ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კითხვა-პასუხის ხელოვნება

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხშირად გვესმის წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემის შესახებ, ამაზე ყველასათვის კარგად ნაცნობი კვლევის (წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში „PIRLS“ საქართველო 2006 წლიდან ჩაერთო) შედეგებიც მეტყველებს. აქედან გამომდინარე, დღემდე არ გვაქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა იმუშაოს სკოლამ ორიენტირებული კითხვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებაზე.

ეფექტური კითხვისთვის მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ არაერთხელ დაწერილა. ამ მიმართულებით არც მრავალფეროვანი აქტივობების სიმწირეს ვუჩივით: დისკუსია/დებატები, სოკრატული დიალოგი, ოთხი კუთხე, პერსონაჟთა რუკა, ინტერვიუ პერსონაჟთან/ავტორთან, მოლოდინების გზამკვლევი, დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე, ვიცი-გავიგე-მინდა გავიგო, 3-2-1, შეჯამების ვარსკვლავი, შესასვლელი/გასასვლელი ბარათები, მკითხველის დღიური და სხვ. ეს იმ აქტივობათა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გაგება-გააზრების უნარების განვითარების მიზნით საგაკვეთილო პროცესში იყენებს.

შეიძლება იფიქროთ, თუ კითხვა იცი და შენი ლექსიკური მარაგიც დამაკმაყოფილებელია, წაკითხულის გაგებას რაღა უნდაო?! სამწუხაროდ ასე მარტივად არაა საქმე. შეიძლება ცალკე აღებული სიტყვების მნიშვნელობა იცოდეთ, მაგრამ წინადადებად ამოკითხულის გააზრება მაინც გაგიჭირდეთ. თან თუ ამას დაემატება ყოველ ან რამდენიმე წინადადებაში ერთხელ უცხო სიტყვებთან შეხვედრა, წაკითხულის გააზრების პროცესიც გართულდება. აღნიშნულ შემთხვევაზე ამბობენ, საკითხავი მასალა და მოსწავლის კითხვის დონე ერთმანეთს არ შეესაბამებაო. გაგება-გააზრების გზაზე კიდევ ერთ მსუყე პრობლემად გაუწაფავი კითხვა გვევლინება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ კონცენტრირების სირთულე და კითხვის დაბალი მოტივაციაც.

ერთი შეხედვით, კითხვის პროცესი ერთიან მოქმედებად აღიქმება, სინამდვილეში კი ჩვენ გვჭირდება ანბანური (ასოების აღქმა), ფონოლოგიური (ამოკითხული მასალის გონებაში გახმოვანება), სემანტიკური (დეკოდირებული სიტყვებისთვის მნიშვნელობის მინიჭება), სინტაქსური (გრამატიკული) და კონტექსტური (ამოკითული მასალის მსხვილ იდეებში გაერთიანება, გაგრძელებასთან დაკავშირებით ვარაუდების ჩამოყალიბება)  ცოდნის/უნარების სინქრონულად ამუშავება. ეფექტური მკითხველობისკენ მიმავალ გზაზე პირველ ნაბიჯად სწრაფ დეკოდირებასა და სიტყვისთვის მნიშვნელობის მინიჭებას მიიჩნევენ. აღნიშნული უნარის ფლობის გარეშე მოსწავლე ვერ გაივლის წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანის, საკუთარ გონებაში წარმოდგენების კონსტრუირებისა და ავტორის ჩანაფიქრის/ნათქვამის გაცნობიერების ეტაპებს.  აქედან გამომდინარე, წაკითხულის გააზრება სამ სხვადასხვა დონეს მოიცავს: სიტყვასიტყვით გაგების, წვდომის (ანალიზი, დასკვნა) და შეფასების დონეებს.

როგორც ცნობილია, გაგება-გააზრების პროცესზე ოთხი ფაქტორი ზემოქმედებს, ესენია: მკითხველი, ტექსტი, მიზანი და კონტექსტი. მკითხველი ტექსტამდე გარკვეული უნარებით აღჭურვილი მიდის. იგი „შეიარაღებულია“  წინარე ცოდნით, ლექსიკური მარაგით, კითხვის უნარითა და მოტივაციით. აქედან გამომდინარე, იგი მზაობის შესაბამისად აღიქვამს წაკითხული ტექსტის თემატიკასა და შინაარსს, მის სტრუქტურას, მოცულობას, ენობრივ მახასიათებლებსა და დიზაინს. რაც შეეხება მიზანს, მასში მოიაზრება მკითხველის მიერ ამა თუ იმ დავალებისთვის გამოყენებული სტრატეგიებისა და რესურსების ეფექტურობა/დავალებასთან შესაბამისობა. ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოებათა ერთობლიობის (კონტექსტის) გათვალისწინება, რომელშიც მიმდინარეობს კითხვის პროცესი.

კარგი მკითხველი ადვილად ამოიცნობა შემდეგ მოქმედებებში: მას შეუძლია წაკითხული სიტუაციების/ მოქმედებების წარმოსახვა და ვიზუალიზება; კრიტიკულად იაზრებს წაკითხულ მასალას, შეუძლია ვარაუდების გამოთქმა და ძირითადი აზრების შეჯამება; უბრუნდება ტექსტს და ხელმეორედ კითხულობს ბუნდოვანი დეტალების დასაზუსტებლად; დიდ ტექსტს ყოფს ნაწილებად და მომდევნო ნაწილზე მხოლოდ წაკითხული ეპიზოდის სიღრმისეულად გააზრების შემდეგ გადადის; აკეთებს მონიშვნებს/ჩანაწერებს; ქმნის და/ან იყენებს გრაფიკულ სქემებს, სადაც ასახავს ტექსტში ამოკითხულ ინფორმაციას;  ხედავს კავშირებს ტექსტში გადმოცემულ ამბებსა და პირად გამოცდილებას შორის; რაც მთავარია, კითხვის პროცესში უჩნდება შეკითხვები (საკუთარ თავთან, ავტორთან/პერსონაჟთან) და ცდილობს პასუხების სხვადასხვა გზით მოძიებას.

დღეისათვის სახელმძღვანელოებში მოცემულ ყველა საკითხავ მასალას ერთვის ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული კითხვები, რომლებიც მოსწავლეებს, როგორც ხილული ინფორმაციის, ასევე იმპლიციტური (ნაგულისხმევი, სავარაუდო) სათქმელის მოძიებაში ეხმარება. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით უჭირთ წერილობით შეკითხვისა და პასუხის აგება. უმეტესად იყენებენ არასრული პასუხის ფორმას და კითხვის ფორმულირების დროსაც სანახევრო ინფორმაციით შემოიფარგლებიან. არადა, კითხვა-პასუხის შედგენის უნარი  ვრცელი ტექსტების (ეპიზოდის შინაარსი, თავისუფალი თემა და სხვ.) შეთხზვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომაც დაწყებით საფეხურზე კითხვებისა და პასუხების სტრუქტურული თუ შინაარსობრივი მახასიათებლების დაცვით  ფორმულირებაში მოსწავლეებს სხვადასხვა მეთოდით ვავარჯიშებთ. აქვე წარმოგიდგენთ რამდენიმე მეთოდს/აქტივობას, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში.

 

5 კითხვა (ვინ? სად? რა? როდის? რატომ?)

აქტივობის სათაურში ჩამოთვლილი კითხვები შეიძლება წარმოვადგინოთ ხუთსვეტიან ცხრილად, სადაც ჩაიწერება კითხვების შესაბამისი ინფორმაცია. წარმოგიდგენთ ცხრილის ნიმუშს, რომელშიც მოცემულია იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან „ჯიუტი თხები“ ამოღებული ინფორმაცია.

 

ვინ? / რა? სად?

 

რას შვრება/ რა ქნა? როდის?

 

რატომ?
ორი თხა ხიდზე ერთმანეთს შეხვდა;

გზა ვერ განაგრძეს;

ჩხუბი მოუვიდათ და ხიდიდან გადაცვივდნენ.

ერთხელ ვიწრო ხიდზე ერთმანეთისთვის გვერდის ავლა შეუძლებელი იყო;

ორივე თხა ჯიუტი და ქედმაღალი იყო;

არც ერთს არ უნდოდა უკან დახევა.

 

ეს შაბლონი შეგვიძლია დავურიგოთ მოსწავლეებს ან დაფაზე დავხაზოთ, მათ კი რვეულში გადაიხაზონ (გააჩნია, რომელ კლასს ვასწავლით). სასურველია, პირველ ჯერზე მასწავლებლის დახმარებით შეავსონ ცხრილი. აღნიშნული მეთოდით რამდენიმე ტექსტის დამუშავების შემდეგ კი დამოუკიდებლადაც შეძლებენ ამ გრაფიკული ორგანიზატორის გამოყენებას.

ხუთი კითხვის მეთოდის ერთგვარ ვარიაციას წარმოადგენს აქტივობა „5+1“, სადაც ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებს კიდევ ერთი (როგორ?) ემატება. შესაძლებელია ექვსსვეტიანი ცხრილის დახაზვა, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, აქტივობის შაბლონად იყენებენ გაშლილი ხელის მტევნის გამოსახულებას, რაზეც (თითებზე და ხელისგულზე) დატანილია კითხვითი სიტყვები: ვინ? რა? სად? როდის? რატომ? როგორ?

 

კითხვები და პასუხები (QAR)

ამ მეთოდის დახმარებით ტექსტის უფრო სიღრმისეულად დამუშავების საშუალება გვეძლევა. შეგვიძლია, მოსწავლეები დავაჯგუფოთ ან აქტივობას ინდივიდუალური სამუშაოს სახე მივცეთ.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა შეარჩიოს დასამუშავებელი ტექსტი და მოამზადოს შეკითხვები, რომელსაც ჩამოწერს დაფაზე ან ბარათების სახით დაარიგებს კლასში. მას ასევე დასჭირდება სქემა, რომელიც ასევე წინასწარ უნდა  მოამზადოს და ამონაბეჭდის სახით დაურიგოს მოსწავლეებს. ცხრილი შედგება ოთხი უჯრისგან. ერთ-ერთი კითხვის პასუხი მოსწავლემ უნდა მოიძიოს „იქვე, ტექსტში“, ანუ პირველ უჯრაში იწერება ისეთი კითხვა, რომელზე პასუხიც ექპლიციტურადაა მოცემული საკითხავ მასალაში. რაც შეეხება უჯრას „იფიქრე და მოიძიე“, მასში იწერება ისეთი შეკითხვა, რომელზე პასუხიც სხვადასხვა ეპიზოდში გაბნეული ინფორმაციის მოძიების შედეგად გაიცემა. მესამე უჯრა, სახელად „ავტორი და მე“ გამოიყენება იმპლიციტური ინფორმაციის ამოსაკრებად, რისთვისაც მოსწავლეებს წინარე ცოდნის გამოყენება და ავტორთან/პერსონაჟებთან ე.წ. დიალოგის გამართვა დასჭირდებათ. ცხრილის ბოლო უჯრაში კი განთავსდება განზოგადებული ინფორმაცია, რომელსაც ტექსტის წაკითხვის გარეშე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობითაც შეიძლება გაეცეს პასუხი, მაგრამ ასევე გამოდგება ტექსტის შესაჯამებლად. მაგალითის წარმოსადგენად ისევ „ჯიუტ თხებს“ მოვიშველიებ.

 

ტექსტში                                                            ჩემს გონებაში

 

იქვე, ტექსტში

სად შეხვდნენ თხები ერთმანეთს?

თხები ერთმანეთს მდინარეზე გადებულ ვიწყო ხიდზე შეხვდნენ.

ავტორი და მე

როგორები აღმოჩდნენ თხები?

ორივე თხა აღმოჩნდა ჯიუტი, ქედმაღალი და წინდაუხედავი.

იფიქრე და მოიძიე

ჩხუბის დაწყებამდე სთხოვეს თუ არა თხებმა ერთმანეთს უკან დახევა?

ერთმა თხამ მეორეს სთხოვა, უკან დაიხიეო, მაგრამ ხიდზე პირველად ამოსულმა თხამ უარი განაცხადა და თავადაც მოითხოვა გზის დათმობა.

მე თვითონ

რა არის სიჯიუტე?

სიჯიუტე არის თვისება, რომელიც ახასიათებთ ურჩ, ქედმაღალ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ საკუთარი პოზიციის დათმობა და სხვათა უპირატესობის/სიმართლის აღიარება.

 

მოცემულ ცხრილში შეგვიძლია წინასწარ ჩავწეროთ სასურველი კითხვები და მოსწავლეებს მხოლოდ პასუხების მოძიება-ჩაწერა დაევალოთ ან დაფაზე ჩამოვწეროთ შეკითხვები, რომლებსაც ბავშვები შესაბამის უჯრებში დამოუკიდებლად გადაანაწილებენ. შეგვიძლია ამოცანა უფრო გავართულოთ და შეკითხვები თავად მოსწავლეებს მოვაფიქრებინოთ. მათი მოტივაცია უფრო გაიზრდება, თუ კითხვების შედგენისას წყვილებს ნამუშევრების გაცვლას, ერთმანეთის კითხვებისთვის პასუხების მოძიებას და მეწყვილის ნამუშევრის რედაქტირება-შეფასების უფლებას მივცემთ.

 

შეკითხვა – ტექსტი ამბობს – მე ვფიქრობ – ამიტომაც

შეკითხვა კიდევ ერთი გრაფიკული ორგანიზატორის „მთავარი პერსონაჟია“. მისი დახმარებით მოსწავლეები სიღრმისეულად გაიაზრებენ წაკითხულ ტექსტს და აღარ გაუჭირდებათ მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა. ამ სქემასაც ზემოთ განხილული მოთხრობის მაგალითზე წარმოგიდგენთ.

 

შეკითხვა ტექსტი ამბობს… მე ვფიქრობ… ამიტომაც…
რატომ არ დაუთმეს გზა ერთმანეთს თხებმა?

 

არც ერთს არ უნდოდა უკან დახევა. მათ დათმობა არავინ ასწავლა. იჩხუბეს და მდინარეში ჩაცვივდნენ.

 

ამჯერად სქემაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი სვეტი. მის მსგავსად უნდა შეივსოს დანარჩენი სვეტები, რომელთა რაოდენობაც განისაზღვრება მასწავლებლის მიერ დასმული/დაფაზე ჩამოწერილი კითხვებით.

როგორც ხედავთ, ერთი და იმავე ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღება ყოველ ჯერზე „სწორი“ კითხვების გამოყენებით შევძელით. ამიტომ ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, მოსწავლეებს შეკითხვების დასმა და პასუხების ძიება უნდა შევაყვაროთ, რადგან სწავლის სურვილს  წაკითხულისადმი ინტერესის გაჩენა იწვევს. დაინტერესებული მოსწავლე აუცილებლად დაიწყებს კითხვების დასმას, პასუხებისაკენ მიმავალ გზაზე კი შეიძლება  დახმარება დასჭირდეს და ჩვენც მზად დავხვდებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი