პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ემოციური ინტელექტი – მისი როლი და მნიშვნელობა ბავშვის განვითარებაში

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს მშობელი, რომელსაც სურვილი არა აქვს და არ ცდილობს, რომ აღზარდოს საკუთარი შვილი ჰარმონიულ, წარმატებულ ადამიანად, ისეთად, რომელიც შეძლებს საკუთარი პოტენციური შესაძლებლობების სრულად გამოვლენას და რეალიზებულ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

რა ცოდნა და გამოცდილება უნდა მივცეთ ბავშვს იმისათვის, რომ დავეხმაროთ მას მოემზადოს იმ სამყაროში ცხოვრებისთვის, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო რთული ხდება. როგორც წესი, მშობელთა უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ  წარმატების მისაღწევად მის შვილს კარგი განათლება ესაჭიროება, მან რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეს, მეტი წიგნი უნდა ჰქონდეს წაკითხული, დიდი ინფორმაციის მატარებელი და თავისი ინტელექტუალური განვითარებით მაღალ დონეზე მდგომი უნდა იყოს. აღნიშნული მიზნების მისაღწევად მშობლები ძალას, ენერგიას და მცდელობას არ იშურებენ – არჩევენ საუკეთესო სკოლას, საუკეთესო პედაგოგებს, დამატებითი მეცადინეობებითაც საკმაოდ ტვირთავენ შვილს. თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მომავალი წარმატებისთვის საჭიროა ბავშვის არა მხოლოდ კოგნიტურ, ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვა, არამედ ასევე, და შეიძლება უფრო მეტადაც მისი სოციალური და ემოციური განვითარების საკითხებით დაინტერესებაც. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გონებრივი განვითარების, არამედ ემოციური განვითარების კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებელი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, და ვფიქრობ, ამაში არაფერია გასაკვირი, რომ ადამიანის წარმატებულობა ჩვენს ეპოქაში უფრო მეტად არის დამოკიდებული ემოციური განვითარების კოეფიციენტზე, ვიდრე გონებრივი განვითარების კოეფიციენტზე. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი ემოციების რეგულირება, არა აქვს როგორც საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების  ემოციების გაგების უნარი, გარშემომყოფთა რეაქციების სწორად შეფასების უნარი, შეუძლებელია ცხოვრებაში წარმატებული იყოს. საკუთარი და სხვა ადამიანის გრძნობების და ემოციების გაგების უნარზე პასუხისმგებელია ემოციური ინტელექტი.

ზოგადი განმარტებით, ემოციური ინტელექტი ეს არის საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების გაგების და მართვის უნარი. ვფიქრობ, ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ ემოციური ინტელექტი 21-ე საუკუნის ადამიანის მთავარი უნარია, ამიტომ, მის განვითარებაზე ზრუნვა ბავშვში აუცილებელია უკვე საკმაოდ ადრეული ასაკიდანვე. პროფესიები ჩნდება და ქრება, ბევრი უნარ-ჩვევა დროთა განმავლობაში უსარგებლო ხდება, მაგრამ ისეთ ადამიანად ყოფნა, რომელიც კარგად ერკვევა, როგორც საკუთარ, ასევე სხვების გრძნობებში, ემოციებში, ყოველთვის აქტუალური იქნება. თანამოსაუბრის თანაგანცდის, მისი ქცევის მოტივების გაგების, მასთან შეთანხმების და გადაწყვეტილების მიღების უნარი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. წარმატებული კარიერისთვის დღეს საკმარისი არ არის მაღალი ინტელექტის ქონა და ექსპერტობა საკუთარ სფეროში. აუცილებელია რაღაც უფრო მეტი, რაც დაკავშირებულია ადამიანის გრძნობებთან, ემოციებთან და რაც „ემოციური ინტელექტის“ სახელს ატარებს.

ემოციური ინტელექტის ძირითადი კომპონენტები:

  • თვითცნობიერება – ადამიანის უნარი სწორად გაიგოს საკუთარი ემოციები, შეაფასოს საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, განსაზღვროს მიზნები და ცხოვრებისეული ღირებულებები;
  • თვითრეგულაცია – საკუთარი ემოციების კონტროლის და იმპულსების შეკავების უნარი;
  • მოტივაცია – მიზნისკენ სწრაფვის უნარი მისი მიღწევის თავად ფაქტის გამო;
  • ემპათია – იმ ემოციების გაგების უნარი, რომლებსაც განიცდიან გარშემომყოფები, ასევე გადაწყვეტილების მიღებისას სხვა ადამიანების გრძნობების გათვალისწინების და მათი თანაგანცდის უნარი;
  • სოციალური უნარ-ჩვევები – ადამიანებთან ურთიერთობის და მათი ქცევის სასურველი მიმართულებით წარმართვის უნარი.

ემოციური ინტელექტი გვეხმარება განვსაზღვროთ, გავიგოთ, გამოვიყენოთ და ვმართოთ ჩვენი საკუთარი ემოციები სოციალურად მისაღები ფორმით, გარშემომყოფებთან დავამყაროთ ეფექტიანი კომუნიკაცია, პოზიტიური და ემოციურად ჯანსაღი ურთიერთობა, ადვილად გადავწყვიტოთ პრობლემები, თავიდან ავიცილოთ სტრესი და გამოვავლინოთ ემპათია სხვა ადამიანების მიმართ.

ადამიანი, რომელსაც არა აქვს საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების და გრძნობების შეცნობის, გაგების უნარი, ცხოვრებაში დახუჭული თვალებით დადის. ადამიანი მიზანს მხოლოდ მაშინ აღწევს, როცა ნათლად ხედავს, თუ საით უნდა წავიდეს და ესმის რა ხდება მის გარშემო. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვებში ემოციური ინტელექტის აღზრდა. ემოციები ეს ისეთი რამ არის, რაც ადამიანებს ერთმანეთთან გვაკავშირებს. ბავშვის სოციალურ და ემოციურ აღზრდაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ჯანსაღი კვებით უზრუნველყოფა. კარგად განვითარებული  ემოციური ინტელექტი მშობლებს ბავშვის აღზრდას უადვილებს. კარგი აღზრდა დამოკიდებულია პოზიტიურ და ეფექტიან ურთიერთობებზე, ემოციები კი მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ბავშვი საკუთარი ემოციების მართვით არის დაკავებული, ნაკლები ქცევითი პრობლემები აქვს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარებაზე უკვე ადრეული ასაკიდან ვიზრუნოთ.

რეკომენდაციები ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარების ხელშესაწყობად:

  • ვაღიაროთ ბავშვის გრძნობები, ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ გვესმის მისი, გვესმის, რომ ის დაბნეული, ნაწყენი და ნაღვლიანია. ნუ განვიკითხავთ ბავშვის ემოციებს, გრძნობებს, უბრალოდ შევიცნოთ, გავახმოვანოთ და ვაღიაროთ ისინი. ხადახან ეს არის მთელი დახმარება, რომელიც აუცილებელია ბავშვისთვის საკუთარ ემოციებთან გასამკლავებლად. ეს მას ასევე ასწავლის მსგავსი ემოციების და გრძნობების შეცნობას, როდესაც ისინი კვლავ შეხვდება;
  • მივაწოდოთ ბავშვს ცალკეული ემოციების განმარტებები, ვუკარნახოთ სიტყვები, რომლებიც მას გრძნობების გარკვეულ სახელწოდებებთან დაკავშირებაში დაეხმარება. დავიწყოთ ისეთი მარტივი და ბავშვისთვის გასაგები გრძნობებით, როგორიცაა: სიხარული, სიბრაზე, ბედნიერება, წყენა და ა.შ. ბავშვის გაზრდასთან ერთად გადავიდეთ უფრო რთულ გრძნობებზე, მაგ. იმედგაცრუება, ფრუსტრაცია და ა.შ.;
  • ნუ დავტოვებთ ბავშვს საკუთარ გრძნობებთან მარტო. მძიმე ემოციური განცდებით შეპყრობილი ბავშვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშობლების გვერდით ყოფნას, თანაგრძნობას და თანაგანცდას მათი მხრიდან;
  • მხატვრული ლიტერატურის ერთობლივი კითხვით და ცალკეული ლიტერატურული პერსონაჟების გრძნობებზე და ემოციებზე საუბრით ჩვენ ასევე შევუწყობთ ხელს ბავშვში ემოციური ინტელექტის განვითარებას;
  • როლური თამაშები ემოციური ინტელექტის განვითარების კარგი საშუალებაა. როდესაც ბავშვს უჭირს საკუთარ გრძნობებთან და ემოციებთან გამკლავება, სასურველია ის როლურ თამაშებში ჩავრთოთ. ეს მას დიდ დახმარებას გაუწევს და ემოციურ განვითარებაშიც დაეხმარება;
  • შემოქმედებითი განვითარება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავება ასევე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება ბავშვში ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის;
  • ვიზრუნოთ ბავშვებში ემპათიის, თანაგანცდის უნარის განვითარებაზე. ცხოველებთან ურთიერთობა ემპათიის განვითარების საუკეთესო ხერხს წარმოადგენს. ბავშვებში არსებობს ბუნებრივი სიყვარული ცხოველების მიმართ, ისინი მათ ხშირად ადამიანურ თვისებებს მიაწერენ. შინაური ცხოველი შესაძლებლობას აძლევს ბავშვს დაუკვირდეს ქცევას, რომელსაც ის იყენებს თავისი მოთხოვნილებების გამოსახატად. ეს შესანიშნავი ხერხია ბავშვებისთვის ისწავლონ არავერბალური ურთიერთობების სიგნალებზე დაკვირვება და მათი გაგება;
  • გავითვალისწინოთ, რომ ემოციური ინტელექტის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ისეთი პიროვნული თვისებების განვითარება, როგორიცაა ემოციური მდგრადობა, დადებითი დამოკიდებულება საკუთარ თავთან და ემპათია. ამდენად ბავშვში ამ თვისებების განვითარებით შეიძლება ავამაღლოთ მისი ემოციური ინტელექტის დონე;
  • დავეხმაროთ ბავშვს შეიცნოს, გაანალიზოს თავისი გრძნობა, ემოცია. კი არ ჩაახშოს, ან უარყოს, არამედ შეიგრძნოს ის, მიხვდეს რატომ განიცდის ამ გრძნობას და ისწავლოს მისი გამოხატვა.

     დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ემოციური ინტელექტის განვითარების მაღალი დონე საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ფსიქოლოგიური პრობლემები მომავალში. ამასთან, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ განვითარებული ემოციური ინტელექტი პირადი კეთილდღეობისა და წარმატების წინაპირობაა. ამდენად, სასურველია, რომ დღეს ნებისმიერი მშობელი ზრუნავდეს აღზარდოს არა მხოლოდ ჯანმრთელი და განათლებული ბავშვი, არამედ ემოციურად განვითარებულიც, ანუ ბედნიერი და პოტენციურად წარმატებული მომავალში.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი