პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

არის თუ არა თეოდიცეა „განდეგილში“?

მეორე წელია, რაც ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტზე ვმუშაობ. ამ პროექტის ფარგლებში მე-19 საუკუნეში რუსულ ენაზე გამოცემულ პერიოდულ ლიტერატურას ვამუშავებ და საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ფოლკლორული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საქართველოს შეეხება, ვაგროვებ. წლის ბოლოს ანოტირებული კატალოგიც მზად იქნება და დაინტერესებული მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება ერთად თავმოყრილი დიდი მასალა, თუმცა ანოტაციების სახით, მაგრამ კვლევის საწყისი ეტაპისთვის შეუცვლელი მეგზური. სწორედ პროექტზე მუშაობისას გადავაწყდი, ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო წერილებს, რომლებიც, ვფიქრობ, უცნობი უნდა იყოს ლიტერატურის მასწავლებლებისთვის. არადა, ამ წერილების ცოდნა და გათვალისწინება ახლებურად შეგვახედებს არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. გადავწყვიტე, პერიოდულად შემოგთავაზოთ ამ მასალიდან ისეთი წერილები, რომლებიც, იმედია, თქვენც ისევე დაგაინტერესებთ, როგორც მე.

Новое Обозрение-ის 1889 წლის N1968 დაბეჭდილია ილარიონ ხონელის წერილი. ამ წერილში ავტორი მოგვითხრობს ლეგენდას, რომელიც მას მთაში ჩაუწერია და რომელიც, ავტორის ვარაუდით, საფუძვლად უნდა დასდებოდა ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილს“. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს ლეგენდა პოემაში წარმოდგენილია საგრძნობი სახეცვლილებით და ამიტომაც თავს ვალდებულად თვლის, წარმოადგინოს ლეგენდა უცვლელი სახით.

ყაზბეგის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე ორწვერის მყინვარის უკან ოდესღაც მონასტერი იყო. როგორ ააგეს მონასტერი, რითი იკვებებოდნენ აქ მცხოვრები წმინდა საძმოს წევრები, ბურუსითაა მოცული. ერთადერთი ისაა ცნობილი, რომ ამ ადგილას ახლა მხოლოდ ვეებერთელა თეთრი ჯვარია აღმართული და რამდენიმე ხის სენაკია შემორჩენილი. ოდესღაც ამ მოწყვეტილ ადგილას მოვიდა განდეგილი თავის საძმოსთან ერთად, რადგან ამაზე უკეთეს ადგილს ქვეყნისგან განსარიდებლად სხვაგან სად მოძებნიდა. აქ ცხოვრებამ სულ გადაავიწყა განდეგილს ამქვეყნიური საზრუნავი და თავი მარხვასა და ლოცვას მიუძღვნა. ღმერთმა ისმინა მისი ლოცვები და სასწაული მოუვლინა: კუთხეში, ხატების ქვემოთ, იქ, სადაც წმინდა წიგნები ინახებოდა, იყო ვიწრო ღრიჭო და აქედან სენაკში შემოდიოდა მზის სხივები. ლოცვის წინ განდეგილი გადმოიღებდა წმინდა წიგნებით სავსე აბგას (ეს სიტყვა რუსულ ტექსტში უცვლელადაა დაფიქსირებული და ჩასმულია ბრჭყალებში) და ისე გადაჰკიდებდა მას სხივებზე, თითქოს ეს უკანასკნელი თოკი ყოფილიყოს. სასწაულით წახალისებული განდეგილი კიდევ უფრო მეტი მონდომებით აგრძელებდა ლოცვას, რადგან მისი სურვილი იყო, საძმოს დანარჩენი წევრებიც გამხდარიყვნენ სასწაულის ღირსები. მონასტერში მკაცრი წესები ჰქონდათ, დილიდან საღამომდე ისმოდა ბერების ხმა, ფსალმუნებს რომ გალობდნენ. არავინ იცოდა მათი მოღვაწეობის შესახებ, მხოლოდ უფალმა და ყაზბეგის ქარბუქმა. ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ყმაწვილი ბერები, რომლებიც ეშმაკის ცდუნებასა და ადამიანურ ვნებებს აჰყვნენ. მათი ფიქრები დღითიდღე შორდებოდა მონასტრის კედლებს და ყაზბეგის დათოვლილ მწვერვალებს. მათი დაუცხრომელი გულები ცოდვით დამძიმებულ მორევში მიიწევდა, იმისკენ, რაც მათ აკრძალული ჰქონდათ, თავიანთ თავს ცეკვითა და სიმღერით გართულ ჭაბუკებს და ლამაზ ქალწულებს შორის ხედავდნენ. ღამე ძილი აღარ ეკარებოდა მათ თვალებს. მხოლოდ განდეგილი იყო სუფთა, როგორც ყაზბეგის მთის სუფთა ჰაერი და ხელუხლებელი თოვლი მის მწვერვალებზე. აცდუნა ცბიერმა საძმოს წევრები. მათი უგვანი ჩანაფიქრის მიხედვით, განდეგილს ისეთი ცოდვა უნდა ჩაედინა, რომ მათ დამსგავსებოდა. „თავად რომ უცოდველია, ამიტომაც მკაცრია სხვათა მიმართ, ცოდვა კი ცოდვას ეძებს და ამრავლებს მას,“ – ასე მსჯელობდნენ შეკრებილნი. „მაგრამ სად ვეძებოთ დახმარება, ვის მივმართოთ, რომ ქვა გაალღვოს, ააღელვოს იმის გული, ვისთვისაც უცხოა ხორციელი სიამენი?“ ყველაზე ახალგაზრდა ბერმა მოიფიქრა გამოსავალი. მან გაიხსენა, რომ ყაზბეგის ძირში, სოფელ გერგეთში, ცხოვრობდა ულამაზესი დორა – მისი თვალები მზეზე მწველი, მისი ბაგენი მარჯანზე წითელი იყო, ცბიერებით ეშმაკიც ვერ აჯობებდა მას და არ არსებობდა ქვეყნად არაფერი, რაც მის მომხიბლველობას გაუძლებდა და გადაურჩებოდა. გვიან ღამით, როცა ყველამ დაიძინა, ახალგაზრდა ბერი დაუყვა ფერდობს სოფელ გერგეთისკენ. გავიდა ხანი. ერთ ღამეს, როცა გარეთ ქარბუქი თარეშობდა და მონასტერს თოვლში მარხავდა, ბერის სენაკის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ასეთი რამ განდეგილს არ ახსოვდა, ალბათ ეშმაკი მის გამოსაცდელად ჩამოვიდა. კაკუნი განმეორდა. „ვინა ხარ და რა გინდა ღვთის მსახურისგან?“ – იკითხა ბერმა. „გზააბნეული მონადირე ვარ, ჯიხვმა შემომიტყუა, უკან ვერ ვბრუნდები, ამინდს ვერ ვემალები. შემომიშვი და ღმერთი გადაგიხდის ჩემი შეფარებისთვის,“ – უპასუხა უცნობის ხმამ განდეგილს. „ვერა, ვერ გაგიღებ კარს, არასოდეს არცერთ მოკვდავს არ შემოუბიჯებია ჩემს სენაკში, წადი, სხვა ბერები შეგიფარებენ,“ – უთხრა განდეგილმა ღამის სტუმარს. „უკვე ვიყავი მათთან, მაგრამ არავინ მიღებს კარს,“ – შეაცოდა თავი უცნობმა. „კიდევ ერთხელ სცადე, ახლა უკვე ჩემი სახელით სთხოვე მათ, შეგიფარონ,“ – ეს ურჩია განდეგილმა და მოესმა სტუმრის ნაბიჯების ხმა, რომელიც ნელ-ნელა შორდებოდა მის სენაკს. ის იყო, ძილი მოეკიდა განდეგილის დაღალულ თვალებს, რომ ისევ გაისმა კარზე კაკუნი. „შემომიშვი, ჩემი სიცოცხლე შენს ხელთაა, ნუ გახდები ჩემი დაღუპვის მიზეზი, ქარბუქი ძლიერდება, ყინვა იმატებს, არ მიშვებენ ჩაძინებული ბერები სენაკში და შენს კართან რომ ამომხდეს სული, რა პასუხს გასცემ სამსჯავროზე წარმდგარი უფალს?“ რაღას იზამდა განდეგილი, შემოუშვა უცნობი მონადირე სენაკში. ღამე რომ არ ყოფილიყო და სიბნელე, დღის სინათლეზე ადვილად შეამჩნევდა ბერი, ტყავში გახვეული უცნობი მონადირე რომ არ იყო, იმასაც შენიშნავდა, რომ დაუპატიჟებელ სტუმარს არც იარაღი ჰქონდა და არც მონადირის დაკუნთული ხელები ჰქონდა. სივიწროვის გამო განდეგილმა გვერდით მიიწვინა ერთი ღამით შეფარებული მონადირე. დილით ამდგარს აღარავინ დახვდა სენაკში, მის სხეულს კი ღამეული სიტკბო ახსოვდა, რომელიც მანამდე არასოდეს განეცადა. რა იყო ეს, ცოდვა, რომელსაც ვეღარ მოიშორებდა? როგორ შეემოწმებინა, ხილვა იყო თუ ცხადი? განდეგილმა აიღო აბგა და სხივზე გადაკიდა, მაგრამ აბგა ძირს ხმაურით დაენარცხა. ოფლით დაეცვარა გაფითრებული სახე განდეგილს, აიღო აბგა და ისევ სცადა მისი გადაკიდება სხივზე, მაგრამ ამაოდ. მეორე წარუმატებელი ცდის შემდეგ აბგასთან ერთად განდეგილიც დაეცა მიწაზე. მეორე დილით ბერებს გაუკვირდათ, როცა მათი წინამძღოლის სენაკი ცარიელი დახვდათ. მათ ვერსად მიაგნეს განდეგილის კვალს, მხოლოდ ერთმა გაიხსენა, რომ დილაუთენია გარეთ გამოსულმა დაინახა, როგორ მიუყვებოდა გაუკვალავ თოვლს მოხრილი ფიგურა ყაზბეგის მწვერვალისკენ. არავინ იცის, მიეტევა თუ არა მას ცოდვა, მოეთხოვა თუ არა მას პასუხი ჩადენილის გამო. თუმცა ამტკიცებენ, რომ განდეგილი ზეცად ამაღლდა. საძმო კი დაისაჯა იმით, რომ სასჯელად მონასტრის თავზე შავი ღრუბელი გამოჩნდა და გავარდნილმა მეხმა სრულიად გაანადგურა იქაურობა.

ერთი შეხედვით, თითქოს ამ ლეგენდასა და ილის პოემას შორის დიდი განსხვავება არაა. ლეგენდაში არის საძმო, პოემას ეს დეტალი აკლია, ასევე ლეგენდა ასახელებს მაცთუნებელი ქალის სახელს. სწორედ ამ სახელზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც საკმაოდ საინტერესოა, თუკი გავიხსენებთ, რომ მსგავსი სახელი ერქვა ბერძნული მითოლოგიის ერთ პერსონაჟ ქალს, რომელიც ასეთივე მაცთუნებელი იყო. სახელი „პანდორა“ ყველასგან დასაჩუქრებულს ნიშნავს („პან“ არის „ყველა“, ხოლო „დორა“  – „საჩუქრები“) ან ყველას დამსაჩუქრებელს. პანდორას იმიტომ ეწოდა პანდორა, რომ როდესაც ის ზევსის დავალებით შექმნა მჭედლობის ღმერთმა ჰეფესტომ, მისივე დავალებით დანარჩენმა ღმერთებმა სხვადასხვა საჩუქარი უბოძეს. პანდორა ზევსმა პრომეთეს დასასჯელად შექმნა და გაუგზავნა მის ძმას, ეპიმეთეს. სიტყვა „პრომეთე“ წინდახედულს (წინდაწინ მცოდნე) ნიშნავს, მისი ძმის სახელი კი – საპირისპიროს. პანდორას ზევსმა ჭურჭელი გამოატანა (შემდგომში ეს ჭურჭელი არასწორი წაკითხვის გამო ყუთად იქცა), რომელშიც მოთავსებული იყო ათასნაირი ტანჯვა, ტკივილი და სნეულება. მიუხედავად პრომეთეს გაფრთხილებისა, ეპიმეთემ პანდორა მიიღო, ამ უკანასკნელმა კი მოხსნა თავი დალუქულ ჭურჭელს და დედამიწას მოედო ყველანაირი უბედურება. პანდორამ ისღა მოასწრო, დაეხურა ჭურჭელი და მის ფსკერზე ჩაეტოვებინა იმედი.

რას გვაძლევს ამ ყველაფრის ცოდნა? გვეხმარება თუ არა ლეგენდა ილიას პოემის უკეთ გაგებაში, განსხვავებული კუთხიდან მის გააზრებაში? ან გვეხმარება თუ არა პანდორას მითის ცოდნა „განდეგილის“ სხვაგვარ წაკითხვაში? ჩემი აზრით, პასუხი დადებითია. პოემის ახლებური წაკითხვისას უნდა გავითვალისწინოთ ბერძნული მითის თეოდიცეა. თეოდიცეა – ეს არის მცდელობა, გაამართლოს ის ტანჯვა,  უსამართლობა, უბედურება, რაც თან ახლავს ადამიანის ამქვეყნიურ სიცოცხლეს. ტერმინი ლაიბნიცის მოფიქრებულია. ვინაიდან ცნობილია ილიას ლაიბნიცით გატაცების შესახებ, სავარაუდოა ისიც, რომ მწერალმა მისი მოფიქრებული ტერმინის შესახებაც იცოდა და მას უნდოდა, ხანგრძლივი ისტორიის მქონე დისკურსი ქართულ ლიტერატურაშიც შემოეტანა.

თეოდიცეა, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი გვიანდელია, სხვადასხვა სახით არსებობს არაერთ რელიგიაში. იმისთვის რომ თეოდიცეა კარგად გავიგოთ, ალბათ უნდა მოვიხმოთ ეპიკურეს ტრილემის მაგალითი, რომელიც საუკეთესოა და შემოკლებული სახით ასე გამოიყურება: „1. უნდა (ღმერთს) აღკვეთოს ტანჯვა და მას ეს არ ძალუძს? გამოდის, ღმერთი უძლურია. 2. შეუძლია (ღმერთს აღკვეთოს ტანჯვა) და არ სურს? მაშინ ის შურისმაძიებელია. 3. ძალუძს (ღმერთს ტანჯვის აღკვეთა) და სურს კიდეც? მაშინ რატომ არის ჩვენ გარშემო ამდენი ბოროტება?“ ამ ბოლო კითხვაზე პასუხს ეძიებდნენ წმინდა წიგნების კომენტატორები, განმმარტებლები, ამ კითხვას თავისებურად პასუხობს ზოგიერთი მითი. პანდორას მითის მიხედვით, დამნაშავე არის ზევსის დავალებით შექმნილი ქალი. ამ მითის გავლენით, პირველპანდორას უწოდებენ ევასაც. სამწუხაროდ, პანდორასა და ევას ამბავი გადაიზარდა მიზოგინიაში, ანუ ქალების მიმართ სიძულვილში. თუკი ქალია ყველანაირი უბედურების მიზეზი, ყველანაირი ბოროტების გაჩენის სათავე, ცხადია, ეს მოსაზრება მყარი საფუძველი ხდება ქალების დასადანაშაულებლად. ფაქტია, რომ ილია ჭავჭავაძემ გადაამუშავა ლეგენდა და ქართველ მკითხველს შესთავაზა, დაფიქრებულიყო თეოდიციის საკითხზე არა მიზოგინურ, არამედ იობისეულ კონტექსტში: რატომ გაწირა ღმერთმა საყვარელი ადამიანი, თუკი მან იცოდა, რითი დასრულდებოდა ამბავი. ილიას პასუხი გასაგებია. დასადგენია მკითხველის პასუხი, როდესაც ის ახალი კუთხით წაიკითხავს მის პოემას.

ჩემი აზრით, ილიამ მოისმინა ლეგენდა განდეგილზე, სახელმა დორამ მას გაახსენა პანდორას მითი და ამ მითის თეოდიციური დისკურსი, რომელიც მან ლაიბნიციდან იცოდა. მაგრამ სიუჟეტის დამუშავების პროცესში რაღაც დაიკარგა, რაღაცამ კი სრულიად მოულოდნელი სახე მიიღო. ამიტომაც არის, რომ მკითხველთა უმრავლესობა „განდეგილში“ სხვა პრობლემებს ხედავს. ორი აზრი არაა, ეს სხვა პრობლემებიც დასანახია, რადგან მწერლის სურვილი იყო ამ პრობლემების წარმოჩენა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს თეოდიციის საკითხიც, რომელიც, ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია პოემის სრულფასოვნად გაგებისთვის.

აქვე დავძენ, რომ როდესაც ამირან არაბულს ვესაუბრე ამ წერილში გამოთქმული მოსაზრების შესახებ და დავეკითხე სახელი დორას შესახებ, მან მირჩია ჩამეხედა ეთერ თათარაიძის წიგნში „დემონოლოგიური თქმულებები“. ამ წიგნიდან შევიტყვე, რომ თურმე მთაში არსებობდა თქმულებები დორაისხეველებზე. „დორაისხეველები თუშეთში ხიბალ-კუდიან არსებათა მთელ წყებას განაგებდნენ. ისინი ღვთიურ არსებებთან დაპირისპირებულნი იყვნენ. ეს არსებები აღწერით ციკლოპებს ჰგავდნენ შუბლზე ერთი საცრისოდენა წითელი თქანთქალა თვალით და გოლიათური აღნაგობით. მხრებს შავი ნაბადი უფარავდათ. დორაისხეველის გამოცხადების და ადამიანთათვის ჩვენების დრო ხიბალ-კუდიანთა არევის ჟამს ემთხვეოდა. ხსენებული კუთხის მკვიდრთა რწმენით, სწორედ დორაისხეველია ეშმაკების და ქაჯების საქმეთა გამნაწილებელი, მათთვის ბედ-ყისმათის მწერალი და მათი უფალი. ამ დემონური პერსონაჟის დავალებას თითქმის უსიტყვოდ ემორჩილებიან მისი ტომის ქალ-კაცნი“. ცხადია, ამ ინფორმაციის გათვალისწინების შემდეგ მე-19 საუკუნის ჟურნალში დაფიქსირებული ლეგენდა კიდევ უფრო საინტერესო ხდება. დორა ალბათ დორაისხეველის ტომის ქალია და ის უსიტყვოდ ემორჩილება დემონის დავალებას, მონადირედ გადაცმულმა აცთუნოს განდეგილი.

შენიშვნა: თეოდიციის საკითხით დაინტერესებულ მკითხველს კი ვურჩევ, გაეცნოს დავით თინიკაშვილის სტატიას, რომლის ელექტრონული ვერსიაც ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი