შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

არც ერთი ვამპირი არ გაგვეკარება…

ქიმია განყენებული მეცნიერება რომ არ არის, ამაზე ყველა თანხმდება. ვერც იქნება, რადგან ფიზიკა-მათემატიკასა და ბიოლოგიასთან პირდაპირ არის წილნაყარი. ჩემი წერილებით ვცდილობ, ისიც გაჩვენოთ, რომ მისი დაკავშირება ნებისმიერ სფეროსთან შეიძლება. მთავარი ფანტაზია და მონდომება გახლავთ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქიმიით გაჯერებულია ჩვენი ცხოვრება. დიახ, ჩვენ ქიმიის გარემოცვაში ვცხოვრობთ. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს, ან სულაც არ იცის. ქიმიის გარემოცვაში ცხოვრება დაბინძურებულ გარემოში ყოფნაზე ყურადღების გამახვილებას  არ ნიშნავს. (ისე, არც უამისობაა). ეს ნიშნავს, რომ ყველაზე სუფთა საკვებიც კი ქიმიური ნაერთებისგან შედგება. სწორედ ამიტომ, ჩემს წერილებში შიგადაშიგ საკვების ქიმიასაც გამოვურევ ხოლმე და დღეს სწორედ ნიორზე უნდა დავწერო.

ადრე ნიორზე ალბათ ვამპირები ახსენდებოდათ. თანამედროვე დროში კი ღორის, ქათმის და ათასი ჯურის გრიპი წამოტივტივდება მეხსიერებაში. ორივე შემთხვევაში ნიორს საშველად უხმობდნენ. ვამპირებისგან დასაცავად კისერზე ჩამოკონწიალებული უნდა გეტარებინა და ვერავინ მოგეკარებოდა. გრიპის შემთხვევაში საგულდაგულოდ უნდა ღეჭო და ხალხი ნამდვილად ახლოსაც ვერ გაგეკარება, ვირუსების რა გითხრათ.

პირველი ვამპირი ჩვეულებრივი ადამიანი, სახელად ამბროჯო ყოფილა. სახელზეც ეტყობა, იტალიელი იყო. მოგზაური, ფათერაკების მაძიებელი გახლდათ. ერთ დღეს  ბერძნულ ქალაქ დელფიში ჩასულა. ხიფათიანი იყო ეტყობა ეს კაცი, თორემ რაღა მაინცდამაინც მზის ღვთაება აპოლონს გადაეყრებოდა. ახირებია აპოლონი რაღაცაზე და დაუწყევლია, მზის სხივის შეხებისას კანი დაგეწვასო. თითქოს ეს  წყველა არ ეყოფოდა,  ამბროჯომ სული მიწისქვეშა ღვთაებას დაუტოვა და სავარაუდოდ, უგუნებოდ უკან გამოტრიალებულს, მთვარის ღვთაება არტემიდესთან კინკლაობაც მოუვიდა. იმანაც დაუმატა, ვერცხლის და ნივრის  შეხებისას კანი დაგეფერფლოსო. მოგვიანებით, იმავე არტემიდას ეტყობა შეებრალა და  უკვდავი სიცოცხლე უბოძა, თუმცა სხვა ყველა წყევლა ძალაში დარჩა. აჩუქა ასევე სისწრაფე და ძალა… სისხლის სმაც მანვე დაავალა. მოგვიანებით ეს ახლად გამომცხვარი ვამპირი ამბროჯო ფლორენციაში დაბრუნდა და იქ ვამპირების მთელი კლანი შექმნა.

ასეთია ერთ-ერთი ლეგენდა. თუმცა, ვამპირები ჩვენ ირგვლივაც ბლომად არიან. ენერგეტიკულ ვამპირებს ვგულისხმობ. აი, იმ ხალხს, სხვების დაგესვლას, რომ არ ერიდებიან და სწორედ ამით არიან კარგად. 21-ე საუკუნეში მთლად ფრთები გაშალეს და სხვების ენერგიას ახლა მსოფლიო აბლაბუდაში მიმოფანტული სოციალური საიტებით იტაცებენ,  გულს უამრავი უცნაური კომენტარით იოხებენ. ნიორს რაც შეეხება, წინა დროის ნამდვილ ვამპირებზეც მეპარება ეჭვი და ენერგოვამპირებს ნამდვილად ვერ უშველის. ახლოდან თუ ვერ, შორიდან მოგტაცებენ ენერგიას.

თუმცა…

ნივრის რეგულარული მირთმევა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის ძალიან კარგია. თურმე, არტერიულ წნევასაც ამცირებს. ამაზე თანამედროვე ექიმებიც თანხმდებიან. გაცილებით ადრე კი ავიცენაც წერდა და ხოჯაყოფილიც თავის კარაბადინებში. მუდმივი გამოყენება ფილტვებისა და საყლაპავი მილის კიბოს განვითარებას 40%-ით აფერხებს. განსაკუთრებით კი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის ყოფილა კარგი.

ნიორი ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა და შროშანისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მრავლდება კბილით და ბოლქვაკით. ახლა კი მთავარი კითხვა, რა შედის ნიორში ასეთი? რატომ არის ასე სასარგებლო?

100 გრამი ნიორი შეიცავს: 58გ. წყალს, 6,4გ. ცილას, 0,5გ. ცხიმს, 33გ. ნახშირწყალს, 1გ. დისაქარიდს, ბეტა-კაროტინს 5მკგ., თიამინს 0,2მგ., რიბოფლავინს 0,1მგ., ნიაცინს 0,7მგ., პანტოტენის მჟავას 0,6მგ., პირიდოქსინს 1,2მგ., ფოლიუმის მჟავას 3მკგ., ასკორბინის მჟავას 2მგ., კალციუმს 185მგ., რკინას 1,7მგ., მაგნიუმს 25მგ., ფოსფორს 155მგ., კალიუმს 402მგ., ნატრიუმს, 17მგ., თუთიას 1,2მგ., მანგანუმს 1,7მგ., სელენს 17 მკგ.

არ ვიცი, წინა აბზაცის წაკითხვისას შემადგენლობას თუ მიაქციეთ ყურადღება. თუ კარგად ჩახედავთ, შეამჩნევთ, რომ ვიტამინებს შეიცავს, ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით. ამიტომ, ნიორი ვიტამინების მარაგის შესავსებად ვერ გამოდგება. ფიზიკურად ვერ მივირთმევთ ნივრის იმ რაოდენობას, რომ მათი აუცილებელი დოზა მივიღოთ. ნიორი მიკროელემენტების მისაღებად არის კარგი.

გარდა, ჩამოთვლილი მიკროელემენტებისა, ის შეიცავს ფიტონციდებს: დიალილდისულფიდს, ალილპროპილდისულფიდს, თიოპროპიონალდეჰიდ-S-ოქსიდს და ალიცინს. შემავალი ცილები შეიცავენ ამინმჟავა ცისტეინს, რომელიც ასევე გოგირდის შემცველია. როგორც კი ნიორი ხვდება პირის ღრუში, ღეჭვისას ქუცმაცდება და გადადის კუჭში, ფერმენტების ზემოქმედებით წარმოიქმნება აქროლადი ნაერთები. Allium ტიპის მცენარეების (ხახვი, ნიორი) სპეციფიკური  სუნი ძირითადად დისულფიდებით არის გამოწვეული. ნივრის სუნს უმეტესად იწვევს დიალილდისულფიდი, ხახვისას კი ალილპროპილდისულფიდი. გარდა ამისა, ხახვის გაფცქვნისას ან დაჭრისას,  მასში შემავალი ამინმჟავებიდან წარმოიქმნება თიოპროპიონ ალდეჰიდი. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს ცრემლდენას და ტირილის ეფექტს ქმნის.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ხახვზეც დავწერე სტატია, რომელიც ახლაც შეგიძლიათ გაიხსენოთ https://mastsavlebeli.ge/?p=3906.

მაშ ასე, ნიორი სასარგებლოა, ოღონდ… მისი ჭამის შემდეგ გარეთ ვეღარ გამოვალთ. არა, კი არავინ აგვიკრძალავს, მაგრამ, დამეთანხმეთ, რომ ნიორნაჭამი ადამიანის აღმა-დაღმა სეირნობა მთლად კარგი და მოსაწონი საქმე ვერ იქნება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ დალევს ყავას, ან სულაც ყავის მარცვლებს დაღეჭავს, საღეჭ რეზინასაც მოსინჯავს და სურნელიც გაქრება. არა, არ გაქრება, რადგან… სუნი დგება იმიტომ, რომ სულფიდური ნაერთები (ალილმეთილსულფიდი) შეიწოვებიან სისხლში და შემდეგ ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად გარეთ გამოიყოფიან. ისინი ორგანიზმს ტოვებენ ასევე ოფლისა და შარდის მეშვეობით. სურნელს ჩვენ ვერ ვგრძნობთ, სხვები  გრძნობენ. ამიტომ, სანამ მათი გამოყოფა სრულად არ დასრულდება, ვერავითარი საღეჭი რეზინი საქმეს  ვერ უშველის.

ეს პრობლემა ეტყობა ბევრს ადარდებდა, რადგან ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერებს მთელი კვლევა ჩაუტარებიათ და სამი პროდუქტი შეურჩევიათ, რომლებიც ნივრის სუნს 60%-ით ანეიტრალებს. ოღონდ, ეს პროდუქტები ნივრის ჭამიდან ნახევარი საათის განმავლობაში უნდა მიირთვათ, მერე გვიან იქნება.

პირველი მათგანი რძე გახლავთ. დიახ, ერთი ჭიქა რძე, უფრო სწორად მასში არსებული ცხიმები ბოჭავენ სულფიდურ ნაერთებს და აქროლადი აირის ალილმეთილ სულფიდის წარმოქმნას ხელს უშლიან. იმავეს მოიმოქმედებს ერთი ან ორი ვაშლის ჭამა (მწვანე ვაშლი განსაკუთრებით კარგია) ან სალათ „აისბერგის“ (ჩვენს სუპერმარკეტებში უხვად იყიდება) 5-7 ფოთოლი. მათში შემავალი ფენოლები ასევე ბოჭავენ სულფიდურ ნაერთებს, ამიტომ ისინი 60%-ით ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა ამოსუნთქულ ჰაერთან ერთად. გამოდის, რომ ეს სამი პროდუქტი სურნელს 60%-ით გაანეიტრალებს.

ავიცენას თავის „სამედიცინო ტრაქტატში“ გაახალგაზრდავების სხვადასხვა რეცეპტი უწერია. ის მას ელექსირის რეცეპტს უწოდებს. გახსოვთ არა? ალქიმიკოსები ელექსირს ეძებდნენ. მათი ნაწილი ელექსირით ოქროს მიღებას აპირებდა, მეორე ნაწილს კი მარადიული ახალგაზრდობის რეცეპტის მიგნება სურდა. ავიცენა, იგივე იბნს სინა, სწორედ მეორე ნაწილს მიეკუთვნებოდა და ორგანოებისა და უჯრედების ახალგაზრდობის გზებს ეძებდა. ერთ-ერთ მათგანს აქვე გაგიმხელთ.

აიღეთ ახალი მოსავლის ნიორი (ანუ, შემოდგომის) 350-400გ., გაფცქვენით, დანაყეთ და დაასხით 200-250 მლ. სამედიცინო სპირტი. ათი დღე მშრალ და გრილ ადგილას შეინახეთ. არ შედგათ მაცივარში, რადგან ავიცენას მაცივარი არ ექნებოდა და მისი წესები უშუალოდ უნდა დავიცვათ. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი, რძესთან ერთად,  ქვემოთ დაწერილი სქემით მიიღეთ:

პირველი დღე: საუზმემდე  ნახევარი საათით ადრე  1 წვეთი ნაყენი 50მლ. რძესთან ერთად. სადილამდე ნახევარი საათით ადრე  2 წვეთი ნაყენი 50მლ. რძესთან ერთად. ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე  3  წვეთი ნაყენი 50მლ. რძესთან ერთად. შემდეგ დღეებში თითო-თითო  წვეთი დაამატეთ და როდესაც 12 წვეთამდე ახვალთ, უკან დაიწყეთ წვეთების დაკლება. ამგვარად, მეათე დღეს, ვახშმის წინ კვლავ ერთი წვეთი ნაყენი უნდა მიიღოთ 50მლ. რძესთან ერთად.

მეთერთმეტე დღიდან დღეში კვლავ სამჯერ დალევთ 50მლ. რძეში გახსნილ 25 წვეთ ნაყენს, სანამ ბოლომდე არ დაცლით. იბნ სინა ამტკიცებს, რომ ორგანოები უჯრედულ დონეზე ახალგაზრდავდება და კურსის გამეორება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ არის რეკომენდებული. თქვენი არ ვიცი და წელს მე გავაკეთებ. იბნ სინას ვენდობი და თან მეთოდის გამოცდაც არ იქნება ურიგო საქმე.

„სამედიცინო ტრაქტატში“ კიდევ ერთი ჩანაწერია, ე.წ. „შავ“ ნიორზე. ეს გამომშრალი ნიორი ყოფილა, რომელსაც ავიცენა ორმოცი დღის განმავლობაში 46 გრადუსზე სპეციალურ ღუმელში აშრობდა. შედეგად, ნიორი შავდებოდა და მოტკბო გემო დაკრავდა. სურნელი აღარ ჰქონდა. იბნ სინას ჩანაწერები ისლამური მეცნიერების მკვლევარს გაბრიელ ფერარიოს აქვს გაშიფრული (იხ. ჩემი ადრინდელი სტატია „ქიმიური ზღაპარი“ https://mastsavlebeli.ge/?p=3808, რომელიც ასევე პროფ. ფერარიოს კვლევის მიხედვით მაქვს დაწერილი). ჰოდა, პროფესორი ფერარიო წერს, რომ თურმე შავი, ანუ გამომშრალი ნიორი ყველა თავის თვისებას ინარჩუნებს და კარგავს მხოლოდ სუნს. იქვე მიუთითებს, თანამედროვე ყოფაში ხილის გამოსაშრობ ღუმელებში შეიძლება შავი ნივრის მიღებაო.

ბებიასგან კი უფრო მარტივი რეცეპტი მაქვს მოსმენილი. გაფცქვენი ნიორი და ზაფხულის პაპანაქებაში ჰაერზე გააშრე  5-7 დღე. მერე ადექი დაფქვი და შეინახე. ასეთი ფხვნილი უსუნო და სასარგებლოა.

…და თუ მაინც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევის გათვალისწინება დაგვეზარება, შეგვიძლია გემრიელად მივირთვათ ერთი-ორი ნივრის კბილი და გარეთაც გავიდეთ. ბოლოს და ბოლოს… არც ერთი ვამპირი არ გაგვეკარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი