შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პრაქტიკული გაკვეთილი – სასწავლო რესურსების გამოყენებით სწავლება

სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით (ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის ასეთი თავი – საგანმანათლებლო რესურსები. ამონაწერი ეროვნული სასწავლო გეგმიდან: თავი II. საგანმანათლებლო რესურსები, მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა 1. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის).

სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამავე დროს უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას.

საგანმანათლებლო რესურსი შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც მასწავლებელს ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებაში დაეხმარება. მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს არსებული საგნობრივი სტანდარტით, პროგრამის შინაარსით და მასზე დაყრდნობით თავად უნდა მოიძიოს და მოამზადოს სასწავლო რესურსები.

რესურსების მოძიება დღეს დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით შეიძლება მოვიძიოთ ის დამატებითი ინფორმაცია და მასალები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საგაკვეთილო პროცესში. ეს შეიძლება იყოს სურათები, ვიდეოები, ანიმაცია და მრავალი სხვა. ინტერნეტი დღეს უკვე ხელმისაწვდომია ყველასათვის და მოსწავლეებსაც შეუძლიათ მოიძიონ მრავალფეროვანი მასალა ამა თუ იმ საკითხზე. ამ დროს სწავლაც უფრო სახალისო ხდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას, რათა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ ბიოლოგიური მოვლენა. მაგალითად: ანიმაციების ჩვენება შემდეგ თემებზე: მცენარის აღმოცენება, ფოტოტროპიზმი, დამტვერვა, განაყოფიერება, მიტოზი, მეიოზი, გულის მუშაობა, ფილტვების მუშაობა და სხვა. ანიმაცია მოსწავლეს ეხმარება პროცესის აღქმასა და მასალის გააზრებაში. ახდენს რა დაკვირვებას, აღწერას, ანალიზს. ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი ფილმები ეხმარება მოსწავლეს უფრო თვალნათლივ დაინახოს და განსაზღვროს პრობლემა, პრობლემის არსებობის მიზეზები, განიხილოს მოსალოდნელი შედეგები, დააკავშიროს რეალობასთან, დასახოს პრობლემის თავიდან აცილების ან გადაჭრის გზები. ეს ფილმები ხელმისაწვდომია You Tube-ზე.

გთავაზობთ სასწავლო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმილ გაკვეთილს. ეს გაკვეთილი მასწავლებელმა უნდა მოამზადოს საპრეზენტაციო მასალის სახით POWER POINT-ის საშუალებით.

კლასი : მე-11
თემა : უჯრედის მიტოზური გაყოფა
მისაღწევი შედეგები სასწავლო გეგმის მიხედვით
ბიოლ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდური განვითარების ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

იყენებს/ადგენს სქემატურ მოდელს და მსჯელობს მიტოზის როლზე შემდგომ თაობაში კარიოტიპის მუდმივობის შენარჩუნებაში; სინათლის მიკროსკოპით (ან ელექტრონულ ფორმატში) აკვირდება უჯრედებს გაყოფის პროცესში და ამოიცნობს მიტოზის თითოეულ ფაზას;

მისაღწევი შედეგები ესგ-ის მიხედვით
ციფრული წიგნიერება – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავება მოსწავლეებში.
სემიოტიკური კომპეტენცია – ვერბალური და არავერბალური საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარის განვითარება; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარის განვითარება.

ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნის მიზანი მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) მოსწავლეებს ხშირად ეშლებათ მიტოზის ფაზების თანმიმდევრობა, უჭირთ ერთმანეთისგან გამოყონ ცალკეულ ფაზაში მიმდინარე პროცესები.
ბ) მოსწავლეები მიტოზს აღიქვამენ როგორც განყენებულ პროცესს და არა როგორც უჯრედის სასიცოცხლო ციკლის ნაწილს.
გ) პრობლემურია მოსწავლისათვის ქრომოსომების ქცევის ერთმანეთისაგან განსხვავება მიტოზისა და მეიოზის დროს.
ამიტომ საჭიროა დამატებითი აქტივობების დაგეგმვა ამ საკითხების შესწავლისას.
მოსწავლეებს საშუალება აქვთ ნახონ ანიმაციები გაკვეთილზეც და სახლშიც.
გაკვეთილის მინიგეგმა
#1 აქტივობა – გაკვეთილის მიზნების გაცნობა
შედეგი – გაიაზრებენ რა აქვთ გასაკეთებელი და განეწყობიან ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში

#2 აქტივობა (კითხვა -პასუხი)

სავარაუდო კითხვები:
1. აღწერეთ უჯრედის სასიცოცხლო ციკლი.
2. გაიხსენეთ ვინ აღმოაჩინა უჯრედის გაყოფა?
3. რა არის მიტოზი?
4. დაასახელე ციფრებით აღნიშნული სტრუქტურები.

5. ჩამოთვალეთ მიტოზის ფაზები და დაახასიათეთ.

შედეგი – გაიხსენებენ და გაიაზრებენ ნასწავლს.

აქტივობა #3 (არეული თანმიმდევრობა)

მასწავლებელი – ამოიცანით მიტოზის ფაზები და დაადგინეთ პროცესების თანმიმდევრობა მიტოზის დროს.

ა) ბირთვის გარსის დაშლა;
ბ) ქრომოსომების გამსხვილება და დამოკლება;
გ) ქრომოსომების განლაგება ეკვატორულ სიბრტყეში;
დ) ციტოკინეზი
ე) ქრომოსომების მოძრაობის დაწყება ცენტრისაკენ;
ვ) ქრომატიდების დაშორება;
ზ) ბირთვის ახალი გარსების ფორმირება;

შედეგი- გაიაზრებენ ნასწავლს, განიმტკიცებენ ცოდნას.

აქტივობა #4 – ფოკუსირებული შეკითხვა

მასწავლებელი – იმსჯელეთ მიტოზის ბიოლოგიური როლის შესახებ.

შედეგი- გაიაზრებენ მიტოზური გაყოფის მნიშვნელობას.

აქტივობა #5 – დისკუსია
მასწავლებელი-იმსჯელეთ წყვილებში და წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრება ქვემოთ მოცემულ კითხვებზე:
1. დღეს გენეტიკური ანალიზი საშუალებას იძლევა ორსულობის ადრეულ პერიოდში დადგინდეს, არსებობს თუ არა რაიმე დარღვევა ნაყოფში. რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს?
2. ჩერნობილის აფეთქების შედეგად დასხივებულ ფეხმძიმეებს ხელოვნურად შეუწყვიტეს ორსულობა, რატომ წავიდნენ ექიმები ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე?
შედეგი – ისწავლიან სიტუაციის ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
აქტივობა #6 ფილმის ჩვენება და პასუხი ფოკუსირებულ კითხვაზე
მასწავლებელი – ნახეთ პირველი ანიმაცია მიტოზის შესახებ. დააკვირდი და ამოიცანით ფაზები

ნახეთ მეორე ანიმაცია მიტოზის შესახებ. დააკვირდი, აღწერე მიტოზის ფაზები და ჩახატე

შედეგი – შეძლებენ ერთი სახის ინფორმაციის გადატანას მეორე სახეში

აქტივობა #7 ( მოდელის შექმნა)

მასწავლებელი – წყვილებმა გამოიყენეთ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა, საპრეზენტაციო მასალა (შეგიძლიათ გადაახვიოთ და დააკვირდეთ), პოსტერები მიტოზის შესახებ, ერთჯერადი თეფშები, საძერწი ან ფერადი ძაფები და დაამზადეთ მიტოზის ფაზების მოდელები;

შექმნილი მოდელები გადაეცით არეული თანმიმდევრობით დალაგებული მოდელები;
გაცვალეთ წყვილებმა და სთხოვეთ დაალაგონ თანმიმდევრობით;
შეაფასეთ ერთმანეთი;
მოაწყეთ საუკეთესო მოდელების გამოფენა კლასში.
შედეგი- შემოქმედებითად მიუდგებიან დავალებას და შექმნიან მოდელებს,
დავალება
მასწავლებელი – მოიძიეთ ანიმაციები მეიოზის შესახებ; დააკვირდი მეიოზის პროცესს;
აღმოაჩინე მსგავსება და განსხვავება მიტოზურ და მეიოზურ გაყოფას შორის, შეადგინე ვენის დიაგრამა.
გამოიყენე შემდეგი ლინკები
https://www.youtube.com/watch?v=kVMb4Js99tA
https://www.youtube.com/watch?v=4B071d9Ywbc
https://www.youtube.com/watch?v=-DLGfd-Wpr4
https://sumanasinc.com/webcontent/animations/content/meiosis.html

შედეგი – გამოიყენებენ ისტ-ს მოიძიებენ მეიოზის შესახებ ანიმაციებს, დააკვირდებიან, აღწერენ, შეადარებენ, გააკეთებენ ანალიზს

შეფასება
ა) კითხვარებით;
ბ) რუბრიკის მიხედვით.
ელექტრონული რესურსები გაკვეთილს ხდის საინტერესოს, წარმოაჩენს მასწავლებლის კომპეტენციას, მოსწავლეებს აქტიურად ჩართავს პროცესში, იძლევა ინტერაქტივის საშუალებას.
აუდიო თუ ვიდეო მასალების გამოყენება მოსწავლეს პოზიტიურად განაწყობს, უადვილებს სწავლებას და ამასთანავე უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესს, ამდიდრებს სასწავლო პროცესს.
თუ მასწავლებელი ხშირად მიმართავს ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებას, მოსწავლეებიც ეჩვევიან ისტ-ის გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს ციფრული წიგნიერების უნარების განვითარებას.
სასწავლო რესურსის შექმნის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
1. დადგინოს ლოგიკური კავშირი გაკვეთილის სასწავლო მიზნებს, აქტივობებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის;
2. განსაზღვროს რამდენად უწყობს ხელს რესურსი სწავლის უნარის განვითარებას და ინტეგრირებას, მასალის სიღრმისეულ წვდომას;
3. განსაზღვროს, რა არის რესურსში ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას;
4. რესურსი უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი (გასაგები), სანდო წყაროებიდან მოპოვებული, გარკვეულ სქემას მორგებული და თანმიმდევრული, მოქნილი და ადვილად გასაგები ინსტრუქციით აღჭურვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი