პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

 რჩევები მშობლებს

 არ დავსაჯოთ ბავშვი, გამოვიჩინოთ მოთმინება. ეს ყველაზე დიდი სიკეთეა, რაც შეიძლება მშობელმა შვილისთვის გაიღოს.

 – ავუხსნათ – აუხსენით ბავშვს, რატომაა მისი ქმედება არასწორი, მაგრამ ნუ იქნებით სიტყვაუხვი.

გადავიტანოთ ყურადღება – შეეცადეთ შესთავაზოთ რაღაც უფრო საინტერესო;

არ ავჩქარდეთ – ნუ იჩქარებთ დასჯას,  დაიცადეთ, სანამ ამ ქმედებას კვლავ გაიმეორებს;

დასაჩუქროთ ბავშვი – ბოლოს და ბოლოს, ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე დასჯა.

.  დასჯის სახედ ბავშვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამოყენებით თქვენ იმას აღწევთ, რომ მას თქვენი ეშინოდეს.

.  ბავშვთან საკუთარი ხასიათის ცუდი თვისებების გამოვლენით მას ცუდ მაგალითს აძლევთ.

.  ბავშვის ფიზიკური მეთოდებით დასჯა ყველაზე ნაკლებ ჭკუა-გონებას მოითხოვს მშობლისგან, ვიდრე სხვა მეთოდები.

.  ფიზიკური დასჯა მხოლოდ გაამყარებს და არა აღმოფხვრის ბავშვის არასასურველ ქცევას.

.  თუ ბავშვს ცხელ გულზე წამოარტყამთ, ეს ნიშნავს, რომ  უფრო გიჭირთ თქვენი ემოციების მართვა.

.  დისციპლინის ჩვევის გამომუშავებისთვის აუცილებელია – შეცვალოთ არა მხოლოდ ბავშვის ქცევა, არამედ მისი სურვილები.

.  ხშირად დასჯა კი არ ასწორებს ქცევას, არამედ სახეს უცვლის მას.

.  დასჯა აიძულებს ბავშვს, ეშინოდეს დაკარგოს მშობლის სიყვარული. ის გარიყულად გრძნობს თავს და იწყებს და-ძმაზე ეჭვიანობას, ზოგჯერ კი მშობლების მიმართაც იმავეს ავლენს.

.  დასჯილ ბავშვს შესაძლოა, მტრული განწყობა დაეუფლოს მშობლების მიმართ.  როგორც კი მასში ორი გრძნობა – სიყვარული და სიძულვილი გაერთიანდება, კონფლიქტი ადვილად წარმოიშობა.

.  ხშირი დასჯა ხელს უწყობს ინფანტილიზმს.

.  დასჯა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ბავშვმა ნებისმიერი მეთოდით ხშირად მიიქციოს მშობლის ყურადღებას.

რეკომენდაციები მშობლებს გაკვეთილების მომზადების დროს

დიდი მნიშვნელობა აქვს გაკვეთილების მომზადებისთვის მტკიცედ დადგენილ დროს.

გაკვეთილების მომზადების დროის დასადგენად უნდა გაითვალისწინოთ ბევრი ფაქტორი: გაკვეთილების მომზადებაზე განკუთვნილი დროის შეფარდება გასეირნებასთან. საშინაო საქმეებთან, დასვენებასთან,  რათა ერთი მეორის ხარჯზე არ მოხდეს.

საჭიროა ბავშვს ჰქონდეს სამეცადინო ადგილი, სადაც სასწავლო საჭიროებები ერთად იქნება თავმოყრილი.  ასე ყალიბდება შინაგანი მობილიზირების უნარი, სამეცადინო ადგილი უნდა იყოს მხოლოდ სამეცადინო მიზნებისთვის გამოყენებული და არა სათამაშოდ, გასართობად, სხვა წიგნების წასაკითხად თუ დასათვალიერებლად. თუ არაა შესაძლებელი მუდმივი ადგილის გამოყოფა,  ეს ადგილი აუცილებლად უნდა გამოთავისუფლდეს მეცადინეობის დროს.

მნიშვნელოვანი წესი – დროულად დაიწყეთ მუშაობა. ნუ დააყოვნებთ სწავლის და.  ადამიანი, რომელიც დროულად იწყებს საქმიანობას,  მეტ ეფექტს აღწევს, სწავლა მხოლოდ მოვალეობის შესრულება კი არა, სასიამოვნო პროცესი ხდება.

აუცილებელია შესვენებების გაკეთება.  საჭიროა შევძლოთ  სასკოლო და საშინაო დღის რეჟიმის ისე გადანაწილება, რომ გადაიღალოს.

საშინაო დავალებების შესრულების ხანგრძლივობა უნდა იყოს პირველ კლასში ერთი საათი, უფროს კლასელებისთვის 4 – 5 საათამდე.

დაუშვებელია, რომ მოსწავლეს არ ჰქონდეს სხვა მოვალეობები, გარდა სწავლისა.  ადამიანი, რომელიც დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული, უფრო აფასებს დროს და სწავლობს მის დაგეგმარებას.

ბავშვმა სწორი რეჟიმის უნდა ისწავლოს თქვენი დისციპლინის, ბავშვის პატივისცემის, კეთილგანწყობის, ზომიერი  მომთხოვნელობის მაგალითზე.

რა უნდა ასწავლოთ ბავშვს აუცილებლად

საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა – საკუთარი თავის სიყვარული ფუნდამენტური ცნებაა.  სანამ ბავშვი საკუთარ სიცოცხლეს არ დააფასებს, თავის რეალიზებას ვერ მოახდენს.

მოქმედების ინტერპრეტაცია – ბავშვი ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში მოხვედრისას ზოგჯერ იბნევა.  თუ ის სწავლობს და იგებს ადამიანთა ქცევებს,  არასასიამოვნო სიტუაციაში ნაკლებად განაწყენდება.  მაგალითად, თუ მასწავლებელმა დაუყვირა, ბავშვი გაგებით მოეკიდება ამას, იფიქრებს, რომ მასაც ნერვები აქვს და დღეს გადაღლილია, კლასში კი ბევრი ცელქი მოსწავლეა, ვინც ხელს უშლის.

საკუთარი ქცევის ახსნა.  მას უნდა შეეძლოს ახსნას, როგორ იქცეოდა გაკვეთილზე, ცუდია ეს თუ კარგი, რატომ მოხდა ეს ამბავი და როგორ გრძნობს თავს ამ სიტუაციაში. ახსნის დროს ის უკეთ იგრძნობს, რას მოელიან მისგან, რას აკეთებს და რატომ ხდება ეს.

სიტყვებით ურთიერთობა – ბავშვი, რომელსაც საკუთარი ქმედების ახსნა შეუძლია, თავად ეხმარება სხვებს გაარკვიოს პრობლემების არსში და ამით უსიამოვნებების აცილებაში.  მაგალითად, მასწავლებელს მიაჩნია, რომ ის ჯიუტობს, გაკვეთილზე არ აქტიურობს და მთელი დღე არაფერს აკეთებს. მასწავლებელი ასე არ იფიქრებს, თუ ბავშვი შეძლებს ახსნას, რომ თავიდან შეშინდა, რადგან გაკვეთილზე არასდროს პირველი არ გაუძახიათ, შემდეგ კი განაწყენდა, რომ დაბალი ნიშანი დაუწერეს და მთელი დღე ისეთი ნაწყენი იყო, რომ ნასწავლი ლექსიც არ უპასუხა, რადგანაც ტირილი უნდოდა.

დაინახოს სხვაობა  აზრებსა და მოქმედებას შორის. ბავშვს არ შეუძლია ერთი რამე იგრძნოს, მეორე იფიქროს და მესამენაირად აკეთოს. მას ბავშვური, სუფთა კომუნიკაციური ჩვევები აქვს. თუ რამეს განიცდის, უნდა ასწავლოთ, რომ ილაპარაკოს საკუთარ განცდებსა და გრძნობებზე და არ გადაატანინოთ სხვა რამეზე ყურადღება. ამ დროს მისი სულიერი ტკივილი გაივლის და მისი ბავშვური შეგნება სასწავლო ან სხვა რაიმე დავალების შესრულებას აიძულებს. ამიტომ რეკომენდებულია, დავეხმაროთ ბავშვს, გამოთქვას თავისი ნეგატიური ემოციები მოთხრობით, ნახატით, თამაშითა თუ პანტომიმით. „დახატე, მაჩვენე, მომიყევი, რაც გაწუხებს, შემდეგ კი გაკვეთილი მოვამზადოთ“.

შეკითხვების დასმა.  ყველა ძალისხმევა უშედეგო იქნება, თუ რეაგირებას არ მოვახდენთ იმ კითხვებზე, რასაც ისინი გვისვამენ: „რატომ არ ვარდება ციდან მზე?“; „რატომ არ იხრჩობიან წყალში თევზები?“; „რატომ ბერდებიან ადამიანები?“.

თუ გვინდა, რომ მათი ცნობისმოყვარეობა წავახალისოთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხუთი წლისთვის ბავშვი სავსეა შეკითხვებით და იცის, რომ არსებობს მათზე პასუხის გაცემის გზები. ბავშვს უნდა ვასწავლოთ და დავანახოთ ეს გზები.

გავაგებინოთ, რომ რთულ კითხვებზე მარტივი პასუხები არ არსებობს.  ცხოვრებაში ყოველთვის შეეჯახება სერიოზულ კითხვებს, რაც სოციალურ და სამეცნიერო პასუხებს მოითხოვს.  არ უნდა უკიჟინოთ ყოველთვის, რომ ის ამისთვის პატარაა, ვერ მიხვდება, გაიზრდება – გაიგებს.  ფარდა უნდა გადაწიოთ და აჩვენოთ, რომ ყველა კითხვაზე შეუძლებელია ერთსახოვანი პასუხის გაცემა.  ამით ბავშვს განვუვითარებთ გლობალურ და არა მხოლოდ შავ-თეთრ აზროვნებას.

არ შეუშინდეს წარუმატებლობას. რაიმე რომ ისწავლოს, არ უნდა შეეშინდეს შეცდომებისა და წარუმატებლობის, უნდა ასწავლოთ შეცდომებზე სწავლა. მით უმეტეს, არ დაამციროთ და დააკომპლექსოთ.

უფროსების ნდობა. ეს ნდობა იკარგება, როდესაც თუნდაც თამაშისას ატყუებენ, მაგ: ჭამე ფაფა, დიდი გაიზრდები, დედა ყოველთვის მართალია; მამა ყველაზე ძლიერი და გაბედულია.

იფიქროს თვითონ.  საკუთარი უნიკალურობისა და არჩევანის შესაძლებლობის განცდა ადამიანის არსებობის სასიცოცხლო აუცილებლობაა. ამას ადვილად ასწავლით, თუ წაახალისებთ, გამოთქვას საკუთარი აზრი, არ შეეშინდეს, რომ დასცინებენ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს შეეძლოთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ამისთვის ნუ დავუცდით მათი სკოლის დამთავრებას.  ეს თვისებები პატარაობიდანვე უნდა გამოუმუშავდეთ.

იცოდეს, რომ ყველაფერში შეუძლია გვენდოს.  ხუთი წლისთვის ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ბევრ პრობლემას მარტო თავს ვერ გაართმევს. ვერ მოერევა უფროსი ბიჭების აგრესიულ გამოხტომებს და ბევრ სხვა შემთხვევას. უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ მშობელი მისი ნამდვილი მეგობარია, რომელიც რთულ მომენტებში დაეხმარება, რომელიც გაუგებს მას და მის უფლებებს დაიცავს.

 

 

 

                          

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი