პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში

თეო ჭყოიძე

 

ალბათ ხშირად წავწყდომივართ სიტუაციას, როდესაც მოსწავლეები ერთმანეთთან, მასწავლებელთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას კონფლიქტურ და დაძაბულ გარემოს ქმნიან.

 სკოლა არის ადგილი, სადაც ხშირად იჩენს თავს ინტერპერსონალური კონფლიქტები. ეს გარდაუვალი ნაწილია ადამიანების ინტერაქციისა, ზრდისა და განვითარებისა. მოგვარებული კონფლიქტები შემდეგ, როგორც წესი, სკოლის კულტურის ნაწილი ხდება და განსაზღვრავს ჯანსაღი სასკოლო სოციუმის ჩამოყალიბებასა და საზოგადოების დამოკიდებულებას სკოლის ღირებულებათა მიმართ.

პედაგოგებსა და განათლების მუშაკებს ხშირად უწევთ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტურ სიტუაციებში ჩარევა, მაგრამ არც ისე ადვილია ეფექტური სტრატეგიების შერჩევა პრობლემების უმტკივნეულოდ მოსაგვარებლად.

ინტერპერსონალური კონფლიქტების დაძლევა, რომელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, მეტად აქტუალურია, სკოლა კი ის ადგილია, სადაც დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ამგვარი საკითხების განხილვას, მათ თეორიულ შესწავლასა და პრაქტიკასთან დაკავშირებას. კონფლიქტების მოგვარება ხელს უწყობს არა მარტო მოსწავლეებში მოლაპარაკების, პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის, სტრესთან გამკლავების, სიტუაციის მრავალი კუთხით დანახვა-შეფასებისა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარების ჩამოყალიბებას, არამედ ამ კუთხით მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიულ განვითარებასაც განაპირობებს. კონფლიქტების დაძლევის სტრატეგიების გამოყენება და კონსტრუქციული დიალოგი პიროვნების განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

ბევრს მიაჩნია, რომ კონფლიქტი არღვევს წესრიგს, იწვევს მძაფრ ემოციებს, სტრესს და, ამდენად, ის თავიდან უნდა ავიცილოთ. რა თქმა უნდა, კონფლიქტური სიტუაცია ყოველთვის არასასიამოვნოა და დაძაბულობას წარმოშობს, ვინაიდან ეს არის ინტერესების, შეხედულებების, მიზნების, სურვილების დაპირისპირება ორ ან მეტ მხარეს შორის, მაგრამ აუცილებელი როდია, კონფლიქტმა ნეგატიური გავლენა მოახდინოს. კონფლიქტები ხშირად დადებით ცვლილებებსაც იწვევს. მთავარი ის კი არ არის, როგორ ავიცილოთ კონფლიქტი თავიდან, არამედ ის, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი პოზიტიური ცვლილებისთვის. როდესაც კონფლიქტს ეფექტურად ვუმკლავდებით, პრობლემის გადაჭრის ალბათობა იზრდება, ძლიერდება ინტერპერსონალური, სოციალური უნარები და მცირდება კონფლიქტის შედეგად მიღებული სტრესი. გარდა ამისა, ინტერპერსონალურმა კონფლიქტებმა შესაძლოა ნათელი მოჰფინოს მხარეთა რეალურ ინტერესებსა და მიზნებს, გააქარწყლოს დაძაბულობა, ხელი შეუწყოს ახალი იდეების გენერირებასა და კონსტრუქციულ ცვლილებებს.

როდესაც კონფლიქტი აღმოცენდება, ის სწორედ კომუნიკაციის პროცესზე აისახება. ადამიანები საკომუნიკაციო ხერხების საშუალებით გამოხატავენ საკუთარ პროტესტსა თუ განსხვავებულ აზრს. იმავდროულად, კომუნიკაცია უთანხმოების წარმატებით დაძლევაში გვეხმარება. პიროვნების ინტერესების, შეხედულებებისა და გრძნობების აღიარება, ემპათია, ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება, სიცხადე ურთიერთობაში და ორმხრივი სარგებლის მიღების შესაძლებლობა კონფლიქტის პოზიტიურად მოგვარებას უწყობს ხელს.

პრობლემურ სიტუაციებში ადამიანებს ძირითადად ორი ინტერესი აქვთ: საქმესთან დაკავშირებული მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ და ურთიერთობა, რომელიც მეორე მხარესთან აკავშირებთ. ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით ირჩევენ ისინი კონფლიქტის მოგვარების სტილს. ამის შესაბამისად განისაზღვრება მათი საპასუხო ქცევაც სიტუაციასთან მიმართებით.

სტატიაში განვიხილავთ კონფლიქტის დროს ქცევის 5 სტრატეგიას (Thomas-Kilmann Conflict Mode Instrument). მათი გააზრება მასწავლებელს სხვადასხვა სიტუაციასთან მიმართებით შესაბამისი მიდგომის შერჩევაში დაეხმარება.

 

1. თავიდან აცილება

თავიდან აცილება კონფლიქტის მოგვარების არაკომუნიკაციური და არათანამშრომლობითი სტილია, რომლის დროსაც ადამიანი პასიურობს, იგნორირებას უწევს კონფლიქტს და დაპირისპირებაში არ შედის. ეს არის ისეთი სტრატეგია, როდესაც ადამიანი ხუმრობაში ატარებს სადავო საკითხს, ცდილობს, შეცვალოს თემა ან საერთოდ გაერიდოს კონფლიქტურ გარემოს. თავიდან აცილება არ არის საკუთარი ინტერესების განხორციელების აგრესიული ფორმა, მაგრამ ის არც სხვებს ეხმარება კონფლიქტის გააზრებაში.

თავიდან აცილების დროს კონფლიქტში ჩართული მხარე ნაკლებად არის დაინტერესებული როგორც საკუთარი მიზნის მიღწევით, ისე ურთიერთობის შენარჩუნებით.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

თავიდან აცილება როგორც კონფლიქტის მართვის სტილი, ჩვეულებრივ, კონტრპროდუქტიულია. მართალია, ის ხშირად გვარიდებს სტრესს და მომავალ კონფლიქტს, მაგრამ მუდმივად ასეთი მიდგომა გრძნობების დამალვას, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, საკუთარ თავში ჩაკეტვას ან აგრესიას იწვევს.

თავიდან აცილება კონფლიქტის მოგვარებისადმი სტატიკური მიდგომაა და არაფერს აკეთებს პრობლემის გადასაჭრელად, არც იმ ცვლილებისთვის, რომელიც შესაძლოა კონფლიქტის პრევენციისთვის იყოს საჭირო. თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც თავიდან აცილება კონფლიქტის შეჩერების კარგი საშუალებაა, მაგალითად, როდესაც გამოსავალი ტრივიალურია ან წინასწარ ცნობილია, რომ კონფლიქტის შედეგი მნიშვნელოვნად უარყოფითი იქნება. თავიდან აცილების ტაქტიკის გამოყენება შესაძლოა ეფექტური იყოს ასევე კონფლიქტის განმუხტვისა და დროებით მოგვარებისთვის, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს დრო სჭირდებათ დასამშვიდებლად და საუკეთესო გამოსავლის საპოვნელად.

 

2. შეგუება

შეგუება სხვების ინტერესების დაკმაყოფილებისკენ მიმართული სტილია და ურთიერთობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ამ დროს ადამიანი აღიარებს სხვების საჭიროებებს და იგნორირებას უწევს საკუთარს. ის მიმართავს შემდეგ ფორმულირებებს: “შენ ხარ მართალი”, “მე გეთანხმები”, “მოდი, დავივწყოთ” _ და ა.შ.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

შეგუება საშუალებას აძლევს ადამიანს, თავი დააღწიოს შინაგან დისკომფორტს. დათმობით მას შეუძლია შეამციროს ფრუსტრაცია, რომელსაც კონფლიქტური სიტუაცია იწვევს. ეს სტრატეგია ეფექტურია, როდესაც პრობლემის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნებაა.

მიუხედავად იმისა, რომ შეგუებას კონფლიქტის სწრაფად მოგვარება შეუძლია, ამ დროს ადამიანმა შესაძლოა ურთიერთობის შესანარჩუნებლად მცდარი გადაწყვეტილება მიიღოს და დათრგუნოს საკუთარი სურვილები, მიზნები და ინტერესები, რაც ხშირად შიდაპიროვნული კონფლიქტის საფუძველი ხდება.

 

3. კონკურენცია

კონკურენცია არის სტრატეგია, რომლის დროსაც ადამიანი ორიენტირებულია საკუთარი მიზნების მიღწევაზე და არ არის დაინტერესებული ურთიერთობის შენარჩუნებით. ის გულისხმობს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების დაკმაყოფილებასა და ცალმხრივი გადაწყვეტილების გატანას. ეს სტილი მიმართულია გამარჯვება-დამარცხებისკენ და უმეტესად ამწვავებეს დაპირისპირებას.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

მიუხედავად ზემოთქმულისა, კონკურენცია ზოგიერთ სიტუაციაში პოზიტიური შედეგის მომტანია, მაგალითად, როდესაც სწრაფი, გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო და არ არის განხილვისა და მსჯელობისთვის საკმარისი დრო. გარდა ამისა, კონკურენცია შეიძლება ხელს უწყობდეს შემოქმედებითი იდეების გენერირებასა და მოტივაციის ამაღლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ის უბიძგებს დაპირისპირებულ მხარეებს, გამოავლინონ მაქსიმალური ძალისხმევა გამარჯვების მოსაპოვებლად.

თუმცა კონკურენტული მიდგომა მაინც უფრო უეფექტოა, ვიდრე შედეგიანი. ის ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ერთი მხარის ინტერესების აღიარებას და უგულებელყოფს დანარჩენების პრობლემებსა და საჭიროებებს, ამას კი ხშირად არასტაბილურ სიტუაციამდე და დესტრუქციულ კომუნიკაციამდე მივყავართ.

 

4. კომპრომისი

კომპრომისი გულისხმობს კონფლიქტში ჩართული მხარეების მიერ დათმობაზე წასვლას როგორც საქმის, ასევე ურთიერთობის კუთხით. ამ სტრატეგიის დროს დამაკმაყოფილებელი შედეგი ორივე მხრიდან ნაწილობრივი დათმობის ხარჯზე მიიღწევა.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

კომპრომისი თანამშრომლობასა და კომუნიკაციას ემყარება. ის კონფლიქტის მოგვარებისადმი პოზიტიური მიდგომაა და გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ყველა დანარჩენი. კომპრომისი საშუალებას აძლევს მხარეებს, მოახდინონ ძალების გადანაწილება-დაბალანსება და, ამგვარად, ერთობლივად მიაღწიონ ცალ-ცალკე დასახულ მიზანს.

თუმცა, ისევე როგორც სხვა გზებს, მასაც აქვს ნაკლოვანებები. მაგალითად, კომპრომისი შესაძლოა იქცეს მარტივ გზად შედეგის მისაღწევად, მაგრამ არ იყოს საკმარისი კონფლიქტის ეფექტურად მოგვარებისთვის. გარდა ამისა, კომპრომისის დროს მხარეები მთლიანად არ გამოხატავენ საკუთარ მოთხოვნებსა და სურვილებს და, შესაბამისად, სრულყოფილად არც ერთი მხარის ინტერესების დაკმაყოფილება არ ხდება.

 

5. თანამშრომლობა

თანამშრომლობა კონფლიქტის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზაა. ის აღიარებს ადამიანებს შორის კონფლიქტის გარდაუვლობას და მას კონსტრუქციული შედეგის მისაღებად იყენებს. ამ დროს ორი ან მეტი მხარე საერთო მიზნისთვის ერთობლივი ძალისხმევით მოქმედებს და კონფლიქტის ყველა მონაწილის ინტერესის დაკმაყოფილებას ცდილობს. ეს არის გამოცდილების გაზიარების, უწყვეტი განათლებისა და კონსენსუსის მიღწევის შემოქმედებითი პროცესი. თანამშრომლობის არსი ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმალური გამოყენებით მაქსიმალური შედეგის მიღწევაა.

თანამშრომლობა ორიენტირებულია მხარეების მიერ როგორც საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებასა და მიზნის მიღწევაზე, ასევე ურთიერთობის შენარჩუნებაზე.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

თანამშრომლობითი სტრატეგიის არჩევისას კონფლიქტის შედეგი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია. ამ დროს ორივე მხარე გამარჯვებულია, კომუნიკაცია ეფექტურია, ურთიერთობები _ ძლიერი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული.

სამწუხაროდ, თანამშრომლობა ყველაზე რთული სტილია შედეგის მისაღწევად. მონაწილეთა განსხვავებების, ინტერესის სფეროების სიღრმისეულად შესასწავლად და ისეთი გადაწყვეტილების ასარჩევად, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება, საჭიროა შრომა, მოლაპარაკებების წარმართვა, შემოქმედებითი მიდგომა და ახალი ალტერნატივების შესწავლა, რაც, შესაბამისად, დიდ დროს მოითხოვს.

კონფლიქტის დროს ეს ხუთი სტრატეგია შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში გამოვიყენოთ, მაგრამ ვიდრე რომელიმე მათგანს მივანიჭებდეთ უპირატესობას, მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ პრობლემის არსი და მისი გადაჭრის ალტერნატიული გზები, რათა თავიდან ავიცილოთ არასწორი არჩევანი და ხელი შევუწყოთ კონფლიქტის დროებით, ნაწილობრივ ან სრულად მოგვარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი