პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სად არიან ის ძლიერი გოგონები ჩვენი ბავშვობიდან?

მეორე კლასში რომ ვიყავი, სკოლიდან სახლისკენ მიმავალს სამი შედარებით უფროსკლასელი ბოშა ბავშვი დამხვდა და „მასტიკის“ სქელ პარკში გახვეული საშლელების წართმევა დამიპირა. ახლანდელი მოზარდი ალბათ ვერც წარმოიდგენს, რატომ უნდა გადააკრა საშლელს მასტიკის პარკი ან ვინ რატომ უნდა სცადოს მისი წართმევა, მაგრამ მცირედად რომ გასაგები იყოს ეს ამბავი, ასეც შეიძლება აიხსნას: წარმოიდგინეთ, რომ მეორე კლასელი ბავშვი ხართ და „ბეიბლეიდი“ (ერთგვარი სათამაშო) უნდა წაგართვან უფროსკლასელებმა.

 

ჩემდა ბედად, გვერდით კლასელი გოგო მყავდა. სანამ მე ერთ-ერთ ბოშას ვეჯაჯგურებოდი, დანარჩენი ორი გემრიელად მიბეგვა და გამომძახა, მოხმარება გინდა, მოვიდეო.

 

ალბათ ყველა კლასში არიან გოგოები, ფეხბურთსაც რომ ბიჭებზე კარგად თამაშობენ, ხელის გადაწევაშიც ბადალი არ ჰყავთ, სირბილშიც ჯაბნიან ბიჭებს და ჩხუბიც უკეთ გამოსდით. არც შიში იციან და სწავლითაც ბევრად უკეთესად სწავლობენ. მე ასეთი უამრავი მოსწავლე მყოლია და ახლაც მყავს.

 

ჩემი კლასელი გოგო დირექტორის შვილი კი იყო, მაგრამ ეს დამხვდურებმა არ იცოდნენ, სხვა სკოლიდან იყვნენ და გულწრფელად უნდა ითქვას, მოერია.

 

სკოლებში და შემდგომ უმაღლეს სასწავლებლებში, აკადემიურ მოსწრებას თუ გადავხედავთ, სტატისტიკა, ანუ ცარიელი, მშრალი ციფრებიც კი ნამდვილად გოგოების მხარეს იქნება. გაცილებით მეტს და გაცილებით მეტხანს, სწორედ ისინი მეცადინეობენ. არიან თამამები, გაბედულები, ცოტათი თავხედებიც კი, მაგრამ არიან, ჩანან და მათი ხმა მუდმივად ისმის და ისინი მუდმივად ჩანან.

 

გადის წლები და ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს გაბედული, ჭკვიანი და მამაცი გოგოები სადღაც იკარგებიან, სადღაც უჩინარდებიან და ქრებიან, როგორც ჩრდილები ჩაბნელებულ გზაზე. მათ ადგილას კი „დამსახურებულად“ კაცები აღმოჩნდებიან ხოლმე. ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანი, მხოლოდ იმიტომ რომ ქალია, უცბად კარგავს ანალიტიკურ უნარს, პიროვნულ თვისებებს, ცოდნას, შემართებას, უნარებს და მესამეხარისხოვან სამსახურს (თუ ასეთი გამოჩნდა) თანხმდება. იცვლება მათი ტანსაცმელიც, ფერად თმისსამაგრებს და ფერად მძივებს კი თხელი ძეწკვი და თმის შავი ან ყავისფერი სარჭი ცვლის.

 

ბევრჯერ მიფიქრია, რომ ჩვენი საზოგადოების განვითარება ანომალიური იქნება მანამ, სანამ პიროვნული უნარ-ჩვევები გენდერულ ჩარჩოებში მოექცევა. მსმენია, როგორ იმართლებენ ხოლმე ქალები თავს, შვილები და ოჯახი გვბოჭავს და განვითარებაში გვიშლის ხელსო. მგონია, რომ ეს თვითდაპროგრამება სწორედ როლური თამაშობების შედეგია და აუცილებელია ამ როლურ თამაშობებს თავი რამენაირად დავაღწიოთ.

 

რანაირად შეიძლება გავცდეთ სადღეგრძელოებს, ლექსებს ქალებზე, გაუცნობიერებლად წამოსროლილ „ლეკვი ლომისა სწორიებს“ და „დედა“ ფუძიანი სიტყვების გაუთავებელ ჩამოთვლებს ისე, რომ არა მხოლოდ ბიჭებმა, გოგოებმაც დაიჯერონ, თანამედროვე ცივილურ საზოგადოებაში პიროვნული უნარ-ჩვევები მხოლოდ გენდერულად კი არა, აბსოლუტურად სხვა „ბარომეტრით“ იზომება?!

 

მგონია, რომ ამისათვის სკოლებმა ყოველკვირეული სემინარები ახალ მოდულად უნდა დანერგონ. სწორედ სკოლიდან უნდა ისწავლონ ბავშვებმა, რომ ქსოვა გენდერთან კი არაა კავშირში, ინტერესის სფეროა და მეტიც, მე-17 საუკუნემდე სწორედ რომ კაცის საქმედ მიიჩნეოდა ევროპაში და საქართველოშიც; ბავშვებს უნდა ასწავლონ, რომ საერთო სუფრის მერე ჭურჭლის გარეცხვა ქალის ვალდებულება არაა და რომ „ოჯახის თავი“, ანუ მენეჯერი კაცი კი არა, არამედ ის არის, ვისაც ამის ენერგია და უნარი მეტად აქვს განვითარებული.

 

უმეტესი თვისება ჩვევითი მოცემულობაა. თანდაყოლილად თითქმის არავინაა მორცხვი, გაუბედავი, თავხედი, დამთმობი ან მამაცი. ყოველი თვისება გარკვეული გარემოებისა და პიროვნული თვისებების ჰარმონიული შერწმის შედეგად ყალიბდება. მართალია, ბავშვს მცირე ასაკიდან ემჩნევა ხოლმე ხასიათის შტრიხები, მაგრამ მაინც, ნებისმიერი თვისება სწავლადია. ამას ემატება და ამძაფრებს საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპული აზროვნება, „რა შეიძლება ქალისთვის“ და „რა არ შეიძლება კაცისთვის“.

 

როლური თამაშების მსგავსი გადანაწილება ადამიანის განვითარების გარკვეულ ეტაპზე სრულ დისონანსში მოდის მასში კოდირებულ და შემდგომ აღზრდის შედეგად მიღებულ ცოდნასა და თვისებებთან. მაგალითად, თუ პროფესიონალი მოჭიდავე (თუნდაც საოპერო მომღერლისგან განსხვავებით) თვლის, რომ მისი ქალიშვილიც შეიძლება გახდეს ძალისმიერი სპორტის წარმომადგენელი, მაგალითად, ბერძნულ-რომაული სტილში, იგივე კაცი (თითქმის) ვერასდროს შეეგუება აზრს, რომ მისმა ვაჟმა შეიძლება ბალერონობა, ან ტანსაცმლის დიზაინერობა მოინდომოს.

 

რაშია პრობლემა? იქნებ შვილების მომავლის განსაზღვრაში მთავარი წინაღობა ჩვენ, მშობლები ვართ და არა თავად ისინი, როდესაც გვინდა ხოლმე მათ, ან გარემოებებს დავაბრალოთ ის, რომ ჩვენი შვილები, განსაკუთრებით კი გოგონები, უკვალოდ იკარგებიან?!

 

ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე კლასელი და კურსელი გოგო და ბიჭი შემხვდა. ისინი ზრდასრული ქალები და კაცები არიან, ჰყავთ ოჯახები, მუშაობენ და ცხოვრობენ ისე, როგორც ვცხოვრობთ ყველა. როდესაც ვეკითხები, რას საქმიანობენ, სად არიან, ვხვდები, რომ გოგონები, ვინც ყველაზე კარგად სწავლობდნენ, ყველაზე შრომისმოყვარეები იყვნენ, ყველაზე გამბედავები იყვნენ, მხოლოდ დაქვემდებარებულ, დაქირავებულ პოზიციებზე მუშაობენ, ბიჭები კი, ვინც ჩემნაირად ზარმაცობდნენ, დაბალი შეფასება ჰქონდათ, ცხოვრებისა და განვითარების ინტერესიც ნაკლებად ემჩნეოდათ, გაცილებით ხშირად ხვდებიან ხოლმე მმართველ რგოლში. მიფიქრია, რადგან ცხოვრება მუდმივი დინამიკაა, იქნებ კაცებმა მეტად მოინდომეს, მეტად გაბედეს და ამიტომ?! მაგრამ პასუხი სხვაა, – საქართველოში, ისევე როგორც მისგან ათიათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე ჰონდურასსა და კოლუმბიაში, ქალი მაინც თაროზე შემოსადები ნივთია, ნივთი კი ვერ გიკარნახებს წესებს, ვერ იქნება შენი უფროსი, ვერ იქნება დამოუკიდებელი, რადგან ფაიფურის ან თიხის თოჯინაა, ან სულაც ვუდუსი, რომელსაც ნემსებს იმდენი ხანი ურჭობ სხეულის ყველა წერტილში, სანამ არ მოგბეზრდება და ცეცხლში არ შეაგდებ დასაწვავად.

 

და მართლაც, სად არიან ეს ჭკვიანი, მამაცი, ძლიერი ქალები, თავის დროზე თმას ფერადი სარჭებით რომ იმაგრებდნენ?! ვინ უშლის მათ დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ცხოვრებაში – საკუთარი გაუბედაობა ხომ არა პატრიარქალური საზოგადოების წინაშე?! ან იქნებ ის საზოგადოება, რომელიც თიხის და ფაიფურის თოჯინებს მხოლოდ საკოლექციოდ აგროვებს, გაბზარულს კი ნაგავში ისვრის?!

 

ნეტავ სად არის ახლა ის ჩემი კლასელი გოგონა, ნუთუ მასზეც ძალადობს ქმარი?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი