სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

კითხვები დავიდ პერკინსის განათლების თეორიაზე

მანანა ბოჭორიშვილი

ამერიკელი მეცნიერს, განათლების სპეციალისტს და კოგნიტური მეცნიერების წარმომადგენელს დევიდ პერკინსს 1970 წელს სადოქტორო ხარისხი მიენიჭა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ამჟამად ის ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების სკოლის პროფესორია.

პერკინსის თეორია საოცრად აქტუალურია, ის ბევრ კითხვაზე იძლევა პასუხს. მნიშვნელოვანია გავიგოთ ამ თეორიის მიხედვით რა არის მასწავლებლის მთავარი ამოცანა?

დევიდ პერკინსი ავტორია თეორიისა “სწავლება გაგებისათვის”. ამ თეორიის მიხედვით, რომელიც ,,თეორია ერთის” სახელითაა ცნობილი, სწავლა ჩაღრმავებული აზროვნების, გაგების შედეგია.

პერკინსის თეორიის მიხედვით, მასწავლებლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება, რაც გულისხმობს მიღებული ცოდნის მოქნილ და აქტიურ გამოყენებას. მასწავლებლის ძირითადი სასწავლო მიზანია კლასში აზროვნების კულტურის დამკვიდრება.აღსანიშნავია, რომ პერკინსის თეორიის ცენტრალური ცნებებია “გაგება” და “გენერაციული” ანუ პროდუქტული ცოდნა.




საინტერესოა რას მოიცავს პერკინსის თეორიის ცენტრალური ცნება “გაგება”?

პერკინსის აზრით, ცოდნა და უნარები თავისთავად არ განაპირობებს გაგებას. ადამიანმა შეიძლება დააგროვოს ცოდნა და განივითაროს უნარები მიღებული ინფორმაციის ღრმა გააზრების გარეშეც. გაგება, პერკინსის მიხედვით, მხოლოდ შინაარსის გაგებას არ გულისხმობს, გაგებაში “მოქმედების პერსპექტივაც” იგულისხმება. კერძოდ, მოახერხებს თუ არა ადამიანი მისთვის ახალ სიტუაციაში კონკრეტული ცოდნის გახსენებასა და გამოყენებას. რაიმეს გაგება ნიშნავს არა მხოლოდ თემის შინაარსის გააზრებას, არამედ ამ თემასთან დაკავშირებით მაღალი დონის სააზროვნო პროცესების განხორციელებასაც, როგორიცაა ახსნა, მაგალითების მოყვანა, განზოგადება, ანალოგიის მიხედვით დასკვნის გამოტანა, ცნებების სხვა კონტექსტში გამოყენება და ა.შ. ამრიგად, გაგება ისეთ პროცესებს მოიცავს, რომლებიც მიღებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენების საშუალებას მისცემს მოსწავლეს. პერკინსი მათ “გაგების მოქმედებებს” უწოდებს. კონკრეტული საკითხის გაგება ნიშნავს ამ “გაგების მოქმედებების” განხორციელებას საკითხის გარშემო.

მაგ.: ასეთი “გაგების მოქმედებებია” კონკრეტული საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვა, კატეგორიების გამოყოფა, კითხვების დასმა, ამ კითხვებზე შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, წინააღმდეგობრივი ფაქტებისა და დებულებების გამოყოფა, კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა არსებული ინფორმაციის საუფძველზე და ა. შ.




რატომ ითვლება “გენერაციული” ცოდნა ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებად, რას მოიცავს და რა აქტივობები განაპირობებს – “გენერაციულ” ანუ პროდუქტულ ცოდნას?

პროდუქტული ცოდნა სამი ძირითადი მოქმედების შედეგია:

1. ცოდნის შენახვა ხანგრძლივ მეხსიერებაში;

2. მიღებული ცოდნის გაგება;

3. ცოდნის აქტიური გამოყენება სკოლის გარეთ.

პერკინსი მიიჩნევს, რომ ეს სამი აქტივობა განათლების სისტემის ძირითადი მიზანი უნდა იყოს. პერკინსის თეორიის მიხედვით, სწავლების სტრატეგია, უნდა იყოს ყურადღების გამახვილება არა სასწავლო საგნის შინაარსზე, არამედ მოსწავლის მიერ შესწავლილი მასალის ღრმა გააზრებაზე, მის კავშირზე მოსწავლის გამოცდილებასთან და სხვა სასწავლო საგნებში მიღებულ ცოდნასთან.


პერკინსი მიზანმიმართულად იხილავს ცოდნის აგების პროცედურებს… ჩავუღრმავდეთ, პერკინსის თეორიის მიხედვით, რომელია უპირატესი სწავლების მეთოდები?

პერკინსის უპირატესი სწავლების მეთოდია:

1. საკითხის გარშემო კავშირებისა და მიმართებების დამყარება, რასაც პერკინსი “დაკავშირებას” უწოდებს და

2. პრობლემური სიტუაციის შექმნა, როდესაც მოსწავლეს მზა ცოდნა კი არა აქვს, არამედ პრობლემური სიტუაციის წვდომის პროცესში იძენს ამ ცოდნას. მას პერკინსი “გზის მიყოლას” უწოდებს.

ამ მეთოდით შეძენილი ცოდნა უფრო მოქნილი და უკეთ ორგანიზებულია მოსწავლის მეხსიერებაში. მომავალში მოსწავლე ადვილად შეძლებს მის გამოყენებას მისთვის უცნობ სიტუაციაში.

რას გვეუბნება პერკინსის თეორია – როგორ შეიძლება მოსწავლეებს ვასწავლოთ გაგება, ანუ როგორ მივცეთ მოსწავლეებს პროდუქტიული ცოდნაანუ რა არის აუცილებელი გაგების წარმატებული სწავლებისათვის?

პერკინსმა თავის თეორიაში გამოყო ექვსი კომპონენტი, რომლებიც აუცილებელია გაგების წარმატებული სწავლებისათვის.


1.

სწავლება, როგორც აზროვნებაზე ფოკუსირებული ხანგრძლივი პროცესი. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი სასწავლო სიტუაცია, სადაც მოსწავლეები საკითხზე იფიქრებენ და კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდებიან მას სხვადასხვა სიტუაციაში.



2.

მიმდინარე შეფასების აუცილებლობა. მოსწავლეებს სჭირდებათ უკუკავშირი და კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეაფასებენ, თუ როგორ არიან დაუფლებულნი გაგების მოქმედებებს, რა აქვთ კიდევ გასაკეთებელი იმისათვის, რომ კარგად გაიგონ საკითხი.


3.

განვითარების კანონზომიერების გათვალისწინება. მასალის მიწოდებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მისი სირთულე ბავშვის ფსიქიკური განვითარების დონესთან მიმართებაში. გაგების მოქმედებების განხორციელება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულია და, შესაბამისად, განსხვავებული სწავლების მეთოდებს მოითხოვს.


4.

სწავლის უზრუნველყოფა ინფორმაციას ისე წარმოდგენით, რაც ხელს შეუწყობს გაგების პროცესების აღძვრას. ინფორმაციის სტრუქტურირებისა და წარმოდგენის წესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიღებული ინფორმაციის გაგებაზე. კერძოდ, დიაგრამები, სქემები ხელს უწყობს ცნებებისა თუ საკითხის ღრმა გაგებას.


5.

მოსწავლეთათვის სასწავლო საგნის გაცნობა. შესასწავლი საგნის საკითხების გაგება შეუძლებელია მეცნიერების ამ დარგის შესახებ ზოგადი წარმოდგენის გარეშე. ცნებისა და პრინციპის გაგება აუცილებლად გულისხმობს იმას, თუ რა ადგილი უკავია და როგორ ფუნქციონირებს ის შესასწავლ დისციპლინაში. კონკრეტული საგნის მასწავლებელი ვალდებულია, გააცნოს მოსწავლეებს ამ სასწავლო დისციპლინის სტრუქტურა და ლოგიკა.


6.

სწავლება ტრანსფერისთვის (გადატანისთვის). მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლეებს უჭირთ ერთ კონტექსტში ათვისებული პრინციპებისა და შესწავლილი ფაქტების სხვა სიტუაციაში გამოყენება. მაგ. ის, რაც აითვისეს მათემატიკაში, ვერ გადააქვთ საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ერთ საგანში ათვისებული ცოდნის სხვა კონტექსტში, სხვა დისციპლინაში გამოყენება, მათ უნდა ისწავლონ კავშირების დამყარება – “დაკავშირება”. ეს კი გაგების აუცილებელი საფუძველია.


–  

გავეცნოთ პერკინსის თეორიას, დავფიქრდეთ და დავსვათ კითხვა – პერკინსის აზრით რაში მდგომარეობს განათლების მთავარი მიზნები?

განათლების მთავარი მიზნები პერკინსის აზრით შემდეგია:


1.

მიღებული ცოდნის შენარჩუნება


2.

გაგება-გააზრება


3.

ცოდნის აქტიური გამოყენება


პერკინსი თავისი თეორიით ოთხ ოქროს გასაღებს აძლევს განათლების სპეციალისტებს ვგულისხმობ პერკინსის ოთხ ძირითად კითხვას, რომელსაც მან პანდორას კითხვები უწოდა… ანუ გავიხსენოთ პანდორას კითხვები..


1.

ისი სწავლა ღირს?

რისი სწავლაა მნიშვნელოვანი, ცოდნის შეძენით რაში ვხდებით უკეთესები?


2.

რატომ არის რთული ამის სწავლა?

როგორ ავარიდოთ თავი ზედაპირული ცოდნის მიღებას? რა არის პრობლემური?


3.

ყველაზე კარგად როგორ შეიძლება რომ ეს ვისწავლოთ?

მიწოდებული მასალის როლი და მოსწავლის როლი.


4.

როგორ მიდის სწავლის პროცესი?

რამდენად შეუძლია მოსწავლეს არამარტო მასწავლებლისგან, არამედ თანატოლებისგან მიღებული შეფასებით და რეაგირებით (კომენტარები, რჩევები) გააკონტროლოს და გააუმჯობესოს სწავლების
პროცესი.

   ყველა მასწავლებლის და განათლების სპეციალისტის საზრუნავია ისე წარმართოს სასწავლო პროცესი, რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ… ჩავიხედოთ პერკინსის თეორიაში; პერკინსის მიხედვით რა არის საჭირო რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ?

ერკინსი მიიჩნევს, იმისათვის რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ საჭიროა:




მივაწოდოთ ინფორმაცია ნათლად და გასაგებად




გავაკეთებინოთ სავარჯიშოები რომლებიც მათ ამ ინფორმაციის კარგად გააზრების საშუალებას მისცემს.




რჩევებით და კომენტარებით ვაძლევთ ინფორმაციულ შეფასებას.




ვზრუნავთ ბავშვის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაზე

პერკინსი მიიჩნევს რო მიწოდებულ ცოდნას კონკრეტული მიზანი უნდა დავუსახოთ. შეიძლება ცოდნა ორ ადამიანს მივაწოდოთ თანაბრად, მაგრამ მთავარია ამ ცოდნის გამოყენება.


ოქროს გასაღები კარგია, მაგრამ მთავარია მისი დახმარებით საკლასო ოთახის კარი გავაღოთ.. სწავლების მეთოდები ის კარია, რომელიც მოსწავლის განათლებისკენ მიიყვანს მასწავლებელს… ჩავიხედოთ პერკინსის თეორიაში – სწავლების რა მეთოდებს განიხილავს პერკინსი?

პერკინსი განიხილავს ადლერის მიერ შემოთავაზებული სწავლების სამ სხვადასხვა მეთოდს:

დიდაქტიკური
სწავლება

წვრთნა

სოკრატული სწავლება

მოსწავლე გვაძლევს პასუხს კითხვებზე: რა?სად?რატომ?

1. მიზნის განსაზღვრა მოსწავლეებისათვის (რაში გამოიყენონ შესწავლის ობიექტი)

2. მინიშნება პროგრესის შესახებ (აღინიშნება მოსწავლეთა მიგნებები)

3. სხვადასხვა მაგალითის მოყვანა. მაგალითებით ახალი მასალების გათავისება.

4. დემონსტრაცია. შესწავლილი მასალის რეპრეზენტაცია. (მაგალითად ფილმით)

5. ახალი მასალის გაკავშირება ძველ და უკვე კარგად ნაცნობ მასალასთან.

6. ახალი მასალის ლეგიტიმაცია. მოსწავლეს ვარწმუნებთ მასალის შესწავლის
სარგებლიანობაში.

ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს და აძლევს
მიმართულებას.

ასეთი სწავლების დროს მასწავლებლებს არააქვთ მზა პასუხები. მასწავლებელი
სვავს კითხვებს:

რას ფიქრობთ ამ საკითხზე? როგორია თქვენი პოზიცია?


 

მასწავლებელი ფიქრობს თვითონ მიიყვანოს ბავშვი პრობლემის გადაწყვეტამდე.


 


 


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი