები.
. ერიდეთ დაცინვასა და კრიტიკას, გახსოვდეთ, ყურადღების დაფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებს უჭირთ თვითკონტროლის შენარჩუნება.
. თუ თქვენი მოვალეობაა, შეახსენოთ ბავშვს წამლის მიღება, ნუ გააკეთებთ ამას საჯაროდ, კლასის თვალწინ.
. მოსწავლეს თვითშეფასება რომ აუმაღლოთ, ეცადეთ, დასჯაზე ხშირად შეაქოთ.
. არასოდეს დაგავიწყდეთ შექება კარგი საქციელისთვის.
. შეცვალეთ წამახალისებელი პრიზები, თუ ატყობთ, რომ ქცევის შესაცვლელად ახალი მოტივაციაა საჭირო.
სხვა საგანმანათლებლო რეკომენდაციები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის
. მნიშვნელოვანია, ბავშვს დროულად დაუსვან დიაგნოზი ფსიქოლოგმა და ნევროპათოლოგმა და განსაზღვრონ მისი შეზღუდული შესაძლებლობები (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების 30%-ს შეზღუდული შესაძლებლობი უდასტურდება).
. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარეთ მას დამატებითი ინდივიდუალური გაკვეთილები.
. ჩაუტარეთ ტრეინინგი სოციალური და ორგანიზების უნარების განსავითარებლად.
. მიეცით უფლება, სასკოლო დავალების შესასრულებლად კომპიუტერი გამოიყენოს.
. წაახალისეთ, მისდიოს სპორტის ინდივიდუალურ სახეობებს: ბოულინგს, ცურვას, სირბილს, ველოსპორტს, კარატეს (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები სპორტის გუნდურ სახეობებში ხშირად ჩამორჩებიან თანატოლებს).
. წაახალისეთ, მიიღოს მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, რომლებიც ავითარებს სოციალური ურთიერთობის უნარებს (მაგალითად, ლაშქრობაში, ექსკურსიაში).
. თუ ატყობთ, რომ ბავშვი უკეთ გრძნობს თავს მასზე უმცროსებთან, მიეცით მათთან თამაშის უფლება. ხშირად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები უმცროსებთან მეტ საერთოს პოულობენ, ვიდრე თანატოლებთან. უმცროს ბავშვებთან ურთიერთობაც უწყობს ხელს იმ მნიშვნელოვანი სოციალური უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია სხვა ბავშვებთან საურთიერთოდ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი