შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მასწავლებლის ფავორიტი მოსწავლეები

ერთხელ ერთმა პატარა ბიჭუნამ საუბარში გულისტკივილით შემომჩივლა – „იცით, ჩემს მასწავლებელს მე საერთოდ არ ვუყვარვარ და ვფიქრობ, გიოს მეტი კლასში არც არავინ უყვარს“. როცა დავინტერესდი და შევეცადე გამერკვია, თუ რა აძლევდა ბავშვს ამის თქმის საფუძველს, მან ასეთი არგუმენტები მომიყვანა თავისი აზრის განსამტკიცებლად: „გიოს მეტს მგონი ვერავის ამჩნევს კლასში, მას ყოველთვის ღიმილით ესაუბრება და მხოლოდ მას მიმართავს სახელით. პასუხის დროს ყოველთვის ეხმარება და შეკითხვებსაც ისეთს უსვამს, რომ არ გაუჭირდეს პასუხის გაცემა, ერთი და იგივე პასუხში მას უფრო მაღალ შეფასებას უწერს, ვიდრე იმას, ვინც არ უყვარს. და, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, სულ მასზე გვესაუბრება და მოგვიწოდებს, რომ ყველამ მას მივბაძოთ“. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, მე პირადად გიოს მიმართ უფრო მეტი სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა, ვიდრე იმ ბავშვის მიმართ, რომელიც მასწავლებლის მხრიდან უყურადღებობით იყო უკმაყოფილო. დროთა განმავლობაში, გიოს მდგომარეობაში მყოფი ბავშვები „თეთრი ყვავის“ როლში აღმოჩნდებიან ხოლმე თანატოლთა წრეში  და, როგორც წესი, მათ შორის ძალიან არაპოპულარულები და მათი მხრიდან ნაკლებად აღიარებულები არიან. უფროს კლასებში ისინი შეიძლება დაცინვის ობიექტადაც კი იქცნენ თანატოლთა მხრიდან.

ჰყავთ თუ არა მასწავლებლებს თავის მოსწავლეებს შორის ფავორიტები, მათთვის განსაკუთრებით საყვარელი ბავშვები? ალბათ, კი. თუმცა, ვფიქრობ, ამის ხმამაღლა აღიარების სურვილი არავის ექნება, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ქცევა, ბავშვების გამორჩევა ამა თუ იმ ნიშნით, მხოლოდ მის არაპროფესიონალიზმზე შეიძლება მიუთითებდეს. ცხადია, რომ კარგი მასწავლებელი არ უნდა ჰყოფდეს ბავშვებს საყვარელ, მისთვის მისაღებ და მიუღებელ მოსწავლეებად, პირიქით, უნდა ცდილობდეს გაუგოს და მიიღოს ნებისმიერი ბავშვი ისეთი, როგორიც არის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მასწავლებელი ჩვეულებრივი ადამიანია, ის არც მანქანაა და არც უგრძნობი რობოტი, მას, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს აქვს ემოციები, ბუნებრივია, ვერავინ აუკრძალავს პედაგოგს ჰქონდეს საკუთარი დამოკიდებულება რაღაცის ან ვიღაცის მიმართ. ასეთი დამოკიდებულების არსებობა ნამდვილად არ არის პრობლემა, მაგრამ, მისი დემონსტრირება და აშკარა გამოხატვა მასწავლებელს ნამდვილად შეუქმნის სერიოზულ სირთულეებს მომავალში თავის საქმიანობაში.

ვინ და რატომ შეიძლება გახდეს მასწავლებლის ფავორიტი, საყვარელი მოსწავლე? ნებისმიერი მასწავლებლის წარმოსახვაში არსებობს იდეალური მოსწავლის, ფავორიტობის პოტენციური კანდიდატის ხატი. როგორც წესი, მასწავლებლის მოსაწონი და საყვარელი მოსწავლეები შემდეგი თვისებების  მატარებლები არიან:

  • ღია ურთიერთობისთვის, სწავლისა და თანამშრომლობისთვის;
  • აქვს სწრაფვა ცოდნის მიღებისკენ, გაკვეთილზე ყოველთვის მომზადებული მოდის;
  • მოწესრიგებული, ყურადღებიანი და ორგანიზებულია. მონაწილეობას იღებს დისკუსიაში, სვამს კორექტულ შეკითხვებს;
  • თუ ყველას „ჩამოეძინა“ გაკვეთილზე, ის მაინც მობილიზებულია და ხელს იწევს დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. მისი პასუხები მასწავლებელს აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბავშვი ისმენდა მის საუბარს;
  • არ ლაპარაკობს, თუ მასწავლებელი არ სთხოვს ამის გაკეთებას;
  • არ იცინის იმ თანაკლასელების ხუმრობაზე, ვისაც გაკვეთილის ჩაშლა სურს;
  • თავაზიანია, არ ჩხუბობს, კარგ შეფასებებს იღებს, კარგად იცის საგანი, შრომისმოყვარეა;
  • სხვა ბავშვებთან მასწავლებლის ურთიერთობის გართულებისა და კონფლიქტების შემთხვევაში ყოველთვის პედაგოგის მხარესაა, მას ამართლებს;
  • გაკვეთილით დაინტერესებულობას გამოხატავს, მიცემულ დავალებებს სიამოვნებით ასრულებს;
  • საჭირო შემთხვევაში თამამად მიმართავს მასწავლებელს დახმარებისათვის, გამოხატავს პატივისცემას მის მიმართ;
  • თავისი ქცევითა და სწავლით მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას იგრძნოს კმაყოფილება დახარჯული ძალების და შრომის საფასურად.

რა შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ფავორიტობა თავად ბავშვისთვის:

  • ფავორიტ ბავშვებს, როგორც წესი, მასწავლებლის სიყვარულთან ერთად თანაკლასელების სიძულვილის ატანაც უწევთ; ისინი ხშირად ეჩხუბებიან და საყვედურობენ მას იმის გამო, რომ ის მასწავლებლის ფავორიტია და ყველაზე დიდ სიყვარულს, ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებს მისი მხრიდან;
  • თავისი უზომო სიყვარულით, გადაჭარბებული ყურადღებითა და გამორჩეული დამოკიდებულებით პედაგოგმა, მისდა უნებურად, შეიძლება მოახდინოს ფავორიტი ბავშვის თვითშეფასების დეფორმირება და არცთუ ისე დამსახურებულად აუმაღლოს მას ის. ეს ბუნებრივია, აუცილებლად გაურთულებს მას თანატოლებთან ურთიერთობას;
  • მასწავლებლის ფავორიტი ბავშვების მდგომარეობა კლასში განსაკუთრებით მეორე და მესამე სასკოლო საფეხურზე რთულდება იმ ასაკობრივი ცვლილებების გამო, რომელსაც ამ პერიოდში აქვს ადგილი. მომხდარი ცვლილებებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ხდება არა ის, თუ რა დამოკიდებულება ექნება მასთან მასწავლებელს და რას იტყვის ის მასზე, არამედ თანატოლების აზრი, მათი შეხედულებები მისი პიროვნების შესახებ. ამიტომ არის, რომ თუ დაწყებით კლასებში მასწავლებლის ფავორიტი ბავშვი სახლში ამაღლებული განწყობით ბრუნდება და თანაკლასელებზე ერთგვარი უპირატესობითაც საუბრობს, მოგვიანებით უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე და სულ უფრო იკეტება საკუთარ თავში. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თანაკლასელებმა ის „დასაჯეს“ და მიახვედრეს, რომ მასწავლებლის საყვარელი ბავშვის სტატუსი, მისი ფავორიტობა სრულიადაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის უსაფრთხოდ იქნება კლასში და თანაკლასელებიც მასწავლებლის მსგავსად აღიარებენ მას. სწორედ ამის გამოა, რომ ხშირად ფავორიტი ბავშვები თავად სთხოვენ მასწავლებელს მეტად აღარ შეაქონ მისი თანატოლების თანდასწრებით. ასეთ ბავშვს, დიდი ალბათობით, შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსიც ჩამოუყალიბდეს;
  • მასწავლებლის ფავორიტი ბავშვებისთვის, როგორც წესი, არსებობს მაღალი ზღურბლი, რომელიც მან აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, იმისათვის, რომ „გადაიხადოს“ მასწავლებლის სიყვარულის საფასური – მიიღოს მხოლოდ მაღალი შეფასებები, არასოდეს დაუშვას შეცდომა, გაკვეთილი ყოველთვის მომზადებული ჰქონდეს და არასოდეს გაუცრუოს მასწავლებელს იმედები, არ შეარცხვინოს, განსაკუთრებით ღია გაკვეთილებზე, სტუმრების თანდასწრებით. ასეთ ბავშვებს აქვთ შეცდომის დაშვების პანიკური შიში, რადგანაც იციან, რომ მათ ეს „არ ეპატიებათ“. ბუნებრივია, ყველა ვერ შეძლებს გაუძლოს ასეთ დატვირთვას, რის გამოც მათში შფოთიანობის დონე საკმაოდ მაღლა იწევს.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლის მიკერძოებული დამოკიდებულება ამა თუ იმ ბავშვის მიმართ, არანაკლები ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს იმ მოსწავლეებისთვისაც, ვინც  პედაგოგისაგან მსგავს დამოკიდებულებას ვერ გრძნობს:

  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვებში ძალიან კარგად არის განვითარებული (შეიძლება უკეთესადაც კი, ვიდრე უფროსებში) არავერბალური კომუნიკაციის უნარი. მათ ნამდვილად არ გაუჭირდებათ და უსიტყვოდაც კი მიხვდებიან მათდამი პედაგოგის დამოკიდებულებას. ამიტომ, როცა მასწავლებლისგან ბავშვი ნეგატიურ დამოკიდებულებას გრძნობს, ის შეიძლება დაიბნეს პასუხის დროს, შეცდომები დაუშვას, მარცხი განიცადოს და თავისი თავის რეალიზებაც სათანადოდ ვერ მოახერხოს;
  • შესაძლებელია მასწავლებლის გულგრილი დამოკიდებულების გამო მოსწავლეს სასკოლო მოტივაციაც დაუქვეითდეს – „რატომ უნდა ვისწავლო, რატომ შევეცადო, თუ მასწავლებელი კარგ ნიშანს მაინც არ დამიწერს“ – ასეთია ხშირად ბავშვის პასუხი მშობლის თხოვნაზე, რომ უკეთესად ისწავლოს;
  • განსაკუთრებით ის ბავშვები რეაგირებენ მწვავედ მასწავლებლის მხრიდან ნაკლებ სიყვარულზე, რომლებსაც საკუთარ ოჯახში აკლიათ უფროსების, მშობლების მხრიდან ყურადღება, სითბო და სიყვარული. თითოეულ ადამიანს სურს, რომ ის უყვარდეთ, და, თუ ბავშვი სახლში მზრუნველობით გარემოში იზრდება, ის უფრო შემწყნარებელი და მომთმენი იქნება მასწავლებლის მიერ სხვა მოსწავლის მიმართ სიმპათიის გამოვლენის დროს. ოჯახში ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვს კი, როგორც წესი, ექნება არაადეკვატური რეაქცია იმაზე, რომ მასწავლებელმა ვიღაც შეაქო, გამოყო, ვიღაც და არა ის.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ფავორიტების გამოყოფა მოსწავლეებში არც მასწავლებლისთვის იქნება დიდი სიკეთის მომტანი. ნებისმიერ მასწავლებელს სურს, რომ მოსწავლეები პატივს სცემდნენ და ის მათთვის საყვარელი იყოს. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ ბავშვებმა მოახერხონ იმ მასწავლებლის პატივისცემა და სიყვარული, რომელიც არაობიექტურია თავის შეხედულებებსა და დამოკიდებულებებში. ასეთი ადამიანი მოსწავლეთათვის ავტორიტეტი ნამდვილად ვერ იქნება და მათ სწავლებასა და აღზრდაშიც პრობლემები საკმაოდ ექნება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწავლებაში ხომ ბევრი რამ მოსწავლე-მასწავლებელს შორის პირად კონტაქტზეა დამოკიდებული.

გავითვალისწინოთ, რომ სამართლიანობის გრძნობა ბავშვებში უკიდურესად გამძაფრებულია. ისინი კარგად გრძნობენ, თუ რას ფიქრობს მასწავლებელი მასზე, რა დამოკიდებულებაშია ის მასთან და რით განსხვავდება ეს დამოკიდებულება სხვა ბავშვებთან დამოკიდებულებისაგან. ბავშვებს ყოველთვის დიდ ტკივილს აყენებს, როცა მას ისე არ ეპყრობიან, როგორც ის ისურვებდა. ძალიან ხშირად გართულებები მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში სწორედ იმასთან არის დაკავშირებული, რომ ბავშვი ვერ გრძნობს მასწავლებლისაგან ყურადღებასა და  სიყვარულს და ვერ ხედავს საკუთარი შრომის ადეკვატურ შეფასებას. თუ გვინდა სიტუაცია გამოვასწოროთ, უნდა დავიწყოთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავიდან. და, ერთადერთი რეცეპტი აქ ტოლერანტობაა თითოეულ მოსწავლესთან დამოკიდებულებაში, ასევე თვითკონტროლი და საკუთარი ქცევის გონივრული ანალიზი. სხვა რეცეპტები არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი