პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

 სწავლის სწავლა შემაჯამებელის დროს

გაკვეთილები რომ საინტერესო და სახალისო იყოს, განსაკუთრებით კონტინენტების შესწავლისას, საჭიროა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. გეოგრაფიაში თამაშები სხვა მეთოდებთან ერთად ზრდის გეოგრაფიული განათლების ეფექტურობას. თუ კარგად დავგეგმავთ, ამ თამაშებს შემაჯამებლის მისიაც შეიძლება დავაკისროთ. მე და ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოგვწონს ასეთი აქტივობები.

– თამაშითა და შემაჯამებლით რაც არ ვიცოდი, ისიც კი გავიგე და ვისწავლეო – მარიამის ეს სიტყვები მგონი კარგი შედეგია. ამიტომაც მინდა, გაგიზიაროთ ერთი თამაში-შემაჯამელის მაგალითი, რომლის საშუალებითაც შეიძლება შევაჯამაოთ რამდენიმე თემა: სამხრეთი ამერიკა, აფრიკა და ავსტრალია.

რესურსები: მსოფლიოს ფიზიკური რუკა, ატლასი, სლაიდები, დროშები მაგნიტებზე.

მუშაობის ფორმა: ჯგუფური.

კლასის დაყოფა ჯგუფებად. თამაშის პირობების გაცნობა. თამაშის თითოეული ეტაპი შეფასდება მაქსიმუმ 5 ქულით ან „1 გლობუსით”, არასრული პასუხისას გუნდი იღებს 1-დან 4 ქულას. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც თამაშის ბოლოს ყველაზე მეტი „გლობუსი” ექნება, ანუ პირველი აღწევს მოგზაურობის დანიშნულების ადგილს.

  1. თამაშის მიმდინარეობა:

ჩვენ შევისწავლეთ სამხრეთ ნახევარსფეროს კონტინენტები. დღეს ჩვენ შევეცდებით მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და  სისტემატიზაციას, ვისწავლით მის პრაქტიკაში გამოყენებას. ახლა თქვენ ხართ მოგზაურები, თითოეული გუნდის მაგიდაზე არის ბარათები გუნდის ყველა წევრისთვის, რომლის დახმარებით თქვენ თვითონ შეაფასებთ თითოეული მოგზაურის ღვაწლს კონტინენტის შესწავლაში.

ასე რომ, ჩვენ მივემგზავრებით.

გუნდები იღებენ კონვერტებს, რომლებშიც მოთავსებულია თავსატეხები (ფაზლები) აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და ავსტრალიის გამოსახულებებით. ფაზლების აწყობის შემდეგ გაარკვევენ, რომელ კონტინენტზე იმოგზაურებენ.

დავალება N1. იმისათვის, რომ არ შეგეშალოთ კონტინენტი, როგორც ეს მოხდა ჟიულ ვერნის გმირებთან, ნაწარმოებში „კაპიტანი გრანტის შვილები”, თქვენ უნდა გამოავლინოთ ცოდნა კონტინენტზე, სადაც აპირებთ გამგზავრებას.

გაიხსენეთ ამ კონტინენტების ბუნების თავისებურებები და იფიქრეთ იმაზე, თუ რა საგნები და ობიექტები გამოდგება თქვენს მატერიკზე მოგზაურობის დროს მისი მახასიათებლების გათვალისწინებით. თქვენ მოგიწევთ დაასახელოთ თქვენი კონტინენტის თვისებები და ახსნათ, რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს ნივთები (დრო 5 წუთი).

დავალება N2. თქვენს ცხრილებში განთავსებული ბარათებიდან, შეარჩიეთ გეოგრაფიული ობიექტები, ქვეყნები, ცხოველები, მცენარეები, რომლებიც ნაპოვნია თქვენს კონტინენტებზე. დაასახელეთ კონტინენტების ენდემური სახეობები.

ყველა გუნდისთვის ბარათების შინაარსი ერთი და იგივეა. ჩამოთვლილია შემდეგი ობიექტები: ატლასის მთები, დარლინგი, ეთიოპიის მაღალმთიანები, ამაზონი, კონგო, დიდი წყალგამყოფი ქედი, ტანგანიკა, ჟირაფი, ჰევეა (მარადმწვანე მცენარე იზრდება ტროპიკულ ამერიკაში. ბრაზილიური ჰევეა ბუნებრივი კაუჩუკის წყაროა), იხვნისკარტა,  ლომი, ლამა, კოალა, სპილო, კოლიბრი, იქედნა, ბაობაბი, კოლუმბია, ვიქტორიის დიდი უდაბნო, ზებრა, ჯავშნოსნისებრნი (armadillo), ძაღლი დინგო, ალჟირი, წყლის გოჭი (capybara), ტბა ეირი, ნუტრია, ევკალიპტი, კუდქნარა (ბოლოქნარა), იაგუარი …

დავალება   N3. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიცურავთ თქვენი კონტინენტის უდიდესს მდინარეზე. დაწერეთ ესეი, რომელშიც აღწერილია ბუნება, რომელიც მოგზაურობის დროს ნახეთ.

დავალება N 4. გუნდები პასუხობენ კითხვებზე 1 წუთში, თუ მათ არ იციან პასუხი, ისინი ამბობენ „შემდეგ”. თითოეულ გუნდს ექნება 12 კითხვა.

კითხვები პირველი გუნდისთვის:

  1. ყველაზე ნოტიო კონტინენტი დედამიწაზე?
  2. მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარე?
  3. აზიის შემდეგ ფართობით მეორე კონტინენტი?
  4. ყველაზე მრისხანე ქარი საჰარის უდაბნოში, რომლის სახელიც არაბულიდან თარგმანში „შხამიანს“, „მომწამლავს“ ნიშნავს? (სამუმი).
  5. მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე?
  6. რომელ მთებში მდებარეობს ტიტიკაკას ტბა?
  7. ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი სამხრეთ ამერიკაში?
  8. სად ცხოვრობს ყველაზე დიდი ცხოველი დედამიწაზე?
  9. ტბა, რომლის ფართობის ცვლა დამოკიდებულია სეზონებზე? (ტბა ჩადი).
  10. რომელი ბუნებრივი ზონებია გავრცელებული ავსტრალიაში?
  11. ადგილობრივები ამ ჩანჩქერს უწოდებენ „მგრგვინავ კვამლს” („მოზი-ოა-ტუნია“- ჩანჩქერი ვიქტორია).
  12. სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ბუნებაზე ძლიერ გავლენას ახდენს … … .. ოკეანე?

კითხვები მე -2 გუნდისთვის:

  1. დედამიწის ყველაზე მშრალი კონტინენტი?
  2. რატომ უწოდეს კონტინენტს ამერიკა?
  3. რა არის ლიანოსი?
  4. რა ჰქვია იმ მეცნიერს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა აფრიკის შესწავლაში?
  5. დედამიწის ყველაზე პატარა კონტინენტი?
  6. რომელ კონტინენტზე არ არსებობს მტაცებელი ცხოველები? (ანტარქტიდა).
  7. მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბა? (ტბა არპორტ-ცო -ჩინეთი).
  8. აფრიკაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი?
  9. ყველაზე დიდი მღრღნელი დედამიწაზე?
  10. ავსტრალიის უდიდესი მდინარე?
  11. ყველაზე მაღალი ჩანჩქერი მსოფლიოში?
  12. ანდების ქვეყნებს განეკუთვნება?

კითხვები მე-3 გუნდისთვის:

  1. კონტინენტი, სადაც კლიმატური სარტეყლები მეორდება სამხრეთით და ჩრდილოეთით?
  2. ერთადერთი კონტინენტი, სადაც არ არის აქტიური ვულკანები? (ავსტრალია).
  3. მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღალმთიანი ტბა?
  4. მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე?
  5. რომელ კონტინენტზე მდებარეობს საჰარის უდაბნო?
  6. სივრცე სამხრეთ ამერიკაში, სადაც არ გვხვდება ტყიანი მცენარეულობა?
  7. უმაღლესი წერტილი ავსტრალიაში?
  8. აფრიკის უდაბნო ზონებში მრავლადაა დამშრალი მდინარეების კალაპოტები, რომელთაც უწოდებენ ..?
  9. რომელი მდინარე კვეთს ორჯერ ეკვატორს?
  10. რომელი ქვეყნები მდებარეობს ავსტრალიის კონტინენტზე?
  11. რას უწოდებენ ავსტრალიაში აკაციისა და ევკალიპტის ხეების მეჩხერ კორომებს?
  12. წამყვანი ქვეყანა სამხრეთ აფრიკაში?

დავალება N5. მოგზაურებმა, რომლებიც ესტუმრნენ ამ საოცარ კონტინენტებს, დაწერეს წიგნები, რომლებშიც გვიყვებიან ყველა იმ უჩვეულო, საინტერესო რამეებზე, რაც ნახეს. ახლა ნახავთ ფრაგმენტებს, თქვენ უნდა დაადგინოთ, რომელ კონტინენტებზე გვხვდება ეს ცხოველები, მცენარეები, ბუნებრივი მოვლენები და ა.შ. ვინც გამოიცნობს, აიღებს დროშას და ამაგრებს მას კონტინენტზე.

  1. კონტინენტი, სადაც ხეები ყოველწლიურად ფოთლებს არ იცვლიან, სადაც ოთხფეხა ცხოველებს აქვს წვერები, სადაც მელა ხიდან ხეზე ხტის, სადაც ფრინველები ადამიანებს მრავალფეროვანი გალობით აღაფრთოვანებს (ავსტრალია-იხვნისკარტა).
  2. აქ მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მშრალი და ყველაზე ცხელი მხარე, დღის განმავლობაში ტემპერატურა +40◦C, ხოლო ღამით იგი მკვეთრად იკლებს +10-15◦C-მდე, ხშირად ქრის ქვიშიანი ქარიშხალი. (აფრიკა – საჰარა).
  3. ამ ხის სახეობები მრავალფეროვანია, სწრაფმზარდი ხე ან ბუჩქია, მარადმწვანე, სინათლის მოყვარული, უხვად ყვავილობს, ქმნის მეჩხერ კორომს. იზრდება 150-160 მ-მდე, რომლებიც დაახლოებით 8 მეტრის სიმსხოა. მედიკამენტების მოსამზადებლად იყენებენ ეთერზეთების დიდ რაოდენობას.

მის მერქანს იყენებენ გემთმშენებლობაში, შენობის შიდა მოპირკეთებისათვის, ავეჯის დასამზადებლად და სხვა, ფოთლიდან მიღებულ ეთერზეთს – მედიცინაში, პარფიუმერიაში, ტექნიკაში და სხვა.  (ავსტრალია – ევკალიპტი).

  1. იზრდება მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ ანგოლის ქვიან ნიადაგზე, ნამიბისა და კალაჰარის უდაბნოებში. მისი გრძელი და მძლავრი ფესვი ნიადაგში გრუნტის წყლებამდე ეშვება, აქვს დაბალი და მსხვილი ღერო (დიამეტრი 1,2 მ), რომლის დიდი ნაწილი ნიადაგშია ჩამალული, მიწის ზემოთ კი მხოლოდ 50 სმ-ითაა ამოწეული. ღერო წვერში უნაგირივით არის ჩაზნექილი და მასზე ორი 3 მ-მდე სიგრძის ღვედისებრი ფოთოლია.

იგი 100 წელზე მეტს ცოცხლობს და ფოთლებსაც ბოლომდე ინარჩუნებს.

(აფრიკა – ველვიჩია).

  1. ამ ბუნებრივ ზონას კონტინენტის 40% უჭირავს. მკვეთრად გამოიყოფა წლის 2 სეზონი, გვალვიანი და წვიმიანი სეზონი, მრავალი ცხოველი მიგრირებს სამხრეთით ან ჩრდილოეთით, ეს დამოკიდებულია სეზონზე. (აფრიკა – სავანა).
  2. ამ მთების ფაუნა მდიდარია ენდემური სახეობებით, ხოლო ყველაზე დიდ და მძიმე ფრინველს (მისი წონა 9-12 კგ., რომლის ფრთები 3 მეტრია სიგრძით) უწოდებენ ამ მთების სიმბოლოს. (ანდები – კონდორი).

დავალების N6. ჩვენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. თქვენ უკვე გადალახეთ გზის უმეტესი ნაწილი, გაეცანით კონტინენტების ღირსშესანიშნაობებს, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეასრულოთ ბოლო დავალება.

ტერმინების სიიდან გამორიცხეთ ის, რაც ზედმეტია, ახსენით თქვენი არჩევანი?

  1. ნილოსი, კონგო, ამაზონი;
  2. ტანგანიკა, ვიქტორია, ეირი;
  3. ავსტრალია, აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა;
  4. წითელი, კარიბის, ხმელთაშუა;
  5. ინდიელები, პიგმეები, ბუშმენები;
  6. ჟირაფი, ლამა, ნუტრია;
  7. სპილო, ბეჰემოთი, კენგურუ;
  8. იქედნისებრნი, წყლის გოჭი (კაპიბარა), იხვნისკარტა;
  9. ბაობაბი, ფინიკის პალმა, აკაცია;
  10. ანდები, ატლასის მთები, დრაკონის მთები;
  11. საჰარა, კალაჰარი, დიდი ვიქტორიის უდაბნო;
  12. სირაქლემას ემუ, კუდქნარა (ბოლოქნარა), ლეოპარდი.

ჩვენი მოგზაურობა დასრულდა. თქვენ აჩვენეთ ღირსეული ცოდნა და ორიენტაციის კარგი უნარი  უცნობ მხარეში. ახლა თითოეული გუნდი აჩვენებს, რამდენი გლობუსი მიიღო და ათავსებს ბარათებს გუნდის თითოეული წევრის გვარის საპირისპიროდ, რაც დამოკიდებულია თამაშში მის მონაწილეობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი