შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

დიალოგის პრობლემა “მამებსა“ და „შვილებს“ შორის

რამდენიმე კვირის წინ ავტობუსით მგზავრობისას საინტერესო და საყურადღებო სცენის მოწმე და უნებლიე მონაწილეც გავხდი.  „რას ჰგავს, რა აცვია, ამ ბავშვს პატრონი არ ჰყავს?“,  – აღშფოთებას ვერ მალავდა ჩემს გვერდით მჯდომი ხანდაზმული ქალბატონი იქვე, შორიახლოს მდგომი, „დახეული ჯინსის“ შარვალში გამოწყობილი გოგონას ჩაცმულობის გამო. მე შეწუხებულმა გავხედე მოჩხუბარ ქალბატონს, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობდა და მგზავრების ყურადღებას იპყრობდა. როგორც ჩანს, ჩემს მზერაში მან რაღაც ისეთი დაიჭირა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა და მთელი თავისი აგრესია ამჯერად ჩემკენ მომართა. „რას მიყურებთ, ძალიან მოგწონთ ეს „დაფლეთილი“ შარვალი? სულ ჩვენი ბრალია ყველაფერი, ზედმეტ თავისუფლებას ვანიჭებთ ბავშვებს“! – არ ცხრებოდა გოგონას ჩაცმულობით გაღიზიანებული ქალბატონი. „თუკი მას თავად მოსწონს ასეთი ტანსაცმელი, ჩაიცვას, რა დაშავდება ამით?“, – მორიდებით და დიდი სიფრთხილით  შევეცადე ქალბატონის დამშვიდებას. „როგორ თუ რა დაშავდება, ჩაცმის კულტურას კარგავს ახალგაზრდობა!“, – თავის პოზიციას კვლავ მტკიცედ იცავდა ახალგაზრდობაზე განაწყენებული ხანდაზმული ქალბატონი. „თქვენს ახალგაზრდობაში უფროსი თაობა თუ იწონებდა ახალგაზრდების ჩაცმულობას?“, – ახლა უკვე მე აღარ ვეშვებოდი აფორიაქებულ „მეზობელს“. ქალბატონი ცოტა ხნით გაჩუმდა, სახეზე ღიმილმა „გადაუარა“, როგორც ჩანს, ფიქრებით შორეულ წარსულში, თავის ახალგაზრდობაში „გადავარდა“. „იცით, პირველად შარვალი რომ ჩავიცვი, მამაჩემმა კინაღამ სახლიდან გამაგდო, მოკლე კაბა კი ნაკუწებად მიქცია, თან მეჩხუბებოდა, შენ ჩემი შერცხვენა გინდაო“, – ახალგაზრდობის გახსენებამ ცოტა გაახალისა და მორიდებით გამანდო თავისი „საიდუმლო“. შემდეგ კვლავ ფიქრებში „ჩაიძირა“ და ავტობუსიდან ისე ჩავიდა ხმა აღარ ამოუღია. ჩასვლისას ერთხელ კიდევ გადახედა გოგონას, რომლის ჩაცმულობამაც მისი ასეთი უკმაყოფილება გამოიწვია, ხელი ჩაიქნია და უსიტყვოდ დაგვცილდა.

თაობათა შორის ურთიერთობის პრობლემა არსებობდა ყოველთვის, რაც არსებობს კაცობრიობა. დიალოგის პრობლემა „მამებსა“ და „შვილებს“ შორის ყოველთვის აქტუალური იყო და დღესაც არ კარგავს თავის აქტუალურობას.

თაობათა შორის კონფლიქტების ძირითადი მიზეზები:

  • თითოეული თაობა ცხოვრობს გარკვეულ დროში, გარკვეულ ეპოქაში, საზოგადოების განვითარების გარკვეულ პერიოდში და ყოველ მათგანს აქვს პრინციპებისა და ღირებულებების საკუთარი სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და მზად არის დაიცვას ის, განურჩევლად იმისა მოსაწონი და მისაღებია თუ არა ეს ღირებულებები, ფასეულობები და პრინციპები უფროსი თაობისთვის;
  • ახალგაზრდა თაობის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა და უფროსების შიში, რომ ხელიდან არ გაუშვან მოზარდის ქცევის მართვის სადავეები. იღებენ რა საკუთარი მშობლებისა და ოჯახის სხვა უფროსი წევრებისაგან ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მოზარდები ამავდროულად მიისწრაფიან განთავისუფლდნენ უფროსების ზეწოლისაგან, უარყონ ყველაფერი, რასაც ისინი სთავაზობენ და საკუთარი ცხოვრება მოაწყონ სხვაგვარად, ისე, როგორც მათ სურთ. ახალგაზრდა ადამიანები, როგორც წესი, საკუთარ თავს საკმარისად დიდებად თვლიან იმისათვის, რომ საკუთარი პრობლემები დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, მაგრამ მშობლებისათვის შვილები ყოველთვის პატარა, გამოუცდელ ბავშვებად რჩებიან, რომლებიც, მათი აზრით, მუდმივად საჭიროებენ ზრუნვასა და საზოგადოების უარყოფითი გავლენისაგან დაცვას. ეს, ბუნებრივია, სერიოზულ კონფლიქტებს ბადებს თაობათა შორის, რამდენადაც ახალგაზრდებს სურვილი აქვთ, რომ დამოუკიდებლად, თავად გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები და პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღონ;
  • ცხოვრების განსხვავებული რიტმი – თანამედროვე სკოლამდელს, რომ აღარაფერი ვთქვათ უფროსკლასელსა და სტუდენტზე, ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია იმდენი შთაბეჭდილების მიღება და იმდენი რამის განცდა, რასაც მათი მშობლები თავის ბავშვობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ მოახერხებდნენ. ისინი ამ რიტმით ცხოვრობენ, მათი ცხოვრება უფრო მეტად არის სავსე და დატვირთული ინფორმაციით. თანამედროვე ბავშვების ყოფა სხვანაირად არის ორგანიზებული, მათ გაცილებით უფრო უჭირთ ლოდინი, ვიდრე უფროს თაობას;
  • თანამედროვე ბავშვები ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან. ისინი ცხოვრობენ შეცვლილი ღირებულებებისა და ნორმების სამყაროში, რაც მათ ქცევაზეც აისახება და რაც ასევე უფროსების სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი ხდება;
  • ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში. დღევანდელ ბავშვს გაცილებით მეტი ცოდნა და მეტი უნარ-ჩვევების დაუფლება ესაჭიროება, ვიდრე ოცდაათი წლის წინანდელ ბავშვს. სამყარო იცვლება ყოველდღიურად, უფროსების შეხედულებები კი ხშირად კონსერვატული რჩება, რაც გავლენას ახდენს თაობათა შორის ურთიერთობაზე და ურთიერთგაგებაზე.

     რეკომენდაციები თაობათა შორის დაძაბულობის შესასუსტებლად:

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ თაობათა შორის ურთიერთობები არასოდეს და არსად არ არის სწორხაზოვანი. ამასთან, მართალია ის უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს, მაგრამ დაძაბულობის შესუსტება მაინც შეიძლება;
  • ნუ დავივიწყებთ, რომ დღეს ბავშვს სხვა გარემოში უწევს ცხოვრება, არსებობა და მისი ქცევა ხშირად სწორედ ამ გარემოდან წამოსული მოთხოვნებით არის ნაკარნახევი. არ იქნება გამართლებული დღევანდელი ბავშვი 30-40 წლის წინანდელ ბავშვს შევადაროთ და იგივე მოთხოვნები წავუყენოთ, რასაც იმ პერიოდში უყენებდნენ. დღეს ხშირად ვსაყვედურობთ ახალგაზრდებს, რომ ისინი ზედმეტად არიან გატაცებული კომპიუტერული ტექნიკით და წიგნი საერთოდ დაივიწყეს. საინტერესოა, ჩვენს ბავშვობაში საინფორმაციო ტექნოლოგიები რომ ასე განვითარებული ყოფილიყო, როგორც დღეს არის, შევძლებდით გაგვეძლო ცდუნებისთვის, რომ კომპიუტერისკენ არ გაგვეხედა? თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ საზოგადოებაში ზრდასრული ადამიანები ხშირად ახალგაზრდებზე მეტადაც კი არიან  გატაცებული სხვადასხვა სახის კომპიუტერული თამაშებით, ვფიქრობ, თავის ბავშვობაში ისინი კომპიუტერისგან განზე გადგომას ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ;
  • შევეცადოთ, გავათავისუფლოთ ახალგაზრდა ზედმეტი მეურვეობისაგან და მივცეთ მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება. რა თქმა უნდა, მან შეიძლება მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, შეცდომაც დაუშვას, მაგრამ, გავითვალისწინოთ, რომ დიდწილად სწორედ შეცდომების წყალობით იძენს ახალგაზრდა ცხოვრებისეულ გამოცდილებას;
  • შევეცადოთ გამოვიჩინოთ სიფრთხილე ახალგაზრდებთან ურთიერთობისას და მათთან საუბრისას. მოვერიდოთ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: „სულ სხვანაირი ახალგაზრდობა მოდის, არაფრის გაკეთება არ უნდათ, არაფერი აინტერესებთ“, „დღევანდელი ახალგაზრდობა ისეთი განათლებული და წიგნიერი არ არის, როგორც ჩვენ ვიყავით“. ასეთი ფრაზები და შეფასებები მხოლოდ გაამწვავებს და დაძაბავს ურთიერთობას;
  • გვახსოვდეს, რომ მართალია, ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი მშობლები და ახლობლები, მაგრამ მათ აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი გზა, გადაწყვიტონ ამოცანები, პრობლემები თავიანთი მეთოდებით და იცხოვრონ საკუთარი ინტერესებითა და მისწრაფებებით, მაშინაც კი, თუ ისინი უფროსებისთვის მიუღებელია.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი დაბერებას მაშინ იწყებს, როცა ახალგაზრდა თაობას საყვედურობს, ლანძღავს და მის მოქმედებას, ინტერესებს, ღირებულებებს და ფასეულობებს იწუნებს. შევეცადოთ გავუგოთ ახალგაზრდებს და ეს ჩვენთვის ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნების სერიოზული გარანტია იქნება.

 

ქეთევან ოსიაშვილი

18.10.2019.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი